ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი, რომელიც 6 კვადრატული მეტრის ფართობზეც ეტევა, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს და ცნობილი ქართველი მხატვრის, ფიროსმანის სახელს ატარებს. საცხოვრებელი სახლის კიბის ქვეშ მოწყობილ ოთახში, სადაც გადმოცემის თანახმად, მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი გაატარა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალი 1982 წელს გაიხსნა. ფიროსმანის სახელობისაა თავად ქუჩაც, რომლის #29-ში ცხოვრობდა, XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე თვითნასწავლი მხატვარი. კიბის ქვეშ მუზეუმი ანზორ მაზღარაშვილმა დააარსა და წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა. ამჟამად, კი ამ საქმეს კახა ჯანიაშვილი უძღვება.
მუზეუმის შენობას რესტავრაცია არც თუ დიდი ხნის წინათ ჩაუტარდა, მაგრამ, ხელუხლებელი დარჩა ფიროსმანის საცხოვრებელ პატარა ოთახი, რათა მისი იერსახე შენარჩუნებულიყო. სარემონტო სამუშაოების შედეგად მუზეუმს დღეს ლამაზი დარბაზი აქვს, სადაც მხატვრის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ფიროსმანის მუზეუმს ტურისტები ყოველდღიურად სტუმრობენ და ამ მხრივ დამთვალიერებელთა ნაკლებობას არასდროს განიცდის. მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია თავად ქუჩა, რომელიც უკვე წლებია რეაბილიტაციას ელის. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული, რაც ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაციასაც გულისხმობს. ადვილი შესაძლებელია მალე, მთლიანად ქუჩას მიენიჭოს მუზეუმის სტატუსი და ის საფეხმავლოდ გადაკეთდეს.
შემოქმედება…
მხატვარს, რომლის ნამუშევრები დღეს მილიონებად იყიდება არ გაუვლია სამხატვრო სკოლა. სწავლობდა თბილისის შემოგარენში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფრესკებიდან. ხატავდა კედლებზე, ქაღალდზე, მუშამბაზე… ხშირად თავად ამზადებდა საღებავებს და არ კარგავდა იმედს, რომ ოდესმე ნორმალური სახელოსნო ექნებოდა:
“მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, კარგ ტანსაცმელში გამოვეწყობოდი, ოთახს დავიქირავებდი, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდიო”, – უთქვამს ნიკალას.
ნიკო ფიროსმანიშვილი 1862 წლის 5 მაისს, კახეთის სოფელ მირზაანში დაიბადა. მამამისი, ასლან ფიროსმანიშვილი ცნობილი მებაღე ყოფილა და სამშვილიან ოჯახს კარგადაც არჩენდა. მაგრამ ბედნიერი ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ფიროსმანი 8 წლის იყო, როცა დედ-მამა ერთდროულად გაუხდა ავად და ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. დაობლებული მარიამი, ნიკო და ფეფუცა უპატრონოდ დარჩენილან. უკეთესი ცხოვრების საძიებლად თბილისს მიაშურეს, სადაც შინამოსამსახურეებად დადგნენ. მალე ავადმყოფობამ უფროსი და – მარიამი შეიწირა. ძალიან უნდოდა ნიკოს სწავლა, მაგრამ თავის სარჩენად მუშაობა უწევდა.
ნიკალას მეგობრები დახმარებიან, ფული შეუგროვებიათ, რითიც მხატვარს დუქანი დაუქირავებია და რძის ნაწარმით ვაჭრობა დაუწყია. ფიროსმანს დუქნის თეთრი კედლები საკუთარი ხელით მოუხატავს – წითელი, შავი და თეთრი ძროხები დახატა. ნამუშევრებს დიდი წარმატება მოჰყოლია. ვაჭრობაც კარგად აეწყო, მაგრამ ხატვა მისთვის მთავარ მოთხოვნილებად ქცეულიყო.
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ქვეყანა ძველისა და ახლის გასაყარზე ცხოვრობდა, ქართულ კულტურაში, თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული სიტყვა თქვა ფიროსმანმა. თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებაში ერთმანეთს ქართული მხატვრული პირობითობა და დასავლური რეალიზმი ერწყმოდა და ერთგვარ კულტურულ გზაჯვარედინს ქმნიდა. ფიროსმანი საკუთარ მხატვრულ სამყაროს ქმნიდა, განსაკუთრებული გამომსახველობითი მიგნებებითა და რაც მთავარია, ინდივიდუალური ხელწერით. მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანი თემატიკის თვალსაზრისით ჩარჩოებს არ ცნობს, მისი თითოეული ნამუშევარი ცალკე ღირებულებას წარმოადგენს.
“ქართული კულტურის იდენტობის თვალსაზრისით, განუზომელია ფიროსმანაშვილის, როგორც „ახალი ქართული მხატვრობის ფუძემდებლის“ მნიშვნელობა და მისი მხატვრული ფორმის თავისებურება საგანგებო შესწავლის საგანია მკვლევართათვის”, – წერდა რუსი მეცნიერი ერასტ კუზნეცოვი.
ფიროსმანის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილი უკავია უბრალო ხალხის, ვაჭარ-ხელოსანთა პორტრეტულ – ტიპებს, რომლებიც რეალურად არსებობდნენ. მხატვარს უყვარდა თეატრალური ხელოვნება, ხშირად დადიოდა თეატრში და ნანახი სპექტალების კულმინაციურ მიზანსცენებსაც ხატავდა.
ფიროსმანაშვილს შექმნილი აქვს თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტების რამდენიმე ვერსია. ასევე, მეფე ერეკლე II-ის პორტრეტი. ცნობილია, რომ ფიროსმანის მიერ შექმნილი “პატარა კახის” პორტრეტი, მხატვრის თანამედროვე ერთ-ერთ ფოტოგრაფს, 1895 წელს, კრწანისის ბრძოლის 100 წლის თავზე, საკუთარი ინიციატივით გადაუღია და მთელს საქართველოში მეფე ერეკლეს პორტრეტის 1000 პირი უსასყიდლოდ გაუვრცელებია.
ქალაქური ლეგენდები…
ფიროსმანის ცნობილ ტილოებზე ასახული ძველი თბილისის მაცხოვრებლების აღწერისას ცდილობენ მხატვრის მიერ შექმნილი პერსონაჟები XIX – XX საუკუნის თბილისში მოიძიონ. არსებობს ვარაუდი, რომ ფიროსმანის მიერ დახატული მეეზოვეც რეალური პირი, რაშიდ ადამოვია. ის ნავთობმაგნატი ძმების, მირზოევების მეეზოვე ყოფილა, რომლებსაც თბილისში სახლი ჰქონიათ, მათ შორის “მშრალ ხიდთან” “გრანდ ოტელი”.
ქუდების სამკერვალო სახელოსნოს ნორჩი შეგირდის, ვასო ჩაჩანიძის გადმოცემით, ფიროსმანს “მეეზოვე” 1914 წელს დაუხატავს:
“აი, ყველასათვის ცნობილი წვერაბურძგნული, თეფშის ტოლა მედალჩამოკიდებული “დვორნიკი”. ეს ხომ მირზოევის ქარვასლის მეეზოვე, იეზიდი რაშიდ ალმოევია!”
ყოველ შემთხვევაში რაშიდ ადამოვი ფიროსმანისთვის ნაცნობი პიროვნება იყო. ქალაქური ლეგენდის თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ ფიროსმანი დუქნების ხშირი სტუმარი იყო, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა კიბის ქვეშ. კიბის ქვეშ კი, იმ ეპოქაში, მეეზოვეები თავსდებოდნენ და ეზოს დასუფთავებასთან ერთად სახლის მცველის ფუნქციასაც ითავსებდნენ. ამდენად ფიროსმანის მათთან ახლო ნაცნობობის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს ლეგენდა.
ვინ იქნებოდა ფრანგი მოცეკვავე ქალი მარგარიტა, რომ არა ფიროსმანი და მილიონი ვარდის ლეგენდა?
ალბათ, იმ დროს, მარგარიტა ვერც კი იფიქრებდა, რომ მის სახელს მისივე საქმიანობა კი არა, არამედ ერთი ღარიბი, ქართველი მხატვარი უკვდავყოფდა. ნიკალას ცხოვრებაში ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. მადმუაზელ მარგარიტამ დაატყვევა ფიროსმანი. ნიკო ისეთი ბედნიერი იყო ამ სიყვარულით, რომ მარგარიტასთვის არაფერს იშურებდა, მაგრამ აქტრისამ მისი მიტოვება ამჯობინა.
თბილისში მალე ამ უიღბლო სიყვარულის ამსახველი ძეგლი დაიდგმება. მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი გეგმავს შექმნას მდიდარი და ბედნიერი ნიკალას ძეგლი, რომელიც მუშთაიდის ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება, ანუ იმ ადგილას, სადაც, ქართველმა მხატვარმა ფრანგი აქტრისა გაიცნო.
როგორც Dalma News-ს ქანდაკების თანაავტორმა ირაკლი ბითაძემ განუცხადა, ფრანგი აქტრისა მარგარიტა, იმ დროის საკმაოდ კარგი მომღერალი და მოცეკვავე იყო. მაშინ ნიკალაც ფეხზე მყარად იდგა. ფულიც ჰქონდა, კარგადაც იცვამდა, მეტსახელად “გრაფს” ეძახდნენ.
“ეს არ იყო ცალმხრივი სიყვარული. მარგარიტასაც შეყვარებია ნიკალა, რაც ფრანგმა ქალბატონმა წლების შემდეგ დაადასტურა, როდესაც ფიროსმანის ნამუშევრები პარიზში გამოფინეს. უკვე ხანში შესული მარგარიტა ამ გამოფენაზე თვითონ მივიდა. ეს სიყვარულის ისტორია აქ მუშთაიდის ბაღში მოხდა და გვსურს გავაცოცხლოთ ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი ფიროსმანის ცხოვრებიდან “, – აცხადებს ირაკლი ბითაძე.
რესტორნის შენობას, სადაც საუკუნის წინათ ფრანგი აქტრისა გამოდიოდა და რომელიც საკმაოდ პრესტიჟული ადგილი იყო, ტურისტები დღესაც ხშირად სტუმრობენ.
“სწორედ იმ ადგილას მივიდა ფიროსმანი ვარდებით ხელში და უკან ვარდებით სავსე, რამდენიმე ურემი მისდევდა. ეს არის რეალური ისტორია და ეს ეპიზოდი არ უნდა დაიკარგოს”, – მიაჩნია ირაკლი ბითაძეს.
ბითაძე დასძენს, რომ ფიროსმანისთვის ბევრი კარგი ძეგლი დაუდგამთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ამბავს არც ერთი არ ასახავს.
მისივე თქმით, ფიროსმანი მრავალფეროვანი და იმავდროულად ტრაგიკული ადამიანი იყო, თუმცა, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ფინანსურად არ უჭირდა. მუშთაიდის ბაღში ფიროსმანის ძეგლის დადგმა რესტორნის შენობის რესტავრაციის შემდეგ იგეგმება. ფიროსმანის ახალი ძეგლის სიმაღლე 186 სანტიმეტრი იქნება. მას არ ექნება პიედესტალი და პირდაპირ მიწაზე დაიდგმება, რათა ბაღის სტუმრები მას თავისუფლად მიუახლოვდნენ.
ახალი სიცოცხლე…
უიღბლო სიყვარულისგან განცდილმა ტკივილმა ნიკალას სამუდამო დაღი დააჩნია. ასე დასრულდა მისი შეძლებული ცხოვრება და დაიწყო მხატვრის ხელმოკლე ცხოვრება. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების ხატვა იქცა. მედუქნეები კაპიკების სანაცვლოდ ახატინებდნენ ნიკალას დუქნებს. მუშაობა ბნელ და ცივ ოთახებში უხდებოდა. აღებული თანხა ზოგჯერ საღებავებისთვისაც არ ჰყოფნიდა.
1918 წლის გაზაფხულზე, დაუძლურებული ნიკალა თბილისის არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა. უცნობია მისი საფლავიც. ვარაუდობენ, რომ მხატვარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე განისვენებს. ფიროსმანის გარდაცვალებით მისი ახალი სიცოცხლე დაიწყო. როცა მის მიერ შექმნილი ნახატები სარდაფებიდან საგამოფენო დარბაზებში გადაიტანეს. მხატვარი, რომელსაც არც სიყვარულში გაუმართლა და ვერც რიგიანი სახელოსნოს მოწყობის ოცნება აისრულა დღეს, მსოფლიოს სამხატვრო საზოგადოებაში საქართველოს სავიზიტო ბარათია.
შ. ქარჩავა