თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნება და წელს იგი საქველმოქმედო იქნება. ფესტივალის გახსნის ღონისძიებიდან შემოსული თანხა “სოლიდარობის ფონდში”, ხოლო მთლიანად ფესტივალიდან შემოსული თანხა, თბილისის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება.
ფესტივალის მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის.
თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო და განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების მთავარი თეატრალური მოვლენაა.
როგორც Dalma News-ს დედაქალაქის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა განუცხადა, წელს ფესტივალს უპრეცედენტოდ ბევრი უცხოელი პროდუსერი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი ეწვევა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული ცხოვრების, ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის, “რადგან ის ადამიანები, ვინც თბილისში ფესტივალზე ჩამოდიან, შემდგომ საქართველოში კვლავ ბრუნდებიან,” – აცხადებს მერის მოადგილე.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია: საერთაშორისო პროგრამა (24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი), პროგრამა „New“ (24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი), ქართული სპექტაკლების პროგრამა (5 – 8 ოქტომბერი), გამოფენები (24 – 27 სექტემბერი), ასევე, ვორქშოფები და სემინარები.
ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოადგენს. წლეულს ამ პროგრამაზე 70 საერთაშორისო სტუმარი დარეგისტრირდა.
2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრმა, ამ დროისთვის, 12 თეატრის 13 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. თბილისი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 8 ოქტომბრამდე გასტანს.