თბილისსა და კიევს შორის დაპირისპირება არ გვარდება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შანს არ უშვებენ ხელიდან, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები არ გააკეთონ. კიევს ამჯერად, ზედმეტი მოუვიდა, იმდენად ზედმეტი, რომ მათ მიმართ კეთილმეგობრული ქართული ოპოზიციის ნაწილიც კი აღაშფოთეს.
მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი გაეხვა, საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდეს.
საქართველოს ხელისუფლებაში პოდოლიაკის ამ განცხადებას მტრული უწოდეს. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, პოდოლიაკი საქართველოს მიმართ არათუ არამეგობრულ, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს, რაც ძალიან სამწუხაროა. პოდოლიაკის ამ განცხადებას არც ქართული ოპოზიციის ნაწილი აღუფრთოვანებია, გამონაკლისია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, სადაც მიაჩნიათ, პოდოლიაკი საქართველოში არსებულ სიტუაციას რეალურად აფასებს.
უკრაინის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა “ქართული ოცნების” საქციელს “უკიდურესად ამაზრზენი”, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “სულელი” უწოდა. უკრაინელი პოლიტიკოსის აზრით, სწორედ ამიტომ, საქართველოს „არ აქვს ერთი შანსი“ გახდეს ევროკავშირის წევრი, – წერს SOVA.
საყოველთაოდ ცნობილია ოფიციალური კიევის სენტიმენტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული სააკაშვილის მიმართ, თუმცა, ამჯერად, პოდოლიაკმა თავისი სიბრალული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც არგუნა. უკრაინელი პოლიტიკოსი საქართველოს მმართველ ძალას მესამე და მეხუთე პრეზიდენტების მიმართ გენოციდური ტიპის ქცევაში ადანაშაულებს.
„საქართველოს ამ პერიოდებში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალური პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო, ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. – ზურაბიშვილი დემონსტრაციულად ექვემდებარება იმპიჩმენტის კანონს და ყველაზე ამაზრზენ ქცევას ხელისუფლებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. საქართველოს “არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
კიევის წარმომადგენელმა ასევე კომენტარი გააკეთა 7-8 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზე. მისი შეფასებით, ევროპელი დიპლომატი ცდილობდა სწორი გზა ეჩვენებინა „უიღბლო პოტენციური პარტნიორებისთვის“.
„მომწონს ბორელის და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ სწორ გზაზე დააყენონ უიღბლო პოტენციური პარტნიორები. რუსეთის გვერდით წასვლა რუსული მიმართულებით, ნიშნავს გაჰყვე ცნობილ დიდებულ გემს. შესაბამისად, მეჩვენება, რომ ძალიან სულელი ადამიანი უნდა იყო და ამავდროულად, იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ არ გესმოდეს, სად მიგყავს საკუთარი ქვეყანა. ომი დასრულდება და პუტინის ვერტიკალის დაცემის შემდეგ, ბევრი ქვეყანა სხვაგვარად გამოჩნდება, მათ შორის საქართველოც,“ – განაცხადა პოდოლიაკმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოდოლიაკის ეს, არც თუ კორექტული განცხადება ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში შეაფასა და ის “მეორე ფრონტის” თემას დაუკავშირა. კობახიძის აზრით, პოდოლიაკის ოცნებაა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რაც არაერთგზის უთქვამს კიდეც.
„მეორე ფრონტს თუ არ გავხსნით, ჰგონია, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართ მაღალი ინტერესი აოცებს “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, თბილისის მერ კახა კალაძეს. მისი აზრით, ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმეს რაიმე წარმატება აქვს, ეს საქართველოა.
“არ ვიცი, პოდოლიაკი, რატომ არის საქართველოთი დაკავებული, რატომ ინტერესდება ჩვენი ქვეყნით მაშინ, როდესაც ამხელა უბედურება ტრიალებს უკრაინაში,” – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც არ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიაჩნია, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა მას.
“აღნიშნული არასამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ეს იყო მცდელობა, დაეჩაგრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და აღნიშნული გადაწყვეტილება შემდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ ჩვენს ქვეყანაში და ხალხისთვის ეთქვათ, რომ იცით, თქვენ ხალხი, ქართველები იმსახურებთ სტატუსს, ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ მთავრობა გყავთ ცუდი”, – აცხადებს კალაძე.
მისივე აზრით, კანდიდატის სტატუსზე უარი მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ. როგორც კალაძე აცხადებს, იყო მცდელობები, რომ ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში და მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის დაეპირისპირებინათ, უბრალოდ საკმარისად ვერ დაარწმუნეს ამაში ქართული საზოგადოება.
“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, გააკეთებს მომავალშიც, რათა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას“, – განაცხადა კალაძემ.
პოდოლიაკის განცხადებაზე კომენტარი სტრასბურგიდან გააკეთა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, სადაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავდა. ბოჭორიშვილის შეფასებით, პოდოლიაკის განცხადება არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რა პროპაგანდაც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ევროინტეგრაციის პროცესში ერთმანეთს ეხმარებოდნენ, სამწუხაროდ, საპირისპირო სურათს ვხედავთ.
ნაციონალებს, არც მათ წიაღში ამოზრდილი “სტრატეგია აღმაშენებელი” ჩამორჩა. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნება” საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭებაში დაადანაშაულა. მისი აზრით, “ოცნებამ” ქვეყანა “რუსული ინტერესების გატარების პლაცდარმად აქცია”. მისივე განმარტებით, ფაქტობრივად, იგივე თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელიმ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში ყოფნისას.
“რომ არა ქართველი ხალხი, დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის ფანჯარა დაკეტილი იქნებოდა. პოდოლიაკი ქართველების დიდი მოყვარული ადამიანია და ქვეყანას გულშემატკივრობს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპირისპირო პოზიცია აქვთ, “ოცნების” გადამდგარი პრემიერ-მინისტრის – გიორგი გახარიას პარტიაში. ანა ბუჩუკურის აზრით, პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს საკუთარ ქვეყანას.
„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი არაერთხელ აქვს გადახდილი”, – განაცხადა ბუჩუკურმა.
პოდოლიაკს მეტი სიფრთხილისა და თავშეკავების გამოჩენას ურჩევს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, “რათა საქართველო-უკრაინის მეგობრობა და საერთო ბრძოლა შედეგიანი იყოს”.
პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანსაც დიდად არ ესიამოვნა პოდოლიაკის ტონი.
“როდესაც მეგობარ ქვეყანაზეა საუბარი და როდესაც ის მეგობარი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხალხი იმსახურებს სტატუსს. ამიტომ გამიხარდებოდა, უფრო რბილი განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხაილო პოდოლიაკს, უკრაინის პრეზიდენტის კარზე არესტოვიჩის შემდეგ, ყველაზე დიდი პოლიტიკურ შარლატანს უწოდებს.
მისივე თქმით, პოდოლიაკის მხრიდან ეს პირველი მავნებლური განცხადება არ არის. მას საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგაც ბევრი მსგავსი განცხადება გაუკეთებია.
“ჩემთვის გაუგებარია ეს ადამიანი საერთოდ რას აკეთებს და რა რჩევებს აძლევს პრეზიდენტს, როცა მის ბიოგრაფიაში ბევრი საეჭვო დეტალი იძებნება. ის ხან რუსეთის და ხანაც ბელარუსის ინტერესებისთვის მუშაობდა. სამწუხარო ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლების კარზე პოდოლიაკი მარტო არ არის და მასთან ერთად სხვა პირებიც მსგავს მძიმე განცხადებებს აკეთებენ”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არა აქვთ უფლება და არავინ ეკითხებათ საქართველოს შიდა პოლიტიკას.
გიორგი ქართველი