მმართველ კოალიციაში დიდი აურზაურია. ბოროტი ხმები დიდი ხანია ამბობენ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” ერთობას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს და ადრე, თუ გვიან დაიშლებაო. ბოლო დღეებში ერთმანეთის მიმართ ანტიპათიას, არც კოალიციის წევრები მალავენ. მმართველი გუნდის დანარჩენ სუბიექტებს, ყელში გაჩხერილი ფხად ექცათ “რესპუბლიკური პარტია” და ცდილობენ სხვადასხვა ხერხით გაემიჯნონ მათ პოლიტიკურ ხედვებს და იდეებს. “რესპუბლიკელებმაც” განაცხადეს და სხვებმაც კვერი დაუკრეს, რომ ისინი კოალიციის რიგების დატოვებას არ აპირებენ, რადგან მშვენივრად იციან საკუთარი პარტიის შესაძლებლობები, რომ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში, ცალკე, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად გასვლა, მათ დიდი ხნით დააკარგინებს პარლამენტის დეპუტატებისა და მთავრობაში მინისტრების კომფორტულ სავარძლებს.
ექსპერტების ნაწილისთვის ძნელად წარმოსადგენია ისეთ ისტერიულ ვითარებაში, როგორიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს არის, 2016 წლის არჩევნებამდე რადიკალური ცვლილებები არ მოხდეს და კოალიციაში შემავალმა ძალებმა ერთობა ბოლომდე შეინარჩუნონ. მათი პროგნოზებით, წლევანდელი არჩევნები ჭრელ პარლამენტს მოგვცემს და შესაძლოა სადეპუტატო პულტთან ისეთი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდნენ, რომლებიც დიდი ხანია პროცენტული ბარიერის მიღმა იცდიან. მაგრამ არსებობს მეორე უკიდურესობა. რაც უფრო ჭრელია პოლიტიკური სპექტრი, მით პასიურია ქართველი ამომრჩეველი. ადვილი შესაძლებელია, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური ძალების მიმართ თანაბრად ნიჰილისტური დამოკიდებულება გაუჩნდეთ.
ბოლო ხანებში, ინტერნეტ სივრცეში, ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონების მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერები გავრცელდა. ოპოზიციამ ხელი “ქართული ოცნებისკენ” გაიშვირა, მმართველი კოალიციის წევრებმა კი ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს მსგავსი ფაქტები. ექსპერტების აზრით, მსგავსი ფარული კადრების სერიალი თუ გაგრძელდება, ადვილი შესაძლებელია ამან ნეგატიურად იმოქმედოს თავად ხელისუფლების რეიტინგზე და ისედაც შერყეული პოპულარობა, კიდევ უფრო შეუსუტდეს.
მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებით “რესპუბლიკელებს” “მრეწველებიც” ემუქრებოდნენ. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ამ ორ ძალას შორის დაპირისპირება დრო და დრო მწვავდებოდა. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ კონფლიქტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერეოდა. მან კოალიციის წევრები რამდენჯერმე შეკრიბა და დახურულ კარს მიღმა ითათბირეს. რაღაცასაც შეთანხმდნენ და იმედისმომცემი საჯარო განცხადებებიც გააკეთეს, მაგრამ 2-3 დღეში ვითარება კვლავ იცვლებოდა და “რესპუბლიკური პარტიის” მისამართით ახალი კრიტიკული განცხადებების ტალღა იწყებოდა.
“როგორც პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ უკვე მერამდენედ, ისინი განაგრძობენ გამომწვევი განცხადებების კეთებას. მათ შორის ქალბატონი მინისტრიც. ცოტას, ალბათ კიდევ მოვითმენთ – ჩვენ არ ვრეაგირებთ პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ მასალას დავდებთ პრესასა და ტელევიზიაში რომ, ალბათ არ დარჩებიან კმაყოფილები”, – განაცხადა “მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ.
დაპირისპირებულ მხარეებს “იგავ-არაკები” შეაშეველა უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა და “ხარისა და ბუზის” ამბავი გაახსენდა:
უღელში შებმულ ხარს რქაზე ბუზი აზის. გამოიფრენა მეორე ბუზმა, დაჯდა მეორე რქაზე. რას შვებით, ჰკითხა პირველს. – ვხნავთო… მეორე ბუზმა პირველს ქშენა დაუწყო, – წადი, აფრინდი, მე ადრე დავჯექი და მე ვხნავ აქ მარტოო.
“ჰოდა, გონიერებას მოუხმონ და ერთმანეთს ცოტა ზრდილობიანად ელაპარაკონ მაინც იმიტომ, რომ ერთ ოჯახად თუ მიიჩნევენ თავს, მაშინ, რაღაც სხვა სტანდარტები უნდა არსებობდეს და თუ მხოლოდ იმისთვის არიან იქ, რომ, როგორმე მომდევნო პარლამენტში მოხვდნენ და ვერ მალავენ ერთმანეთის სიძულვილს, მაშინ ეს ნორმალურია”, – აცხადებს დეპუტატი.
“რესპუბლიკელები” ბოლო წუთამდე ირწმუნებოდნენ, რომ კოალიციის დატოვებას არ აპირებდნენ და მათ ამ გადაწყვეტილების შეცვლას “მრეწველებთან” დაპირისპირება ვერ აიძულებდა. ექსპერტ ხათუნა ლაღაზიძეს განსხვავებული მოლოდინები აქვს, მისი აზრით, მმართველ კოალიციაში დღეს ისეთი დუღილია და ისეთი მწვავე დაპირისპირება, როგორც არასდროს და არც გოგი თოფაძის განცხადებებია კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის ნაფიქრი, არამედ კოალიციის ერთი ფრთის მხრიდან წამოსული გაფრთხილებაა “რესპუბლიკელების” მიმართ.
“ეს გასაგებიცაა იმ ფონზე, როცა საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და კოალიციის წევრებს შორის ხელჩართული ბრძოლა მიდის საპარლამენტო სიის დაკომპლექტებისთვის. რამდენიც უნდა ამტკიცონ, კოალიცია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს. გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლო ინტერესების შეჭიდების სტადიასთან მივდივართ, რასაც წარმოადგენს მათთვის საპარლამენტო სიის დაკომპლექტება. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება საარჩევნო კომპანიის წარმოება იმ პირობებში, როდესაც მისი შემადგენელი ობიექტები ერთმანეთთან ხელჩართულ დაპირისპირებაში არიან”, – მიაჩნია ექსპერტს.
მთელს ამ პოლიტიკურ გაუგებრობაში ლოგიკური განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა და არც ის პოლიტიკური პარტიები დარჩებიან არჩევნებში მათ გვერდით, რომლებიც 2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემოიკრიბა “ქართულმა ოცნებამ”. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, მთავრობაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა რა იქნება არჩევნების შემდგომ და მოახერხებენ თუ არა ყოფილი თანაგუნდელები შემდგომში თანამშრომლობას, ამგვარი პროგნოზების გაკეთებას პრემიერი ნაადრევად მიიჩნევს.
“პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, არჩევნებამდე ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა, ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ნორმალურია, რომ არჩევნებზე პარტიები გავიდეთ დამოუკიდებლად. გარკვეული კოალიციების კი არჩევნების შემდეგ იქმნება”, – მიაჩნია გიორგი კვირიკაშვილს.
მისივე თქმით, 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, სრულიად სხვა რეალობა და ძალიან მძიმე წინასაარჩევნო მდგომარეობა იყო, რაც დღევანდელი წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავდება, ანუ საარჩევნო პროცესი დღეს, გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულიაო. პრემიერი არც მთავრობიდან “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას გეგმავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, ამის საჭიროებას არ კარნახობს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სრულად დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც და ისიც დასძინა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება მიღებულია კოალიციის ლიდერებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.
“ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია “ქართული ოცნების” პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა. კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო არჩევნებზე პარტიები ან საარჩევნო ბლოკებად გადიან, ან – ცალ-ცალკე. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრემიერის გადაწყვეტილების მიმართ კმაყოფილებას ვერ ფარავს ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე. მისი თქმით, “რესპუბლიკელებს” კოალიციის სხვა წევრებისგან განსხვავებული ხედვები ჰქონდათ და მათთვის მიუღებელი ძალიან ბევრი კანონის შემოღება სურდათ.
ორივე პარტია კოალიციაში ვიყავით, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული ხედვა გვქონდა. ძალიან ბევრი მიუღებელი კანონის შემოღება სურდათ. ამიტომ, გადაწყდა, რომ კოალიცია რომელიღაცას უნდა დაგვეტოვებინა. ეს უჩვენოდ გადაწყდა. ჩვენს მიმართ ძალიან დამამცირებელი განცხადებები აკეთეს, – დასძინა თოფაძემ
“რესპუბლიკური პარტია” კი საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადავიდა. კვლავ მეჭიაურის “ხარისა და ბუზის” ამბავს დავუბრუნდები. მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი ძალიან დაბალია, კოალიციის ცალკეული სუბიექტებიც დიდი ხანია ერთმანეთისგან განსხვავებულ ენაზე საუბრობენ. როგორც ჩანს “ქართულმა ოცნებამ”, მოწვეული პიარტექნოლოგების დახმარებით, თუ საკუთარი შესაძლებლობებით, კარგად გააანალიზა პარტიის პოლიტიკური შესაძლებლობებიც და მომავალი პერსპექტივებიც და აღარ სურს “ბუზივით” პარტიებისთვის გამწევი ხარის პოზიციაში ყოფნა. მაგრამ ახლა სხვა მიმართულებით ჩნდება კითხვის ნიშნები. დარჩება კი “რესპუბლიკური” პარტია საკუთარი პარტიული შესაძლებლობების იმედად, თუ წინასაარჩევნოდ სხვა, რომელიმე პარტიებთან ეცდება საერთო ენის გამონახვას და ახლა მათ უნაგირზე მონახავს კომფორტულ ადგილს. ასეთ პერსპექტივად, ალბათ “ახალი მემარჯვენეები” უნდა განვიხილოთ. დაირაზმებიან თუ არა ამჯერადაც, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სხვა წვრილ-წვრილი პოლიტიკური პარტიები, მომავალი გვიჩვენებს.
მანამდე კი ღიად განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობაში მყოფი “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდეგობებზე აგვისტომდე დარჩებიან, ისიც იმიტომ, რომ კარგად აქვთ გააზრებული ქვეყნის მიმართ საკუთარი მოვალეობები. ქვეყნის სტაბილურობისა და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტი ხომ ისიც არის, რომ ქვეყანაში მინისტრები წამდაუწუმ არ იცვლებოდნენ.
შორენა პაპაშვილი