2016 წლის გაზაფხულის პირველ დღეებში თბილისი მზის სხივებმა გაათბო. ავლაბრის სკვერები შეყვარებული წყვილებითა და ხის ჩრდილში დომინოს მოთამაშე, აზარტული ხანდაზმულებით გაივსო და პატარების კისკისმა გააყრუა.

აქაურობა მაგნიტივით იზიდავს ქალაქის სხვადასხვა რაიონების მცხოვრებლებსა და ტურისტებს. პირადად მე, ავლაბარი მისი კოლორიტის, გულთბილი მოსახლეობისა და იმის გამო მიყვარს, რომ აქედან მთელი თბილისი ხელის გულივით მოსჩანს: ნარიყალა, წმინდა სარქისის ეკლესია, სიონი, მეტეხი, სამება, გოგირდის აბანოები და კიდევ რა ჩამოთვლის, იმდენი ვიწრო ქუჩა და მოედანია.

ავლაბრის ხედი
ავლაბრის ხედი

როგორც ტფილისის მკვიდრი აგასი აივაზიანი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში წერდა: “ავლაბრიდან მადამ სოლომკის მოცისფრო-მომწვანო თვალები მოსჩანს, მადამ სუსანას – თეთრი ფეხები და მადამ მერიკოს – დიდრონი მკერდი, რომელიც ტფილისის ფუნიკულიორივით ამოისუნთქებს-ხოლმე. აქედან ისიც კი სჩანს, რამდენ ფულს მალავს ლეიბში გამყიდველი მარტიროსი… უფრო მეტიც, ავლაბრიდან თავად პარიზი მოსჩანს!

ამ შესანიშნავ უბანში ბევრ შესანიშნავ ისტორიულ ნაგებობასთან ერთად ამაყად მოცქირალი პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრიც არის, რომელიც გაზაფხულის ამ მზიან დღეს მიტოვებულად და მარტოსულად გამოიყურება.

– ნუთუ, თეატრი სამუდამოდ დაიხურა? – ვკითხე იქვე მჯდომ ხანდაზმულებს, რომლებიც თეატრის სკვერში დომინოს თამაშობდნენ.

– არ ვიცი, შვილო. ეზოდან შედი, არმენჩიკ მუდმივად თეატრშია, თვითონ გეტყვის ყველაფერს, – მიპასუხეს მათ.

შენობის უკანა შესასვლელის კარი შევაღე. გრძელი დერეფანი. მესმის ტელეფონზე მოსაუბრე ადამიანის სიცილის ხმა.

– მაპატიეთ, არმენი ბრძანდებით? – ვეკითხები ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ.

– დიახ. არ ვგავარ? – კითხვას მიბრუნებს გამხდარი მამაკაცი

(როგორც მოგვიანებით გავარკვიე, თეატრის სამხატვრო ხელმძღანელი).

Dalma News-ის კორესპონდენტი ვარ. უამბეთ ჩვენს მკითხველს თეატრის დღევანდელობისა და ხვალინდელი დღის შესახებ.

– სიამოვნებით. სწორედ ახლა მაქვს თავისუფალი დრო. ამოიღეთ ჩამწერი. ყველაფერს მოგიყვებით.

სამუშაო მაგიდასთან მყუდროდ მოკალათებულმა არმენ ბაიანდურიანმა მოყოლა დაიწყო:

არმენ ბაიანდურიანი
არმენ ბაიანდურიანი

– დღეს თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. აქ უკვე 5 წელია სპექტაკლი არ დადგმულა, თუმცა დაახლოებით 100 სხვადასხვა სპექტაკლი გვაქვს, რომლებსაც გასტროლებსა და საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე ვდგამთ. როგორც ამბობენ: “საბურავებზე ვმუშაობთ”.

აქ მუშაობა შეუძლებელია, რადგან 1936 წელს აგებული შენობა, მხოლოდ ერთხელ არის რესტავრირებული. სარდაფში წყალი გროვდება, ფუნდამენტი იშლება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ უკვე გამოყო საკმარისი თანხა ფუნდამენტის გასამაგრებლად და რესტავრაციისთვის, მაგრამ სარემონტო სამუშაოები მხოლოდ 2016 წლის აპრილში დაიწყება.

ჩვენს თეატრს ყველა დროში ძლიერი დასი ჰყავდა და თავისებური რეჟისურით გამოირჩეოდა. დროდადრო ჩვენთან სამუშაოდ ერევნის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები მოდიოდნენ. ბოლო წლებში რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურმა აკადემიის დირექციამ ჩვენთვის მთელი კურსი მოამზადა და თითქმის ყველა კურსდამთავრებული ჩვენთან მუშაობდა. ჩვენ დრამატული სტუდიაც გვაქვს, რომლის კურსდამთავრებულებიც ჩვენს დასს ავსებენ. ჩვენი თეატრის მსახიობები, დიდებული ოსტატები და საინტერესო ახალგაზრდობა ერთ ძლიერ ოჯახად არიან გაერთიანებულები. დღეს ჩვენს კოლექტივში ასამდე ადამიანია.

აქ ცოტახნით შევწყვეტ ბატონი არმენის საუბარს და Dalma News-ის მკითხველს თეატრის ისტორიას გავაცნობ:


1856 წელს საქართველოში გასტროლებით ჩამოვიდნენ მოხეტიალე სომეხი მსახიობები. დასს ხელმძღვანელობდა გევორქ ჩმშკიანი, რომელიც მამასავით ექცეოდა ყველა მსახიობს. მისი ხელმძღვანელობით გაიზარდნენ თეატრის პირველი თაობის მსახიობები: მ.ამრიქიანი, ა.სუქიასიანი, ა.მანდინიანი, ს.მატინიანი, კ.არამიანი, გ.მირაგიანი, ს.შაგინიანი, სატენიკი და სხვები. ამ პერიოდში თეატრთან თანამშრომლობდნენ დრამატურგები ნ.ალადადიანი, ნ.პუგინიანი, მ.ტერ-გრიგორიანი, ასევე სომხური რეალისტური დრამატურგიის ფუძემდებელი გაბრიელ სუნდუქიანი. ტფილისი მხოლოდ თბილისელი სომეხი მსახიობების თეატრალური ცენტრი კი არ იყო, არამედ დასავლეთ სომხეთში მცხოვრებ ნიჭიერ მსახიობებს ეხმარებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ასეთები იყვნენ, მაგალითად, პეტრე ადამიანი, სირანუშ (მერობია კანტარჯიანი), აზნივ რაჩია, დავით ტურიანი და ბევრი სხვა.

თბილისის სომხური თეატრის სცენაზე იდგმებოდა შექსპირის, შილერის, მოლიერისა და სხვა დიდებული ევროპელი ავტორების უკვდავი ნაწარმოებები. გ.ჩმშკიანმა 1866 წელს შექსპირის პიესა “ვენეციელი ვაჭარი”, ხოლო 1884 წელს, შექსპირის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს აღსანიშნავად “ოტელო” დაიდგა. შეილოკისა და ოტელოს როლს თავად ჩმშკიანი ასრულებდა. პეტროს ადამიანის დროს კი ტფილისის სომხური თეატრის სცენაზე “ჰამლეტი” ითამაშეს. დროთა განმავლობაში სუნდუქიანი და შექსპირი, როგორც დასის, ისე მაყურებლის საყვარელი ავტორები გახდნენ.

ევროპული პიესების გარდა თეატრის სცენაზე რუსი დრამატურგების: გრიბოედოვის, გოგოლის, ლერმონტოვის, ოსტროვსკის პიესებიც იდგმებოდა. ამ სპექტაკლების მეშვეობით მაყურებლის გულს სცენის ისეთი ოსტატები იპყრობდნენ, როგორებიც იყვნენ ივანე აბელიანი, ვარდუი (ანნა ნამურაზიანი), გიორგი ტერ-დავითიანი, პარანძემ, გრიგორ ავეთიანი, გიორგი პეტროსიანი, ისააკ ალიზანიანი, არტემ ბეროიანი, არკადი მამიკონიანი, ბართლომე პაპაზიანი, ოლგა მაისურიანი, ჟასმინ (მარია) გრიგორიანი, ოლგა გულაზიანი, ასმიკ (ტატიანა) აკოპიანი და ბევრი სხვა. თბილისის სომხური თეატრის სცენაზე თავისი პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგეს რეჟისორებმა არმენ არმენიანმა, სტეფან კაპანაკიანმა, ივან სევუმიანმა და ლევონ კალანთარმა.

1921 წლის მარტში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კალანთარიანის ხელმძღვანელობით მოღვაწე თეატრალურ კოლექტივს სტეფან შაუმიანის სახელობის თეატრი ეწოდა. თეატრის სცენაზე დაიდგა გოგოლის პიესა “ქორწინება”, შილერის – “ყაჩაღები”, მატერლინკის – “წმინდა ანტონიას სასწაული”. 1921 წლის მარტში სომხურ თეატრს, 1918 წელს დაღუპული რევოლუციონერი გმირის სტეფან შაუმიანის სახელი მიენიჭა. იმავე წლის მაისიდან კი თეატრს კულტურის სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

1936 წლის 29 მარტიდან თეატრმა ავლაბარში არსებულ საკუთარ შენობაში მუშაობა აღადგინა და სპექტაკლები კვირაში სამჯერ იდგმებოდა. თეატრში მუშაობდნენ რეჟისორები: ა.აბარიანი და ფ. ბჟიკიანი, რომლის ნამუშევრებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. თეატრის სცენაზე იდგმებობა გ.სუნდუკიანის პიესები “პეპო” და “კიდევ ერთი მსხვერპლი”, ა.შირვანზადეს – “ნამუს”, “ბოროტი სული”, გორკის – “მტრები”, კ.გუცკოვის – “ურიელ აკოსტა”, ა.ოსტროვსკის – პიესები და ა.შ. დიდი მსახიობური ოსტატობა აჩვენეს მარია მოჯორიანმა, არუს ბოსკანიანმა, აშოტ კაჯვორიანმა, არტემ ლუსინიანმა, ივან აბელიანმა, დორიან ამორბეკიანმა, ისააკ ალიხანიანმა, მარია ბეროიანმა, პაარე (გაი პეტროსიანმა), ბაბკენ სერსესიანმა, ბართლომე ეგშათიანმა, ცვეტანა ვრუირმა და სცენის სხვა ოსტატებმა.

აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ შაუმიანის სახელობის თეატრს მუშაობა არც სამამულო ომის დროს შეუწყვიტავს. ამ დროს თეატრის სცენაზე, როგორც კლასიკოსი, ისე თანამედროვე ავტორების 60-ზე მეტი საგმირო ნაწარმოები დაიდგა. ესენია მურაციანი “გევორქ მარზპეტუნი”, კ.სიმონოვის “ბიჭი ჩვენი ქალაქიდან”, ა.კაჯვორიანის “დევიდ ბეკი” და ა.შ.

შემდგომში რეალიზმის თემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თეატრის რეპერტუარში. სომხური თეატრისა და ხელოვნების სომეხი მოღვაწეების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს. სომხურ-ქართულ მეგობრობას დიდი ისტორია აქვს. უკვდავი საიათ-ნოვა ისტორიაში ჩაიწერა, როგორც დიდებული პოეტი ქართულ და სომხურ ლიტერატურაში.

სომხური თეატრის სპექტაკლებში ბრწყინავდნენ ქართველი მსხიობებიც: ვ.აბაშიძე, ნ.გოცირიძე, ლ.ბაღაშვილი, გ.დარისპანიშვილი და ბევრი სხვა. თბილისის სომხური თეატრი თავისი არსებობის მანძილზე მაყურებელს ქართველი დრამატურგების პიესებსაც აცნობდა. სომხურ სცენაზე დაიდგა გ.ბერიაშვილის პიესა “ტირიფები მტკვრის პირას”, ნახუცრიშვილის – “შეითან ხიხო”, ო.მამფორიას “იეთიმ გურჯი”, ო.ჩიჯავაძის “ვაჟები”, ნ.დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”.

შაუმიანის სახელობის თეატრმა 1956 წელს 100 წლის იუბილე აღნიშნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თეატრი შესანიშნავი შემოქმედებითი კლექტივის წყალობით არსებობდა. გ.ჩშმაკიანი, ა.მანდინიანი, ადამიანი, ო.აბელიანი, ა.ხარაზიანი, ვ.პაპაზიანი და სხვა მსახიობები პირველი შემოქმედებითი ნაბიჯებიდან ღრმა სიბერემდე თბილისის სომხურ თეატრს ემსახურებოდნენ. საქართველოს მიწა თბილისის სოხმური თეატრის შემქომედებითი განვითარების აკვანი იყო და არის.

მთელი თავისი არსებობის მანძილზე თეატრი შემოქმედებითი და მხატვრული პრინციპების ერთგული იყო, რომელიც ეფუძნებოდა ერებისა და მათი კულტურების ურთეირთპატივისცემას. 1991 წელს თეატრმა შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად ის პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სახელს ატარებს.


თეატრის ამ ჭეშმარიტად დიდებული ისტორიის მცოდნემ, შემდეგი შეკითხვის დასმა გადავწყვიტე:

– ბატონო არმენ, რემონტის გარდა კიდევ რა უშლის ხელს თეატრს?

– დღეს სხვაგვარი მაყურებელია, მას მსუბუქი კომედია ურჩევნია, სერიოზულ ნაწარმოებს. ჩვენც ამის შესაბამისად ვმუშაობთ, თუმცა კლასიკური თეატრალური დადგმების წილი საკმაოდ დიდია და დამოკიდებული არ არის მაყურებლის დღევანდელ პრიორიტეტებზე. ამას გარდა, საგასტროლო გასვლები ძალიან ცოტა გვაქვს. მთავარი მიზეზი – საკმარისი თანხების არქონაა. გასტროლებისთვის არც ისე მცირე თანხაა საჭირო. გარდა ამისა, ტექნიკისა და რეკვიზიტის პრობლემაც ფინანსებს უკავშირდება.

– ადამიანის სახელობის თეატრი ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელ ქვეყანასა და ქალაქს ესტუმრა?

გაბრიელ სუნდუკიანის სპექტაკლი "ხათაბალა"
გაბრიელ სუნდუკიანის სპექტაკლი “ხათაბალა”

ბოლო წლებში არაერთხელ მიგვიწვიეს გასტროლებით რუსეთში, სომხეთში და აშშ-იც კი. 2013 წლის 25 და 26 იანვარს მაიაკოვსკის სახელობის მოსკოვის თეატრის სცენაზე თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლი, სომეხი დრამატურგის გაბრიელ სუნდუკიანის პიესა “ხათაბალა” და ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთვის ვოდევილი “უჩინმაჩინის ქუდი” დაიდგა.

გაბრიელ სუნდუკიანის პიესა “აჟიოტაჟი” (თუმცა მას ხშირად უწოდებენ “ხათაბალას”, სომხურიდან არ უთარგმნიათ) მაყურებლებისთვის ცნობილია სომეხი კინემატოგრაფის, რეჟისორ იური ერზინკიანის კომედიით, რომელმაც 1971 წელს ისეთ მსახიობებთან ერთად გადაიღო, როგორებიც არიან სოს სარქისიანი და ფრუნზიკ მკრტჩიანი. ისიც უნდა ვთქვა, რომ მოქმედება ტფილისში ხდება? (იცინის).

1322625945_08ჭეშმარიტად, მრავალნაციონალური ტფილისის ავლაბარი ბევრ დრამატურგს შთააგონებდა მრავალფეროვან სიუჟეტებს. ტფილისის მცხოვრებლების შესახებ მეორე სპექტაკლი “უჩინმაჩინის ქუდი” დადგა რეჟისორმა ლევონ უზუიანმა, რომელმაც ქართული თაეტრის დამფუძვნებლის გიორგი ერისთავის ორი პიესა – “უჩინმაჩინის ქუდი” და “ძუნწი” გააერთიანა. ორივე ნაწარმოები ნახევარი საუკუნის წინ არის დაწერილი, თუმცა დღემდე აქტუალურია.

2006 წელს ქართულმა და სომხურმა საზოგადოებამ თბილისის სომხური თეატრის დაარსებიდან 150 წლისთავი სადღესასწაულო გარემოში აღნიშნეს. ღონისძიებაში ორივე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 2005 წელს თეატრის დასი სომხური სათვისტომოს მიწვევით თეირანში იმყოფებოდა, 2012 წელს კი – საფრანგეთში.

თეატრის დასი გასტროლებზე პარიზში
თეატრის დასი გასტროლებზე პარიზში

2009 წელს 26-31 ივლისს ჩვენი დასი ერევანსა და სომხეთის მთელ რიგ ქალაქებში; ეჩმიაძინში, არტაშატში, აშტარაკში, ჩარენცავანში წარსდგნენ მაყურებლების წინაშე. საგასტროლო პროგრამაში ჩართული იყო იუჯინ ო’ნილის “სიყვარული თელას ქვეშ” და საიათ-ნოვას “მსოფლიოში შენ ჩემი ხარ”. დაგეგმილი იყო ასევე გასტროლები აშშ-ში, მაგრამ ვიზაზე უარი გვითხრეს.

– როდის უნდა ველოდოთ სომხური თეატრის ახალი სეზონის გახსნას?

– ვიმედოვნებ, წელს თეატრი 160 წლის იუბილე საკუთარ ჭერქვეშ აღნიშნავს. საერთოდ, მიმდინარე წლის ყველა გასტროლი თეატრის 160 წლისთავს უკავშირდება. ზაფხულში სომხური თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და წარადგენს ნოდარ დუმბაძის პიესას “საბრალდებო დასკვნა”. სპექტაკლი ქართულ ენაზე დაიდგმება. 160 წლიანი ისტორიის მანძილზე მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. იგივე სპექტაკლს ჩვენ სომხურ ენაზეც მოვამზადებთ. დარწმუნებული ვარ, რემონტის შემდეგ ჩვენი კოლექტივის შემოქმედებითი სული გაძლიერდება.

თეატრის კიდევ ერთხელ გახსნით, ბევრი მაყურებლისა და მეგობრის შეძენა გვსურს, ამიტომაც ყველანაირად ვეცდებით მათ გახარებას.

– ბატონო არმენ, როგორია თეატრისათვის რთულ პერიოდში მის ხელმძღვანელად ყოფნა?

– ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად პატივიც არის. ჩვენი თეატრი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს. საერთოდ, საქართველო უნიკალური სახელმწიფოა. მის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში არსებობდა სახელმწიფო თეატრები, რომლებიც მუშაობდნენ არასატიტულო ერის ენაზე, რა თქმა უნდა რუსულის გარდა.

– დიდი მადლობა, ბატონო არმენ საუბრისათვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისა და თქვენი მაყურებლისათვის. წარმატებულ სპექტაკლებს, დღეგრძელობასა და აყვავებას გისურვებთ!

მშვიდობა ყველას! – გვისურვა ბაიანდურიანმა საპასუხოდ.

თეატრიდან შთაბეჭდილებებით აღვსილი გამოვედი. თბილისს ბინდი ჩამოსწოლოდა. ძალიან მსურს, რომ გაზაფხულის ამ შესანიშნავ საღამოს სომხური თეატრის კარი ფართოდ გაიღოს, თეატრიდან გამომავალმა შუქმა ისე გააცოცხლოს საღამოს ავლაბარი, როგორც ადრე და მის შესასვლელთან უამრავი ხალხი ირეოდეს პრემიერის მოლოდინში. მაგრამ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ პერსპექტივაა. საჭიროა ცოტაც კიდევ მოვითმინოთ…

ვიქტორია ხ. სპეციალურად Dalma News-ისათვის