საქართველოს შავ ზღვისპირეთამდე სავალი გზა გრძელია. თბილისიდან ბათუმამდე 5-6 საათია საჭირო, ხოლო ერევნიდან -10-12 საათი. თუმცა, ეს პრობლემა არ არის, რადგანაც საქართველოში გზებიც ისეთივე კარგია, როგორც ზღვა, საკვები და ღვინო. სწორედ ამიტომ, ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკაში დასვენების მსურველი საკმაოდ ბევრია. მზისგან გავარვარებულ მაგისტრალზე ავტომობილები 120 და 140 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. თვალში ხშირად გხვდება ავტომობილები სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო ნომრებით.
საქართველოში, ტურისტული სამყაროს ცხოვრება ორად გაიყო: 8 ივლისამდე და მას შემდეგ. სწორედ ამ დღეს ამოქმედდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება, რომელიც საქართველოსთან ავიაკავშირის დროებით შეწყვეტას გულისხმობს. მართალია, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ამის შემდგომაც ჩამოდიოდნენ, თუმცა შესამჩნევად ცოტა. საქართველოს შავი ზღვისპირა საკურორტო ქალაქებში – ბათუმსა და ქობულეთში სასტუმროების, აპარტამენტების და რესტორნების მფლობელები თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო იმით, რომ მათ “სეზონი წაართვეს”.
ნაზი და მისი და ქმართან ერთად უკვე, რამდენიმე წელია თბილისიდან ქობულეთში ჩადიან და აღმაშენებლის ქუჩაზე მაღაზიას ქირაობენ. ორი წლის წინათ, მაღაზიის წინ საშაურმე გახსნეს, რამაც მათ დიდი პოპულარობა და სარგებელი მოუტანა. სანამ და საკონდიტრო განყოფილებას ხელმძღვანელობს და სტუმრებს დამტვრეული რუსულით ესალმება, ნაზიმ რომ შეიტყო სომხეთიდან ვიყავი, რაკი დედა თბილისელი სომეხი ყავდა, ჩემთან საუბარში ჩაერთო და გულისტკივილით აღნიშნა, რომ სომხური ენა ვერა და ვერ ისწავლა.
“ძალიან ვნანობ რომ სომხური არ ვიცი. ამას განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, როცა ხშირად მიწევს სომხურენოვან სტუმრებთან ურთიერთობა. ჩვენმა თაობამ კარგად იცის რუსული ენა, მაგრამ რა იქნება, რამდენიმე წლის შემდეგ? ახალგაზრდებმა რუსული საერთოდ არ იციან”, – ამბობს ნაზი.
საქართველოში, რუსული ენა ნამდვილად პრობლემაა – კაფეებსა და რესტორნებში იშვიათად შეხვდებით რუსულად მოსაუბრე მომსახურე პერსონალს. ამ ენაზე შედგენილ მენიუში ხომ შეცდომები ყოველწლიურად მატულობს. ამასთანავე, რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება… ცხადია, ამ სეზონის გარდა. ნაზი წელს იმედგაცრუებულია – შარშან, აგვისტოს ბოლოს, მან 400 ჩურჩხელა და სახლში დაყენებული რამდენიმე ლიტრა ღვინო გაყიდა. ჩემი აზრით, რუსი ტურისტების ნაკლებობა, ნამდვილად არ არის. ნაზიმ ჩემი სიტყვების პასუხად თავი გადააქნია და თქვა, რომ ერთი წლის წინ ბევრად მეტნი იყვნენ.
“აქ ძალიან ცოტა რუსია. ვისაც ხედავ, ეგენი ყოველთვის ჩამოდიან – ან მეგობრებთან, ან ნათესავებთან სტუმრად. ზოგს ჩვევად აქვს უკვე, აქ დასასვენებლად ჩამოსვლა და წლევანდელმა სირთულეებმა ვერ შეაჩერეს. ახალი ტურისტები კი ძალიან ცოტაა, ძალიან… წელს ბევრია ბელორუსიელი, უკრაინელი და პოლონელი. ჩვენ რუსი ტურისტები ძალიან გვიყვარს, რადგანაც მათ იციან ჩვენი სუფრის და ღვინის ხიბლი”,- გამიზიარა საკუთარი მოსაზრება ნაზიმ.
სეზონზე ისინი ქირის სახით 7 ათას დოლარს იხდიან. სეზონი იწყება ივნისში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. წლეულს აგვისტოც განსხვავებულია: ხშირად წვიმს და მზემ თუ გამოანათა, ხალხი ზღვაში დიდი ტალღების გამო, მაინც ვერ შედის. ასეთი დღეები კარგია რესტორნების, კაფეების და სასადილოების მეპატრონეებისთვის. მაგრამ როდესაც ტურისტების ნაკლებობაა, კვების ობიექტებიც თითქმის ცარიელია.
“აი, ხედავ, როგორ ტირის ცა და ზღვა?! წელს ჩვენც ზუსტად ასე ვტირით. ყველაფერი ძალიან ცუდად არის – ზევით უბრალო ადამიანებზე არავინ ზრუნავს, ყველაზე უფრო ჩვენ ვზარალდებით. ტურისტებიც ზარალდებიან, მათ ხომ საქართველო უყვართ. ახლა იძულებულები არიან სხვაგან იმოგზაურონ, იქ სადაც არც ჩვენი ჩურჩხელაა და არც ოჯახის ღვინო. განა ეს სამართლიანია?” – ამ სიტყვებით დაასრულა ნაზიმ ჩვენთან საუბარი.
ბათუმსა და ქობულეთში სერიოზული ფასდაკლებები და შეთავაზებებია. თუმცა, საქმე დიდად ვერც ეს შველის. მაგალითად, ქობულეთში სასტუმროების და აპარტამენტების კედლებზე ხელით დაწერილ განცხადებებს ნახავთ, სადაც წერია, რომ რუს ტურისტებს სერიოზულ ფასდაკლებებს, ან ოჯახში დამზადებულ ღვინოს სთავაზობენ. ცხადია, ეს შეთავაზება სომეხ ტურისტებზე არ ჭრის… ალბათ, იმიტომ, რომ სომხეთშიც არანაკლებ გემრიელი ღვინო არსებობს…
ქართველი ბიზნესმენების გულისწყრომა გასაგებია: სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი – უცხო ქვეყნის 8,7 მილიონი მოქალაქე დაფიქსირდა, რაც 14,9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ყველაზე მეტი – 1,4 მილიონი ტურისტი საქართველოს აზერბაიჯანიდან ესტუმრა, რუსეთიდან – დაახლოებით 1,4 მილიონი. მიმდინარე ტურისტული წლის პირველი ნახევრის დინამიკა დადებითი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნახევარზე. საქართველოში, რუსმა ტურისტებმა მკვეთრად იკლო. ივლისში, რუსეთიდან დაგეგმილი ვიზიტების რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა. ხელისუფლება ისევე ითვლის ზარალს, როგორც საქართველოს შავ ზღვისპირა ზოლის სასტუმროების, რესტორნების და აპარტამენტების მეპატრონეები. მათმა უმრავლესობამ კრედიტები აიღეს, რათა ტურისტებს ღირსეულად მომზადებულები დახვედროდნენ, ახლა კი ვალების გასასტუმრებლად სხვა გზების ძებნა მოუწევთ. ერთი რამ ცხადია: თუ წელს რუსი ტურისტების სიხალვათე, როგორღაც გადაიტანეს, მომავალ წელს მსგავს ვითარებას ნამდვილად არ შეურიგდებიან.
ლია ხოჯოიანი