მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის Covid-19-ის ციებ-ცხელებაა. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, რომელთა საერთო რაოდენობამ 2,8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილია 202 000. საქართველომ, მიუხედავა იმისა, რომ Covid-19-ის გავრცელება მინიმუმამდე დაიყვანა, პანდემიის კატასტროფულ შედეგებს მაინც ვერ აარიდა თავი.საქართველოს მთავრობის სპეციალური საიტის Stopcov.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 აპრილის მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში (ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა) დაავადებულთა რიცხვი 456-მდე გაიზარდა. მათ შორის გარდაცვლილია 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 139, მკურნალობას გადის – 310. გარდა ამისა, 4904 ადამიანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 579 – საავადმყოფოების სტაციონარში. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანა უკვე შერულია კრიტიკულ ფაზაში, ხოლო Covid-19-ით დაავადების პიკი საქართველოში აპრილის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.
Covid-19-ის გავრცელების პარალელურად, გლობალურ ეკონომიკასაც ციებ-ცხელება შეეყარა. შემცირდა ნავთობის ფასი, საფონდო ინდექსები, ასევე მოთხოვნა ეკონომიკის ზოგიერთ სექტორზე. Covid-19– ის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება ვერც საქართველომ შეძლო . ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება დაუყოვნებლივ დაიწყო. ერთ – ერთი ელემენტი იყო მარტის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, Covid-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის სამთავრობო ფონდის – StopCoV-ის შექმნა. ფონდის რესურსების განაწილება ბიზნეს-ომბუდსმენის ოფისს დაევალა.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, მარტის დასაწყისში ფონდი – StopCoV-ი დაარსდა, რესურსების გადანაწილება კი, ბიზნესომბუდსმენის აპარატს დაევალა.
ფონდ StopCov-ში შემოწირულობებს ცალკეული პირებიც ახორციელებენ. მათ შორის, 1,2 მლნ ლარის შემოწირულობა გაიღო საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა. ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ფონდში 1 მლნ ლარი ჩარიცხა ქართველმა ბიზნესმენმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან” შოთა შალელაშვილმაც.
გარდა ამისა, კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში სამი თვის განმავლობაში, ხელფასის 1/3-ს “ქართული ოცნების” მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები; აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები; ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.
როგორც Dalma News-ს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, კორონავირუსის წინააღამდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში ფინანსური შენატანები ამ დროისთვის 3,300-ზე მეტმა პირმა განახორციელა. მათ შორის, ყველაზე ხმაურიანი და მსხვილი შენატანია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს“, მიერ 9 აპრილს განხორციელებული გადარიცხვა – 100 მლნ ლარი.
ეს ფაქტი შეუფასებელი არ დარჩენიათ ხელისუფლების ლიდერებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა და მისი სახით ქვეყანას უნიკალური დაზღვევა ჰყავს, კერძოდ, სადაც ხელისუფლებას სისტემურად ესაჭიროება დახმარება, ფონდი “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილია ეხმარება ყველგან.
გახარიას თქმით, ფონდში თავმოყრილი თანხა დაიხარჯება მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
“როდესაც COVID-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზანს. ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვითარება გამწვავდა, ცალკეულმა ბიზნესმენმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი, სამედიცინო სფეროს და სოციალურ ჯგუფებს დახმარებოდნენ ფინანსური, თუ არაფინანსური საშუალებებით. ზოგმა მათგანმა, პანდემიის პირველივე დღეებიდან აიღო ინიციატივა და ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებების, თუ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარნენ.
ასე მაგალითად, კომპანია “თეგეტა მოტორსი” “რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის”, “თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა” და “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსეტო კლინიკის” იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სამსახურამდე და შემდეგ სახლებში. “ბილაინი” – ყველა ინიციატივა ბმულზე, მათ შორის, უფასო ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე; მობილური ინტერნეტი საჩუქრად, ვინც საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, სმარტფონებისა და აქსესუარების განვადების სამთვიანი გადავადების შესაძლებლობა; სამჯერ მეტი ინტერნეტი; თანამშრომლებისთვის შენარჩუნებული ხელფასები და სხვა;
საქართველოს ფოსტა – 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებს ადგილზე მიუტანს; VISA – Glovo-ს გამოძახებისას, Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი საკურიერო მომსახურების თანხას Visa გააორმაგებს და Glovo-ს პარნტიორი კურიერები ამ თანხით, ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ. “აქვა გეო” – მთელი თვის განმავლობაში, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალის „სნოსა“ და “კობის” წყლებით მომარაგებას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, ვარძიაში, 3 კეთილმოწყობილი კოტეჯი დაუთმოს სახელმწიფოს მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის, ასევე, უწყების კუთვნილი 5 ავტომობილი თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებს მოემსახურება. სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, საცხოვრებელ სახლებში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს პროდუქტსა და მედიკამენტებს მიაწვდიან.
საკარანტინო ზონისთვის სახელმწიფოს უსასყიდლოდ, რამდენიმე სასტუმრო და ფართი დაუთმეს. მაგალითად, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ 200-ნომრიანი სასტუმრო, ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფმა 130-ნომრიანი სასტუმრო, „აჭარა ჯგუფი“ – თბილისის ცენტრში მოქმედი სასტუმრო Holiday Inn თბილისი, სახელმწიფოს საკარანტინე სივრცისთვის დაუთმეს. საბავშვო გასართობმა ცენტრმა, „მინიონებმა“ 1 500 კვ.მ. ფართი, დროებით სარგებლობაში გადასცა სახელმწიფოს, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენონ და ა.შ.
ყველა ეს რესურსი, რომ არ გაფანტულიყო, ფონდის შექმნა გადაწყდა, სადაც აკუმულირებული თანხები, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას გადაეცემა. ამ ფონდიდან თანხებს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და სამედიცინო მიზნებისთვის გამოყოფენ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ფონდის საქმიანობა და თანხების ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადევნონ თვალი თითოეულ გადარიცხვას. თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობის გადასაწყვეტია, რამდენად ღია იქნებიან საზოგადოებასთან.
ნიკა შენგელიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის გამო, თბილისის მცხოვრებლების დიდმა ნაწილმა რეგიონებს მიაშურა. ხალხი დაბრუნდა სოფელებში და წლობით დაკეტილ სახლებში სინათლე აინთო. ექსპერტის მოსაზრებით, ამ მომენტს საქართველოს მთავრობა ეფექტიანად თუ გამოიყენებს და სოფლებში წასულ ხალხს დაეხმარება მეურნეობის განვითარებაში, რათა დაამაგრონ ეს ხალხი ადგილებზე, საუკეთესო შანსი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.
“პრემიერმა თქვა, რომ წლის განმავლობაში, ქვეყანა 1,5 მლრდ აშშ დოლარის დახმარებას მიიღებსო. ეს სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ სამრეწველო დარგებისთვის გამოიყენონ. ასეთ შემთხვევაში 1,5-2 წლის შემდგომ, ჩვენ სერიოზული შედეგები გვექნება. ხოლო StopCoV ფონდში შესული თანხები უნდა მოხმარდეს სამედიცინო კუთხით შესყიდვებს, იქნება ეს დამატებითი პრეპარატების შემოტანა, სასუნთქი აპარატები თუ სხვა, მაგრამ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, წლების გამოცდილების მიხედვით კარგად ვიცით, რა ემართება ასეთ ფონდებში არსებულ თანხებს, რომლებიც უკონტროლოდ იხარჯება და გარკვეული ჯგუფების ქვენა მიზნებს ემსახურება. ისიც ხდება ხოლმე, როცა ფონდში გადარიცხული თანხები უკან ბრუნდება, ან საშუამავლო რაფინირებული კომპანიებით შუა რგოლში მოხვდება და იქიდან გაიწოვება.
“მაშინ, როცა ბიუჯეტიდან ვერ აკონტროლებენ მილიონობით ლარის გაფლანგვას, როგორ გაკონტროლდება ფონდიდან ამ თანხების გადინება, რთული სათქმელია. მთავრობის გადასაწყვეტია, რამდენად ღია იქნებიან საზოგადოებასთან”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, Covid-19 – ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.
შორენა ქარჩავა