ვარძიის გადარჩენის მიზნით, კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე სარადარო სისტემა მუშაობს. ზემგრძნობიარე რადარი 2 მმ-ის სიზუსტით აფიქსირებს ვარძიის ნებისმიერი სახის დეფორმაციას, ბზარების დინამიკას, შიდა მოძრაობასა და კლდოვან მასათა გადაადგილებას.
როგორც Dalma News-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, გუშინ, თბილისის დროით ღამის 03:56 წუთზე (UTC 23:56:35) ვარძიის კომპლექსიდან 6 კილომეტრის მანძილზე 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის რხევები ვარძიის კომპლექსური მონიტორინგის სისტემაში შემავალმა სეისმურმა აპარატურამ, განლაგების შვიდივე წერტილზე დააფიქსირა. ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორები არიან ილიას უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც სარადარო ჩანაწერების ანალიზი უკვე განახორციელეს, სადაც კომპლექსზე ასახული მიწისძვრის შედეგი მკაფიოდ ჩანს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვარძიის ფასადის რადარული სკანირებისას მიწის, ან კლდის მასივის ჩამოშლა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების სპეციფიკიდან გამომდინარე მეცნიერები დეტალურად შეისწავლიან მიწისძვრის შემდგომი 10 დღიანი პერიოდს დეტალური შესწავლა, მისი ზემოქმედების დადგენის მიზნით.