უდავოდ, ყველა ქვეყანას ყავს უცხოელი თაყვანისმცემელი, რომელსაც მასთან ტკბილი მოგონებები და მარადიული სიყვარული აკავშირებს. გამონაკლისი არც სომხეთია.
ამჯერად რამდენიმე რუს პოეტს გავიხსენებთ, რომლებიც სომხეთის შესახებ დიდი სიყვარულით წერდნენ.
სერგეი გოროდეცკი – პოეტი და თარჯიმანი, ადამიანი, რომელიც რუსი პოეტების ვერცხლის ხანაში თავისი გამორჩეული ნიჭითა და გენიალურობით შეიჭრა. უდიდეს სომეხ პოეტ ოვანეს თუმანიანთან ურთიერთობის საფუძველზე, მას სომხეთში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდა. მაშინ თუმანიანმა გოროდეცკის უთხრა:
“თქვენ პოეტი ხართ. პოეზია სწორედ ცხოვრების შეცნობაა. სხვაგვარად ის საჭირო არ არის. ნახავთ რომ ცხოვრება საშინელია, რომ ხალხი გადაგვარების პირასაა, დაწერეთ ამის შესახებ. დაწერეთ ყველაფერი, რასაც დაინახავთ – პოეზიაც ეს იქნება”.
გოროდეცკი სომხეთში გაემგზავრა. მოგზაურობის დროს დაიწყო რომანის “სემირამიდას ბაღების” წერა, რომელიც დაცარიელებულ დასავლეთ სომხეთის ტრაგედიას მიუძღვნა და რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. მოგვიანებით, 1918 წელს გამოსცა კრებული “სომხეთის ანგელოზი”, რომელიც თუმანიანს მიუძღვნა.
შესანიშნავი იყო მისი სტატიები 1916-17 წლებში, რომლებიც ჟურნალებში Русское Слово და Кавказское Слово დაიბეჭდა. ეს სტატიები და ხელნაწერები В стране ручьев и вулканов-ის ციკლში გაერთიანდა. გოროდეცკი თავის თავს საფუძვლიანად მიიჩნევდა ვალერი ბრიუსოვის შემოქმედებით მემკვიდრედ, რომლის შესახებაც ამბობდა, რომ ბრიუსოვმა რუსეთი და სომხეთი კიდევ უფრო დაამეგობრა, თავად მან კი “ეს მეგობრობა ლექსებით და ფრონტზე მუშაობით განამტკიცა”.
გოროდეცკიმ სომხეთი მხოლოდ ომში და მხოლოდ ვანის გმირულ დაცვაში არ გაიცნო და შეისწავლა. იგი სომეხი უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების თავშესაფარში მუშაობდა და იმ პერიოდს თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდად მიიჩნევდა. წლების შემდეგ “სიღარიბის და იმედგაცრუების ნახვით, ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების შეკრებით” მიხვდა, რომ იგი, როგორც ადამიანი და როგორც მწერალი ილუზიისგან განთავისუფლდა და მიხვდა პატარა ხალხების მიმართ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოების მზაკვრობას.
***
როდესაც ოსიპ მენდელშტამმა სომხეთის შესახებ თავისი პირველი ლექსი ჩაერენცს წაუკითხა, მან უთხრა: “თითქოს თქვენგან წიგნი გამოსჭვივის”. ასეც მოხდა. მენდელშტამის ლექსების ციკლი და მისი პროზა – “მოგზაურობა სომხეთში” – ეს არის ნაწარმოები, რომელიც არარატის გარშემო არსებულ ქვეყანას აღწერს.
“მხოლოდ უძველესი სომხური კულტურის ატმოსფეროში, სომხეთის ისტორიაში, ხელოვნებაში, ცხოვრებაში ზრდის შემდეგ დგება შემოქმედებითი ლიტურგიის დასასრული. მოსკოვში დაბრუნება აბსოლუტურად გამორიცხულია”, – განაცხადა ოსიპ მენდელშტამმა და სომხეთის შეცნობა დაიწყო. ალბათ, პირველი რაც მან სომხეთში დაინახა, ეს მისი კულტურული, პოლიტიკური და რელიგიური მარტოობა იყო.
მანდელშტამს ბიზანტია არასოდეს უყვარდა, ამიტომ მისი სომხეთთან დაპირისპირება სიამოვნებდა კიდეც. პოეტი ხშირად აღნიშნავდა იმას, რომ სომხეთი ვერც ერთ დამწერლობასთან ვერ გაერთიანდა და ბოლომდე მარტო დარჩა.
“ყველანაირი ოპტიკური ილუზია იმსხვრევა, როდესაც სომხურ ეკლესიას პირველად შეხედავ. სომხური ენა – შეუღწევადი – ქვის ჩექმა. სქელკედლიანი სიტყვა – ჰაერის ფენები ნახევარხმოვანობაში. განა, მთელი ხიბლი ამაშია? არა! საიდან მოდის მიმზიდველობა? როგორ უნდა ახსნა? გაიაზრო? სიხარულს მანიჭებს რუსული ბაგისთვის აკრძალული იდუმალი, მოკვეთილი და რაღაც თვალსაზრისით – სამარცხვინო ბგერების გამოთქმა”, – წერდა პოეტი.
როგორც ჩანს, მისთვის პროზა საკმარისი არ აღმოჩნდა და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: “ველური კატა – სომხური მეტყველება – მტანჯავს და ყურს მიკაწრავს”.
ეს მოგზაურობა 1930 წელს შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ ნაწარმოები Новом мире-ში დაიბეჭდა. პოეტის მეუღლე, ნადეჟდა მანდელშტამი ამბობდა, რომ მისი მეუღლე მოგზაურობისას უჩვეულო შთაგონებით იყო შეპყრობილი და ეს შთაგონება დიდხანს გაჰყვა. ნადეჟდამ ერთხელ ისიც თქვა, რომ ოსიპ მანდელშტამს სომხეთში დამკვიდრება რომ მოეფიქრებინა, იქნებ, შორეული აღმოსავლეთის ბანაკებს შორის უგზო-უკვლოდ არ დაკარგულიყო…
Как люб мне язык твой зловещий,
Твои молодые гроба,
Где буквы — кузнечные клещи
И каждое слово — скоба…
ეს სტრიქონები პოეტის ქვეყნისა და ენისადმი სიყვარულს აღწერს, რომელიც კიდევ ერთ გამოჩენილ რუს პოეტს ანა ახმატოვას გადასცა.
მოგვიანებით ნადეჟდა მანდელშტამი თავის მოგონებებში წერს:
“როდესაც სომხეთიდან დავბრუნდით, პირველ რიგში ჩვენს მეგობარ ანას, სახელი გადავარქვით და სიცოცხლის ბოლომდე იმ სახელს ვეძახდი. იგი თავადაც ამ სახელით აწერდა ხელს. ანუში, ეს ის სახელი იყო, რომელიც სომხეთს მოგვაგონებდა”.
ახმატოვა თუმანიანით და ჩერენცევით დაინტერესდა. დაიწყო სომხურიდან რუსულად თარგმნა და სომეხი პოეტების ნაწარმოებების მოტივებზე ლექსების წერა.
1936 წელს ჟურნალ Звезда-ში დაიბეჭდა ახმატოვას ნათარგმნი დანიელ ვარუჟანის ლექსი “პირველი ცოდვა”. იმ დროს ამ პოეტის სახელის ხსენებაც კი კრიმინალურ დანაშაულად ითვლებოდა. მისი ბედი მჭიდრო კავშირში იყო სომხების გენოციდთან.
დანიელ ვარუჯანი თურქეთში 1915 წელს დააპატიმრეს და რამდენიმე დღეში ქვებით ჩაქოლეს.
ზემოთ აღნიშნული თარგმანი “სომხური პოეზიის ანთოლოგიაში” უნდა შეტანილიყო, რომელიც მაქსიმ გორკის საერთო რედაქციით 1936 წელს უნდა გამოსულიყო. ახმატოვას ხელნაწერი და გრაფიკოსის და მხატვრის აკოფ კოჯოიანის თანდართული გაფორმება დასაბეჭდად მზად იყო. გამოცემამ დღის სინათლე მხოლოდ 1940 წელს იხილა, ისიც სტალინის დიდებისადმი მიძღვნილი ლექსების შესწორებებით და ახმატოვას თარგმანის გარეშე. საბოლოოდ ჩერენცის ლექსების თარგმანები 1979 წლის შემდეგ დაიბეჭდა.
“ზოგიერთები, როგორც მაგალითად, პასტერნაკი, საქართველოს ერთგულნი არიან, მე კი ყოველთვის სომხეთთან ვმეგობრობდი”, – წერდა ანა ახმატოვა თავის დღიურში.
ამ მეგობრობის ფესვები კი შესაძლოა თუმანიანის პოეზიაში იმალება. ახმატოვამ ერთხელ თქვა: “თუ იმედმა იკლო, სიმღერა იმატებს. აშკარაა, რატომ იყო ამ სომეხი ადამიანისთვის სიმღერა იმედი, თავისუფლების, დაკარგული და კვლავ მოპოვებული სამშობლოს სიმბოლო”.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა