“უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი” გაიხსნა დღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, რომელიც 2010 წლიდან, ყოველწლიურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმართება.
სემინარი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გახსნეს. სემინარში მონაწილეებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო სექტორის თანამშრომლები უსაფრთხოების სფეროში, ასევე მათი კოლეგები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. კურსის 27 მონაწილე უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის ბრიტანულ გამოცდილებას გაიზიარებს. მას კრენფილდის უნივერსიტეტისა და სამხედრო აკადემიის ლექტორები, ლორა კლერი და ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი უძღვებიან.
როგორც ანა დოლიძემ განმარტა, სწავლების განმავლობაში მსმენელები შეიძენენ ცოდნას, რომელიც მათ დემოკრატიულ სისტემაში თავდაცვის სფეროს ეფექტიანად მართვაში დაეხმარება. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, სწორედ, საქართველო იყოს კავკასიის რეგიონში, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის განათლების, ინოვაციის, დებატების, კრიტიკული დისკურსისა და ახალი იდეების ეპიცენტრი.
სემინარი 2 ოქტომბერს დასრულდება.