ტყის ხანძრები ქართული ზაფხულის ერთგვარ ტრადიციად იქცა, განსაკუთრებით აგვისტოში, როცა ძლიერი სიცხეებია. მნიშვნელობა აღარ აქვს ხანძარი ბუნებრივი სტიქიაა, ადამიანის დაუდევრობის შედეგი თუ შორს გამიზნული ჩანაფიქრი; ტყე წიწვოვანია, ფოთლოვანი, უღრანი თუ მეჩხერი, საქართველოს ბუნებას სათანადო პატრონი მაინც არ ჰყავს. ასეთი პატრონი კი, პირველ რიგში, კანონი უნდა იყოს, თავისი აღსრულების მექანიზმებით. მაგრამ, რადგან ერთხელ გაისმა მოსაზრება, რომ ხანძრის მომწყობი ყველაზე რთულად გამოსავლენი დამნაშავეა, ყველამ ირწმუნა ამ ვერსიის. მერე რა, თუ ხანძრით ადამიანთა გარკვეული წრე ხელს, ცხელ ზაფხულშიც მოითბობს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეები, უკვე მრავალი წელი, უმოწყალოდ რომ იჩეხება, ეს ყველა დროის მთავრობაში შესანიშნავად იცოდნენ. ტყის განადგურების პროცესი დღესაც გრძელდება, რაც სოფლის მოსახლეობის მთავარი საწუხარია. გახშირდა ხანძრის შემთხვევებიც. როგორც Dalma News-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ხანძარი შემთხვევით როდი ჩნდება, მას კვალის დასაფარად იყენებენ მაშინ, როცა ტყიდან, დიდი რაოდენობით ხის უნიკალური მასალაა გატანილი. ფულის შოვნის შესანიშნავი საშუალებაა ნახანრძალი ტყეც.
22-23 აგვისტოს, ხანძარი საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა. ცეცხლი ზოგან მინდორს წაეკიდა, ზოგან ქარსაფარ ზოლს, ზოგან კი ტყეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეები ცნობილია წაბლის, წიფლის, თელას, მუხის, კაკლის, ცაცხვის, უთხოვარის (რომელიც უკვე გადაშენების პირასაა), ხის უნიკალური მასალის ტყეები. წლების განმავლობაში ეს მასალა უკონტროლოდ იჭრება და მწვანე ოქრო კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობას ხმარდება. ე.წ კოპალაში, სიპიანის მთაზე ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. მთა დასახლებული პუნქტიდან 5-6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ძლიერი დაკვამლიანება კოპალაში, მოზარდებმა შენიშნეს.
როგორც მათ, ადგილზე მყოფ Dalma News-ის კორესპონდენტს განუცხადეს, დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ იფიქრეს, ვიღაც ავტომობილის საბურავებს წვავსო. მალე, კვამლი სოფლიდანაც გამოჩნდა. ადგილობრივებმა მაშინვე «112»-ში დარეკეს და ვერტმფრენის გამოგზავნა მოითხოვეს. ტერიტორია ავტომობილისთვის მიუვალია და ვერტმფრენის გარდა ცეცხლს სხვა საშუალებით ვერ ჩააქრობდნენ.
სოფელში, მალევე ერთი სახანძრო გამოჩნდა. მთის ფერდობი მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა. 24 აგვისტოს, დილით, კი ხანძრის ჩასაქრობად ერთი ვერტმფრენი გამოჩნდა. სოფლის მოსახლეობამ კვლავ “112”-ს მიმართა და მეორე ვერტმფრენის გამოგზავნაც მოითხოვეს. მეორე ვერტმფრენი სოფელში, უკვე მეორე დღეს, 25 აგვისტოს გამოჩნდა. ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ მოხერხდა. ე.წ კოპალაში საველე შტაბი შეიქმნა, ხანძრის შორიახლოს მობილიზებული იყო 2 სახანძრო და 2 წყალმზიდი. ადგილზე მისულ Dalma News-ის კორესპონდენტს, რამდენიმე მეხანძრე, ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ასისტიშვილი და ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი დახვდნენ. მათ ვითარების კომენტირებისგან თავი შეიკავეს, – ვმუშაობთ! – გვიპასუხეს და მერიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს.
მეხუთე დღეს, როცა ხანძარი უკვე მეორე მთის ფერდობზეც გავრცელდა, სოფელში მძიმე ტექნიკა, ჰაერში კი მესამე ვერტმფრენი გამოჩნდა. ოფიციალურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი ცეცხლის ქრობის პროცესში შეტყობინების მიღებიდან, რამდენიმე წუთში ჩაერთო. უკვე 28 აგვისტოს, ვერტმფრენები მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. მეხუთე დღეს ცეცხლის კერების ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ 20 ჰა-მდე ფართობის ტყის მასივი დაიწვა. იმ დროისთვის, კოპალაში, უკვე “112”-ის 4 და თავდაცვის სამინისტროს ერთი, 3-ტონიანი სახანძრო მანქანა იდგა. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ქვეყნის სხვა რეგიონებიდან და თბილისიდან მობილიზება.
“ცეცხლის გავრცელებას ხელს ქარიც უწყობდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების ჩაქრობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებისა და პილოტების დახმარებით შეძლეს. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული, მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. საჰაერო ტექნიკამ ჯამში, 191 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხეს. ხეობაში 40 მეხანძრე -მაშველი მუშაობდა, თბილისიდან 30 მეხანძრე იყო მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის მიზნით ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი დარჩა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარსა და ბუჩქებზე იყო გავრცელებული, ზოგ ადგილებში ეკალ-ბარდებზე.
ახალსოფლის მცხოვრებლებს შემთხვევითი ხანძრის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ცეცხლის ჩაქრობა პირველივე დღეს იყო შესაძლებელი. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები საკუთარი ძალებითაც ცდილობნენ. აღნიშნული მთის ფერდობზე დიდი რაოდენობით ჟონჟოლი და წაბლი მოდის, რითაც სოფელი სარგებლობს. ახლა ხეები მთლიანად გადამწვარია. ფერდობი კი, განახლებას საჭიროებს.
23 აგვისტოს, კახეთის პარალელურად, ხანძარი ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზეც მძვინვარებდა, სადაც წიწვოვანი ტყის მასივი იწვოდა. რთული რელიეფის გათვალისწინებით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის, მეხანძრე-მაშველებს აქ 2 დღე დასჭირდათ. ცეცხლის კერების ჩაქრობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით შეძლეს. საჰაერო ტექნიკა ხანძრის კერებზე წყლის დასხმას ხილვადობის შეზღუდვისას წყვეტდა, დილიდან კი, ცეცხლთან ბრძოლის სამუშაოები გრძელდებოდა. საერთო ჯამში, 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს. ატენის ხეობაში, ხანძარმა 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი გაანადგურა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
22 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა გორშიც. სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარს 3 ვერტმფრენი აქრობდა. ადგილზე მუშაობდნენ თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. ადგილზე მოწყობილი იყო საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობდა ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ცეცხლის მოსახლეობასთან ჩასვლის საფრთხე არ არსებობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.
“პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
აგვისტოში ტყის ხანძარი იყო ლაგოდეხშიც. სოფელ მაწიმში, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ტყის ხანძრებთან ბრძოლაში გამოჩენილი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმისთვის, მეხანძრე-მაშველებს მადლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაუხადა. მისი თქმით, რთულ დღეებში, როცა უნიკალური ტყის მასივების გადარჩენას მთელი ქვეყნის მოსახლეობა გულშემატკივრობდა, მეხანძრე-მაშველებმა მასშტაბური სტიქია მოიგერიეს შიდა ქართლსა და კახეთში და ხანძრები ჩააქრეს.
“400-მა მეხანძრე-მაშველმა, პილოტებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მენეჯმენტმა, ავიაციის და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სტიქიის ლიკვიდაცია შეძლო სამ რთულ ლოკაციაზე და ტყეები განადგურებას გადაარჩინა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს გმირებს, პროფესიონალიზმის და თავგანწირვისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობილი მეტყევე, თეიმურაზ კანდელაკი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ხანძრის მიზეზი. არ შეიძლება, ცხელი ამინდი ხანძრის რეალური მიზეზი იყოს. ერთია, როცა სოფლის მეურნეობისთვის მიწების გამოსაყენებლად ქარსაფარ ზოლებს წვავენ, მაგრამ დასაფიქრებელია ის, თუ ტყეში, რა მიზეზით შეძლება გააჩინონ ხანძარი.
როგორც Dalma News-ს თეიმურაზ კანდელაკმა განუმარტა, ტყის ხანძარი 2 სახის არსებობს – დაბლარი და მაღლითი. ეს უკანასკნელი პირველ რიგში, წიწვოვნებს უჩნდება. დაბლარი ხანძარი ძალიან საშიშია, განსაკუთრებით გვალგვისას, როცა მცენარეს ტენი აკლია.
“ხანძრის ბუნებრივად გაჩენის ერთადერთი საშუალება მეხის ჩამოვარდნაა. ცეცხლი წაეკიდება ხმელ ხეს და შემდეგ გავრცელდება. დანარჩენი ხანძრის მიზეზი არ არსებობს. მიტოვებული კოცონიც, რომ დაგხვდეს, თუ ტყეში, მაღალი ბალახი არ არის, ცეცხლი არ უნდა გავრცელდეს. უღრან ტყეში კი მაღალ ბალახს რა უნდა? იქ ძირითადად ფოთლები და მაღალი ტენიანობაა. ტყეში, თავისით არ გაჩნდება ხანძარი. იყო შემთხვევა, როცა შემოდგომის სეზონზე ცეცხლი გაჩნდა ისეთ ტყეში, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ხანძრის გაჩენა. ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ სერიოზული მიზეზი და ჩანაფიქრი იყო”, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.
ხანძრის გასაღვივებლად საჭიროა ძალიან დიდი კერა. კახეთში, დამსვენებლები ძირითადად წყლის პირს მიაშურებენ და იქ მართავენ პიკნიკებს. მწვადის შესაწვავად ტყეში, იქ თითქმის არავინ დადის. მით უმეტეს, სოფლელები ტყეებს უფრთხილდებიან, რადგან ის მათი შემოსავლის წყაროა.
თეიმურაზ კანდელაკის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ აღარ არსებობენ პროფესიონალი მეტყევეები. ამ სფეროში, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურებიდან გაშვებული ხალხი მუშაობს, რომელთა 90% -ს წარმოდგენაც კი არ აქვს ტყის დაცვაზე. არ ტარდება საკმარისი ღონისძიებები. ტყეებში, არ კეთდება მინერალიზებული ზოლები, ანუ 1,5-2 მეტრის სიგანის თხრილები. ხანძრის შემთხვევაში, ასეთი ზოლები იცავდა ტყის მასივებს განადგურებისგან. ტყეები არ იწმინდება ხმელი ხეებისგან, არ ხდება მათი გამოთიბვა, განსაკუთრებით გზის პირებზე, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს. ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების შედეგადაც კი შესაძლებელია ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდეს, მით უმეტეს ცხელ ზაფხულში.
უნდა არსებობდეს დროებითი მეხანძრეთა ჯგუფი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლებისგან უნდა კომპლექტდებოდეს.
“ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების არავითარი სტრატეგია არ არსებობს. პირველ რიგში, უნდა გამოვლინდეს ხანძარსაშიში ზონები, ადგილზე უნდა იყოს მოწყობილი სახანძრო საშუალებები. რატომ უნდა გააჩინო ხანძარი ტყეში, თუ ადამიანი არ არის დივერსანტი. ფოთლოვან ტყეებში, ხანძრის გაჩენისთვის ადამიანმა ძალიან უნდა მოინდომოს. სხვა შემთხვევაა, წიწვოვანი ხეების ჭრა სადაც მიდის. ასეთ ადგილებში სპეციალურად აჩენენ ხანძარს. ტყეში ნარჩენი არ უნდა იყოს, ესეც ერთგვარი უსაფრთხოებაა. კატასტროფული მდგომარეობაა იმ, ადგილებში, სადაც წიწვოვანი მასალის ჭრა მიდის. ტყეები სავსეა ნარჩენებით. უნდა აღდგეს მინირალიზებული ზოლები, ხმელი ხეების მოშორება, მათ ცეცხლი ძალიან ადვილად უჩნდება”, – აცხადებს მეტყევე.
რაც შეეხება გორის ხანძრებს, თეიმურაზ კანდელაკის თქმით, გორში ძირითადად წიწვოვანი ტყის კულტურებია და ხანძრის ბუნებრივი გზით, ძლიერი სიცხეების შედეგად გაჩენის ალბათობაც მაღალია. ამ თვალსაზრისით საშიშია წყნეთი, ტაბახმელა და კოჯორი, სადაც ხალხს საკუთარი სურვილით აქვს მოწყობილი აგარაკები, მაგრამ საცხოვრებელი უბნები არ არის დაგეგმარებული.
“ფიჭვი, ძალიან ბევრ სკიპიდარს შეიცავს და ბომბივით ფეთქდება. სოფელს პატრონობა უნდა, მარტო სახლის აშენება არ კმარა. სოფლები დაცარიელებულია, მკვდარია”, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.
შორენა პაპაშვილი