კიბის გისოსების ქვეშ სახეზე შეყინული შიში. ნაოჭებიანი სახის დიდი და შეშინებული თვალები. შიშს მოხუცებული ქალის სახე აქვს. იქნებ ეს შიში არ არის? იქნებ ეს ასაკია, რომელიც ჟამთა სვლამ მოიტანა? უიმედო და მოწყენილი მოხუცებულობა, რომელიც უკვე ვეღარ გადალახავს ზევით სვლას. იქნებ, უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელსაც ქვემოთ ტოვებენ, როდესაც ზევით სვლას იწყებენ. გამოცდილება, რომელიც შეცდომის დაშვებაში ხელს შეგიშლის. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ნახევარი ფოტო, გულს ეხება, გაშფოთებს, გაღელვებს და მოსვენებას არ გაძლევს. ისევ და ისევ უბრუნდები და ცდილობ მასში ჩამალული ფენომენის ამოცნობას.
ეს ფოტოგრაფის, მხატვრის და ნამდვილი თბილისელის, ვიგენ ვარდანოვის კალიგრაფიაა. ყველა მისი ნამუშევარი აუხსნელი მაგიით და მისტიკით არის გაჯერებული.
მეხუთე კლასში, ჩვენთან მუსიკის ახალი მასწავლებელი მოვიდა. მან თქვა, რომ არ გვასწავლის სიმღერას. “შევისწავლით მუსიკას,” – განაცხადა მან კატეგორიული ტონით და დაიწყო მუშაობა ჩვენს ფანტაზიასა და წარმოსახვაზე. გაკვეთილზე შემოვიდოდა თუ არა, მიუჯდებოდა ფორტეპიანოს, ან ჩართავდა მუსიკას და გვთავაზობდა ოცნებებში წასვლას. ჩვენც ასე ვიქცეოდით. ზოგი გემით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, ზოგი მთელი სამყაროს სიმდიდრეში ნებივრობდა, ზოგი კი ბედნიერ ზღაპარში იყო. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, მუსიკის ვიზუალიზაციას ვსწავლობდით. მუსიკა, წარმოსახვით იძენს ფორმას, ფერს, ხასიათს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს ფანტაზიებში. გრძნობები და ემოციები ეფემერული და არარეალური რჩება.
ვიგენ ვართანოვის ფოტოსურათები, რომლებიც ფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში მუზეუმ ქარვასლის საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი, სრულად ანგრევს მეტაფიზიკური მოვლენების შესახებ წარმოდგენას. ფიქრი, გრძნობა და ემოცია ფორმებს იძენს და აბსოლუტურად ხელშესახები ხდება. ყველაფერს თავისი კონტური, ზომა და სიმკვრივე აქვს: შიშსაც, ასაკსაც და სიყვარულსაც. ეს მიიღწევა მეთოდით, რომელსაც ფოტოგრაფიის ენაზე ორმაგი ექსპოზიცია ჰქვია. როდესაც ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ ფოტოს ერთმანეთზე დებენ, იღებენ რაღაც ფანტასტიკურს, ქვეცნობიერის მაფხიზლებელს. ვიგენ ვართანოვი ორმაგ ექსპოზიციას 30 წლის განმავლობაში, ინტერნეტის და ფოტოშოპის გამოგონებამდე იყენებდა.
მუზეუმში წარმოდგენილ ექსპოზიციაში, ოსტატის 62 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ვიგენ ვართანოვის მხატვრული ფოტოსურათები, ზემოქმედების მოხდენის ძალითა და ხასიათით კინემატოგრაფიას წააგავს. თითქოს თითოეული კადრი ევროპული ნეორეალიზმის ფილმოგრაფიას წააგავს. თუმცა, უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყვი, რომ ეს არის ცხოვრების ხანგრძლივობის ერთი, ერთადერთი სურეალისტური ფილმი, მისტიკური სიმბოლოებით და დაშიფრული კოდებით. მათი ახსნა იგივეა რაც, სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოხსნა.
“დიდი ხნის განმავლობაშ ვეძებდით სივრცეს გამოფენის მოსაწყობად, მაგრამ ამაოდ. შესაფერი დარბაზი და დრო არ გამოიძებნა. ბოლოს, სრულიად შემთხვევით, ფესტივალ “ქოლგას” ორგანიზატორ ბესო ხაინდრავას შევხვდით. მან მამაჩემის ნამუშევრები დაათვალიერა და დაინტერესდა. დავიწყეთ ექსპოზიციისთვის მზადება”, – ამბობს მხატვრის ვაჟი, ბიბა ვართანოვი (ვიგენ ვართანოვ-უმცროსი).
თბილისის ფოტოფესტივალი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი საკონკურსოა და მასში მონაწილეობენ, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფოტოგრაფები. შემდეგ ფესტივალს ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი ოსტატები განაგრძობენ. ექსპოზიციაში წარმოდგენილია გასული საუკუნის 60-70-იანი წლების პერიოდის ნამუშევრები.
“მამაჩემის შემოქმედებაში ეს ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო. ეს არის პერიოდი, როდესაც ის სერიოზულად მუშაობდა ფოტოგრაფიაზე და ეძებნა ტექნიკას სოლარიზაციის ახალ ფორმაში, ორმაგ ექსპოზიციაში გადასატანად. ეძებდა, რათა შეექმნა საკუთარი სამყარო ქაღალდზე. მოგვიანებით, მამამ შედარებით უფრო მოცულობითი საგნების -კოლაჟების და ასამბლეაჟების შექმნა დაიწყო. მას არ ჰქონდა სამუშაო ადგილი, სტუდია, სადაც სერიოზულ ფოტოგრაფიას შექმნიდა. ამის გარეშე ძალიან რთული იყო. შესაძლოა, გამოხატვის განსხვავებულ სტილზე გადასვლა სწორედ მაშინდელი პირობებით იყო ნაკარნახევი. ვფიქრობთ, მომავალში კიდევ ერთი გამოფენა მოვაწყოთ, სადაც ადრეული პერიოდის და გვიანდელ ნამუშევრებს გავაერთიანებთ”, – ამბობს ვიგენ ვართანოვ-უმცროსი.
ვინ არის ვიგენ ვართანოვი? რთულია ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. ცხადია, ის იყო ფოტოგრაფი. კიდევ იყო მხატვარი, მოქანდაკე და კოლექციონერი. რაც მთავარია – შემოქმედი, რომელსაც ძველი და გადასაგდები ნივთისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება შეეძლო.
ვიგენ ვართანოვის მსგავსი თავმდაბალი ადამიანი იშვიათობაა. მრავალმხრივი ნიჭის პატრონს, არასდროს ხიბლავდა ხმაური და ყურადღება. კმაყოფილდებოდა მხოლოდ იმით, რომ თავის ნამუშევრებს მეგობრებს, ნათესავებს და ახლობლებს გააცნობდა. მიაჩნდა, რომ მისი შემოქმედებისთვის ყველაზე იდეალური ადგილი სახლი იყო და მის კედლებს თუ დატოვებდნენ, სილამაზე და მნიშვნელობა დაეკარგებოდათ. რთულია, არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას მას შემდეგ, რაც მის უნიკალურ სახლში მოხვდები.
ბინა, რომელშიც ვიგენი დაიბადა, გაიზარდა და გარდაიცვალა შეგვიძლია უფრო საიუველირო ყუთს შევადაროთ, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. იქ ძალიან ბევრი რამ არის: ძველ ჩარჩოებში ჩასმული ფოტოსურათები, მეფის რუსეთის დროინდელი მისამართებიანი აბრები, “სამოვარები”, ნავთის ლამფები, საათები, გასაღებები, სარკეები. ნებისმიერი სხვა შენობა ასეთი სისავსის გამო, ესტეთური კაკოფონია გეგონებოდა, მხოლოდ ეს ბინა – არა. ამ ბინაში თითოეული საგანი თავის მუსიკალურ პარტიას ასრულებს. ყველა ერთად კი პატარა ორკესტრს წარმოადგენს, რომელსაც სიყვარული დირიჟორობს. ეს არის სიყვარული მშობლიური ქალაქისადმი. იგი აგროვებდა მეფის რუსეთის ეპოქის საგნებს და ნივთებს. რომანტიზმის პერიოდისადმი ინტერესი მას 25 წლის ასაკში გაუღვივდა. დადიოდა, იღებდა ფოტოებს, ეცნობოდა და ესაუბრებოდა ხალხს. შეეძლო საათობით დაკარგულიყო თავის საყვარელ სოლოლაკში და უფროსი თაობის ადამიანები გამოეკითხა. ვიგენ ვართანიანი 2016 წელს გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების პირველი გამოფენა 2018 წელს მოეწყო, სადაც მისი შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი.
მუზეუმში, გამოფენის გახსნის მეორე დღესაც მივედი. ძალიან მინდოდა ავტორთან მარტო დარჩენა. მის ფოტოებში ჩაძირვა, ფოტოგრაფის შემოქმედებაში ჩამალული აზრების ამოცნობა და გარკვეული პასუხების მიღება. თუმცა, როგორც ანდრეი ტარკოვსკის ფილმ “სოლიარის” ერთ-ერთი გმირი ამბობს: “კითხვა – ეს არის შეცნობის სურვილი, ხოლო უბრალო ადამიანური ჭეშმარიტების შესანარჩუნებლად საჭიროა საიდუმლო: ბედნიერების, სიკვდილის, სიყვარულის საიდუმლო”.
ეკატერინე მინასიანი
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი