თბილისი ფესტივალების ტრადიციას ერთგულად განაგრძობს. “თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი”, რომლის ლოგოც წლეულს იასამნისფერ ფონზე განთავსდა, კინოთეატრ “ამირანში” რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმ “მოირას” პრემიერით გაიხსნა. შეფერილობა შემთხვევით არ ვახსენე. იასამნისფერი ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ეს ფესტივალი ქალთა უფლებებსა და გენდერული დემოკრატიის განვითარებისთვის მიეძღვნათ.
საგანგებოდ მოწყობილ სექცია “ქალთახედვის” ფარგლებში გაიმართა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. კინოჩვენებების გარდა, მოეწყო დისკუსიები თემებზე: ქალთა უფლებები, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხები, რომელშიც ქართველ გამომსვლელებთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლებიც მონაწილებდნენ. ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც მოექცა.
ფესტივალის გახსნას უცხოელ სტუმრებსა და ქართველ კინოხელოვანებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მიულოცა და განაცხადა, რომ კინოხელოვნება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია უწყვეტად გაგრძლდეს. მისივე თქმით, თბილისის კინოფესტივალმა მოახერხა თავისი არსებობის მანძილზე საქართველოში საფესტივალო პრაქტიკა ჩამოეყალიბებინა.
“ფესტივალზე დიდი ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო კომპონენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურა და აუდიო-ვიდეო ხელოვნება ნამდვილად არის იმის საშუალება, რომ საზოგადოების ყურადღება აქტუალური პრობლემებისკენ მივაპყროთ. წელს ფესტივალის ფოკუსია ქალთა უფლებები. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, კიდევ უფრო ავამაღლოთ ქალთა ჩართულობა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებში”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
თბილისის კინოფესტივალის მიმართ იზრდება მაყურბელის ინტერესი. ამას ორგანიზატორებიც აღიარებენ და იხსენებენ პერიოდს, როდესაც ფესტივალი ცარიელ კინოდარბაზებში იწყებოდა, ახლა კი ბილეთების შოვნაც კი გაჭირდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფესტივალი მეორე წელია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩაჩუას მხარდაჭერით ტარდება, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი საერთოდ ქალთა წლად გამოაცხადა.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო, ან მხატვრული ფილმი. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარეა ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსი, მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რალფ ფაინსი ასრულებენ. საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ტრადიციულად ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
კინოში შეტანილი წვლილისთვის ორი საპატიო პრომეთე წელს გადაეცემა ქართველ და სომეხ რეჟისორებს, ლანა ღოღობერიძესა და არუთინ ხაჩატრიანს, რომელიც ერევნის კინოფესტიბალის “ოქროს გარგარის” დამაარსებელია. 5 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” ნაჩვენები იქნება ლანა ღოღობერიძის ცნობილი ფილმი “ინტერვიუ პირად საკთხებზე”.
წლევანდელ ფესტივალზე მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან განსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ქართულ საკონკურსო ფილმებს წელს კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე შეაფასებს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა განსაკუთარებული მადლობა გადაუხადეს სპონსორებს და კერძო სექტორს მოუწოდეს, უფრო მეტად დაინტერესდნენ კინოხელოვნების განვითარებით და მეტი ქართული ფილმი დააფინანსონ, რადგან საქართველოში ძირითადად მცირებიუჯეტიანი ფილმები იქნება და მათაც სახელმწიფო აფინანსებს. რეჟისორებს კი საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის მეტი სივრცე და საშუალებები სჭირდებათ.
რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა”, რომლითაც თბილისის მე-16 საერთასორისო კინოფესტივალი გაიხსნა, ასევე მცირე ბიუჯეტიანი ფილმია, მაგრამ ამას ფილმისთვის ხელი არ შეუძლია, რომ აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი აეღო. ლევან თუთბერიძის ამ ბოლო ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის ჯილდო ლოს ანჯელესშიც მოიპოვა. “მოირა” 2016 წლის ოსკარზე წარდგენილი საქართველოს კანდიდატი ფილმია. მან ოსკარის ნომინაციისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. European Film Promotion (EFP) ლოს ანჯელესში აქტიურად აწყობს ჩვენებების სერიებს, რათა ევროპულმა ფილმებმა მსოფლიო კინოასპარეზზე ყურადღების მიპყრობა შეძლონ. ჩვენებებში 27 ევროპული ფილმი მონაწილეობს, მათ შორის ლევან თუთბერიძის “მოირა”.
ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. დედა საბერძნეთში მუშაობს, მომღერალია. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმცროს ძმას ოჯახის შექმნა სურს, მაგრამ უმუშევარი რჩება და საყვარელი გოგოს ოჯახი მისთვის შვილის გაყოლებაზე თავს იკავებს. ოჯახის ერთადერთი ქონება ზღვის პირას მდგარი ორსართულიანი სახლი, რომელაც მამუკა ბანკში დებს და ნასესხები ფულით თენზსაჭერს ყიდულობს. მამუკა ცდილობს ბედისწერასთან ბრძოლას, თავის გემსაც ბესიწერის ქალღმერთის სახელს არქმევს და თანდათან მიაღწიოს წარმატებას. მაგრამ მისი ძმა კრიმინალების გავლენის ქვეშ ექცევა, რასაც ფილმის მთავარი გმირის სიცოცხლე ეწირება.
პრობლემა, რომელიც რეჟისორმა თავის ფილმში ასახა, უცხო არ არის ქართული საზოგადოებისთვის, უფრო მეტიც, ეს ჩვენი დღევანდელობაა. ფილმში არ არის ზედმეტი დიალოგები, გრძელი მონოლოგები, ყველაფერი მოკლე, ლაკონური და გასაგებია. ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე მამაკაცი თავს სწირავს საკუთარი ოჯახისთვის.
კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს.
თავად საერთაშორისო კონოფესტივალის გენერალური დირექტორის გაგა ჩხეიძეს შეფასებით, კინოფესტივალი არ არის ფუფუნება, მას დიდი დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან ის ფილმები, რომელსაც ამ დღეებში მაყურებელი ფართო ეკრანებზე იხილავს, მისი აზრით, ხელს უწყობს ჰუმანური იდეების დამკვირდებას. საფესტივალო ფილმებიც ამ პრინციპით შეირჩა: ადამიანის ღირსების პატივისცემა, მისი პრობლემებისა და მისწრაფებების დანახვა, ტოლერანტობა.
“ჩვენს საზოგადოებას და ზოგადად მთელს კაცობრიობას დღეს რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება. ომს, კონფლიქტებს, ტერორიზმის, სოციალურ პრობლემებსა და გარემოს ზემოქმედებას ადამიანი იმ შემთხვევაში დაძლევს, თუ ბოლომდე გაიაზრებს და გაითავისებს საკუთარ როლსა და დანიშნულებას სამყაროში”, – მიაჩნია გაგა ჩხაიძეს.
შორენა პაპაშვილი