მას შემდეგ, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ტელევიზიად ქცეული ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ძალით დაიბრუნა, არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარმა შემადგენლობამ რედაქცია ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. “რუსთავი 2”-იდან იძულებით წასვლის შემდეგ, არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების გენპროკურორმა ნიკა გვარამიამ, ახალი პარტიული მედიაპლატფორმა – “მთავარი არხი“ შექმნა, სადაც მუშაობა განაგრძო, “რუსთავი 2”-დან დათხოვნილმა, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნორად მელაძემაც.
არც თუ დიდი ხნის წინათ, ნოდარ მელაძემ “მთავარი არხიც” დატოვა და ტელეკომპანია “tv პირველის” მთავარ პროდიუსერად მოგვევლინა. ეს ამბავი სოციალურ ქსელში, იმ დროისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ გაახმაურა და ნოდარ მელაძეს ტელეკომპანიისთვის უდიდესი შენაძენი უწოდა. თუმცა, იქვე მიანიშნა, რომ მელაძეს მეგობრად მიიჩნევს.
თურმე, ნუ იტყვით და, ნორად მელაძისთვის “tv პირველი” უცხო გარემო სულაც არ ყოფილა. როცა არხი იქმნებოდა, პირველი აგური თავად მელაძეს დაუდია, ნიუსის პირველი მუსიკა მას შეურჩევია და სტუდიაც კი, საკუთარი გემოვნებით მოუწყვია.
“მაშინ, ალბათ, ძნელად წარმოგედგინა, როდესმე აქ თუ მოგიყვანდა შენი ცხოვრების გზა”, – წერს ინგა გრიგოლია, თუმცა იქვე დასძენს, რომ თავად მას ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ მელაძეს “tv პირველში” იხილავდა.
ნოდარ მელაძის “tv პირველში” მისვლა პირველივე დღეებიდან დაეტყო არხს. “რუსთავი 2”-ის აგრესიული სტილი და “მთავარი არხის” ხელწერა, უცვლელად გადავიდა “ტვ პირველზეც”. ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის რიგებში, “tv პირველი” პირნათლად ჩადგა.
მელაძის მისვლას გრიგოლიას გენდირექტორის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა. არხის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებული ცვლილებები მიუღებელი აღმოჩნდა “tv პირველის” სხვა ჟურნალისტებისთვის – გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანებისთვის, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიასთვის. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
ტელეკომპანია “ევრიკაში” ფეხადგმულ და “რუსთავი 2”-ში დაფრთიანებულ ნოდარ მელაძეს, ახლა, “tv პირველში” საავტორო გადაცემა – “შაბათი” აქვს, სადაც პირველივე დღეს მაყურებელს “სენსაციური” სიუჟეტები შესთავაზა. მათ შორის, ყველაზე მეტად სიცილის მომგვრელი და აბსურდის თეატრი იყო ქართველი ექსპერტების სია, რომლებიც თურმე, მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” გაწეულ საქმიანობაში ხელფასს იღებენ. როგორ არ შეეცადა ნოდარ მელაძე თავისი ნიჭიერების დემონსტრირებას გადაცემის პროლოგში, როგორი სპეცეფექტებით არ გააფორმა აღნიშნული “ჟურნალისტური გამოძიება”, მაგრამ მაყურებელზე ის ეფექტი მაინც ვერ მოახდინა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ამ მონათხრობს აკლდა მთავარი – უტყუარი მტკიცებულებები და ფაქტები, თუმცა კადრში უხვად იყო კომპოუტერული გრაფიკა და ინტერნეტში, რაღაცის ძებნაში გართული ჟურნალისტის თვალები. ოდნავ კრიტიკულ მაყურებელს აღნიშნული სიუჟეტი მხოლოდ ღიმილს მოჰგვრიდა.
მთელი ინტრიგა კი იმაში მდგომარეობს, რომ თურმე, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს ფულს უხდის იმაში, რომ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში მიწვეულებმა ხელისუფლების სასარგებლოდ ისაუბრონ. როგორც ჩანს ძალიან ძუნწობს ივანიშვილი, თორემ 1500 და 2000 ლარი, აბა, რა ხელფასია პოლიტიკური პიარისთვის და მით უფრო, ანალიტიკური სამუშაოსთვის. ცნობისათვის, ამაში კანონსაწინააღმდეგო, არც არაფერია. პოლიტიკურ პარტიას, ორგანიზაციას თუ უბრალოდ, კერძო პირს, შეუძლია დაიქირაოს ადამიანი პიარისთვის, რაშიც ის გარკვეული ოდენობის თანხას გადაიხდის.
“tv პირველის” ჟურნალისტი, თავის “ჟურნალისტურ გამოძიებაში” გვაჩვენებს ამობეჭდილ სიას, სადაც, რამდენიმე ექსპერტის გვარისა და მათი გრაფების გასწვრივ მითითებული თანხის გარდა საინტერესო, არც არაფერია. როგორც სიუჟეტიდან შევიტყეთ, ეს არის “ოცნების” მხარდამჭერი ანალიტიკოსების სია და მათთან გამართული შეხვედრების განრიგი. “ესენი, ერთი შეხედვით თქვენთვის, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები არიან, რეალურად კი პარტიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს წარმოადგენენო“, – ამბობს სიუჟეტის ავტორი.
აი, აქ არის მთავარი სათქმელიც. ჩვენ რომ გვგონია ის ხალხი დამოუკიდებელი ექსპერტები, ბიძინა ივანიშვილის „გარე სპიკერები“ ყოფილან. თუმცა, მეორე მხრივ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, არც მათი ხელისუფლებაში ყოფნისას საუბრობდნენ და მით უმეტეს, არც ახლა ამოსდით მათზე მზე და მთვარე. ასევე, ცნობილია ისიც, რომ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ნაციონალების დაკრულზე არ გაივლიდნენ, ციხე და წამება ელოდათ. არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს, არც თუ შორეული წარსულიდან, როგორ ცხადდებოდნენ სამშობლოს მოღალატეებად და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტებად ის ექსპერტები, ჟურნალისტები, ფოტორეპორტიორები თუ ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ნაციონალების ბანაკში არ აღმოჩნდნენ.
“tv პირველის” მტკიცებით, ყველაზე დიდი თანხა, 3000 ლარი, ზაალ ანჯაფარიძისთვის გამოიყო, რომელსაც უნდა მოემზადებინა კვლევა იმაზე, თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ კავშირი “ენმ”-სთან. როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს, საიდუმლო ფაილები კონფიდენციალური წყაროსგან მიიღო, სადაც შემდეგი ადამიანების სიაა: ვასო კაპანაძე, ნიკა მეტრეველი, მამუკა არეშიძე, ვახტანგ ჭარაია, ირაკლი ლატარია,ამირან სალუქვაძე, ლადო ბოჟაძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ნიკოლეიშვილი, გია გაბრიჭიძე, ზაზა შათირიშვილი, თამარ მეგრელიშვილი, ოთარ ანგურიძე, თამარ კიკნაძე, თამარ მეგრელიშვილი, თამარ მახარობლიძე, სოსო არჩვაძე, ედიშერ გვენეტაძე.
სიუჟეტს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სიუჟეტს ცილისწამება უწოდა.
“ცხოვრებაში ფული არ ამიღია პარტია “ქართული ოცნებიდან”. მელაძის მიზანი ვიცი რაც არის, ივანიშვილს ყველა იცავს ფულის სანაცვლოდ, სააკაშვილს კი – სიყვარულით. მე არ დამიმსახურებია ასეთი რამ, მით უმეტეს, თქვენგან. ამიტომ, “tv პირველთან” არ ვაპირებ ვითანამშრომლო, არანაირი კომენტარი, უბრალოდ გემშვიდობებით და მაქვს იმედი, რომ ცილისწამებისათვის არხი მოიხდის ბოდიშს, რომელიც იქნება ღირსეული საქციელი!!!”, – წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სიუჟეტს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე მოკლე ტექსტით გამოეხმაურა: “მელაძის მისვლის შემდეგ ტვ–1 უკვე ბოლომდე აყროლდა და ფეიქნიუსების ფაბრიკად იქცა”.”ქართული ოცნებისგან” ფულის აღების ბრალდება დანარჩენებმაც უარყვეს, თუმცა, ბევრმა მათგანმა, მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობა არ უარყო.
როგორც Dalma News-ს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, აღნიშნული სიუჟეტი არის ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომ ტალახი ესროლონ ყველას, ვინც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაპირისპირებული და მათთვის არასასურველია, იქნება ეს ეკლესია, სახელმწიფო ინსტიტუტი, თუ ყველა ის ადამიანი, ვინც მათ თამაშს არ თამაშობს.
მისივე თქმით, ამ მეთოდს იყენებენ მას შემდეგ, რაც პარტია “ენმ” არსებობს.
“ეს არის დაკვეთილი სიუჟეტი, არ ვიცი ვის დასჭირდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ფეიკნიუსია და ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ მიღირს. ქართული მედია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით ის ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ ჩადგნენ “ნაციონალური მოძრაობის” სამსახურში, თუმცა ასევე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც სხვა ტელევიზიები გამოირჩევიან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, მაგრამ ის რასაც “tv პირველი”, “მთავარი არხი” და “ენმ”-ზე მომუშავე მედიასაშუალებები აკეთებენ, საერთოდ ცდება არა მარტო ჟურნალისტიკის, არამედ ეთიკისა და მორალის ფარგლებს”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, აპრიორი ტყუილს ამბობენ, მაგრამ დაუსჯელობის განცდა აქვთ. ეს კი საზოგადოებაში მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის, რადგან ცნობილია, რომ მედია არის ძალიან ძლიერი და ეფექტიანი იარაღი საზოგადოებრივი აზრის მართვისთვის.
“ზუსტად ამიტომ, ფრანგებმა მიიღეს შესაბამისი კანონი, რომელსაც საინტერესო სახელწოდება აქვს: “მედიის მხრიდან საზოგადოების დაცვის მექანიზმი”. შეგიძლია კონკრეტული პიროვნება ტალახში აგორაო ისე, რომ პასუხიც არ მიიღო. სასამართლოში, რომ შეიტანო სარჩელი ტელევიზიის წინააღმდეგ, მოგების დიდი შანსი გაქვს, მაგრამ სასამართლო დროშია გაჭიმული და ამბავი აქტუალობას კარგავს”, – ამბობს მამუკა არეშიძე.
მისივე შეფასებით, “tv პირველის” ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილი ე.წ დოკუმენტიც არასწორად იყო შედგენილი. არ ეწერა რა ტიპის სამუშაოსთვის იყო გამოყოფილი თანხა.
“ტექსტი ისე იყო შედგენილი, რომ თითქოს “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაგვიხადოს თანხა მათ სასაგრებლოდ “მოლაპარაკე თავებს”. ჟურნალისტმა, რომელიც ჩემთან მოვიდა, მაჩვენა ეს ფურცელი და იქვე ვუთხარი, რომ ტყუილი იყო”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს, ელექტრონული მედიის დიდი ნაწილი უაღრესად პოლიტიზირებულია. ოპოზიციური ტელევიზიების ღია პოლიტიზირებამ განაპირობა ის, რომ მოწინააღმდეგე მხარესაც გაუჩნდა სურვილი იგივე გაეკეთებინა.
“tv პირველის” ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო, მორალური პასუხისმგებლობა თავის თავზე “ჟურნალისტურ ქარტიას” უნდა აეღო, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. აქედან დასკვნა, ქარტია არის მხარე და ვიღაცის დაკვეთის შემსრულებელი. მას ერთი მარტივი რამ ევალება, შეაფასოს ის, თუ რამდენად თავსდება სიუჟეტში ნათქვამი კანონის ფარგლებში, რაც არ გაუკეთებიათ და დიდი ალბათობით, არც გააკეთებენ. რჩება მხოლოდ საღად მოაზროვნე ტელემაყურებელი, რომელიც უბრალოდ უარს იტყვის ასეთი ტელეარხების ყურებაზე და მათი რეიტინგიც დაეცემა. მე კი, ჩემის მხრივ, ნოდარ მელაძის კარიერაში ტრიუმფალური ფიასკოს ნიშნებს ვხედავ.
გიორგი მესხი