ერევნის, კ.სტანისლავსკი სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კარენ ნერსისიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გასული წლის წარმატებები სიამაყით გაიხსენა და 2023 წლის გეგმებზე ენთუზიაზმით ისაუბრა.
2022 წელს, ერევნის რუსული დრამატული თეატრის მთავარი მიღწევა ყველაზე პრესტიჟული რუსული თეატრალური პრემია “თეატრის ვარსკვლავი” იყო. დასი სათანადოდ დაფასდა ნომინაციაში “საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ” და მოხვდა ფინალისტებს – იტალიის საერთაშორისო თეატრსა და ალმა-ატას ლერმონტოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრს შორის.
“არც კი ვიცოდით, რომ ჩვენი თეატრი ამ ჯილდოზე ნომინირებული იყო, ამიტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიაში მოვხვდით, სრული სიურპრიზი იყო. დაჯილდოებაში მონაწილეობენ რუსულენოვანი თეატრები მთელი მსოფლიოდან და თეატრალური საზოგადოება ამას საკმაოდ სერიოზულად ეკიდება, რადგან ჯილდოს მინიჭება ღია საერთაშორისო აუდიტორიის ხმის მიცემის საფუძველზე ხდება, ფაქტობრივად, სრულიად დამოუკიდებლად“, – განაცხადა ნერსისიანმა.
დაჯილდოების ცერემონია ე.ვახტანგოვის სახელობის თეატრში გაიმართა, რაც ძალზედ საპატიო იყო. თუნდაც იმიტომ, რომ ჯილდო ამ სეზონზე გადაეცა ისეთ გამოჩენილ მსახიობებს, როგორებიც არიან ალექსანდრე კოლიაგინი, იგორ იასულოვიჩი, ნატალია ტენიაკოვა (ნომინაციაში “პატივი და ღირსება”). ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” გამარჯვებული გახდა ევგენი პისარევი, ხოლო ტუმინოსის “ომი და მშვიდობა” მაყურებლის გადაწყვეტილებით, საუკეთესო დადგმად გამოცხადდა.
“ერთი სიტყვით, ერთ-ერთი მთავარი თეატრალური პრემიის მფლობელთა შორის ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო და ეს 2022 წლის ბრწყინვალე შედეგი გახლდათ”, — განახადა რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.
“სტანისლავკელები” აუდიტორიის ჯილდოს ლაურეატები შემთხვევით არ გამხდარან. 2021 წლიდან დასი სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობდა და თეატრალურ საზოგადოებაში ძალიან კარგად იყო ცნობილი. მსახიობები და რეჟისორები არც 2022 წელს შენელებულან. შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პეტერბურგში გამართულ ფესტივალ Baltic House-ზე საკმაოდ წარმატებით წარადგინეს სპექტაკლები: „ხალხი. ცხოველები. გარემოებები” და “კონტრაქტი”. ხოლო “ხალხი. ცხოველები. გარემოებები“ ასევე სიამოვნებით მიიღო მაყურებელმა ტამბოვის რუსული თეატრის ფესტივალზე. ტაშკენტში „გარდენიას“ დადგმა სრული ანშლაგით გაიმართა, მანამდე კი იყო ბრესტი.
“ის, რომ “თეატრის ვარსკვლავის” მონიჭებით მაყურებელმა ასეთი მშვენიერი ვერდიქტი გამოგვიტანა, შესანიშნავი საჩუქარი იყო ჩვენი თეატრის 85 წლის საიუბილეო სეზონისთვის, რომელიც შარშან დაიწყო”, – განაცხადა კარენ ნერსისიანმა.
მისივე თქმით, 2023 წელიც საკმაოდ აქტიური იქნება. შარშან, ახალი სპექტაკლები, როგორც ექსპერიმენტულ მცირე სცენაზე, ასევე მთავარ სცენაზე დაიდგა. პატარა სცენაზე, თეატრის მსახიობმა ელენა ვარდანიანმა, რომელმაც საკუთარი ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა, მაყურებელი ერთდროულად ორი სპექტაკლით გაახარა. ესენია: დონ ნიგრას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “თამაში” და მიხეილ ხეიფეცის პიესა “მის მოლოდინში”. ხოლო სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა რობერტ აკოპიანმა დადგა მონოსპექტაკლი კომიტასის შესახებ – “გაიხსენე სახელი შენი”.
„გარდა ამისა, დიდ სცენაზე ჩეხოვის „ალუბლის ბაღის” პრემიერა შედგა, რასაც მოჰყვა გოგოლის „ვი“. ახალი წლისთვის, რუსული ხალხური ზღაპრის თანახმად, დაიდგა “ბაყაყი პრინცესა”. ასეთია რუსული კლასიკოსების ხაზი, რომლის შესახებაც ადრე განვაცხადე და რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, სხვა უცხოური ნაწარმოებების დავიწყების გარეშე. ამგვარად, 2022 წელს, ჩვენი რეპერტუარი თანამედროვე ფრანგული პიესის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა „ცრუ ნოტა“ შეავსო. ამ სპექტაკლში მონაწილეობენ არმენ არნაუტოვი და რობერტ აკოპიანი“, – განაცხადა თანამოსაუბრემ და ახალი შემოქმედებითი „სისხლის“ შემოდინება განსაკუთრებულად აღნიშნა. თეატრში როგორც მაყურებლის, ისე დასის წევრების რაოდენობა გაიზარდა.
„ცნობილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ახალი მაყურებელი გვყავს რუსეთიდან და არა მხოლოდ. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი მსახიობი ჩამოვიდა ერევანში საცხოვრებლად. ბოლო რამდენიმე თვეა მუდმივად მაქვს სატელეფონო საუბრები და პერიოდულად – შეხვედრები, როგორც რუსეთიდან ჩამოსულ მსახიობებთან, ისე რეჟისორებთან, თეატრალური სახელოსნოების წარმომადგენლებთან. შედეგი – დასში სამი ახალი მსახიობი მყავს. პირველი, ვინც ჩვენს გუნდს შემოუერთდა, იყო ივან სტეპანოვი მოსკოვიდან, რომელიც სომხეთში გადასვლამდე რომან ვიქტიუკის თეატრში მუშაობდა. სტეპანოვმა ივან ცარევიჩის როლი შეასრულა სპექტაკლში “ბაყაყი პრინცესა”. მართალია სპექტაკლი საბავშვოა, თუმცა როლი საკმაოდ სერიოზულია. გარდა ამისა, ივანეს ასევე მცირე როლი აქვს სპექტაკლში „ვი“. იგი ძალიან საინტერესო, ძლიერი ახალგაზრდა მსახიობია და მასზე ძალიან კარგი წარმოდგენა გვაქვს“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.
ნერსისიანის თქმით, შემოქმედებით ჯგუფს კიდევ ორი რუსი მსახიობი შეემატა. ისინი სპექტაკლში – “ბაყაყი პრინცესა”, მონაწილეობენ. ჩამოვიდა თეატრალური სახელოსნოების მთელი ჯგუფი: განათების, ხმის, რეკვიზიტების, აწყობის სერიოზული პროფესიონალები. მაგალითად, რეკვიზიტის სპეციალისტი ერევანში გადასვლამდე მარინის თეატრში მუშაობდა.
“როდესაც თეატრში რაღაც ახალი ენერგია, ახალი „სისხლი“ ჩნდება, ყოველთვის კარგია და სტიმულია. უფრო მეტიც, ძველთან ერთად ახალმოსულიც ერთგვარ ურთიერთ შემოქმედებით სიმდიდრეს წარმოადგენს.
ერთხელ, ერთ-ერთ რეპეტიციაზე, ივან სტეპანოვი სომხური აქცენტით საუბრობდა. ვეუბნები: „ვანია, ხვდები, რომ სომხური აქცენტით ლაპარაკობ?!“ მან უბრალოდ გაიღიმა. როგორც ჩანს, თავად არც შეუმჩნევია. თუმცა, ჩვენს ენერგეტიკაში არსებული, მისგან ეს სავსებით მოსალოდნელი იყო. თეატრი, ზოგადად, ცოცხალი ადამიანური ენერგიაა და თეატრის სასწაული სწორედ სხვადასხვა ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთქმედებიდან მოდის. სწორედ ამით არის ის მშვენიერი!” – ამბობს თანამოსაუბრე.
ერევნის, სტანისლავსკის სახელობის დრამატულ თეატრში ახალბედებს შორის არიან რეჟისორები, რომელთა ნამუშევრებს მაყურებელი უკვე ახალ – 2023 წლის სეზონზე იხილავს. პატარა სცენაზე, მოსკოველი რეჟისორი ოლეგ გალიცკი სპექტაკლს “ფარიატიევის ფანტაზიებს”, ალა სოკოლოვას პიესის მიხედვით დგამს.
“გალიცკი კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელსაც ახლა, ჩვენს პატარა სცენაზე რეპეტიციები აქვს. ვფიქრობ, მარტში პრემიერა გვექნება“, – განაცხადა ნერსისიანმა.
მარტის კიდევ ერთი პრემიერა, მაგრამ უკვე დიდ სცენაზე, ოსტროვსკის 200 წლის იუბილეს ეძღვნება. ერევნის რუსული დრამატული თეატრის დასი “ბალზამინოვის ქორწინებას” დგამს.
თეატრალური წარმოდგენების გარეშე, არც აპრილი ჩაივლის, რადგან სურენ შახვერდიანი ჯეიმს გოლდმანის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე “ლომი ზამთარში“ მუშაობს. ეს არის ინგლისური პიესა, რომლის მიხედვითაც ერთ დროს, პიტერ ო’ტულის მონაწილეობით, ძალიან ცნობილი ფილმი გადაიღეს.
დავიწყებული არც პატარა მაყურებელია – ქორეოგრაფი ნუნე კირაკოსიანი ათაბეკ ხნკოიანის “თაგვების შეკრების” დადგმის იდეას აყალიბებს. რეპეტიციები უახლოეს მომავალში დაიწყება. თავის მხრივ, რეჟისორი ნორა გრიგორიანი ბულგაკოვის დადგმას აპირებს.
”ამგვარად განვაგრძობთ რუსულ კლასიკას. „ახალგაზრდა ექიმის ცნობები“ ბულგაკოვის პროზაზე დაფუძნებული მოთხრობების ციკლია. პრემიერა ცოტა მოგვიანებით, მომავალი თეატრალური სეზონის დასაწყისში, არდადეგების შემდეგ შედგება”, – განმარტა ნერსისიანმა.
კიდევ ერთ ახალ დადგმას ამზადებს ელენე ვარდანიანი, რომელიც ფაქტობრივად შეპყრობილია ეჟენ იონესკოს პიესით “ორთა ბოდვა”. თანამოსაუბრის თქმით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მაშინ მცირე ფორმატის რეპერტუარიც ამ შესანიშნავი სპექტაკლით შეივსება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი დაგეგმილია სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” ბერძნულ კულტურულ ცენტრთან ერთად.
„ზემოთ აღნიშნული ყველა გეგმა უკვე დადასტურებულია. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი რეპერტუარი საოცარი თანამედროვე დრამატურგის მარტინ მაკდონახის პიესითაც შეივსოს. აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედება სომხეთის თეატრებში წარმოდგენილი არ არის. ვფიქრობ, ეს უნდა გამოვასწოროთ. ამ ეტაპზე რუსეთში, ერთ ძალიან საინტერესო რეჟისორთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
ოსტროვსკის კიდევ ერთი პიესის დადგმის თაობაზე არანაკლებ სერიოზული რუსი რეჟისორისგან ძალიან საინტერესო წინადადება მივიღეთ. თუ ყველაფერი გამოვა, მაშინ ახალ შემოქმედებით ტალღას ვიხილავთ, რაც ძალზედ მისასალმებელია.
ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ მომხრე ვარ ჩვენს თეატრში უცხოელმა რეჟისორებმაც დადგან სპექტაკლები – არ აქვს მნიშვნელობა რუსი იქნება ყაზახი, თუ ებრაელი. მთავარია – ეფექტი, რომელსაც ამგვარი კულტურული ნაკადის შერევა მოახდენს და ეს საკმაოდ საინტერესოა. თეატრის შიგნით არის კარგი კონკურენცია, რაც გუნდის შემოქმედებით ზრდას უწყობს ხელს. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, თეატრი საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტოს და არ უნდა იქცეს თუნუქის ჭურჭლად!“, – განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება მაყურებელს. არსებული რთული რეალობის გათვალისწინებით, მაყურებლის აქტიურობასთან დაკავშირებით ნერსისიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში და საერთოდ, მთელ მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2022 წელს მაყურებელთა რაოდენობა არათუ შემცირდა, სხვა ქვეყნიდანაც კი ჩამოვიდნენ.
„ჩემი დაკვირვებით, როდესაც რაღაც სერიოზული მოვლენა გლობალური, თუნდაც ლოკალური მასშტაბით ხდება, იქნება ეს სამხედრო ვითარება, ან „კოვიდი“, ხალხი, პირიქით, თეატრისკენ იწევს. ეს ერთგვარი მოცემულობაა. ეს იგივეა, როგორც ზამთრის შემდეგ გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. თეატრი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც ძალიან რთულია არსებობა და როდესაც, რაღაც კატაკლიზმები ხდება, ხალხი მიდრეკილია გაერთიანდეს. ამიტომ ადამიანები თეატრში, ცოცხალი კომუნიკაციისთვის მიდიან. იქ ორმხრივი ენერგიის გაცვლა ხდება. ამიტომ, მიუხედავად ჩვენი ცხოვრების არც ისე მხიარულო რეალობისა, ყოველდღე მივდივართ რეპეტიციაზე, ვხსნით ფარდას და ვთამაშობთ სპექტაკლს. ეს გვაძლევს გარკვეულ დასაყრდენს ცხოვრებაში. გვჯერა, რომ მაყურებელიც იმავეს გრძნობს”, – დასძინა ერევნის კ. სტანისლავსკი სახელობის რუსული დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა.
ირინა გრიგორიანი