კიევის პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თბილისში უკრაინის საელჩოსთან მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ. 29 მარტს ამოიწურა ვადა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის (УПЦ МП) სასულიერო პირებს კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დაეტოვებინათ.
კიევ-პეჩორის სამონასტრო ლავრა უნდა გამოცხადდეს მუზეუმ ნაკრძალად. საუბარია იმ სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც წმინდა ათონის მთისა და წმინდა ივერიის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო სიწმინდეა, სადაც არასოდეს შეწყვეტილა ლოცვა. 1000 წლოვანი სასულიერო ცხოვრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებით ეკლესიამ შესაძლოა ფუნქცია შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ კიევ-პეჩორის ლავრა, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა — უძველესი ქვაბულთა მონასტერი კიევში, 1051 წელს ბერების ანტონი და თეოდოსიუსის მიერ დაფუძნდა და კიევის რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.
კიევში მიმდინარე პროცესევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა და მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა, სადაც სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს, კიევ-პეჩორის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა.
წერილში ილია მეორე, პირველ რიგში დიდ გულისტკივილს გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მისივე თქმით, საქართველომ ეს პროცესები წლების წინ გაიარა, შესაბამისად ჩვენთვის უცხო არ არის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. მან ასევე შეახსენა ბართლომე I-ს, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. «უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კი მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა».
“ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ. როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის“, – ვკითხულობთ საქართველოს პატრიარქის წერილში.
ილია მეორე ხაზს უსვამს ამ ეკლესიის მხრიდან, ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულებას, რაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.
“დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“, – წერს ილია II მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში.
ილია მეორის აზრით, მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე, ყოველი სასიკეთო ნაბიჯი, დიდად ფასეული იქნება.
უკრაინის ხელისუფლებამ მიტროპოლიტ ონოფრესა და სხვა სასულიერო პირებს კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიისა და შენობის დასატოვებლად დრო 29 მარტამდე მისცა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც რუსეთის ეკლესიის РПЦ-ის ნაწილია და, რომელსაც მეუფე ონოფრე ხელმძღვანელობს, 2022 წელს “სრული დამოუკიდებლობა” გამოაცხადა. გადაწყვეტილება ეკლესიის ვებგვერდზე 2022 წლის 27 მაისს გამოქვეყნდა. მიტროპოლიტი ონოფრე 2013 წელს პირადად ვლადიმერ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული.
XX საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო კიევის საპატრიარქო, 2018 წლის 15 დეკემბრიდან კი დაიწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) ავტოკეფალიის აღიარების პროცესი, რასაც დღემდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო. უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რის გამოც, მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა, როგორც მოსკოვის საპატრიარქომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა УПЦ-მაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, არც საქართველოს საპატრიარქო აღიარებს.
კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო პირებისა და მრევლის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია თბილისში 28 მარტს გაიმართა. აქციაზე არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები. არც სასულიერო პირებიდან მიუღია მსვლელობაში ვინმეს მონაწილეობა.
პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება მანამდე, ერთმა ქალბატონმა, მარტომ გააპროტესტა და კიევის საელჩოსთან ხელნაწერი პლაკატი გაშალა წარწერით – „შორს ხელები კიევ-პეჩორის ლავრასგან!“. ეს ადამიანი არის ტატიანა რედკო, დედით უკრაინელი, ეროვნებით ბელორუსი, თბილისელი, საქართველოს მოქალაქეა. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მხატვარი და თეოლოგი.
როდესაც აქცია კიევის საელჩოსთან მივიდა, მეუფე თეოდოსი (მარჩენკო) ონლაინ ჩაერთო აქციის მონაწილეებს და აღავლინა ლოცვა. გალობა მან ქართული სიმღერით დაასრულა: “მრავალჟამიერ ძვირფასებო, მრავალჟამიერ”. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაც საქართველომ ომში მყოფ ქვეყანას აღმოუჩინა.
“ჩვენ არ გვინდა, რომ კიევის ლავრა იქცეს ექსპონატად და იქ შეწყდეს წირვა-ლოცვა”, – განაცხადა მეუფე თეოდოსმა.
“ჩვენგან დამოუკიდებლად დაგვიკავშირდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლიის ნიჟიევსკის ეპისკოპოსი მეუფე თეოდოსი დარჩენკო, რომელმაც გამოხატა სურვილი რომ აღავლინოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სამშვიდობო სავედრებელი პარაკლისი, მოგვმართოს ქართულ საზოგადოებას სიტყვით და მადლობა გადაუხადოს ქართულ საზოგადოებას ასეთი სოლიდარული აქციისთვის“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
აქციის მონაწილე, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრი დავით ახვლედიანი კიევში განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც კიდევ ერთ შეტევას უკრაინის მართლმადიდებელი მრევლსა და სასულიერო პირებზე. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, უკრაინაში ანტიეკლესიური პოლიტიკა დიდი ხანია მიმდინარეობს, უკრაინელ მართლმადიდებლებში განხეთქილება წლებია გრძელდება… ყველაზე მრავალრიცხოვანი სამრევლო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ჰყავს, თუმცა რუსეთთან ასოცირების გამო, მის წიაღში მყოფი მორწმუნეები იდევნებიან.
ახვლედიანის თქმით, ამ კუთხით უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული პოლიტიკა უკვე მოხვდა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა. თუმცა გაეროს პოზიცია ზელენსკის მთავრობამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეაფასა.
“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კიევო-პეჩორის ლავრა უნდა დატოვონ სასულიერო პირებმა, რომლებიც სწორედ უკრაინის კანონიკური ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ონოფრეს ემორჩილებიან. მათი იძულებითი გამოსახლების მიზეზი ცხადია, რომ მიზანმიმართულად არის შეთითხნილი. მსოფლიო მნიშვნელობის სასულიერო კერა, რომელშიც წირვა-ლოცვა ვერმახტის მიერ კიევის ოკუპაციის დროსაც კი არ შეწყვეტილა ახლა თურმე მუზეუმ-ნაკრძალად უნდა გადააკეთონ. ლავრაში მოღვაწე სასულიერო პირებს კიდევ ერთი “შეთავაზებაც” გაუკეთეს – გადავიდნენ 2019 წელს შექმნილ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მიტროპოლიტად ნაკურთხი ეპიფანე დუმენკო მეთაურობს”, – აცხადებს დავით ახვლედიანი.
მისივე თქმით, ეს ის ეპიფანე დუმენკოა, რომელიც კანონიკური ეკლესიიდან განკვეთილმა ფილარეტ დენისენკომ თავის დროზე მღვდლად “აკურთხა”. (საეკლესიო კანონიკის თანახმად კი განხეთქილებაში მყოფის მიერ ხელდასხმული პირი არ შეიძლება მღვდლად ითვლებოდეს). ამ დარღვევის მიუხედავად, დუმენკო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიტროპოლიტის ხარისხშიც კი აიყვანა, რაც შესაბამისად ასევე დარღვევაა და ამის შესახებ არაერთი ავტოკეფალური ეკლესიის მაღალიერარქი მიუთითებდა…
“თუმცა როგორც ჩანს, უკრაინაში პოლიტიკური ქარტეხილები პირდაპირ იყო დაკავშირებული იმ საეკლესიო პრობლემასთან, რომელიც დღემდე სახეზეა და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება”, – ამბობს ახვლედიანი.
29 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მამამთავარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიში) დანიშნა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად. დანიშვნა მოხდა ერთი დღით ადრე, სანამ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია მონასტერს დატოვებდა.
შ. ქარჩავა