საქართველოში 2016 წელი საარჩევნო წელია, შესაბამისად პოლიტიკური გრადუსიც მატულობს. პარტიათა შორის რეიტინგები და სოციოლოგიური გამოკითხვები, ამ დროს პოპულარული თემაა. მთელი რიგი მოუგვარებელი ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემების გამო, ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა. ამ დღეებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო Sida-სა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ CRRC-ის დაფინანასებით ატარებს.

მართალია, NDI-ის კვლევებს ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების დიდი უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს, მაგრამ მაინც საყურადღებოა მის მიერ გადანაწილებული პროცენტული მაჩვენებლები. როგორც NDI-ში აცხადებენ, კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავეს. ხოლო კვლევის მიზანია, ქვეყანაში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. მათ, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს, NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, უმეტესობამ – 36%-მა უპასუხა, რომ არ იცის, პასუხზე უარი თქვა 13%-მა. პარტიებს რაც შეეხება, კოალიცია ქართული ოცნება 16%-მა დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 15%-მა, თავისუფალი დემოკრატები 6%-მა, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი 3-3%-მა, ასევე 3%-მა სხვადასხვა პარტია.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას აღარ იკავებს. კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა, ხოლო არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 4%. გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.

გამოკითხვა ამა წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდს მოიცავს და 4,360 პირი გამოიკითხა. მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობა და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებს. ისინი პესიმისტურად არიან განწყობილნი ქვეყნის განვითარების მიმართულებების მიმართ, თუმცა კმაყოფილნი არიან საჯარო სერვისებით. კერძოდ, გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, NDI-ს კვლევებში ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კითხვაში გამოკვეთილია დადებითი პროგრესი, რაც მმართველ გუნდს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს რეფორმების გატარების საკითხში. მინისტრის აზრით, ზოგადად, კვლევები ყოველთვის საყურადღებოა, რადგან საკითხები, რომლებიც საზოგადოებას ადარდებს, არჩევნების შედეგებზე აუცილებლად იქონიებს გავლენას. მისივე თქმით, არჩევნების შედეგები საზოგადოების განწყობის პირდაპირპროპორციულია.

“დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში, რამდენად ეფექტიანად გააგრძელებს მთავრობა მუშაობას და რამდენად შეძლებენ პარტიები საზოგადოებას წინასაარჩევნო პლატფორმები წარუდგინონ, არჩევნების შედეგებში განმსაზღვრელი იქნება”, – აცხადებს დავით სერგენკო.

საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა, ინფლაცია, მზარდი ფასები და სიღარიბე, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. გამოკითხვაში 67%–მა სამუშაო ადგილები, 43%– მა ინფლაცია და მზარდი ფასები, ხოლო 37%-მა სიღარიბე დაასახელა. გამოკითხულთა მხოლოდ 3% აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის ამგვარ განწყობას, გარკვეული პოლიტიკური პარტიები თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიებში ეფექტიანად გამოიყენებენ და მათ პროგრამებიც სოციალური და ეკონომიკური თემატიკით იქნება გაჯერებული.

 

პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ სიღარიბე და უმუშევრობა დიდწილად იქნება განმსაზღვრელი, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებზე.

 

“ყოველდღიური კონტაქტი მაქვს მოსახლეობის სხვადსხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან, რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებთან და სულ ერთი და იგივე მესმის, რომ პრაქტიკულად არ არსებობს შრომისა და ოჯახის გამოკვების ნორმალური საშუალება. დასაქმება ადამიანის უპირველესი და ნორმალური მოთხოვნაა”, – აცხადებს მამრაძე.

მმართველი კოალიციის ძირითადი პოლიტიკური ძალა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, არჩევნებისთვის მზადებას დამოუკიდებლად აპირებს და აცხადებენ, რომ მათი პარტიული სია, საზოგადოებისთვის მისაღები სახეებითა და ახალგაზრდა ძალებით შეივსება.

“ჩვენი პოლიტიკური გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში, ჩვენს რიგებში იხილავთ არა ერთ ახალგაზრდა პროფესიონალს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის რეფორმირებისა და სწრაფი განვითარების პროცესებში”, – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ამ დღეებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ “ქართული ოცნებიდან” წასვლას არ აპირებს და ამას მისგან, არც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოითხოვს, რომელიც, პოლიტიკური ოპონენტებისთვის დღემდე არის მთავრობის ჩრდილოვანი მმართველი.

“ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გრძნობს ძალას, რომ შეუძლია პოზიტიური გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. დღეს იმ ასაკის ვარ, როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, როგორც განათლებისა, ისე მართვის თვალსაზრისით, ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ შევკრებთ გუნდს და არსებულ თანაგუნდელებთან ერთად, მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაინახავს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, მაგრამ სიაში არ იქნებიან ყოფილი პრემიერები, ღარიბაშვილი და ივანიშვილი. ყოველ შემთხვევაში ამას ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს.

პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე დადებითად არის განწყობილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ და მას უაღრესად დადებით და მაღალი კულტურის მქონე პიროვნებად მიიჩნევს, რომელსაც, მისივე შეფასებით, მთავრობაში ყოფნის არც ერთ ეტაპზე არასწორი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა მეორეს მხრივ არ მოსწონს, რომ კვირიკაშვილი ეგუება მთავრობაში დღეს არსებულ “პატრონყმურ სისტემას” და არ ცდილობს ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას.

მამრაძის აზრით, “პატრონყმური სისტემა”, რომელიც დამკვირდა საქართველოში, სრულიად არაეფექტიანია სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც NDI-ის კვლევების თანახმად ამომრჩეველში პოპულარობით მესამე ადგილზეა, პეტრე მამრაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მუდმივად ახდენს იმის დემონსტრირება, რომ არ არის “პატრონყმური სისტემის” ელემენტი, მისი ქმედებები კონტრპროდუქტიულია და ემსახურება არა სახელმწიფო ინტერესების დაცვას, არამედ მხოლოდ მის პირად ამბიციებს, თუ ახირებებს.

პეტრე მამრაძე აცხადებს:

არ მინდა მკითხველმა ეს ჩამითვალოს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაში, ეს არის უდიდესი ქველმოქმედი ადამიანი. რომელმაც მართლაც ისტორიული როლი შეასრულა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ჩამოაშორა საშინელება სააკაშვილის სისტემის სახით. მაგრამ მას შემდეგ, რომ ჩამოყალიბდა ქვეყნის მართვის “პატრონყმური სისტემა” ესეც აშკარაა და ამას ღრმა ფესვები აქვს. შესაძლოა, ეს არც იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის ნებაზე. ივანიშვილს თუ რამე უნდა ქვეყნისთვის, მხოლოდ კარგი

იგი დადებითად აფასებს ასევე, წინასაარჩევნოდ მმართველი კოალიციის დაშლის გადაწყვეტილებას და მას სრულიად პრაგმატულსა და სწორს უწოდებს. მისი აზრით, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პარტიულ რიგებში ისეთი ადამიანები მიიწვიონ, რომლებიც არ გააღიზიანებენ ადამიანებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ “ოცნების” საარჩევნო სიაში ყოფნა, ასეთი დაბალი პოპულარობის პირობებში, საკმაოდ არამომგებიანი შეიძლება გამოდგეს.

“ჩემამდე ისეთი ხმებიც მოდის, რომ საზოგადოებაში და მოსახლეობაში არაერთმა ადამიანმა უთხრა მათ უარი სიაში მოხვედრაზე. ეს ინფორმაცია ვრცელდება და ეს ჩანს კიდეც, რომ ძალიან ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი. “ოცნებაში” ყოფნა დღეს ბევრისთვის არ არის პრესტიჟული. მათ აკერებენ იარლიყებს, რომ ფულის კეთება უნდათ. ამ პირობებში არჩევნებში მარტო გასვლა ნიშნავს, ზედმეტი ტვირთისა და არაპოპულარული დაჯგუფებების ჩამოშორებას”, – მიაჩნია მამრაძეს.

“ნაციონალური მოძრაობის” შანსებს რაც შეეხება, პოლიტოლოგის აზრით, მათ ნამდვილად აქვთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ ქარიზმატული ლიდერი. მათ ჰყავთ მოტივირებული ელექტორატი, რომლებიც არჩევნებზე ნებისმიერ ამინდში წავლენ და საკუთარ ხმას არ დაკარგავენ. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის შემთხვევაში, მამრაძის აზრით, “ნაციონალების” შანსები გაიზრდება და, თუ სრული აქტივობისას ისინი 10-12%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის შემთხვევაში, მათი პროცენტები თვალსაჩინოდ შემაშფოთებელი იქნება ხელისუფლებისთვის.

“მათ შეინარჩუნეს ორგანიზაცია და ფინანსები, მაგრამ აკლიათ ქარიზმატული ლიდერი. ჰყავთ ამომრჩევლების მყარი ბაზისი 10- 12 %, ეს ის ამომრჩეველია, რომელიც ცუდ ამინდშიც მივა და ხმას მისცემს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მათთან სიახლოვისა, თუ შესაბამის სტრუქტურებში მუშაობის გამო, კარგად ცხოვრობდნენ. ნაცისტები ქმნიდნენ ასეთ ელიტას”,- აცხადებს პეტრე მამრაძე.

რა მოლოდინები არსებობს არჩევნების მიმართ და როგორ პოლიტიკურ სურათს მიიღებს ქვეყანა არჩევნების შემდეგ, ამაზე პროგნოზები ნაადრევია, რადგან ჯერ ცალკეული პარტიებიც ფიქრობენ, რომელი ძალა აირჩიონ პარტნიორად პარლამენტში მოსახვედრად.

მანამადე კი “ქართულ ოცნებას” სხვა სადარდებელიც აქვს. არსებული საარჩევნო კანონის თანახმად, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი არჩევნებში ვერ იყრის კენჭს, თუ თანამდებობას არ დატოვებს. ამიტომ, დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ, ზვიად ძიძიგურმა და ვახტანგ ხმალაძემ მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილება, რათა “საარჩევნო კოდექსში” ეს ხარვეზი გასწორდეს და კვირიკაშვილი პარტიის პირველი ნომერი, პრემიერის სავარძლიდან გადადგომის გარეშე გახდეს. NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას საშულოდ გამოკითხულთა 42% აფასებს, 27% დადებითად, ხოლო 26%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.

გიორგი ვოლსკის აზრით, კვირიკაშვილი მკაფიო ლიდერია, რომლსაც აქვს კარგი ხედვა. აქვს მაღალი სიმპათია, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, მან მოიპოვა პოზიციებიც და კავშირებიც. რაც მთავარია ქვეყნის შიგნით, საზოგადოების მაღალი ნდობა დაიმსახურა, სწორად ჩამოაყალიბა მიდგომები საზოგადოების აქტიურ წევრებთან. ეს საკითხი საბოლოოდ პარტიის ყრილობაზე გადაწყდება.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთ დეტალს გაუსვა ხაზი, რომ მომავალში სტრატეგიულ პარტნიორებად ვერც “პატრიოტთა ალიანსს” ხედავს და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალას. ამით კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოზიციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელმაც მანმადე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს მომავალში ნინო ბურჯანაძესთან და ირმა ინაშვილთან თანამშრომლობას.

როგორც Dalma News-ს პეტრე მამრაძემ განუცხადა, დღევანდელი გადასახედიდან ირმა ინაშვილის პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივა ძალიან მცირეა და ბურჯანაძის მსგავსად, მასაც ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე ნაკლებს უწინასწარმეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილის ტელევიზია “ობიექტივი” მაყურებელს ხშირად სიმართლეს ეუბნება, მისი გარემოცვა ვერ ჩამოყალიბდა ერთიან პოლიტიკურ ძალად.

“რესპუბლიკელებს” რაც შეეხებათ, რომლებმაც “ქართული ოცნება” უკვე ღიად ემიჯნება და რომლებიც რამდენიმე თვით, ვალდებულების გამო რჩებიან მმართველი კოალიციის რიგებში, პოლიტოლოგს ნაკლები მოლოდინები აქვს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ, რომელიმე პოლიტიკურ ბლოკში ღიად გაერთიანდნენ.

“ალასანიას ჯგუფის წევრებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან რესპუბლიკელებთან. “ნაციონალებიც” გამორიცხულია, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გაუჩნდებათ. საქართველოში შეიძლება ნებისმიერი კონფიგურაციის განხორციელება, ჩვენ ჯერჯერობთ პოლიტიკური შეგნების განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენთან შეიძლება ის, რაც სხვაგან შეუძლებელია. 2014 წელს „ახალმა მემარჯვენეებმა“ ისეთ პარტიასთან ერთად იყარეს კენჭი ბლოკში, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურდა, ხოლო თავად “მემარჯვენეები” ძირითად ამოცანად ნატოში შესვლას აცხადებენ და ორივემ ერთად იყარეს კენჭი. პოლიტიკური კონფიგურაციის თვალსაზრისით ამ ქალაქში ყველაფერია დასაშვები, დღეს იმაზე მიდის საუბარი, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები გაერთიანდნენ, თუმცა მათ შორის ბურჯანაძეს არ მოიხსენიებენ”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.

იყო დრო, როდესაც საქართველოში ამომრჩეველი, იმიტომ აძლევდა მმართველ პარტიას ხმას, რომ სხვა მათზე უარესად მიაჩნდათ. ამომრჩეველი დღესაც გაურკვევლობაშია, დღეს კი ამას ნიჰილისტური განწყობაც ემატება. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 36% ბოიკოტი გადაწყვეტილი აქვთ. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ პლატფორმები და პროგრამები. ჯერჯერობით არ ჩანს ყველასთვის გასაგები და დამაჯერებელი ფორმით გადმოცემული ლოზუნგები. პარლამენტარებსა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაცია კვლავ სუსტია და მოსახლეობას დაბალი მოლოდინები აქვს არჩეული თანამდებობის პირების მიმართ. მაგრამ არჩევნებზე დაბალი აქტივობის პირობებშიც კი, პოლიტოლოგი ქართულ ოცნებას მაინც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს, 90%-იანი დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, რადგან საეჭვოა, საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებით “ქართულმა ოცნებამ” სახელი შეირცხვინოს. არც ბიზნესმენებს სჭირდებათ შეხსენება, რომ არჩევნებში ფული მმართველ პარტიას უნდა მისცენ.

შორენა პაპაშვილი