პოლიტიკურ იწილო-ბიწილოსა და ურთიერთბრალდებებში კიდევ ერთი წელი მიილია. კოვიდპანდემიასა და უმუშევრობასთან დამარცხებულ საქართველოს ბევრი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა და 2022-ში მზითვად მიჰყვება, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პოლარიზაციის პრობლემა. რა წარმატება და წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს 2021 წელს და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან, ამის შესახებ Dalma News–ს ანალიტიკოსები, ლევან ალაფიშვილი და ვაჟა ბერიძე ესაუბრნენ.
ლევან ალაფიშვილი: 2021 ძალიან რთული წელი იყო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისითაც. საქართველოსთვის 2021 წელი იყო 2020-ის სამწუხარო გაგრძელება, რომელმაც კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ქართული პოლიტიკური სპექტრი და პარტიული სისტემა იმყოფება. ვერაფერი, ვისწავლეთ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, ის შეცდომებიც კი აღარ გვახსოვს, რაც ყველამ ერთად დავუშვით. სამწუხაროდ ერთ მხარეს დარჩა ე.წ პოლიტიკური ელიტა, მეორე მხარეს – საზოგადოება და მათ შორის უფსკრული სულ უფრო მეტად იზრდება. არც ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით არ არსებობს პარტიული დემოკრატია. პოლიტიკოსები საკუთარი ამომრჩევლის ნების უგულვებელყოფით მოქმედებენ. დიალოგისკენ გვჭირდება მითითება და მედიაცია ქვეყნის გარედან. მწარე რეალობაა – ერთმანეთთან საუბარიც არ შეგვიძლია.
ვაჟა ბერიძე: 2021 საკმაოდ რთული წელი იყო ქვეყნისთვის, უწინარესად პანდემიის გათვალისწინებით. მან სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე და მათ შორის, საქართველოზეც. ეს ირიბად აისახება პოლიტიკურ პროცესებზეც. პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო დამოკიდებლობის კიდევ ერთი წელი. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ვერ გავიზარდეთ. წინსვლა არც ერთი მიმართულებით არ არის, არც დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს პოლარიზაცია, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის სამომავლოდ.
– რამ შეუწყო ხელი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას?
ლევან ალაფიშვილი: ასე აწყობთ წინა პლანზე წამოსულ პოლიტიკურ გაერთიანებებს და სუბიექტებს. 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, საქართველოში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, რადოსლავ სიკორსკი ჩამოვიდა. მან საყურადღებო ფრაზა გვითხრა, – გიცნობთ კავკასიელებს, თქვენ უკვე გქონდათ კავკასიური ვენდეტა, დროა დაასრულოთ და რეფორმებს მიხედოთო. ვერავინ იტყვის, რომ სიკორსკი საქართველოს მტერია. მან ხომ ყველაზე კარგად იცის, დემოკრატიის, როგორი ხარისხია საჭირო იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს? მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და რამე გავაკეთეთ? ერთიან სახელმწიფოდ ყოფნას ქართველები ისტორიულად პატარ-პატარა ბოსტნებად დაყოფას ამჯობინებდნენ. ახალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ის გზა, რამაც არაერთხელ დაგვღუპა.
XXI-ე საუკუნეში სახელმწიფოებრიობის არსი იცვლება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ფიქციად გადაიქცევა, ჩვენი შვილები კი, სხვა ქვეყნებში წავლენ უკეთესი მომავლის საძებნელად. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ქართველებს ერთი დიდი ადამიანის ვალი გვაქვს. გია აბესაძის ხმა დღემდე ისმის. 35 წლის იყო, როცა პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე თავის დაიწვა. მან თქვა, – ერთმანეთს მოუსმინეთო! გაიხსენეთ რა ხდებოდა 90-იან წლებში? საბჭოთა კავშირის დაშლა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გეზი მომავლისკენ და ამ დროს, ბზარი და დაპირისპირება ეროვნულ ძალებში. სწორედ მაშინ დაიწყო პოლარიზაცია.
ვაჟა ბერიძე: ქართველების ორგანული ბუნებაა პოლარიზებული აზროვნება. პირველად ასეთი აზროვნება დაფიქსირდა 555 წელს, როდესაც ხობის წყლის ნაპირას მეფე გუბაზ II მოკლეს. შეიკრიბნენ მაშინ დიდებულები და დაიწყეს მსჯელობა, საით წასულიყვნენ? მოეთხოვათ ბიზანტიელი მხედართ მთავრების დასჯა, რომლებმაც გუბაზი მოკლეს, თუ ირანთან ემეგობრათ, რომელიც „ბევრ სიკეთეს“ ჰპირდებოდათ? ხელოვნურად ძალიან ძნელია პოლარიზაციის დასრულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება განსხვავებულად ესმით „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და „ქართულ ოცნებაშიც“. პირველისთვის პოლარიზაცია დასრულდება იმით, რომ ხელისუფლება გადავიდეს მათ ხელში, ანუ ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარებით. „ოცნებაში“ კი, მიაჩნიათ, რომ თუ აღარ იარსებებს პარტია „ენმ“ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულდება. რაც მთავარია, სააკაშვილის პრობლემა, როგორმე უნდა გადაწყდეს. სასამართლო ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს ივანიშვილის გავლენისგან. სამართლიანი სასამართლო სჭირდება ყველას.
– რა იყო წარმატება და წარუმატებლობა? რატომ ვერ ხერხდება პოლიტიკური დიალოგი?
ლევან ალაფიშვილი: მორიგი ერთი წელი გავფლანგეთ ისე, რომ პარტიული ინტერესის იქით, არც გავიხედეთ. ამ დროს, გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, რასაც შეუძლია ჩვენს ირგვლივ ისეთი ქარბორბალა დაატრიალოს, რომ შიდა დაპირისპირებები ღიმილის მომგვრელი გახდეს. რა არის „3+3“ ფორმატი, რის მიმართაც ყურადღებას საერთოდ არ ვიჩენთ? ირანი, თურქეთი, რუსეთი – სამი იმპერიული გამოცდილების მქონე სახელმწიფო ესაუბრება სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. აქედან 2-ის ადგილი დიდწილად გადაწყვეტილია. სად არის ამ დროს საქართველო? თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ დასავლეთთან მისი ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბულია. რუსეთს კი კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თურქეთთან და ირანთანაც. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამ საკითხებზე საერთოდ არავინ საუბრობს.
– სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ გალაშქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წარმატებად ჩავუთვალოთ?
ვაჟა ბერიძე: წარმატებად არა, უფრო, სწორ ნაბიჯად ჩავთვალოთ. ასევე საყურადღებოა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომ წამლები საქართველოში ძალიან ძვირია. მაგრამ ეს არის კონცეფტუალურად მომზადებული პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ადამიანი შესაძლოა იმედგაცრუებულიც არის ბიძინას გუნდით და ერთგულებას იჩენს ნაციონალების მიმართ. პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ეს 2 პარტია უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან, მაგრამ ამისთვის საჭიროა 1%-იანი პარტიების გაძლიერება, რაც ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ფული არ არის, რომელიც პარტიას დააფინანსებს. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის იდეას, ეს ნიშნავს მარადიულ არასტაბილურ მდგომარეობას ქვეყანაში. ყველას უნდა წარმატება და დიდი ფული.
– 2021 წელი შიდა პოლიტიკურ ჭიდილში გაიფლანგა, როგორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ წელს?
ლევან ალაფიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ვერ ვიხსენებ ისეთ მნიშვნელოვანს ვერაფერს, რომ აღნიშვნად ღირდეს. ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით საამაყო ნამდვილად არაფერი გვაქვს. გაგახსენებთ ჩვენი „განსწავლული“ პოლიტიკოსების განცხადებებს, – ევროკავშირმა საკუთარ დემოკრატიას მიხედოს და საქართველოს საშინაო საქმეებში, ნუ ერევაო.
ვაჟა ბერიძე: ველოდებით აშშ-სა და რუსეთის ლიდერების დიალოგს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს საკითხიც იქნება დღის წესრიგში. დღის წესრიგში იქნება სირია, ახლო აღმოსავლეთი, ირანის ატომური პოტენციალი, ავღანეთი და სხვა. საქართველო არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რუსეთ-ამერიკის დიალოგის დღის წესრიგის პირველ სამეულში მოხვდეს ოდესმე? კავკასია და საქართველო დასავლეთისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გაცნობიერებული თვითონ დასავლეთს არ აქვს. რაც შეეხება 2021 წლის შეჯამებას, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს აკლიათ ინიციატივები, აქტიურობა. სააკაშვილი იყო ინიციატივიანი მმართველი, მაგრამ იმავდროულად ავანტურისტიც. ამის შედეგია 2008 წლის ომიც. ზედმეტი აქტიურობა, იმ დროს, როცა დასავლეთი უკან იხევს, ნიშნავს ჩვენი მეზობლის გაღიზიანებას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ არ ღირს მოსკოვის გაღიზიანება. „ქართულ ოცნებაში“ საგარეო და საშინაო კურსს სწორედ ივანიშვილი აყალიბებს, საწინააღმდეგო ილუზია, მგონი არავის აქვს. ამდენად არ ველოდები ხელისუფლების რაიმე სერიოზულ, საგარეო ინიციატივებს.
– როგორია 2022 წლის მიმართ მოლოდინი?
ლევან ალაფიშვილი: პოლიტიკოსებზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ და უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მიერ ინიციატივის ხელში აღებას ვისურვებდი. 2022 წელი უნდა გახდეს შეცდომების თეთრი ფურცელი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი სახელმწიფოს ახალ ეტაპზე გადაყვანა. სამოქალაქო საზოგადოებამ ხელში უნდა აიღოს ინიციატივა, მათ შორის, საქართველოში არსებულმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა და კომფესიებმა. ჩემი სურვილია გაიმართოს მსჯელობა იმაზე, რომ შერიგების პროცესის წარმმართველი იყვნენ რელიგიური გაერთიანებები. საქართველოში თუ დარჩა ნაკლებად დისკრედიტირებული ინსტიტუტები, ეს სწორედ რელიგიური გაერთიანებებია. ისინი ისეთ ფასეულობებს ეფუძნება, რომ დიალოგს, შემწყნარებლობას, თანაცხოვრებას გულისხმობს, ამიტომ წინა პლანზე ისინი უფრო წარმომიდგენია. პოლარიზაცია არა მარტო მართლმადიდებლებს შორის არსებული პრობლემაა, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ თემშიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წევრები. ამდენად პოლარიზაცია საერთო პრობლემაა.
ვაჟა ბერიძე: 2022 წელი იქნება რთული იმდენად, რამდენადაც, ჯერ კიდევ არ ვიცით როდის დასრულდება კოვიდპანდემია. ეკონომიკა უნდა ამუშავდეს თავიდან. მოსახლეობამ დაკარგა შემოსავალი ტურიზმიდან. მოვუწოდებ მმართველ პარტიას, მომავალი 3 წლის გეგმა წარმოადგინოს. ქვეყანას სჭირდება სამართლიანი არჩევნები. საქართველოში ხმებს ითვლის ვიღაც, შეიძლება სწორადაც, მაგრამ შედეგების არავის სჯერა. ეს იმის ბრალია, რომ სოციოლოგიური კვლევის ნორმალური კომპანია არ არსებობს ქვეყანაში.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი