ტელეკომპანია “ტვ პირველი” ფარული ჩანაწერების საკუთარ ეთერში ტირეჟირებას განაგრძობს. “საიდუმლო წყაროებით” მოპოვებულ მასალებს “ჟურნალისტურ გამოძიებას” არქმევენ და საკუთარ აუდიტორიას საკუთარი ინტერპრეტაციითვე სთავაზობენ. ყველა მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი მმართველი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი დამფუძნებლის, ბიძია ივანიშვილის გარშემო ტრიალებს. ფარული ჩანაწერები, ხან ივანიშვილის ოჯახის წევრებზეა, ხანაც “ოცნების” ხელისუფლების ლიდერებზე.
“ტვ პირველის” შაბათის გადაცემაში 17 სექტემბერს მორიგი სერია გავიდა. ამჯერად საუბარია პოლიტიკურ პარტიებში, მათ შორის, “ქართულ ოცნებაშიც” ჩანერგილ სუს-ის აგენტურულ ქსელზე, რომლებიც ინფორმაციას თურმე, ივანიშვილისთვის აგროვებენ.
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც ფარულ ჩანაწერებზე აწყობილი “ჟურნალისტურ-საგამოძიებო სერიალის” რეჟისორად ჩამოყალიბდა, არაერთხელ მოექცა გენპროკურატურის ყურადღების ცენტრში. ყოველი მორიგი სერიის შემდეგ მას პროკურატურაში იბარებენ და მის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის გადაცემას სთავაზობენ. ყოველ ჯერზე, გენერალური პროკურატურა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს სისხლის სამართლის საქმეზე, რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელებას. “ტვ პირველი” კი მასალების ნებაყოფლობით გადაცემაზე უარს აცხადებს.
ყოველ ჯერზე ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ არ გაამხელს საკუთარ წყაროს და არ გადასცემს გამოძიებას ისეთ მასალებს, რომელიც პროკურატურას ამ წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება. სიუჟეტებში კი “ტვ პირველის” ჟურნალისტები ამბობენ, რომ აუდიოჩანაწერები რედაქციაში კონვერტით მიიღეს.
რაც შეეხება 17 სექტემბრის სიუჟეტს. კადრს მიღმა ხმები, რომელიც იდეის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა ეკუთვნოდეთ, ძალიან ჰგავს სტუდიურ ჩანაწერს. მახვილი ყური გამხმოვანებლის მიერ, წინასწარ დაწერილი ტექსტის ბუნებრივად წაკითხვის მცდელობასაც იგრძნობს.
სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებში სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები ოპოზიციონერ ლიდერებს უთვალთვალებენ და ვიდეოს და ფოტოებს უღებენ რესტორანში გიტარაზე დაკვრისას, საავადმყოფოში გამოკვლევაზე მისვლისას, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ნათესავის გასვენებაში, სოციალურ ქსელში და ა.შ. ერთი სიტყვით ყველგან საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ცნობილ ადამიანს, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა, ფოტო ან ვიდეო გადაუღოს. რომ სუს-ი უთვალთვალებს თვით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც. მელაძის ინფორმაციით, მასალები თარიღდება 2020-2021 წლებით, ხოლო ჩანერგილები ძირითადად არიან ახალგაზრდები, მათ შორის, ჟურნალისტებიც.
კითხვას, თუ რატომ უსმენენ “ქართული ოცნების” ლიდერებს, მელაძე თავადვე პასუხობს, რომ “ოცნებაში” არის შიდა დაპირისპირება და სურთ იცოდნენ “ვინ ვის რას უჩალიჩებს”.
“ხათუნა დეკანოიძე, რომ მიდის გულის გამოკვლევაზე, რატომ უთვალთვალებ?”, – კვლავ სვამს რიტორიკულ კითხვას ნოდარ მელაძე.
მოგვიანებით სიუჟეტში თავად დეკანოიძე ამბობს, რომ სამედიცინო გამოკვლევებზე ოჯახისგან საიდუმლოდ დადიოდა, ახლა კი, ეს ამბავი ყველამ იცის. კონკრეტულად ამ ისტორიაში ლოგიკას თუ მოვნახავთ, დეკანოიძის პრეტენზიის ადრესატი ნოდარ მელაძე უნდა იყოს, რომელმაც მისი პირადი ინფორმაცია საჯარო განსჯის საგნად აქცია.
უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი უწოდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ანალოგიური ვიდეოების მომზადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
თავად სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა კი განაცხადა, რომ უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი, რაც სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება. ლილუაშვილი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, კანონდარღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები თუ არსებობს, ისინი გამოძიებას გადასცენ.
“იმდენ სისულელეზე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება უფრო მეტი სტიმული იქნება ამ უმსგავსობისთვის. იძახით, რაღაც სახელებსა და გვარებს, კონკრეტული ეჭვმიტანილი გყავთ? თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ და ერთმანეთს უსმენთ და ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს. გადაეცით მასალები გამოძიებას, თუ გსურთ ვითარების გარკვევა, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამ ყველაფრის შემქმნელი თქვენი ტელეკომპანიაა”, – მიმართა ლილუაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს.
ფარული მოსმენებისა და თვალთვალის თემას ცოტა მეტი სერიოზულობით რომ მივუდგეთ. ცნობილია სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილისა და ნოდარ მელაძის ფარული თანამშრომლობის შესახებ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კანონიერი მოსმენების პრაქტიკა საქართველოში მტკიცედ არის დაცული 2012 წლიდან. კანონიერი მოსმენები ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ გამოძიების არგუმენტების საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. რაც შეეხება სოსო გოგაშვილს, გია აბაშიძის შეფასებით, ის ნოდარ მელაძის დონეზე დაეშვა და მისი ნებისმიერი ჭორიკნობა ნაცმოძრაობის პროპაგანდის მორიგ სიყალბედ ითვლება.
“სოსო გოგაშვილის არც ერთი ე.წ. სკანდალური წერილებისა თუ განცხადებების მე, როგორც საზოგადოების რიგით წევრს, არ მჯერა. სოსო გოგაშვილის ძალიან საეჭვოდ მცირე დროში გამდიდრებამ გააჩინა კითხვები, სად გაჰქონდა მას რეალური თუ არარეალური ინფორმაცია”, – აცხადებს გია აბაშიძე.
უსაფრთხოების კვლევების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ფარული მოსმენების პრაქტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს და ყველა ქვეყანას გააჩნია. ამ მხრივ საქართველო, არც პირველია და, არც უკანასკნელი. ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური ექსტრემიზმის საფრთხე, არის ჯაშუშური ქსელის, ტერორისტული აქტების მზადების, კორუფციული სქემების და კრიმინალური დანაშაულებების გამოვლენის მიმართულება.
მაშინ, როდესაც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან საზოგადოებას მუდმივად ესმის სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციისკენ მოწოდებები, დაანონსებული ცხელი შემოდგომა და სხვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით სუს-ის მხრიდან პოლიტიკური ლიდერების მიმართ თვალთვალი და მოსმენები კანონიერად, სასამართლო სანქციით არის შესაძლებელი და რიგ შემთხვევებში აუცილებელიც კი.
“საქართველოში ბევრჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე კატეგორია, ასევე, გასათვალისწინებელია რეგიონში დაძაბული ვითარება, რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებები, მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით შემოსვლა ქვეყანაში, შესაბამისად იზრდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტიკური მოსმენების პრაქტიკა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პოლიტიკური ოპონენტების წინააღდეგ შანტაჟის იარაღად იყო გამოყენებული, დღეს, იგივე პოლიტიკური ძალა ცდილობს საზოგადოების ყველა ფენაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში დანერგოს განცდა, რომ მათი მეგობრები, მეზობლები, თანაგუნდელები შესაძლოა სუს-ის აგენტები იყვნენ.
ვახტანგ მაისაია Dalma News-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ “დოქსოფულოები” რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, დღესაც ხელისუფლებაში არიან და გასაკვირი არ არის, რომ გოგაშვილის მსგავსი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში ბევრი იქნება.
მისივე მოსაზრებით, დანაშაულია, როდესაც გოგაშვილის მსგავსი საშიში პიროვნება ხვდება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამდებობაზე, ამიტომ, იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც სოსო გოგაშვილს რეკომენდაცია გაუწია. ასევე, უნდა დადგეს იმ ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ჩაუვარდება ხელში აგენტურის სია, წაიკითხა და გაასაჯაროვა ოპერატიული საქმე, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
“როდესაც ასეთ დონეზე ხდება ინფორმაციის გაჟონვა, ეს სახელმწიფო სტრუქტურის მოშლაა. ოპერატიულ საქმეს და აგენტურის მიმოწერას რა უნდა ჟურნალისტის ხელში?”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე განმარტებით, ოპერატიული საქმის გასაჯაროება არის სისხლის სამართლის ძალიან მძიმე დანაშაული და ამაზე პასუხს აგებს არა მხოლოდ ის, ვინც ეს საქმე გამოიტანა, არამედ ვინც წაიკითხა და ფლობს ამაზე ინფორმაციას.
“როდესაც სააკაშვილის ციხეში ვიჯექი, მომიწყვეს ასეთი პროვოკაცია, მომიტანეს ოპერატიული საქმე და მითხრეს, – წაიკითხეო! მე არ წავიკითხე, რადგან ეს იყო სახელმწიფო დანაშაული. დღეს კი სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა ტელეკომპანიის მიმართ, რომელსაც ოპერატიული მასალა გამოაქვს გარეთ”, – აცხადებს უსაფრთხოების კვლევების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია.
იმის შიშით, რომ ყოველივე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად არ შეიფუთოს, საქართველოში ზოგიერთი ტელეკომპანიისა და ცალკეული ჟურნალისტის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედება დაუსჯელი რჩება. საინტერესოა, საქართველოში სად გადის ზღვარი სახელმწიფო და ეროვნულ უსაფრთხოებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის? როდემდე მისცემს თავს უფლებას ქართული მედია დაზაფროს საზოგადოება, გააჩინოს უნდობლობა კოლეგებს, მეგობრებსა და მეზობლებს შორის და ადამიანებს ყველგან აგენტები ელანდებოდეთ.
გიორგი ქართველი