ყარაბაღის 44-დღიანი ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები 13 ნოემბერს კვლავ განახლდა. მხარეები პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარეს არიან დაზარალებულები. ერევანი ერთი დაღუპული და 12 ტყვედ ჩავარდნილი სამხედროს შესახებ იტყობინება. აზერბაიჯანული მხარე კი ორი დაჭრილი სამხედროს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
16 ნოემბერს, კონფლიქტის ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე მას შემდეგ შეთანხმდა, რაც მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ნორმალიზებული და კონტროლირებადია.
მანამდე, მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ერევანსა და ბაქოს მოუწოდა დაიცვან შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2020 წლის 10 ნოემბერს. შედეგად მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აზერბაიჯანს გადაეცა.
რა საფრთხეს უქმნის საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებების განახლება და რა წვლილის შეტანა შეუძლია ოფიციალურ თბილისს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაში, – ამის შესახებ Dalma News-ს სამხედრო სფეროს ექსპერტები, ვახტანგ მაისაია და ამირან სალუქვაძე ესაუბრნენ.
– არსებობს თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების კვლავაც განახლების საფრთხე?
ვახტანგ მაისაია: – ეს იყო ლოკალური ტიპის შეტაკება. ასეთი შეტაკებები შეიძლება კიდე განმეორდეს, იმიტომ, რომ მოსკოვის ხელშეკრულებაში ფაქტობრივად არ არის გაწერილი კონკრეტული საკითხები, რომლებიც ასეთი ტიპის შეთანხმებებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკება ლოკალური იყო, ის სამხედრო ფორმატს მოიცავდა და ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგი მიიღო. 7 მოკლული ჰყავს აზერბაიჯანულ მხარეს და ორჯერ მეტი სომხურ მხარეს, 12-მდე სამხედრო ჩავარდა ტყედ, ასევე ჰყავთ დაჭრილები.
აქ საქმე გვაქვს ლაჩინის კორიდორისა და მასთან არსებული სტრატეგიული სიმაღლეების გაკონტროლებასთან. აზერბაიჯანის მხარე თვლის, რომ ლაჩინის კორიდორს სომხური მხარე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს. იქ ხორციელდება სამხედრო შეიარაღებისა და მებრძოლების გადაადგილება. აქ საუბარია იმაზე, ვინ გააკონტროლებს M-12 და M-13 ტრასის გადამკვეთ მონაკვეთს ლაჩინისა და კელბაჯარის რაიონებში, იმიტომ, რომ ესენი პირდაპირ უკავშირდება ლაჩინის დერეფნის თემას. აზერბაიჯანელებმა 2 სიმაღლე დაიკავეს და შეეცადნენ აეღოთ კონტროლი ამ ზონაზე გამავალ სივრცეზე. ეს იყო შეტაკების ძირითადი მოტივი და მიზანი. კონფლიქტი დარეგულირდა ისევ რუსეთის ჩარევით. თურქეთის მხარემაც გადადგა ადეკვატური ნაბიჯები.
ამირან სალუქვაძე: – საფრთხე, რა თქმა უნდა, იყო, რადგან კონფლიქტი არ არის ამოწურული, როცა შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, მაშინაც ვამბობდი, რომ კონფლიქტი არ იყო სრულად დარეგულირებული. 10 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნა და მის ირგვლივ არსებული რაიონები, რომლებიც მანამდე სომხეთ ეკავა, თუმცა სრულად ვერ აკონტროლებს ადმინისტრაციულ ცენტრს.
სომხეთში შარშანდელმა ომმა გამოიწვია სერიოზული პოლიტიკური რყევები. ფაშინიანმა შეინარჩუნა ხელისუფლება, თუმცა მთიან ყარაბაღში ჩამოყალიბებული სტატუს-ქვოს გამო ქვეყანაში არის უკმაყოფილება. ამ გამოწვევას საზოგადოება კარგა ხანს ვერ გაექცევა. ყოველთვის იქნება ეს სომხეთის საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მაისშიც იყო გარკვეული დაპირისპირებები, წელს ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა. არ არის გამორიცხული შემდგომშიც გაგრძელდეს. სომხურ საზოგადოებაში იყო განწყობა, რომ რამე თუ მოხდებოდა რუსეთი სომხეთის მხარეს დადგებოდა და მარტო არ დატოვებდა სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში ერევანი ლაჩინის დერეფანზე კონტროლს დაკარგავს.
თავის მხრივ რუსეთს, როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე აქვს აყვანილი. სომხეთი არის სტრატეგიული მოკავშირე, ხოლო აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც უფრო ეკონომიკური ინტერესები აქვს.
– რას გულისხმობს 10 ნოემბრის შეთანხმება?
ვ.მაისაია: მაშინ, რეგიონული ომის შეჩერება იდგა დღის წესრიგში და მხარეები სხვა დეტალებზე აღარ გავიდნენ. მეორეხარისხოვანმა მოვლენებმა იმ დაზავების ფონზე გამოიწვია უკვე დღევანდელი ლოკალური შეტაკებების მთელი სერიების განვითარება. რუსეთსა და თურქეთს არ აწყობთ ახლა რეგიონში საომარი მოქმედებების განვითარება. ეს, არც სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებში უნდა იყოს. მაგრამ, როგორც ჩანს აზერბაიჯანელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ საზღვართან ხდებოდა არასასურველი ერთეულების გადაადგილება. თურქეთსაც თავისი პრობლემები აქვს დღეს, იგივე ავღანეთში არსებული ვითარება, თურქულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ასევე, თურქეთსა და აშშ-ს შორის გაუარესებული ურთიერთობები, ქურთული სეპარატიზმის თემა და სხვა. ეს ყოველივე არ ქმნის წარმოდგენას, რომ მისთვის მომგებიანი იყოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განვითარება. აზერბაიჯანსაც რთული ეკონომიკურ-სოციალური ვითარება აქვს ქვეყანაში.
ა.სალუქვაძე: – რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სატელეფონო ჩარევის შემდეგ შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, რაც უთითებს იმაზე, რომ რუსეთს აქვს ზეგავლენის სერიოზული ბერკეტები ორივე მხარის მიმართ. აზერბაიჯანმა თავისი ძირითადი ამოცანის ლომის წილი გადაწყვიტა. ალიევს არ უთქვამს, რომ მან დაასრულა სომხეთთან სადაო საკითხები. მხარეებს შორის დაზავება არ გვინახავს, სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება იყოს უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზეც და სახელმწიფოთაშორის დაზავებაზეც, რაც ვერ მოხდება, თუ ერთმანეთთან ყველა პრეტენზია არ ამოიწურება. აზერბაიჯანის საბოლოო მიზანია აღადგინოს მთლიანი კონტროლი ყარაბაღზე. თუმცა რა მასშტაბებს მიიღებს ასეთი შეტაკებები, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ის, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ვიხილოთ, ასეთი სამზადისი, არ ჩანს. ბოლო წლებში აზერბაიჯანი ძალიან მასშტაბურ სამხედრო შესყიდვებს აწარმოებდა, წვრთნიდა თავის არმიას, ცხადი იყო, რომ ომისთვის ემზადებოდა.
– საქართველოსთვის თუ არის რისკები? ორივე ამ ქვეყნის ეროვნული უმცირესობები ცხოვრობს საქართველოში, შესაბამისად არსებობს, თუ არა დაძაბულობის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის საფრთხე?
ვ.მაისაია: ასეთი საშიშროება ყოველთვის არსებობს. დაპირისპირების ზოლი ძალიან ახლოს არის ჩვენს ტერიტორიასთან და ადვილი შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაც გამოიყენონ პროვოკაციებისთვის. თუმცა ამ ეტაპზე ამის წინაპირობა არ არის. ვითარება საკმაოდ დაიძაბა შავი ზღვის აკვატორიაში. სერიოზულ გამოწვევებს აქვს ადგილი. იძაბება ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვარზეც.
საქართველო შიდა პოლიტიკურ კრიზისში იმდენად არის ჩაფლული, რომ არ მგონია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებაში რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღოს. ჩვენს გარეშე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება – კონფლიქტის ესკალაციის განვითარების პარალელურად ანკარაში გაიმართა რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც განიხილებოდა “3+3” უსაფრთხოების ფორმატის კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, რუსეთი და თურქეთი ქმნიან საკონსულტაციო ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ამ ფორმატის რეალიზაცია. ჩვენ, არც კი გვეკითხებიან, გვინდა თუ არა ამ ფორმატის ამოქმედება. აქედან გამომდინარე ძალიან რთულ გეოსტრატეგიულ ვითარებაში ვართ.
ა.სალუქვაძე: ნებისმიერი დაძაბულობა კავკასიაში საქართველოზეც აისახება. შეუძლებელია მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდოს და შენ თავს უსაფრთხოდ გრძნობდე. კარგია ის, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრი აქტიურად არის ჩართული ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებებში, კონკრეტული ნაბიჯიც განხორციელდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლის თვალსაზრისით. ის ფაქტი, რომ თბილისი არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც ასეთ საკითხებზე ხდება მოლაპარაკებები, არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ნაკლები ზეგავლენა იქონიოს ამ დაძაბულობებმა საქართველოზე და სამ სახელმწიფოს შორის იყოს ნდობა, თუნდაც საქართველოს მეშვეობით.
– რა უნდა გააკეთოს საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად?
ვ.მაისაია: საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალას დღეს არ სცალია რეგიონული პოლიტიკისთვის, ისინი გადასულნი არიან შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე, შესაბამისად, რა ხდება ეროვნული უსაფრთხოების რეგიონულ დონეზე, ამაზეც კი, არ მიუწვდებათ ხელი. უნდა შეიქმნას კომპლექსური მექანიზმები და არ მივცეთ საშუალება მხარეებს კონსენსუსს ჩვენს ხარჯზე მიაღწიონ. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს: რუსეთისა და თურქეთის მაღალი დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ჩვენს გარეშე ქმნიან, უკვე კონკრეტულ ინსტიტუციებს. საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა ეს უკვე არის კონკრეტული ინსტიტუცია ამ ფორმატის რეალიზებისთვის. ამ დროს ჩვენ საერთოდ გაჩუმებული ვართ. ჩვენი პასიურობა, რომ არ გამოვხატავთ კავკასიის რეგიონში გარკვეულ ინიციატივებს სხვადასხვა ფორმატების განვითარების მიმართულებით, ბუნებრივია იწვევს გაურკვევლობას ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებში, ამას იყენებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები და თუნდაც სტრატეგიული მოკავშირეები საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განსავითარებლად.
ა.სალუქვაძე: ძალისხმევა განპირობებულია რესურსებზე. აშშ-ზე, რუსეთზე და თურქეთზე მეტ გავლენას ვერ მოვახდენთ პროცესებზე, მაგრამ, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში, როცა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით მოხდა კომუნიკაცია ფაშინიანსა და ერდოღანს შორის, ძალიან სერიოზული ფაქტია. ამ 3 ათეული წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა. რომ ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა მატების ტენდენცია, რაღაცას უნდა შევადაროთ. მანამდე კი, არ ყოფილა მსგავსი აქტივობები თბილისის მონაწილეობით. ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგი საძირკველია იმისთვის, რომ ამაზე შემდგომ, რაღაც დაშენდეს. რეგიონში სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით, ბევრი იქნება დამოკიდებული ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაზე. საქართველო, თუ არ გააძლიერებს საშუამავლო აქტივობებს, არც უნდა შეჩერდეს. საქართველოს აქტიურობა უნდა იყოს მუდმივად დღის წესრიგში. ნდობის ფაქტორი ორივე სახელმწიფოს მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველომ ორივე მეზობელ სახელმწიფოსთან უნდა შეინარჩუნოს ნორმალური სამეზობლო ურთიერთობები. სხვა არჩევანი, არც ჩვენ გვაქვს და, არც მათ.
ესაუბრა შ. ქარჩავა