ერევანში რუსულ-სომხური ორმხრივი კონფერენცია-„ევრაზიულ სივრცეში რუსულ-სომხური ურთიერთობების განვითარება“ გაიმართა. სომეხმა და რუსმა ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, ბიზნესმენებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ ასევე დიდი ევრაზიისკენ მიმართული კურსის კონტექსტში, ევრაზიული ინტეგრაციის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. განხილვის მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის, ევრაზიული ინტეგრაციის ფარგლებში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარება; ხედვა საერთო ევრაზიული მომავლისკენ; დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები, როგორც სახელმწიფოების განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველი; გამოცდილების გაცვლა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, რუსეთსა და სომხეთში ბიზნესის დაცვის სფეროში და სხვა.
დიდი ევრაზიული პარტნიორობისკენ
როგორც Dalma News-ს “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ცენტრის” დირექტორმა დიმიტრი სტასიულისმა განუცხადა, ერევნის კონფერენციაზე, გარდა დღის წესრიგში მყოფი საკითხების განხილვისა, ორი წინადადება წარადგინეს. ჯერ ერთი, დიდი ხანია ექსპერტები ეკონომიკის რეგიონალიზაციაზე საუბრობენ და ამ იდეის, რომელსაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-სახელმწიფოების უმეტესობა უჭერს მხარს, განსახორციელებლად შემოთავაზებულია მსოფლიო ფორუმის – „ახალი ერა, ახალი გზების“ დაარსება და რეგულარულად ჩატარება. ასევე განიხილებოდა დიდი ევრაზიული პარტნიორობის იდეა და ასეთი პარტნიორობის ურთიერთქმედება.
„სომხეთი და რუსეთი ერთობლივად აშენებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაქვს. ვრჩებით ახლო პარტნიორებად და მსგავს კონფერენციებს ვმართავთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად: ურთიერთობების განვითარებაზე, მომავალზე, რა გველოდება და რისკენ ვისწრაფვით. ერთ-ერთი ასეთი გზა მხოლოდ დიდი ევრაზიული პარტნიორობაა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2015 წელს ისაუბრა. ხოლო ევრაზიის ბოლო ფორუმზე ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის” ხელმძღვანელებისა და “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წარმომადგენლების უმეტესობამ. ეს იდეა ასევე გულისხმობს ერთიანი ლოგისტიკური და სატრანსპორტო სივრცის შექმნას საქონლის ტრანსპორტირებისთვის, ასევე, ახალი სარეზერვო ვალუტების გამოყენებას, ორმხრივ ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტების როლის, ხოლო ევრაზიის სახელმწიფოებს შორის ინდუსტრიული თანამშრომლობის როლის გაზრდას”, – განაცხადა სტასიულიკმა.
მისი თქმით, ეს საკითხები ჯერ კიდევ დეტალურად არ განხილულა მონაწილე ქვეყნების მხრიდან, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ დიდი ევრაზიული პარტნიორობის ინიციატივა განიხილება, იმას ადასტურებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა, ასეთ მოკლე დროში, თავისი ეფექტიანობა აჩვენა.
”სამყარო იცვლება, მსოფლიო წესრიგი იცვლება და დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ იმაზე, რომ დიდი ევრაზიული ოჯახი და დიდი ევრაზიული სივრცე გვაქვს, არამედ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა დავწინაურდეთ – ეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ და ერთად ავირჩიოთ ჩვენთვის საერთო გზა”, – დასძინა ცენტრის დირექტორმა.
სომხეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვან საგარეო ეკონომიკურ პარტნიორად რჩება
კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობა ეკონომიკური დღის წესრიგს სცილდება და ჰუმანიტარულ, განათლების, მეცნიერების, ტურიზმის სფეროებს მოიცავს.
“სომხეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. ბოლო წლებში სასაქონლო ბრუნვის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა. თანამშრომლობა, ასევე, აქტიურად ვითარდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და დსთ-ის ფარგლებში. ჩვენმა ქვეყნებმა, ინტეგრაციის პროცესების ფარგლებში, მიაღწიეს შეთანხმებას ეკონომიკისა და ვაჭრობის სხვადასხვა პარამეტრებზე, ეროვნულ ვალუტაში ორმხრივი ანგარიშსწორების სინქრონიზებულ მიდგომებზე. მაგალითად, მოსკოვის ბირჟაზე სომხურ დრამში ვაჭრობა დაიწყო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ტურიზმის როლი, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სულ უფრო მნიშვნელოვანი სფერო ხდება. წელს, ამ სფეროში თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ხელმოწერას ვგეგმავთ“, – განაცხადა ვოლვაჩმა.
ასევე დასძინა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი 29 მაისს 9 წლის გახდა, მაგრამ ასეთ მოკლე დროში კავშირმა არაერთ გამოწვევას გაუძლო და დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტიანობა, რაც მონაწილე ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება.
„ინტეგრაციის განვითარება უწყვეტი პროცესია, ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ თანამშრომლობის დღის წესრიგს“,- განაცხადა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.
ახალი პერსპექტივები სომხური ბიზნესისთვის
„დღეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დიდ საერთაშორისო სივრცეებზე გადის: აზია, წყნარი ოკეანე, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, ლათინური ამერიკა. ყველგან გვაქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და ურთიერთქმედების მექანიზმები ყველა ბიზნეს სფეროში. მაგალითად, ჩინეთთან, რომელთანაც უმაღლესი დონის ძალიან მჭიდრო საქმიანი კავშირები გვაქვს და ასევე დიდი შესაძლებლობები არსებობს ლოჯისტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, სომხური მხარისთვის ეს საინტერესო უნდა იყოს“, – განაცხადა თავის გამოსვლაში რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის გამგეობის წევრმა, მრეწველებისა და მეწარმეთა საერთაშორისო კონგრესის საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელმა ანატოლი ტკაჩუკმა. მან მოუწოდა მხარეებს სომხეთის ბიზნეს-საზოგადოებას რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის შესაძლებლობები გამოიყენოს.
“იგივე ეხება აფრიკას და სხვა მიმართულებებს. ბევრ სფეროში ვმუშაობთ. მათ შორის, მრეწველობა, ლოჯისტიკა, ფინანსები, ტურიზმი…… რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ფარგლებში, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მოსკოვით, წარმომადგენლობითი ოფისები რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონში გვაქვს. თუ სომეხ მეწარმეებს რომელიმე რეგიონი დააინტერესებთ, ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ“, – დასძინა ტკაჩუკმა.
წარმატებული ინტეგრაციის საფუძველი ჩვენი ხალხების კულტურული და ცივილიზაციური სიახლოვეა
პოლიტიკური ანალიტიკოსის, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის თქმით, უკიდურესად არახელსაყრელი გლობალური ეკონომიკური გარემოსა და მორიგი გლობალური რეცესიის საფრთხის მიუხედავად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ- ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები კვლავ მყარდება, რაც კარგ დინამიკას აჩვენებს და ეს ყველაზე სერიოზული არგუმენტია მათთვის, ვინც ეკონომიკის სფეროში მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას უჭერდა მხარს და კვლავაც განაგრძობს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეცნიერო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას, საერთო ცივილიზაციური სივრცის გაძლიერებას.
„კვლევები ცხადყოფს, რომ პოსტსაბჭოთა საზოგადოებები კვლავაც ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნების შემდგომი დაახლოებით. საუბარია არა მხოლოდ უფროსი და საშუალო თაობის წარმომადგენლებზე, არამედ ახალგაზრდობაზეც, რომელიც დაახლოებისთვის თანამედროვე სიმბოლოებსა და “გაიდლაინებს” მოითხოვს. ამგვარად, ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტების 40% რუსეთთან მოკავშირული ურთიერთობების განვითარების მომხრეა და ეს ყველაზე დიდი სეგმენტია“, – განაცხადა მან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კიდევ 5-7 წელი გვაქვს, რათა შევძლოთ დავეყრდნოთ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საზოგადოებების პოზიტიურ მოლოდინებს შემდგომი დაახლოებისა და აღდგენის, შემდეგ კი საერთო ცივილიზაციური სივრცის განვითარებისთვის.
„წარმატებული ინტეგრაციის საფუძველია პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხებისა და ქვეყნების კულტურული და ცივილიზაციური სიახლოვე. აუცილებელია ჩვენი ქვეყნების ანალიტიკურ საზოგადოებას მოვუწოდოთ აქტიური, სისტემური, ეფექტიანი კვლევითი სამუშაოებისკენ ახალი ფასეულობებისა და ახალი გაიდლაინების გამოსავლენად, რაც შეძლებს თანამედროვე საზოგადოებები ერთმანეთისკენ სვლის პროცესით დააინტერესოს“, — განაცხადა ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ცენტრი”, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ინტეგრაცია და განვითარება” და ევრაზიის ექსპერტთა კლუბი.
ლინა მაკარიანი