ქართველი დიზაინერი შერონ მარი უკვე ექვსი წელია საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწეობს. მისი კარიერა 2011 წელს იტალიაში დაიწყო. მას შემდეგ კონტრაქტების მიხედვით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უწევს ყოფნა, მაგრამ ძირითადად პორტუგალიაში ცხოვრობს. ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და ამბობს, რომ იქ ყოფნისას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მშობლიურ ჰაერს სუნთქავს და სამშობლოს მიმართ მონატრებასაც უნეიტრალებს.
შორენა მარცვალაძეს სახელი შერონი უცხოელებმა შეარქვეს, რადგან ქართული სახელის წარმოთქმა უჭირდათ, გვარი კი თავად შეიმოკლა და ახლა “შერონ მარის” ბრენდით, მის მიერ შექმნილი სამოსო სურს საქართველოშიც იყიდებოდეს. რამდენიმე თვის წინათ თბილისში პატარა ატელიეც გახსნა და სიღერის კონკურსში “ვოისი საქართველოში” ერთ-ერთი მონაწილისთვის, ნინი სუხიტაშვილისთვის კაბა შექმნა. შერონს მიაჩია, რომ საქართველოში ნიჭიერება მანამდე არ ფასდება, სანამ ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ მიაღწევს წარმატებას, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობით ემზადება პერსონალური ჩვენებისთვის, რომელსაც სამშობლოში პირველად გამართავს.
“MedModa” Italy; “Braga Fashion Show” Portugal; “Fashion Night Porto” Portugal Porto; “Donetsk Fashion Days” Ukrain; “Uptown Fashion Week” NY – ეს იმ ჩვენებების ჩამონათვალია, რომლებშიც შერონს მონაწილეობა აქვს მიღებული. Uptown Fashion Week NY-მა კი მისი კოსტიუმი სარეკლამო ჟურნალში გამოიყენა.
შერონს საერთაშორისო დიზაინერების კონკურს “სიკანია კრეატივის” პრიზიც აქვს მოპოვებული. რამდენიმე კონკურსის ჟიურის წევრიც იყო, მათ შორის, რომის Fashion Night-ზე, სპეციალური ჟიური იყო დონეცკში მოდელების კონკურსზე. წელს კი მიიღო მიწვევა Metropolitan Fashion Week-ზე. შერონ მარის პორტფელიოთი Dior-ი დაინტერესდა.
ამბობს, რომ უცხოელებთან მუშაობამ მას პირდაპირობა ასწავლა. თუმცა, თავად მაინც ზედმეტად მგრძნობიარეა და ცდილობს არავის ატკინოს გული. უყვარს ნიჭიერ ადამინებთან ურთიერთობა და ყოველთვის მზად არის სხვებს დაეხმაროს. მაგრამ არ უყვარს უდისციპლინობა. ადამიანში აფასებს შინაგან კულტურასა და კარგ აღზრდას. მისი აზრით, წარმატებისთვის საჭიროა ადამიანმა საკუთარი ძალების ირწმუნოს. ზედმეტად პუნქტუალურია და სხვების არაპუნქტუალობა აღიზიანებს.
“ჩემზე პუნქტუალური მეეჭვება გერმანელების გარდა კიდევ ვინმე იყოს. ჩემი რთული რეჟიმისა და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქმიანი შეხვედრისას ადგილზე, ყოველთვის 15 წუთიდ ადრე ვარ ხოლმე”, – გვითხრა შერონმა.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სჯერა, თავის მიმართ მაინც კრიტიკული და მომთხოვნია. ამბობს, რომ საკუთარი ნახელავით ჯერ თავად უნდა დარჩეს კმაყოფილი და მერე წარუდგინოს საზოგადოებას. თავის ყველაზე ცუდ თვისებად კი ცვალებადობა მიაჩია: “როგორ ხასიათზე გავიღვიძებ, იმის მიხედვით წარვმართავ დღეს. ჩემს ამ თვისებას ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ ასეთი ვარო”, – გაგვენდო შერონ მარი.
პირველ აპრილს თბილისში პერსონალურ ჩვენებას გამართავს. მანამდე კი ქართველ მოდელ გოგონებს შორის იმ ერთადერთ სახეს ეძებს, რომელიც მის კოლექციას წარადგენს. კონკურსის პირველი ტური უკვე ჩაატარა და რამდენიმე მოდელზეც შეჩერდა. თუმცა, ეს საბოლოო შედეგი არ არის. ხელოვანი ძიების პროცესშია. მოდელები ჯერ მაკიაჟის გარეშე გადაიღეს, მეორე ტურში კი შერჩეულ 7 გოგონას კოსტიუმირებული ფოტოსესია ელით.
რა კრიტერიუმებით არჩევს მოდელებს და როგორ ემზადება მეტად საპასუხისმგებლო ჩვენებისთვის, ამის შესახებ Dalma News-ი თავად შერონ მარს ესაუბრა:
– ჩვენების თემად ავიღე მარლენ დიტრიხი. ეს არ იქნება ჩვენების სრული თემა, უბრალოდ ხაზი იქნება. მაქვს იმპროვიზაცია გაკეთებული, გადმოტანილი თანამედროვე ეპოქაში, რათა სამოსი იმავდროულად გაყიდვადიც იყოს.
ამჟამად ვირჩევ ტიპაჟს, რომელიც იქნება ამ კოლექციის სახე. 15 თებერვლიდან უკვე კოსტიუმების გადაღებას დავიწყებ. სასურველია ჩვენებაც იმავე მოდელმა გახსნას, რომელსაც ჩემი ბრენდის სახედ ავირჩევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინს აქცენტს ფოტოგენურობაზე გავაკეთებთ. მაგრამ თუ მოდელი 170 სმ-ზე დაბალი არ იქნება, პოდიუმზეც გამოვა და ჩვენებას გახსნის. სხვა შემთხვევაში ჩვენებისთვის კიდევ მეორე მოდელის არჩევა მომიწევს, რომელიც გახსნის და დახურავს ჩვენებას.
– როგორც ქასტინგზე ვნახე, გუნდური პრინციპით მოქმედებთ. ანუ ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება?
– რა თქმა უნდა, არა. კანდიდატურებს ფოტოგრაფებთან ერთად განვიხილავ და ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს. ეს არის გუნდი, რომელიც ეხმარება შემოქმედ ადამიანებს.
– საკმაოდ წარმატებული ხართ უცხოეთში, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენების საქართველოში გამართვა?
– რამდენიმე თვის წინათ, დიტო ცინცაძის ფონდის დასახმარებლად საქართველოში მსოფლიო მოდის ფესტივალი ჩავატარე. მოდის სფეროში მოღვაწე ძალიან ძლიერი ადამიანები მყავდა ჩამოყვანილი – “მაშინ ჩემზე დაიწყეს საუბრები, – გვაჩვენოს თავისი კოლექცია, რა აქვსო?” საქართველოში მანამდე არ მქონია წარდგენილი ჩემი კოლექცია. ამიტომ, ამ სამუშაოში მაქსიმუმს ვდებ, რომ წარმოვადგინო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა. ძალიან მინდა ამ ჩვენებიდან მივიღო იგივე ემოცია, რასაც უხცოეთში ვღებულობ ხოლმე, როდესაც აცხადებენ – “შერონ მან-Georgia”.
– ამ ჩვენების სიახლე იქნება ასევე მამაკაცის ხაზი?
– პირველად წარმოვადგენ მამაკაცის ხაზს. მანამდეც შემიკერავს მამაკაცის სამოსი, მაგრამ კოლექციის სახე არ მიმიცია. ხაზი იქნება გამოყენებადი და არა ძალიან რეტრო. რადგან მინდა, რომ საქართველოში ბრენდით შემოვიდე, მირჩევნია იყოს გაყიდვადი.
– ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველიაო. როდესაც რეტროს თემას ეჭიდები, ალბათ, ძნელია ინდივიდუალობის შენარჩუნება?
– მოდა ზუსტად ის არის, რაც არასდროს იცვლება. სინამდვილეში იცვლება მხოლოდ პატარ პატარა ხაზები, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, თარგი იგივე რჩება. ვერ ვიტყვი რომ სრულიად რეტრო იქნება ჩემი წლევანდელი კოლექცია, უბრალოდ თემა იქნება მარლენ დიტრიხის ხაზი რომელსაც XXI საუკუნის მოდას გავუთანაბრებ.
– მარლენ დიტრიხის თემიდან გამომდინარე, ალბათ, დომინანტი მაინც კლასიკური ფერები იქნება. როგორ აპირებთ ერთფეროვნებისთვის თავის არიდებას და რა კონტრასტებს შემოგვთავაზებთ?
– სწორედ მაშინ არის დიზაინერი საინტერესო, როდესაც ყველა სტანდარტს დაარღვევს და გემოვნებით ჩამოაყალიბებს და თავის იდეას გადმოსცემს. მარლენ დიტრიხის თემაზე მუშაობა, ვაღიარებ, ადვილი ნამდვილად არ არის. ეს არის ქალი, რომელმაც შექმნა ეპოქა. რა თქმა უნდა კოლექციაში იქნება კლასიკური ფერები, მაგრამ ასევე იქნება მრავალფეროვანი ქსოვილები და ფერადი აქსესუარები, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა.
– რით განსხვავდება ქართველი მომხმარებელი უცხოელისგან?
– ქართველი მომხმარებელი ძალიან პრეტენზიულია. ზოგჯერ შესაძლოა რჩევა არ მიიღონ. ამასწინათ ერთი ქალბატონი მოვიდა, – ისეთი კაბა შემიკერე, რომ მუცელი მომაშოროო. ქალბატონო, მე პლასტიკური ქირურგი კი არ ვარ თქო, -ვუპასუხე. მაინც მოვნახეთ გამოსავალი. მემგონი უკმაყოფილო არ დარჩენილა.
– როგორც ვიცი სამშობლოში მუდმივად დარჩენას არ აპირებთ, მაგრამ გახსენით საკუთარი ატელიე?
– სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით პერსპექტივას ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ მუდმივად დავრჩე. აქაურ ბომონდსაც ვერიდები. მე ვარ მხატვარი და ხელოვანი.
– უკვე მოასწარი კოსტიუმის შექმნა “ვოისის” ერთ-ერთი მონაწილესთვის.
– ნინო სუხატიშვილს ეცვა ჩემი შექმნილი კაბა. პირადად ვიმუშავე ამ კაბაზე, ყველა დეტალი სათითაოდ ხელით დავამუშავე. საჩუქრად გავუკეთე. ფული არ გამომირთმევია.
– როგორც ვიცი მუსიკალური განთლებაც გაქვთ, ვიოლონოზე უკრავდით. რა ადგილი უკავია მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?
– კი, მართალია, დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი. ჩემთვის მუსიკა შთაგონების წყაროა. ძირითადად კლასიკას ვუსმენ, როდესაც ვხატავ, ან ვქმნი კოსტუმს. თითქოს ჩემს კოსტიუმებში იგრძნობა კიდეც იმ მომენტში რა ჟანრის მუსიკას ვუსმენდი. საყვარელი მუსიკოსია Bad English. კლასიკიდან მიყვარს ვივალდის “წელიწადის დრონი”, რაღაც ქაოსს იწვევს ჩემში და ძალიან მომწონს. მუსიკის გარეშე უბრალოდ ცარიელი ვარ.
– ვიცი, რომ დამწყებით დიზაინერებს ეხმარებით…
– საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვინმე გეხმარება. როცა მე ვიწყებდი, მაშინ ვინმე რომ მყოლოდა, ვინც გვერდში დამიდგებოდა, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ყველაფერს შრომითა და ნიჭით მივაღწიე. 2008 წელს მამა დამეღუპა და მას შემდეგ მივხვდი, რომ დამუკიდებლად უნდა ვმდგარიყავი ფეხებზე. იტალიურ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავადაც მიმუშავია, რომ აღებული ფულით კოლექცია გამეკეთებინა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაზე ვარ განაწყენებული, მძიმე ცხოვრება ნამდვილად არ გამომივლია. ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა. მამიდა მყავს მხატვარი. ერთხელ მისი ნახატი მოვიპარე და გადავხატე. ეს იყო ჩემი პირველი ნახატი. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, აკადემიის ლექტორის ია ფიცხელაურის მოსწავლე ვიყავი. მისი სახელოსნოდან თითქმის არ გამოვდიოდი. გარემოცვამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
– ბუნებით ქველმოქმედი ხართ?
– ვაპირებ ჩემი ფონდის გაკეთებას, რათა უპატრონო ბავშვებს დავეხმარო. ამას ჩემი ოჯახი ექვს თვეში ერთხელ ისედაც აკეთებს, მაგრამ მინდა უფრო მასშტაბური სახე მივცე.
– რამდენად მნიშვნელოვანია სამოსში დეტალები?
– მოდა არის ერთი თარგი, რომელსაც ყველა დიზაინერი ვანგრევთ. თუმცა სტანდარტული თარგის დარღვევა არ შეიძლება, უბრალოდ ვერ ჩაიცვამს ადამიანი და ვერ გაყიდი. ძალიან მიყვარს დეტალებში ჩაღრმავება. ვერ ვიტან კონსტრუქციულ და მარტივ ხაზებს. ხელით სამუშაოებს ყოველთვის თავად ვაკეთებ. ძალიან ემოციური ვარ და სამუშაოში მაქსიმუმს ვდებ.
– საყვარელი ფერი?
– ლურჯი და ყვითელი, ვერ ვიტან ბორდოს ფერს, თუმცა, კოლექციებში გამოყენებული მაქვს. დიზანერს კონტრასტები სჭირდება. საყვარელი ფერები კი რატომღაც კოლექციებში ნაკლებად მაქვს გამოყენებული. იმიტომ, რომ ძირითადად ვითვალისწინებ გაყიდვას, რაც მოთხოვნადია. საქართველოში ბოლო ხანებში ძალიან მოთხოვნადია ყვითელი ფერი.
– ამბობენ, საქართველოში შავი და ნაცრისფერი სამოსი უყვართო…
– თაობას გააჩნია. საქართველო ძალიან ნაცრისფერია და ეს არაერთხელ მითქვამს. ეს მოსაბეზრებელია.
– ეროვნული თემა თქვენს შემოქმედებაში?
– ძალიან მომწონს ეროვნული სამოსი. არ არის მარტივი იმუშაო ქართულ თემაზე. ჩვენებაზე მეცმევა კოსტუმი ქართული ელემენტებით. თუმცა, ეროვნული ხაზის კოლექციაში გამოყენება ყველაზე მარტივად მიმაჩნია. მე ვარ ქართველი და სხვაზე კარგად ვიცი ქართული კონსტიუმის იმპროვიზაცია. მაშინ ხარ მაგარი, როდესაც არ იცნობ ქვეყნის კულტურას და ქმნი იმათ ხაზს. თუნდაც მარლენ დიტრიხის თემა, ეს არ არის სახუმარო. დიტრიხს თუ დავურღვევ ხაზს, წარუმატებელი ვიქნები.
– გამოდის საკუთარ თავს უწყობთ გამოცდას?
– მთელი ცხოვრება ასე ვარ. დრო მოვიდა, ჩემი ფინანსები ჩავდო ჩემს ჩვენებაში, ჩემს ქვეყანაში.
– თქვენი ფასები თუ იქნება მორგებული საქართველოს მომხმარებლის ჯიბეზე?
– ფასები აბსოლუტურად მორგებული მაქვს. სანამ ატელიეს გავხსნიდი, ქართული ხელნაკეთების ლამის ყველა მაღაზია მოვიარე. გავეცანი საერთო მდგომარეობას. გავოგნდი ფასებით. ჩვეულებრივი თექის პანამაზე ყვავილი იყო მიკერებული და 150 ლარი ღირდა. მე მაქსიმუმ 30 ლარი დამიჯდეს.
– დაბალი ფასების გამო თქვენი სამოსი მასობრივი რომ გახდეს?
– ვერ გახდება. მანდაც მარკეტინგული გათვლები მოქმედებს. დაპატენტებული მაქვს. თუ მომპარავენ კარგი იქნება, ბევრ ფულს მოვიგებ…
ესაუბრა შორენა პაპაშვილი