უკრაინელი მართლმადიდებლების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც განიხილეს უკრაინის რადას მიერ მიღებული კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. უკრაინის პარლამენტმა კანონპროექტი 20 აგვისტოს, 265 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში. მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გასაწყვეტად ცხრათვიანი ვადა მიეცემათ.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა – გულბაათ რცხილაძემ შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ეხება საქართველოსაც, რადგან, რამდენიმე წლის შემდეგ რელიგიის საკითხი დღის წესრიგში საქართველოშიც დადგება. დასავლეთი საქართველოსგანაც მოითხოვს დედაეკლესიის მიმართ მიდგომების შეცვლას, ამოქმედდება პროპაგანდა, რომ ეკლესია არის ქართული საზოგადოების ჩამორჩენილობის მიზეზი. ამიტომ გულბაათ რცხილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა მოსახლეობამ უკრაინაში მიმდინარე პროცესები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.
„სჯობს იმ ფრონტზე ვიბრძოლოთ, რომელიც ჩვენგან შორს არის, სანამ საფრთხე კართან მოგვადგება“, – განაცხადა მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა გულბაათ რცხილაძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს ცალკე ეკლესია ეროვნული ნიშნით, არის ერთიანი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შედგება ადგილობრივი ეკლესიების ერთობლიობისგან. ერთიანობა გამოიხატება იმაში, რომ ეკლესიებს შორის არის ევქარისტიული კავშირი. მორწმუნეს შეუძლია ეზიაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს მართლმადიდებლური ეკლესია.
“ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთიანი. გვაქვს შემთხვევა, როდესაც, რომელიმე რელიგიური გაერთიანება იჩემებს, რომ არის ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ეკლესია, ამ დროს კი არიან ეკლესიის წიაღიდან გამოყოფილი სასულიერო პირები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არიან ყოფილი სასულიერო პირები და განიზრახეს, რომ შეუძლიათ ცალკე ეკლესია დააარსონ”, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მისივე ინფორმაციით, N8371 კანონის მიღებით უკრაინის ლეგიტიმური მართლმადიდებლური ეკლესია ფაქტობრივად აკრძალულია. უკრაინაში არის ორი ასეთი დასახელება – УПЦ – რაც იშიფრება როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და ПЦУ, ანუ მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის, რომელიც არ არის კანონიკური და რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ აღმოცენდა უკრაინაში.
მისივე თქმით, დღესდღეობით, როდესაც უკრაინაში საომარი ვითარებაა, ზელენსკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ შეიძლება უკრაინის ეკლესია დაკავშირებული იყოს რუსეთის ეკლესიასთან. უკრაინის ეკლესია ისტორიულად ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს. ამას საფუძვლად უდევს ის, რომ შუა საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც კიევის რუსეთი დაიშალა, მისი სამართალმემკვიდრე გახდა მოსკოვი. შესაბამისად უკრაინის ეკლესიას არ აქვს ავტოკეფალია.
“მიუხედავად იმისა, რომ УПЦ-მ უარი თქვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაზე და კიევში მირონის მოხარშვაც კი დაიწყეს (რაც, ჩემი აზრით, საეჭვოა. კანონთა თვალსაზრისი), ეკლესია აკრძალეს. ახლა სამრევლოებმა ან უნდა შეწყვიტონ არსებობა ერთ თვეში, ან დაექვემდებარონ ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ უკანონოდ შექმნილ ПЦУ-ს, რომელსაც მხარს უჭერს ფაშისტური რეჟიმი. ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს”, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მან პარალელი გაავლო ქართული ეკლესიის ისტორიასთან, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს მიიღო ავტოკეფალია, ეს გაკეთდა ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის, საპატრიარქოს (იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ) – ანტიოქიის ლოცვა-კურთხევით. ასე რომ, სწორედ ანტიოქიის პატრიარქმა იოანე X-მ ისაუბრა გადამწყვეტი სიტყვებით, მხარი დაუჭირა УПЦ-ს და მართლმადიდებელ მორწმუნეებს და დაგმო უკრაინაში კანონის მიღება “ზელენსკის ფაშისტური რეჟიმის მიერ”. УПЦ-ს მხარი სერბეთის პატრიარქმაც დაუჭირა, პაპმაც კი უარი განაცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის – УПЦ-ს აკრძალვაზე.
“ვისურვებდი, რომ მართლმადიდებლურმა სამყარომ უფრო აქტიურად ისაუბროს ამ პრობლემაზე. ასე არ არის, რომ უკრაინის ეკლესიაში მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციული ცვლილებებია, რეალობა ისაა, რომ ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის ნგრევა მიმდინარეობს გლობალისტების მიერ. დიდი ტრაგედიაა, უბედურებაა, როცა ნადგურდება მართლმადიდებლური სამყარო“, – აცხადებს იგი.
უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დადის УПЦ-ში და არა ПЦУ-ში. ახლა მიმდინარეობს ადამიანების ცნობიერების შეცვლაზე მუშაობა.
„დასავლელ კურატორებს კარგად ესმით, რომ რელიგიას აქვს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის რწმენისთვის მნიშვნელობა, არამედ ის ეროვნულ ცნობიერებას ქმნის და მასზე ახდენს გადამწყვეტ გავლენას. დასავლეთმა უკრაინის სახით შექმნა ანტი-რუსეთი. ამ პროექტში კი ეკლესიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ის უნდა იყოს რუსეთთან, რუს ხალხთან დაპირისპირებული. ამიტომ მიიღეს ეს კანონი“, – ამბობს გულბაათ რცხილაძე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ინტერნეტის საშუალებით ჩაერთო ვოლგოგრადის ეპარქიის განათლებისა და კათეზის განყოფილების ხელმძღვანელი, აბატი ქრისტეფორე (კაზანცევი). რუსმა სასულიერო პირმა უკრაინაში მართლმადიდებლური მოძღვრებისა და მართლმადიდებლების პრობლემებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მართლმადიდებელ სამყაროს დიდი ტურბულენტობის პერიოდი აქვს.
“ის, რაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება, არის შემაშფოთებელი. იძულებულნი ვართ, მსოფლიო საზოგადოებას მივმართოთ თხოვნით, ჩაერიონ და დაიცვან კანონიკური ეკლესიის უფლებები”, – განაცხადა მამა ქრისტეფორემ.
მისივე შეფასებით, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოსახლეობის კოლექტიური დასჯა, ისინი მილიონობით თანამემამულეს სჯიან საკუთარი რწმენის გამო.
„როგორც რიგით მღვდელს, მიმაჩნია, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლებისთვის უკეთესია არ შეეხონ საკუთარი მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს. უკრაინას მრავალმილიონიანი მრევლი და 12 ათასი თემი აქვს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს სოციალურ პროექტებზე, მას აქვს ბავშვთა სახლები. ჩვენთვის ეს კანონი მიუღებელია, რადგან ირღვევა მართვის პრინციპი – ეკლესია გადაიქცევა ერთ ჩვეულებრივ ორგანიზაციად“, – განაცხადა რუსმა სასულიერო პირმა.
ქრისტეფორე კაზანცევის თქმით, პოლიტიკური მმართველები იცვლებიან, არავინ იცის, რა იქნება 15 წლის შემდეგ, ეკლესია კი რჩება. იგი მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რელიგიით არ ითამაშონ. მამა ქრისტეფორემ მაგალითის სახით მოიყვანა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. მისი თქმით ქართული ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ქვეყნის ისტორიაში იყო ბევრი პოლიტიკური მმართველი, ისინი შეიცვალნენ, მაგრამ ეკლესია დარჩა.
კითხვაზე, თუ როგორ ხედავს უკრაინაში ვითარების განვითარების შესაძლო სცენარს და ამ ვითარებაში, როგორ უნდა იმოქმედოს მრევლმა, მამა ქრისტეფორემ განაცხადა, რომ უკრაინის მოსახლეობა ცდილობს დაიცვან თავიანთი ეკლესიები, ამის გამო არის კონფლიქტები, ზარალდებიან ადამიანები. უკრაინის მოსახლეობა აქტიურად იბრძვის, იმისთვის, რომ არ დაიკეტოს ეკლესიები. ხალხი ქუჩაში ათენებს, მათ აქტიური პოზიცია უკავიათ.
„ნუთუ ზელენსკი ვერ ხედავს, რომ ის ახდენს მოსახლეობის პროვოცირებას, ანუ შეეხო იმას, რისთვისაც ადამიანები მზად არიან სიცოცხლე დათმონ. ეს არის სამშობლო და რწმენა. მოვლენების შემდგომი განვითარება, ჩემი აზრით, იქნება ტრაგიკული. რაც მალე დასრულდება წინააღმდეგობა, რომელშიც ჩათრეულია ჩვენი ქვეყანაც და უკრაინაც, მით მალე მივალთ მშვიდობამდე“, – განაცხადა ვოლგოგრადის ეპარქიის წარმომადგენელმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დაგეგმეს უკრაინის მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის მხარდაჭერის მიზნით პირველ სექტემბერს თბილისში გამართონ აქცია, სადაც დაგმობენ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მოუწოდებენ უკრაინელ მართლმადიდებლებს, განმტკიცდნენ რწმენაში. აღინიშნა, რომ საქართველოში მღვდლებისა და ეპისკოპოსების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის კანონიკურ ეკლესიას.
გიორგი ქართველი