თბილისელი მძღოლები დიდი ხანია, აოცებენ უცხოელებს გზებზე, საგზაო მოძრაობის ყველა წესის დარღვევით მოძრაობით. მათ სხვაზე მეტად ეჩქარებათ, არ სურთ დედაქალაქის ქუჩებში მომრავლებულ საცობებში დგომა, ან უბრალოდ, დიდი გაბარიტების ავტომობილში ჯდომით თავს პრივილეგირებულად გრძნობენ და კანონმორჩილ, საკუთარ ზოლში მდგარ მძღოლებს აიძულებენ გზა დაუთმონ. ღერძულა ხაზის გადაკვეთა და საპირისპირო მიმართულების ზოლზე მოძრაობა ამ ქალაქში უკვე წესად არის ქცეული, არც ზებრა გადასასვლელზე სურთ ქვეითის შემჩნევა და ჯიუტად არ ანელებენ ავტომობილს იქ, სადაც ამას მათგან მორალი და კანონი მოითხოვს. ამასობაში კატასტროფულად მატულობს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რომლებიც ხშირად, ფატალური შედეგით მთავრდება.

საგზაო მოძრაობის წესების ტოტალურად დარღვევისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის ხელისუფლებას საყვედურობენ და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, ხელისუფლებამ ისეთი წესები და სანქციები უნდა შეიმუშაოს, რომ ურჩი მძღოლები იძულებულნი გახდნენ საყოველთაოდ დადგენილ წესებს დაემორჩილონ. არასამთავრობოები მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემის დაწესებასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას მოთხოვდნენ, რამაც მათი აზრით, 25 %-ით მაინც უნდა შეამციროს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

სტატისტიკა…

maxresdefaultსაქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა და თავისი მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს საქართველოში 32%-ით გაიზარდა ქვეითების დაშავების რაოდენობა, სიკვდილიანობა – 28%-ით. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დაშავდა 10 000-ზე მეტი ადამიანი.

2016 წელს, წინა წელთან შედარებით იმატა საგზაო შემთხვევების რაოდენობა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა დედაქალაქში, სადაც დაახლოებით 10%-ით იმატა საგზაო შემთხვევებმა, 7%-ით დაღუპულთა და 10%-ით დაშავებულთა რაოდენობამ.

რაც შეეხება ქვეითებს, 2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 2016 წელს დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი თბილისში 4%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, 8%-ით გაიზარდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს საქართველოში გზებზე შავი წერტილების არსებობაზე, სადაც მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

“შესაძლოა 1 თვის განმავლობაში 100 შემთხვევაც კი დაფიქსირდეს, მაგრამ ასეთ ადგილებში არასდროს გადის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ავტოსაგზაო შემთხვევების რეალურ მიზეზს და ხელაღებით მძღოლის დადანაშაულება ხდება. რეალურად კი შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემა – არასწორი საგზაო მონიშვნა, ან შუქნიშანი არ დგას სათანადო ადგილას და სხვა”, – ამბობს დავით მესხიშვილი.

რას ნიშნავს 100 ქულიანი სისტემა…

საქართველოში პირველი ივლისიდან ამოქმედდა უკონტაქტო პატრულირებისა და 100 ქულიანი სისტემა. პირველივე დღეს დაიდო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ყველა რეგიონში საპატრულო პოლიციამ 2805 საჯარიმო ქვითარი გამოწერა. მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე, კერძოდ, 24 ივნისს, 3085 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 280-ით ნაკლებია. 1 ივლისს, ასქულიანი სისტემით 2805 -დან 1331 მოქალაქე დაჯარიმდა.

მძღოლებს მართვის მოწმობაზე 100 ქულა ერიცხებათ და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შესაბამის ფულად ჯარიმასთან ერთად ქულებიც ჩამოაკლდებათ, ხოლო ქულების ლიმიტის საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეს ავტომობილის მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება და საჭესთან დაჯდომის უფლების მოსაპოვებლად ხელახლა მოუწევს გამოცდის ჩაბარება.

ყველაზე მეტი ქულა მძღოლს, ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და ბავშვების გადაყვანისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დააკლდება. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ გაითვალისწინონ, რომ მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემეთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობაზე დააკლდება 5 ქულა; ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობის შემთხვევაში – 15 ქულა; ბავშვების გადაყვანისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის – 20 ქულა; მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ისა ითვალისწინებს 10 ქულის ჩამოკლებას, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით 20 ქულას; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა 30 ქულა; ძალაში რჩება მანამდე მოქმედი სანქციები, კერძოდ, ავტომობილის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომატურად გამოიწვევს მართვის უფლების ერთი წლის ვადით შეჩერებას. ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

ასევე, მძიმე დარღვევად ითვლება და მაღალი ქულა ჩამოაკლდება იმ მძღოლს, ვინც ავტომობილს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ მძღოლს ათხოვებს. ამ შემთხვევაში მძღოლთან ერთად დაზარალდება ავტომობილის რეალური მფლობელიც, მას აკლდება ქულა და 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევს. ხოლო მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ და მის აღდგენას, მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეძლებს.

“ახალი წესებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებისთვის სპეციალური კამპანია ჩატარდა, მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს დაურიგეს. ბუკლეტები დარიგდა თბილისშიც”, – განუცხადეს Dalma Newsს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

100 ქულიანი სისტემის შემოღებას სკეპტიკურად ხვდებიან მოქალაქეები და მიაჩნიათ, რომ ამით მდგომარეობა არ შეიცვლება, ან პატრულის მხრიდან უსამართლობას წააწყდებიან.

_92573585_dsc_0972არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ახალი სისტემის მუშაობას პირველივე დღიდან აკვირდება.

 

“გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა, მაგრამ იმავდროულად არ არის სათანადოდ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. ხშირად წაშლილია ზებრა გადასასვლელი, ღერძულა ხაზი ან სხვა რომელიმე საგზაო მონიშვნა. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად გამოასწორონ ხარვეზი, რადგან არც მძღოლი აღმოჩნდეს უსამართლო პოზიციაში და პოლიციელსაც გაუადვილდეს კანონის აღსრულება”, – აცხადებს ლალიაშვილი.

ახალი წესების თანახმად ქვეყნის მასშტაბით განისაზღვრა 10 ლოკაცია, სადაც განთავსდებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ისე, რომ მძღოლებმა ვერ შენიშნონ. ის არც საპატრულო პოლიციის ავტომობილით იმოძრავებს და არც პატრულის ფორმა ეცმევა. ეს უკონტაქტო პარტული იქნება.

217603099პარალელურად გაძლიერდება კამერებით კონტროლი და მძღოლებს ჯარიმა ყველა დარღვევის შესაბამისად მიუვათ, ჯარიმის გადახდისთვის თავის არიდება კი, შეუძლებელი იქნება. თუ კი, აქამდე ქვითარი ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, რაც მასზე ადრესატის ხელმოწერა განთავსდებოდა, ახლა მძღოლს ჯარიმის შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიუვა და ჯარიმის გადახდას თავს ვეღარ აარიდებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლების ფინანსურ წახალისებაზეც იზრუნა და ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი შეიმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქე დაკისრებულ ჯარიმას 10 კალენდარული დღის განმავლობაში თუ გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება. შსს-ში იმედოვნებენ, რომ ამგვარი მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. ამდენად, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.

გეტყვით იმასაც, რომ 100 ქულა მძღოლს მართვის მოწმობაზე 6 თვის ვადით ერიცხება. 2018 წლიდან კი ეს ვადა 12 თვემდე გაიზრდება. მძღოლებს, რომლებიც 100 ქულიან ლიმიტს მართვის მოწმობაზე წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ, შსს სიურპრიზ ჰპირდება. თუმცა, რა იქნება ეს სიურპრიზი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

შ. ქარჩავა