ვისაც შავი ხიზილალას წარმოებაში მონაწილეობა მიუღია, არმენ პეტროსიანსაც იცნობს. ამ დელიკატესის მსოფლიო გაყიდვების თითქმის მეოთხედს სწორედ მისი კომპანია აკონტროლებს. ის სერიოზული ექსპორტიორია აშშ-ს და საფრანგეთში. ამასთანავე, ხიზილალა სერიოზულად კონტროლდება, არა მხოლოდ ფულადი ნაკადების, არამედ პროდუქტის ხარისხის გაკონტროლების თვალსაზრისით. რუსული ხიზილალა, მოხმარებისთვის უკვე მზად არის Petrossian-ის ქარხანაში, რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეობს. იქვე ხდება მისი დაფასოება საფირმო ეტიკეტით და იგზავნება გასაყიდად. ეს ბიზნესი უკვე თითქმის საუკუნეა არსებობს. გარდა ამისა, პეტროსიანს აქვს ასევე პრესტიჟული რესტორნების და სასტუმროების ქსელი, სადაც მენიუს მთავარი კერძი, რა თქმა უნდა, შავი ხიზილალაა.
რევოლუცია, როგორც ხიზილალის ბიზნესის მამოძრავებელი
რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, პეტროსიანების ოჯახში ხიზილალას ბიზნესის იდეა 1917 წლის რევოლუციის წყალობით გაჩნდა. ამ ეპოქალურ მოვლენამდე კასპიური ხიზილალით ასტრახანელი საპოჟნკოვები, პეტერბურგელი ვორობიოვები და ბაქოელი ლაზარ (კაზარ) მაილოვი ვაჭრობდნენ. რა დაემართათ პირველ ორს, 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ, უცნობია, მაილოვი კი პეტერბურგში აღმოჩნდა.
ცოტა უფრო ადრე, 1915 წელს პეტერბურგში ძმები მიხეილ და მელკუმ პეტროსიანებიც გამოჩნდნენ. საფრანგეთში პრაქტიკებზე ჩასულებმა, რუსეთში დაბრუნების შანსი დაკარგეს. საჭირო გახდა საფრანგეთის მიწაზე სოლიდური საქმიანობის წამოწყება და გადაწყვიტეს იქაური ბომონდისთვის რუსული შავი ხიზილალა შეეთავაზებინათ. ის ბრენდირებულ და ექსკლუზიურ პროდუქტად აქციეს. საბჭოთა საელჩოსთან საქმიანმა მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და საფრანგეთში ხიზილალას მიწოდებაც დაიწყო. იმ დროისთვის პეტროსიანებს ამ საქმეზე სრული მონოპოლია ჰქონდათ. კომპანია Petrossian-ი 1920 წელს გაიხსნა და ზუთხის ხიზილალა განსაკუთრებულ პარიზულ ფუფუნებად, ხოლო სიტყვა “caviar”-ი კარგი გემოვნების ასოციაცად იქცა.
გარკვეული ხნის შემდეგ, მიხეილ პეტროსიანმა ირინა მაილოვასთან იქორწინა. იგი სწორედ ხიზილალას და ნავთობის ბიზნესის კომპანიის მეპატრონის ქალიშვილი იყო. ამგვარად, პეტროსიანების ხელში მთელი რიგი კოზირი აღმოჩდა და დროთა განმავლობაში გაყიდვების მოცულობაც გაიზარდა. შედეგად მათ სერიოზული კონკურენცია გაუწიეს ირანელებს, რომლებიც თავიანთ საქმეს სერიოზულ ძალისხმევას ახმარდნენ. პერტოსიანების წარმოების აყვავების ხანა ომის შემდგომ პერიოდში დადგა. მაშინ ფრანგები ზუთხის ხიზილალით დიდად აღარ ინტერესდებოდნენ, თუმცა პეტროსიანებმა მისი უმაღლესი კლასის ელიტურ პროდუქტად გადაქცევა შეძლეს და სამმაგ ფასში ყიდდნენ.
მემკვიდრე
არმენ მიხეილის ძე პეტროსიანი 1949 წელს დაიბადა. ამ დროს ოჯახური ბიზნესი უკვე სერიოზულად მოძლიერებული ჰქონდათ. მემკვიდრემ სორბონის პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა და მხოლოდ 1917 წელს ხიზილალის ბიზნესში შავ მუშად მოხვდა. არმენმა ყველა ეტაპი თამიმდევრობით გაიარა. მუშაობდა შავ მუშად, შემდეგ დამლაგებლად, დისტრიბუტორად და გამყიდველად. როგორც თავად ამბობს, არაფერს ნანობს. “პირიქით, ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. ყველაფერი უნდა იცოდე და კომპანია შიგნიდან გაიცნო”.
1970-იან წლებში უმცროსმა პეტროსიანმა ოჯახური ბიზნესის წარმოების შესწავლა განააგრძო, როგორც პერსონალის ხელმძღვანელმა, ფინანსების მართვის და კომერციულმა დირექტორმა. ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და სომხურად მოსაუბრე, განათლებულ ხელმძღვანელს შეუძლებელია თავისი ფირმისთვის მსოფლიო დიდება არ მოეტანა.
«ხიზილალაში დავიბადე და კინაღამ მასში მოვკვდი», – იცინის არმენ პეტროსიანი. როდესაც კომპანიის აწ უკვე პრეზიდენტი ძალიან პატარა იყო, ხიზილალით სავსე კასრში ჩავარდნილა და კინაღამ დაიხრჩო. შესაძლოა, ეს ბედისწერა იყო… პარიზული ბუტიკი Petrossian-ი ახლა ლატურ-მობურის ბულვარზე მდებარეობს და იგი საფრანგეთის უმაღლესი კულტურული მემკვიდრეობაა. პეტროსიანების საფირმო ლოგოტიპი არის ხომალდი, რომელიც მზის სხივებით აპრიალებულ ტალღებს მიაპობს. საფრანგეთის გარდა მისმა პოპულარობამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე მოიცვა.
გორბაჩოვის გადატრიალებამ ხიზილალის ბიზნესს კარგი არაფერი მოუტანა: მკვეთრად დაეცა პროდუქციის მიწოდება საბჭოთა კავშირიდან, დარჩენილი მცირედის მიწოდებაც დიდი სირთულეების შედეგად ხდებოდა. არმენ პეტროსიანმა გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობისთვის ახალი დროება დადგა და საკუთარი გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტა.
პირველყოვლისა, მან სავაჭრო თაროებსა და კომპანიის დახლებზე ასორტიმენტი გააფართოვა. ამგვარად, გამოჩნდა ჩაი, ყავა, შოკოლადი, დაკონსერვებული ბოსტნეული, ჯემი და ისევ ხიზილალა, ოღონდ ამჯერად ბადრიჯნის. მეორე რიგში, მან მტკიცედ გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ყოფილიყო და პარიზთან ახლოს საწარმო შექმნა, სადაც შებოლილ თევზს, წელიწადში 500 ტონამდე ორაგულს ამზადებდნენ. მანამდე, ჯერ კიდევ 1984 წელს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ისტორიულ შენობაში Alwyn Court რესტორანი Petrossian გახსნა. ამის შემდეგ, პარიზის საგვარეულო მაღაზიის მეორე სართულზეც იგივე სახელწოდების რესტორანი გახსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. დროთა განმავლობაში იდეალური სტრუქტურირებული ჰოლდინგი შეიქმნა, რომელიც პროდუქციის ნახევარზე მეტს ფრანგი მწარმოებლებისგან იღებდა.
ხიზილალის ჭამის მეცნიერება
არმენ პეტროსიანმა შავი ხიზილალის გიგანტური 10 კილოგრამიანი ქილები გამოუშვა: “შევქმენი სამი, 10 კილოგრამიანი ქილა, რომელსაც “ივან მრისხანე” დავარქვი, 5 კილოგრამიანს – “ეკატერინე დიდი”, ხოლო 2,5 კილოგრამიანს – “იმპერატორი ალექსანდრე”. ცხადია, ეს რუსეთის იმპერატორების საპატივცემულოდ გავაკეთე”. Petrossian -ების ფირმაში 10 კილოგრამიანი ქილა დაახლოებით 100 ათასი ევრო ღირს. ხიზილალის იმპერიის დღევანდელი ასორტიმენტი არის შებოლილი თევზი და კრაბი, მაქსიმალურად გაფილტრული არაყი და კიბო, შოკოლადი და ფუა-გრა და რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახეობის თევზის შავი ხიზილალა. პეტროსიანების ყველაზე პრესტიჟულ ხიზილალას Golden Caviar ჰქვია, რომელიც ალბინოსი-ბელუგასგან მზადდება და ერთი კგ. 25 ათას დოლარამდე ღირს.
პეტროსიანების ფირმაში პროდუქტის ხარისხს უმკაცრესად აკონტროლებენ. ხიზილალიან ლარნაკში უშვებენ ძალიან თხელ ჯაჭვზე ჩამოკიდებულ ვერცხლის ბურთულას. თუ ბურთულა ჩაიძირა, ხიზილალა კარგია, თუ არა – არ ვარგა. ხიზილალას მხოლოდ ოქროს კოვზებით მიირთმევენ, რადგანაც მხოლოდ ასე ინარჩუნებს ეს დელიკატესი თავის განსაკუთრებულ გემოს.
«ხიზილალის მეტალის კოვზით ჭამა ყოვლად დაუშვებელია. მას გემო უფუჭდება. მასში არც არაჟნის დამატებაა საჭირო. ხიზილალა – დამოუკიდებელი ამბროზიაა! მაქსიმუმ რისი შერევაც შეიძლება ერთი ჭიქა არაყი, ან შამპანური», – ურჩევს პეტროსიანი ხიზილალით ტკბობის მსურველებს.
პეტროსიანის ამბროზია მართლაც რომ ძვირი სიამოვნებაა – ერთი კგ. 1600-დან 12000 ევრომდე ღირს. ერთ ჭიქა შამპანურთან, ან არაყთან ერთად პეტროსიანი მის ფირმაში დამზადებულ ზიხილალას გთავაზობთ, რომელიც ზეითუნის ზეთის ერთ წვეთში პატარა, ოთხკუთხედებად, გადაზიდვის დროს სხვადასხვა ჯიშის თევზის გახეთქილ საკვერცხეებშია დაპრესილი.
“ზოგჯერ გემოს მაძიებელს მეძახიან”, – ამბობს პეტროსიანი, რომელმაც მაღაზია- ბუტიკის ასორტიმენტი ქაშაყით, ფუაგრათი, ფრანგული და იტალიური ტრიუფელებით, არყით და შოკოლადის დრაჟე “მარგალიტით” გაამრავალფეროვნა. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი რიგითი მოკვდავისთვის პეტროსიანის პროდუქცია ხელმისაწვდომი არ არის.
დაუოკებელი არმენ პეტროსიანი ბაზრის ასათვისებლად ახალ-ახალ ხერხს მიმართავს. ხან ასკილის წვენს ამზადებს, ხან კი ბადრიჯნის ხიზილალას. მაგრამ ყველაზე მეტად პეტროსიანი ზუთხის ჯიშის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ამისთვის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობს და კვლევებს აფინანსებს.
არა მხოლოდ ხიზილალით
“ხიზილალის სამყარო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიცვალა, მაგრამ ეს ცუდი სულაც არ არის, რადგან მთელ მსოფლიოში გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, ხიზილალის ახალი სახეობები და ახალი მომხმარებელი”, – აცხადებს ბიზნესმენი.
არმენ პეტროსიანი არც თავის ფესვებს ივიწყებს. იგი აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთის სომხური დიასპორის ცხოვრებაში. მჭიდრო კავშირები აქვს თავის ისტორიულ სამშობლოსთან. 2006 წელს საფრანგეთში, სომხეთის წლის ფარგლებში ლუვრში გამართული გამოფენა Armenia Sacra-ს ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ერთი წლის შემდეგ Petrossian Groupe-ის ცენტრალურ ოფისში კომპანიის პრეზიდენტ არმენ პეტროსიანს გადასცეს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო საპატიო ლეგიონის ორდენი.
“არასდროს შეგიცვლიათ სომხური გვარი, არასდროს დაგიმალავთ საკუთარი წარმომავლობა. თქვენი ოჯახი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ ჩვენს ქვეყანას, როგორ შეეთვისნენ სომხები”, – განაცხადა ორდენის გადაცემისას პარიზის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ჟან ბერნარ ტომმა.
არმენ პეტროსიანს ორი ვაჟი, ალექსანდრე და მიხეილი ჰყავს. “ყველა მამას სურს, რომ მისი ვაჟები მასთან მუშაობდნენ, მაგრამ შვილებს საკუთარი სურვილები აქვთ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ ჩემს კომპანიაში მუშაობა მოსწონდეთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ”, – ამბობს პეტროსიანი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბედნიერი სამყარო შექმნა.
მოაზადა რუბენ გიულმისარიანმა