“მივხვდი, ჩვენი უბედურება რაშიც მდგომარეობს – ძალიან სერიოზულები ვართ”, – ამბობს მხატვრული ფილმ “ისეთივე მიუნჰაუზენის” (Тот самый Мюнхгаузен) ერთ-ერთი გმირი. – “ჭკვიანი გამომეტყველება, ბატონებო, სულაც არ ნიშნავს გონიერებას! დედამიწაზე ყველა სისულელეს სწორედ ასეთი გამომეტყველებით სჩადიან. ამიტომ, გაიღიმეთ მეგობრებო! უმჯობესია, თუ გაიცინებთ! იცინეთ გულწრფელად, მთელი გულით. სიცილი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სუნთქვას და შინაგანი ორგანოების სტაბილურ მუშაობის. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცილი ნაბახუსევზეც კი სასარგებლოა, რადგან თირკმელების მუშაობას აუმჯობესებს”.
საერთოდ, იუმორი უნიკალური გრძნობაა. იგი ინტერნაციონალური და სპეციფიურია. კიდევ, ამბობენ, იუმორი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. გარდა ამისა, ტრაგედიის კომედიად გადაქცევა მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ამის გარეშე ცხოვრებისეული სირთულეები დაუძლეველი იქნებოდა.
“სიცილი არა მხოლოდ გეხმარება, ის კურნავს კიდეც. 15-წუთიანი გულიანი სიცილი ჯანმრთელობის გახანგრძლივების საწინდარია”, – დარწმუნებულია სიცილის იოგას სპეციალისტი და სიცილის ფესტივალის ორგანიზატორი მაგნო შავდია.
ყველაზე მხიარული ფესტივალი თბილისის მთაწმინდის პარკში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დღის 4 საათზე დაიწყო – ეს ის დროა, როდესაც დედაქალაქში საშინლად ცხელა და სახლიდან გასვლას ცოტა თუ ბედავს, ფუნიკულიორის სადგურის შესასვლელთან თვალუწვდენელი რიგი იდგა. როგორც იქნა, ჩემი რიგიც მოვიდა, კიბეზე ავირბინე და ფუნიკულიორის ტრამვაიში ჩავჯექი. ავდიოდი ზევით და თაკარა მზისგან გახურებული სახლის სახურავები უკან ჩამოვიტოვე. ქალაქი ხელის გულივით მოსჩანდა.
პარკში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ფესტივალის გახსნას ვერ მივუსწარი. სულ რაღაც ხუთი წუთით დავაგვიანე, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საფესტივალო მსვლელობა დისლოკაციის ადგილს დიდად დაშორებოდა. მსვლელობა დასარტყამი ინსტრუმენტის ფონზე მიმდინარეობდა. ხმას გავყევი და მალე შევუერთდი ახალგაზრდების მხიარულ და ენერგიულ კოლონას, რომელსაც სიცილის იოგას (Laughter yoga) სპეციალისტი, მაგნო შავდია ხელმძღვანელობდა. დროდადრო ახალგაზრდები ჩერდებოდნენ, ერთმანეთს მიაჩერდებოდნენ და გულიანად იცინოდნენ. მხიარული კოლონა საბოლოოდ მოედანზე შეჩერდა.
ფესტივალის წამყვანი სცენაზე ავიდა და იქ შეკრებილებს გართობის და მხიარულებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, მონაწილეთა ვიწრო წრისთვის მაგნომ, რამდენიმე საჩვენებელი ვარჯიში წარმოადგინა. მოხალისეები წრეში დააყენა და სთხოვა პინგვინები განესახიერებინათ. უფროსმა დეიდებმა და ბიძებმა პინგვინების განსახიერება დაიწყეს. მათ შემხედვარეს შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა. შემდეგ მაგნომ კიდევ ერთი ვარჯიში წარმოადგინა. საჭირო იყო წარმოსახვით ტელეფონზე დარეკვა და ხელის ყურთან მიტანა, თითქოს ტელეფონით რაღაც ძალიან სასაცილო ისტორიას, ან ანეგდოტს ისმენდნენ. მნიშვნელობა არ აქვს რას ისმენდნენ, მთავარი ის იყო, რომ გულიანად უნდა ეცინათ. თერაპიული ეფექტიც თავის მიზანს მიაღწევს და მშვიდობით დეპრესია. ერთი სიტყვით, სიცილის იოგა – სასარგებლო და შედეგიანი საქმიანობაა. ადრე თუ უმიზეზო სიცილი სიგიჟესთან ასოცირდებოდა, ახლა ეს სტრესთან გამკლავების საშუალებაა.
“12 წელი ინდოეთში ვიცხოვრე, – ყვება მანგო. – ეს თვითშემეცნების ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში მთელი სამყარო არსებობს და არსებობს ცალკე, თითქოს სხვა პლანეტაზე. ინდოეთში 1992 წელს ჩავედი, იოგათი კი ბევრად უფრო ადრე, 1978 წლიდან დავინტერესდი. იოგას შესახებ ბევრი რამ შეიძლება იცოდე, მაგრამ იმისათვის რომ მთავარი გაიგო, პროცესის შიგნით უნდა აღმოჩნდე”, – განაგრძობს მაგნო.
– ეს იგივეა, საჭმლის შესახებ ყველაფერი იცოდე და მშიერი იყო. თეორიული ცოდნა პრაქტიკით უნდა იყოს გამყარებული. ეს თვითშემეცნების უსასრულო პროცესია. იოგა გიხსნის სტრესს, მღელვარებას, ცუდ ხასიათს, ცუდ ჯანმრთელობას. ჩვენში დაბადებიდანვე ყველაფერი დადებითი არსებობს და სანამ პატარები ვართ ცხოვრება გულწრფელად და ძალიან გვიხარია. წლების მატებასთან ერთად კი ამ შესაძლებლობას ვკარგავთ.
– რა მოსდის წლების განმავლობაში პატარა ბავშვს, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს?
– ჭეშმარიტად. თითოეულ ჩვენგანში პატარა ბავშვი ცხოვრობს, მაგრამ საზოგადოება მას აბსოლუტურად უინტერესოდ აყალიბებს. მას არ აინტერესებს რამდენად მხიარულები, ან მოწყენილები ხართ. სოციუმს მხოლოდ თქვენი პროდუქტიულობა აინტერესებს. მას თქვენს მიმართ მხოლოდ სამომხმარებლო დამოკიდებულება აქვს და თქვენგან სარგებლის მიღება სურს. თუ ამას ვერ მიიღებს, ისე მოგისვრით, როგორც ნარჩენებს. საზოგადოება ინდივიდს საკუთარი წესებით ცხოვრებას აიძულებს. მთელს სამყაროში საკუთარი არსებობისთვის საფასურს ადამიანის გარდა არცერთი არსება არ იხდის.
– ძალიან რთულია ამ კონფლიქტს გაუძლო, – განაგრძობს მწვრთნელი. – იოგა მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რომელიც ამ დაპირისპირებებში გამკლავებაში გეხმარება. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში და შეუძლებელია მის წესებს არ დავემორჩილოთ. იოგა გეხმარება ამ საზოგადოებაში შენი როლი მოირგო. საზოგადოება მთლიანად გვშთანთქავს და ყველა მხრიდან სტრესი და ფსიქოლოგიური აშლილობაა. საზოგადოება სტრესში ცხოვრობს და არაჯანსაღია. ჯანსაღ საზოგადოებას კი სიყვარული ამოძრავებს.
– განა, ბუნებაში იდეალური საზოგადოება არ არსებობს? რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა?
– როდესაც იდეალურ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, აპრიორში ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია. ან შესაძლებელია, მაგრამ ძალიან შორეულ მომავალში. ჩვენ სიცილის მეშვეობით ყველა სტრესის რეგულირებას ვსწავლობთ. შედეგად, სულიერადაც და ემოციურადაც ჰარმონიაში ვართ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანმა ამისათვის რაღაც უნდა გააკეთოს. სოციუმისთვის ადამიანი პატარა ჭანჭიკია, მოვა უღირსი და მოისვრის მას. არსებობს შესაძლებლობა, გააცნობიერო ეს და ამ მანკიერ წრეს თავი დააღწიო.
ამ დროს მან თავისი ნაცნობი შეამჩნია და სიცილი დაიწყო. ორმხრივი სიცილი სამ წუთს გაგრძელდა.
“პოზიტიური ფსიქოლოგია სტრესის პროვოცირებას არ იწვევს, ის საკუთარ რესურსს იყენებს. პოზიტიური ფსიქოლოგია ამბობს, რომ ჩვენი პრობლემა სიბნელეა. გააღვიძეთ სინათლე და სიბნელე გაქრება!”, – აჯამებს სიცილის იოგას სპეციალისტი.
და ბოლოს, ჩავიხედოთ საკუთარ სულებში და გავაღვიძოთ სინათლე. ძლიერ სურვილს მატერიალიზების უნარი გააჩნია.
ეკატერინე მინასიან