რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების პარალელურად საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დღითი დღეს იძაბება, ქვეყნებს შორის საუბრის დიპლომატიური ტონიც კი, უსიამოვნო ხდება. თბილისსა და კიევს შორის მეგობრობაში ბზარი 2012 წლის შემდეგ სულ უფრო ღრმავდება. მას შემდეგ, რაც საქართველოში სისხლიან რეჟიმად წოდებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა თავი კიევის პოლიტიკურ ელიტას შეაფარეს, საქართველოს ხელისუფლების მისამართით კიევის პრეტენზიებს დასასრული არ უჩანს.
ერთი მხრივ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაითრიოს, მეორე მხრივ კი, უკრაინის მმართველი ელიტა საქართველოსგან სამხედრო ძალითა და ტექნიკით დახმარებას ითხოვს. პერიოდულად კი, უკრაინიდან საქართველოში განმათავისუფლებელ ბრძოლებს აანონსებენ. “ნაციონალურ მოძრაობას” რევანში სწყურია. მას შემდეგ, რაც 2012 წელს, მათი ერთპარტიული დიქტატურა დასრულდა ქვეყანაში, ხელისუფლებაში დაბრუნების ყველა კონსტიტუციური გზა მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ამიტომ მზად არიან, რევოლუციისთვის თვით საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც კი, გამოიყენონ.
ქართველი ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა არ შედის, არც ერთი და არც მეორე ქვეყნის ინტერესებში, მიუხედავად იმისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი რუსეთთან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, გაუგებარი მიზეზით გაიწვია. ეს მაშინ, როდესაც დაბომბვების პირობებში საქართველოს საელჩო კიევში რჩება.
კიევის მხრიდან საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უხეში ჩარევისა და უსიამოვნო რიტორიკის მიუხედავად, საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე, საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდა იმ 191 ქვეყანას შორის, რომლებმაც უკრაინის მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდეს. 2022 წლის აპრილში საქართველომ უკრაინას 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა, თუმცა უკრაინული მხარე საქართველოდან მხოლოდ 200 ტონა ტვირთის მიღებას ადასტურებდა. დახმარებაში შედიოდა მარცვლეული, ტკბილეული, წყალი, კონსერვები, ბავშვთა საკვები, ჰიგიენური საშუალებები, საძილე ტომრები – საქართველოს ფოსტამ მთელი ეს ტვირთი დასავლეთ უკრაინაში საკუთარი ხარჯებით მიიტანა. შემდეგ, კი უკვე უკრაინულ მხარეს უნდა ეზრუნა ტვირთის ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში განაწილება.
საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას დღემდე განაგრძობს, ასევე, ზრუნავს უკრაინიდან დევნილებზე. მათთვის სხვადასხვა სოციალური და სამედიცინო დახმარების პროგრამა შეიქმნა. უკრაინაში ასეულობით ქართველი მოხალისე იბრძვის. 24 თებერვლიდან დღემდე იქ 30-მდე ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ყოველივე ამის საპირწონედ უკრაინული მხარე საქართველოს ახსენებს 1993 და 2008 წლებში გაწეულ დახმარებას. როგორც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს სვანეთის მთებში ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში და სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს. ამ ზღვა სიკეთეების ჩამოთვლის საფუძველზე კასიანოვს მიაჩნია, რომ “გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან – რუსეთის ფედერაციისგან”.
2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დროს, თუ რა სახის დახმარება აღმოუჩინა უკრაინამ საქართველოს, ამ კითხვით Dalma News-მა სამხედრო ექსპერტს, ამირან სალუქვაძეს მიმართა. მისი ინფორმაციით, 2008 წლის ომის დღეებში უკრაინას საქართველოსთვის არანაირი სამხედრო -ტექნიკური დახმარება არ აღმოუჩენია. თუმცა ომის წინა წლებში, საქართველომ უკრაინისგან რამდენიმე ასეული აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა.
“ერთი ვაზნა არ არის ნაჩუქარი. ჩვენ გვქონდა ჩვეულებრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა უკრაინასთან. აქვე გეტყვით ერთი საყურადღებო ფაქტის შესახებ. აგვისტოს ომის შემდეგ, 2-თვეში უკრაინის რადამ შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც გამოიძია საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხი და საკმაოდ მძიმე შედეგები დადო უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვამ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას მიაყენა დიდი ზარალიო”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე შეფასებით, წარმოუდგენელი რამ არის უკრაინისგან მასზე ბევრად პატარა საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნის მოწოდება, მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებენ რუსეთის მიმართ დაძაბული რიტორიკისგან. უკრაინის სამხედრო დახმარებაზეც დიდხანს იფიქრეს, თავიანთ მოქალაქეებს კი, მკაფიოდ მოუწოდებდნენ ომში მონაწილეობა არ მიეღოთ.
ზამთრის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება ომის ტვირთი და ამას პირველ რიგში საკუთარ მხრებზე დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობა გრძნობს. უკრაინის საელჩოს პრეტენზიული ტონი არ ცხრება. კასიანოვმა 6 დეკემბერს გამართა ბრიფინგი, სადაც საყვედური გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ ოფიციალურმა თბილისმა უპასუხოდ დატოვა კიევის დახმარების თხოვნა უკრაინას გაუგზავნონ გენერატორები და ტრანსფორმატორები, რაც ამჟამად უკიდურესად სჭირდებათ, რათა უზრუნველყონ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისა და სკოლებისთვის.
უკრაინელი დიპლომატის ბრალდებას მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საუბარია არა ე.წ. დვიჟოკებზე, არამედ, მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე. მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბმა მადრიდის “რეალმა” უკრაინას 20 ასეთი გენერატორი გადასცა.
“შეგვიძლია, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და გავგზავნოთ უკრაინაში… საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს “დვიჟოკების” გაგზავნას”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარება სასპეკულაციო თემა არ არის და საქართველოს არასდროს უთქვამს უარი უკრაინელი ხალხის დახმარებაზე. რაც შეეხება კასიანოვს, “ოცნების” თავმჯდომარე მას ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის დაცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ბრიფინგების გამართვის ნაცვლად ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდეს და იქ გაარკვიოს საკითხები.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უკრაინის მთავრობა იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ მეორე მხრივ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვს.
“შეიფარეს “ნაციონალური მოძრაობის” ელიტა, ახლაც აცხადებენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა, იმიტომ, რომ იქ „ნციონალური მოძრაობა” არა არის ხელისუფლებაშიო. ფაქტობრივად ამით აცხადებენ, რომ სურთ ხელისუფლებაში “ენმ”-ს დანახვა. ამას ემატება ის, რომ ზოგიერთები გემუქრებიან უკრაინიდან, – აქ რომ მოვათავებთ საქმეს, დავეხმარებით სხვადასხვა ქვეყნებს რუსეთისგან გათავისუფლებაშიო. ამ სცენარს მხარდამჭერები აღმოაჩნდება დასავლეთშიც და შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი აღარ იყოს, ვინ იქნება ხელისუფლებაში”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა თავის ლოგიკურ კრიზისამდე მივიდა იმ მიზეზით, რომ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც 2012 წელს უკრაინაში გადაბარგდა, ყველა რესურსი გამოიყენა და უკრაინული პოლიტიკური ელიტა, “რომელიც ყველაზე კორუმპირებული იყო და დღესაც ასეთად რჩება, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ განაწყო”.
სიხარულიძის თქმით, ქართულ-უკრაინული პოლიტიკური ელიტა იყო და არის ორიენტირებული მიხეილ სააკშვილზე იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამის უფლება მისცა. ამას შეუწყვეს ხელი იმ ამერიკელმა და ევროპელმა პარლამენტარებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც კურირებენ ამ რეგიონს, საქართველოს და უკრაინას ერთად. “ოცნებამ” ამ მიმართულებით პირველივე დღეს არ აწარმოვა ხისტი პოლიტიკა, რომ გასაგებად ეთქვათ ყველასთვის, – ჩვენ ამას არ დავუშვებთ!
“უკრაინაში, უცებ, ძალაუფლებაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითვლებოდნენ კორუმპირებულებად. დღეს ისინი რუსეთთან ბრძოლის პროცესში გამოაცხადეს წმინდანებად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. უკრაინა დღეს არის ნახევრად დანგრეული სახელმწიფო, რომლის მოსახლეობას პატივს ვცემ, მაგრამ მათ პოლიტიკურ ელიტაში არანაირი დემოკრატია არ არსებობს”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.
მისივე მოსაზრებით, საქართველომ სამხედრო დახმარება არ უნდა გაუწიოს უკრაინას. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მორალურად, ჰუმანიტარულად, გენერატორების გაგზავნით.
“საქართველოს არავინ დაიცავს, არავინ გადმოსხამს აქ დესანტს. უკრაინას ჰყავს პარტნიორები, რომელთა გამოც დღეს უკრაინა აღმოჩნდა ომში. ამ პარტნიორებს აქვთ მილიარდები და აფინანსებენ ომს რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მიდის და ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას გაიაზრებს”, – აცხადებს სიხარულიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინის მოსახლეობას.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს უკრაინის 26 000 მოქალაქე ცხოვრობს, იღებს სათანადო მხარდაჭერას ფინანსური, საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით. 2 345 ახალგაზრდა სხვადასხვა სკოლაში სწავლობს დღეს საქართველოში, მათ შორის 1 565 უკრაინულ ენაზე, ამასთან, 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო მხარდაჭერა, რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს.
გიორგი ქართველი