ზარანგიზ ჰუსეინოვა – ერთ-ერთი წარმატებული აზერბაიჯანელი ქალია. 26 წლის ასაკში იგი ჟურნალ Forbes-ის სიაში მოხვდა, როგორც წარმატებული და იმედის მომცემი ახალგაზრდა სპეციალისტი. Dalma News-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან ისაუბრა იმ თვისებებზე, რომლებიც “ბიზნეს-ვუმენს” უნდა ახასიათებდეს და იმაზე, რომ არ ღირს სამომავლო გეგმების დასახვა.
დამოუკიდებელი ცხოვრების და წარმატებული საქმიანობის პირველი ნაბიჯები ზარანგიზმა 18 წლის ასაკში, 200 აშშ.დოლარით ხელში გადადგა. თავდაპირველად, ეს იყო ყოველდღიური ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ-მაღაზია, რომელიც დროთა განმავლობაში საქორწინო და საღამოს კაბების ორმა ბუტიკმა ALZA და Milana Gelinlik-მა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბუტიკებს საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდათ, ზარანგიზი არ გაჩერებულა და კიდევ ერთი ბიზნესი — WoWoman (საგანმანათლებლო პლატფორმა და თანამეგობრობა ქალბატონებისთვის) აამოქმედა. ოთხწლიანი არსებობის მანძილზე ათასობით ქალბატონმა აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან WoWoman-ის სხვადასხვა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა: ბიზნესის, დიზაინის და პროგრამირებიდან დაწყებული, წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზებით დამთავრებული. 2018 წელს Facebook-მა WoWoman მსოფლიოს ას წამყვან თანამეგობრობას შორის დაასახელა, რომლებიც განვითარებაზე ახდენენ გავლენას. 2019 წლის თებერვალში ზარანგიზ ჰისეინოვა Forbes-ის «30 Under 30» სიაში მოხვდა.
— ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის «30 Under 30» სიაში მოხვედრის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?
— ძირითადად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ მედია და საზოგადოება ჩემს მიმართ უფრო მეტ ყურადღებას იჩენს. საერთო ჯამში, ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის. სინამდვილეში, საჯარო მოხელეობა მიზნად არასოდეს მქონია,ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი ზრდა, განვითარება და მუდმივი წინსვლა. თუმცა, ვაღიარებ, ძალზედ სასიამოვნო, რომ ჩემი შრომა შესაბამისად დაფასდა და Forbes-ის სიაში მოვხვდი.
— ბიზნესს ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს, მაგრამ წარმატებულები მხოლოდ ერთეულები ხდებიან. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების მიზეზი?
— დისციპლინა. შეიძლება გქონდეს ძლიერი მოტივაცია და შესანიშნავი ბიზნეს-გეგმა, მაგრამ ვერაფერს მიაღწიო. ხშირად, წარუმატებლობა დისციპლინის და პასუხისმგებლობის არქონის ბრალია. ბიზნესის წარმატებაში ამბიციურობა და ინიციატივა დამხმარეა, ისევე როგორც იღბალი, რომელიც სამწუხაროდ, ბევრს არ წყალობს. თუცა, ყველაფრის მიუხედავად, სამყაროს ძალების უნდა გჯეროდეს და წინ – მიზნისკენ ოპტიმისტურად უნდა მიიწევდე.
— არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესში ქალი კაცს კონკურენციას ვერ უწევს. ამ სტერეოტიპს თავი როგორ უნდა დავაღწიოთ?
— უბრალოდ, ასეთ რაღაცეებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. სამწუხაროდ, ბოროტი ენები ყოველთვის იყო და იქნება. ამიტომაც, აზრი არ აქვს არაობიექტურ კრიტიკას, მით უფრო მათი მხრიდან, ვინც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, ყურადღება მიაქციო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს ბიზნესმენი ქალების მიმართ ისეთ მიკერძოებული დამოკიდებულება აღარ არსებობს, ისე, როგორც ძველად.
— შეგიძლიათ დაასახელოთ ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელშიც ქალებმა წარმატებას მიაღწიეს?
— ქალებს აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ კარიერის გაკეთება. არ არსებობს მკაფიოდ გამოკვეთილი სფეროები, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებისთვის, ან ქალებისთვის არის. დღეს ქალებს ევერესტის დაპყრობა და უმსხვილესი კომპანიის მართვაც შეუძლიათ.
რაც შეეხება პერსპექტივებს, მათი მიღწევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ადამიანი აუმჯობესებს თავის ნიჭს, ხდება თავისი დარგის პროფესიონალი და სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს. რთულია წარმატებული ე.წ. ქეისის შექმნა, თუ ადამიანს არ ესმის კონკრეტული საკითხი და მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, და არა იმიტომ, რომ ეს საინტერესოა.
— თუ ყველა გზა ღიაა ქალებისთვის, მაშ, რა უშლის ხელს აზერბაიჯანელ ქალებს წარმატებული ბიზნეს პროექტების შექმნაში?
— ასეთ კატეგორიულ დასკვნას არ გავაკეთებდი – ჩვენ გვყავს ქალები, რომლებმაც შექმნეს მომგებიანი ბიზნესი და მიიღეს აღიარება. სხვა საკითხია ის, რომ აზერბაიჯანული ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ლიდერთა პოზიციების მქონე ქალთა რაოდენობა დაბალია. ძირითად ნაწილს ხელს უშლის თვითდაჯერებულობის და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის არ ქონა, ვერ უძლებენ მენტალობის ზეწოლას და გაურკვევლობების და წარუმატებლობების ეშინიათ.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, არც ისე დიდი ბაზარი გვაქვს და თითქმის ყველა სფეროს უკვე ყავს თავისი ზვიგენი, რომლებთან კონკურენციაც ძალიან რთულია. ამიტომ, დამწყებთათვის დიდი ბიზნესის შექმნის შანსი ძალიან დაბალია, რაც არ უნდა კარგი ბიზნეს პროექტი ჰქონდეთ.
ასეთ პირობებში წარმატების მისაღწევად ერთადერთი ვარიანტი მცირე, ან საშუალო ბიზნესის წამოწყება და საბოლოოდ, საგარეო ბაზარზე გასვლაა.
— რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს პირობების გასაუმჯობესებლად?
— გაატაროს რეფორმები. რა თქმა უნდა, ბოლო დროს სახელმწიფომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა. მე, როგორც ამ ბიზნესში 8-წლიანი გამოცდილების მქონე, შესანიშნავად ვხედავ განსხვავებას, რა იყო ადრე და რა არის ახლა. დღეს, კერძო ბიზნესს აღარავინ ავიწროებს, ამიტომ მას საშუალება აქვს პატიოსნად განვითარდეს. თუმცა, სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს, ამიტომაც საჭიროა ყოველთვის გრძნობდე განვითარების პულსაციას და დანერგო რეფორმები, რომლებიც ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება.
— შეგიძლიათ გვითხრათ, ახლა, რომელ პროექტებზე მუშაობთ?
— დღესდღეობით, ოთხი პროექტი მეკუთვნის – საქორწინო ბუტიკები ALZA და Milana, საგანმანათლებლო პლატფორმა და თანამეგობრობა ქალბატონებისთვის WoWoman, რომლის წყალობითაც Forbes -ში მოვხვდი, ასევე W_Space – სივრცე ქალაქის ცენტრში მათთვის, ვინც შთაგონების, სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციების და ა.შ. ძიებაშია. ყველა ამ პროექტს მე ვუწევ ზედამხედველობას, მაგრამ მოცემულ მომენტში ყველაზე დიდ ყურადღებას და ენერგიას W_Spac -ს ვუთმობ, რადგანაც ეს სულ ახალი პროექტია და ჯერ დამოუკიდებლად ვერ იმუშავებს.
თუმცა, უახლოეს მომავალში შვებულების აღებას ვაპირებ – დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება. ბოლო დროს საკუთარ თავს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა დავაკისრე და რაღაც მომენტში ემოციურად გადავიწვი. ამიტომ მინდა დავისვენო და სამუშაოს ახალი ძალებით და იდეებით დავუბრუნდე.
— როგორს ხედავთ თქვენს ცხოვრებას 5-10 წლის შემდეგ?
— დიდი ხანია, სამომავლო გეგმებს აღარ ვსახავ. ეს დროისა და ენერგიის ტყუილი ხარჯვაა. რაც შეეხება ბიზნესს, მაქსიმუმ სამი წელი მაქვს დაგეგმილი. სამყარო საკმაოდ სწრაფად იცვლება, ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად, რაღაც ახალი შემოდის, ამიტომ წინასწარ, 10-წლიანი გეგმების დასახვა არ ღირს.
ლეილა ალიზადე