ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, თუ მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის მიმართ კვლავაც მაღალი მოლოდინები აქვს, თუმცა, სოციოლოგიურ კვლევებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობამ მთელი 17 პროცენტული პუნქტით იკლო და 2013 წლის შემდეგ 78%-დან 61%-მდე შემცირდა. საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას რესპოდენტების 31% უჭერს მხარს, ისინი არჩევანს უმეტესად ეკონომიკური სარგებლით ხსნიან, ხოლო ევროკავშირის მომხრეთა 21%–ს სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საინტერესო კვლევა ჩაატარა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უკანასკნელი შვიდი წლის განწყობაა მოცემული. საქართველოს მასშტაბით 2 300 რესპოდენტი გამოიკითხა, აქედან 700-ზე მეტი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა), რომლებიც ქართულად არ საუბრობენ. კვლევები 2009-2015 წლების პეიოდს მოიცავს.э
როგორც Dalma News-ს თავად ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ განუცხადა, ბოლო წლებში აშაკარაა საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის მატება, თუმცა, კვლავაც პირველ ადგილზე რჩება ევროკავშირი.
“როდესაც ეკითხები ადამიანს რუსეთთან სურს თუ არა ურთიერთობის გაუმჯობესება, პროცენტები უფრო მატულობს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. მოსახლეობის განწყობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას, მთლიანად მსოფლიოში არსებული ვითარება. გარდა ამისა, მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაშიც” იყოფა ხშრად ამა თუ იმ საკითხის მიმართ დამოკიდებულებები, რაც ხელს უწყობს საზოგადოების განწყობის შეცვლას. პოლიტიკოსებს აქვთ გავლენა. ან კიდევ, რაღაც საკითხებზე ადამიანებმა მეტი შეიტყეს, ან მაღალი მოლოდინები ჰქონდათ და იმედები გაუცრუვდათ. კიდევ ერთი ფაქტორია რუსეთის როლი მთლიანად მსოფლიოში. ამდენად მოსახლეობის განწყობაში პროცენტურლობის ცვლილების ასახსნელად მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტორს ვერ გამოვყოფთ”, – აცხადებს ქეთევან ვაშაკიძე.
ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას მალე წარუდგენს, სადაც მოცემული იქნება ბოლო 7 წლის ძირითადი ტენდენციების მათეული ანალიზი. ამდენად, რამდენიმე დეტალის წინასწარ გასაჯაროვებაზე უარი გვითხრეს. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოს რეგიონებში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ ევროკავშირის შესახებ. მაგალითად, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 66%-ს სმენია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების – მხოლოდ 26%-ს. შესაბამისად, ევროინტეგრაციის მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაც დაბალია. ამასთანავე, ევროკავშირში გაწევრიანებას ქართულენოვანი მოსახლეობის 64% უჭერს მხარს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების — 35%.
პოლიტოლოგი, მთავრობის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დასავლეთის მიმართ ყალბი მოლოდინები შეიქმნა, რომლებიც შემდგომ წლებში არ გამართლდა. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს, ბევრ ადამიანს ეშინოდა სოცილოგიური გამოკითხვებისას განსხვავებული აზრის გამოთქმის. დღეს შიშის ფაქტორი მოიხსნა და პეტრე მამრაძის აზრით, შესაძლოა ამის გამოც მოიმატა რუსეთის მომხრეთა რაოდენობამ.
“ერთია რეალობა და მეორე მითი, რომელიც იქმნებოდა. არადა დასავლეთის წარმომადგენლები პატიოსნად გვაფრხილებდნენ, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება, რომ ნატოში უცებ ვერ შეხვალთ. 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკური ავანტურის შემდეგ, NDI-სა და IRI–ის გამოკითვებში ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთთან კეთილმეზობლური, ნორმალური ურთიერთობის აღდგენა. სულ ცოტა მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და იქიდან ეხმარებიან ოჯახებს”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
და მაინც, რას ნიშნავს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ქონა და რამდენად არის ეს დამოკიდებული ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე? 2012 წლიდან საქართველოში გაჩნდა მოლოდინები, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყებოდა, მაგრამ ქვეყნებს შორის დაგროვილი პრობლემებისა, თუ კეთილი ნების დეფიციტის გამო, პროცესები ობიექტურ ჩიხში მოექსა. რუსეთის მიმართ დადებითი მოლოდინები საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამდს აქვს. კვლევაში მონაწილე რესპოდენტების 30% მეტ სარგებელს რუსეთისგან ელის, გამოკითხულთა 45% კი – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით, ხოლო 17%-ს აშშ-ს იმედი აქვს. მოსახლეობის 61% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.
რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სადღეისოდ ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, ალბათ, ამიტომაც არსებობს გადაჭარბებული მოლოდინები ქართულ-რუსული მოლაპარაკებების აბაშიძე-კარასინის ფორმატის მიმართ, რომელიც თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ეკონომიკური საკითხების განხილვით შემოიფარგლებოდა. პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის აზრით, ამ ვითარებაში ნებისმიერი მცირე წინსვლაც კი უაღრესად მნიშვნელოვანია.
“ასე თუ ისე, გავიდა ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ესეც კი მნიშვნელოვანია იმ ნულოვანი დონიდან, რაც დაგვიტოვა სააკაშვილმა”, – აცხადებს იგი.
პეტრე მამრაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებაში დღესაც არიან მინისტრები, რომელთა რიტორიკა ერთნაირად გამაღიზიანებელია დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც.
“ჩვენთან ბევრს არ ესმის, რომ დასავლეთი საქართველოს გამო არ გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან. პარიზის ტერაქტმა მთლიანად შეცვალა საზოგადოების აზრი ევროპასა და დასავლეთში. ახლა უკვე სულ სხვა ტონალობა გაჩნდა პუტინთან საუბარში. ოლანდმა განაცხადა:- მივდივარ ვაშინგტონში და მერე მოსკოვშიო. ყოველდღიურად ვეცნობი დასავლურ პრესას. “ისლამური სახელმწიფოს” ფაქტორის გათვალისწინებით შეიცვალა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და დასავლეთელი ლიდერებიც კი ალაპარაკდნენ, რომ ჯობია გაერთიანდნენ პუტინის რუსეთთან, დაივიწყონ უთანხმოებები, მათ შორის უკრაინის საკითხზე, საქართველოს არავინ ახსენებს”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბარში პეტრე მამრაძემ.
მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძეს ენდობიან და პატივს სცემენ, როგორც ბრიუსელში, ისე რუსეთში. ამდენად საქართველო-რუსეთს შორის შექმნილ ობიექტურ ჩიხში, აბაშიძე-კარასინის ფორმატიც დიდი რამეა ჩვენთვის და აგვაცილა ზაფხულში რუსეთის ეკონომიკური სანქციები. ნატოს შტაბ-ბინაში ქართულ დელეგაციებს ყოველთვის ურჩევენ, არ გააუქმონ აბაშიძე-კარასინის ფორმატი. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ამ რაუნდზე საუბარი მართლაც იყოს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, მითუმეტეს, რომ რუსეთ-საქართველოს საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ამ დღეებში თავად განაცხადა, რომ რუსული მხარე მუშაობს სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებაზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტირებას არ აკეთებს.
“მეც მსმენია ამის თაობაზე, რომ ისინი ამ საკითხზე მუშაობენ. თითქოს გადაწყვეტილებაც არის მიღებული. ჩვენ მოვუხსენით რუსეთის მოქალაქეებს 2011 წელს სავიზო მოთხოვნა. წელს კიდევ უფრო გამარტივდა საქართველოში ჩამოსვლის პროცესი, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ახლა მათი გადასაწყვეტია, თუ აქვთ ნება, სურვილი, გაამარტივებენ”, – განაცხადა აბაშიძემ.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში საინტერესო პუნქტს ნახავათ: საზოგადოებაში გაძლიერდა შიში, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. ასე მიიჩნევს მოსახლეობის 45%. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 30% იყო.
პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის აზრით, ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ ხელისუფლებას.
“კარგად ვიცი რატომ განვითარდა ეს განწყობა. შეგახსენებთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ცნობილ ფრაზას, ერთი-ორი ჰომოსექსუალური მინისტრი, თუ გვეყოლება მთავრობაში ევროპასთან ურთიერთობა გაგვიჭირდებაო. ხალხის დიდმა ნაწილმა ეს მიაწერა ევროინტეგრაციას. ხშირად ძალიან სერიოზული ადამიანები მეუბნებოდნენ, კარგად ნახეთ, წაიკითხეს, რა წერია იმ ასოცირების ხელშეკრულებაში, შიგ ჩადებული იქნება მოთხოვნები, რომ ჩვენი ტრადიციები შევცვალოთ და ჩვენს ფასეულობებს ვუღალატოთ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში მსგავსი არაფერი წერია, გარდა ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული დეკლარაციისა”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.