11 წლის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად, 2019 წლის 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, შუამავალს წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, გაზეთ “კომერსანტს” ინტერვიუ, სავარაუდოდ, აღნიშნულ შეხვედრამდე მისცა, რომელიც ასევე, 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. სხვა თემებს შორის, ინტერვიუში მინისტრი საქართველო-რუსეთის შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებზეც საუბრობს და რამდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას აკეთებს, რაც ქართველი ექსპერტების შეფასებით, საყურადღებოა. მათი აზრით, ლავროვის განცხადებები, თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული საერთო განწყობის გამომხატველად.

კითხვაზე, ახლო მომავალში მოსალოდნელია თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ “პირდაპირი ავიარეისების აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა”.

სერგეი ლავროვი

20-21 ივნისის მოვლენების, კერძოდ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა შეწყვიტა. შედეგად, პრობლემა შეექმნათ რუს ტურისტებს და მათი ნაწილი, იძულებული გახდა, შვებულებების სეზონზე საქართველოში, მესამე ქვეყნის გავლით შემოსულიყო, ხოლო ნაწილმა ბილეთები გააუქმა.

“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული გამოხტომის კონტრპროდუქტიულობა, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, როცა იქ, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა იმართებოდა. ოპოზიციამ მაშინ, უხამსად ჩაშალა ეს ღონისძიება, თანაც რუსეთი დაადანაშაულა, თითქოს ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები რუსოფობიური კამპანიის გასაღვივებლად. მაგრამ იქ არაფერი იყო გარდა, წინასწარ მომზადებული პლაკატებით, საპროტესტოდ განწყობილი ბრბოს მიერ ჩაშლილი პროცედურისა. ამ რუსოფობიური ისტერიის მიზეზი არ ყოფილა ამ დარბაზში რუსეთის დელეგაციის დაგეგმილი გამოჩენა. მე ყოველთვის ვიყავი საქართველოსთან მეგობრობის მომხრე”, – აცხადებს ინტერვიუში სერგეი ლავროვი.

იგი ასევე საუბრობს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე და განმარტავს, რომ 2019 წელს, მოსკოვს უკვე მომზადებული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტი, მაგრამ ივნისის მოვლენებმა ყველაფერი უკან მოისროლა.

“ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ამაზე წავიდოდით, იმისთვის რომ განვითარდეს ტურიზმი, ხალხებს შორის დამყარდეს კონტაქტები”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ექსპერტები…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ლავროვის ინტერვიუ შემთხვევით არ გამოქვეყნდა სწორედ ახლა, როცა 11 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს იყო საქართველოს უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციაც. ასევე, მათი დაჟინებული რეკომენდაციაა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგი გაიმართოს.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვი თავის ინტერვიუში, საქართველოზე ოდნავ შერბილებულ ტონში საუბრობს.

გია აბაშიძე

“ეს იყო ცოტათი შერბილებული ტონი. პარტია “ქართული ოცნება” 2012 წელს, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში. უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკი, ასევე, დაჰპირდა უკრაინის მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით. უკრაინამ მოკლე ვადებში წაიწია წინ, სამწუხაროდ “ქართულმა ოცნებამ” მეშვიდე წელს გააცნობიერა, რომ თურმე მეტია გასაკეთებელი ხანგრძლივი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც არჩევნების შედეგად ხელისუფლებებში ის პოლიტიკური ძალა მოვიდა, რომელიც მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას დაჰპირდა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა. მაგრამ სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება”, მთელი ამ წლების განმავლობაში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული ბულინგის მსხვერპლია და ვერ ბედავს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის თემის წამოწევას, იმის შიშით, რომ ეს პრორუსულ ორიენტაციად არ შეფასდეს.

“არ შეიძლება რუსეთუმობაზე საუბრობდეს “ნაცმოძრაობა”, რომელი პოლიტიკური ძალას არის 2008 წლის, საქართველო-რუსეთის ომის თანამონაწილე”, – მიაჩნია გია აბაშიძეს.

რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას რაც შეეხება, გია აბაშიძის თქმით, ეს საკითხი მთლიანად კრემლის გადასაწყვეტია. მათ თავად გააუქმეს ავიამიმოსვლა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ აღადგინონ იგი.

“რუსეთთან, ჩვენი მთავარი პრიორიტეტული საკითხები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. “ქართული ოცნების” პირობებში მხოლოდ “კარასინი-აბაშიძის ფორმატის” შექმნა მოხერხდა. თუმცა ვხედავ მზადყოფნას, როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის მხრიდან, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. მოლაპარაკებებზე წასვლას არ ნიშნავს პრორუსულ ორიენტაციას. პრორუსულობაა პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ინტერესების გატარება. “ქართულმა ოცნებამ” ცოტა დააგვიანა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისი აზრით, მოსკოვმა, ე.წ გავრილოვის მოვლენების ზედმეტად დრამატიზება მოახდინა. 20 -21 ივნისის მოვლენების გამო, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსება გააპროტესტა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაისმა მოწოდებები, რომ პრეზიდენტ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა. დღეს კი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისგან აღმოცენებული “ევროპული საქართველო” მმართველ პარტიას რუსეთისთვის კონტრსანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. რაც, ანალიტიკოსის შეფასებით, დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ეფექტი არ გამოიღო ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმაც.

“დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. როგორ შეიძლება სანქციებზე ვისაუბროთ, როცა უკრაინის მოვლენების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის ეკონომიკაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციები განახორციელეს. დასავლეთი არ ამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ”, – აცხადებს გია აბაშიძე.

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, ლავროვის ინტერვიუში ყურადღებას რამდენიმე დეტალზე ამახვილებს, მათ შორის იმ ადგილზე, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი “შერაცხად პოლიტიკოსებზე” საუბრობს.

პეტრე მამრაძე

“შერაცხად პოლიტიკოსებში” ლავროვი გულისხმობს ყველას, ვინც “სააკაშვილის მსგავსად, სულ ცოტა, გიჟი არ არის, ვინც მოსკოვში ჩადის მოლაპარაკებებზე და ამომრჩეველს ჰპირდებიან, მათი არჩევის შემთხვევაში კრემლთან პრობლემურ საკითხებს მოაგვარებს, რაც ეროვნული ინტერესებით სპეკულაციაა. ქართულ-რუსული ურთიერთობები მანამდე არ მოგვარდება, სანამ ამას რუსეთი არ ისურვებს”, – მიაჩნია პეტრე მამრაძეს.

მისივე თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტით საქართველო ეკონომკურად მეტად დაზარალდა ვიდრე რუსეთი, თუმცა ამ უკანასკნელმა პოლიტიკური ზარალი მიიღო.

“ავიამიმოსვლის შეწყვეტით რუსული ბიზნესისთვის მიყენებული ზარალი ზღვაში წვეთია, მაგრამ საქართველოში, მცირე სასტუმროების მფლობელებისგან მომისმენია, რომ ძალიან იზარალეს, როგორც თბილისში, ისე ზღვისპირეთში. საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდიოდა სხვა ქვეყნების გავლით. როდესაც სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან და რუსეთის ლანძღვა-გინების უწყვეტი ნიაღვარი შეწყდა; მისი მუქარა, რომ ისევ შეუტევდა აფხაზეთსა და ცხინვალს, აღარ ისმოდა მაღალი ტრიბუნიდან და “აბაშიძე-კარასინის ფორმატმა” ბევრად ეფექტიანად იმუშავა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, ჩვენ მივიღეთ ის, რომ თუ მანამდე რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცხადებდა, რომ საქართველო რუსეთის ნომერ მეორე მტერია აშშ-ს შემდეგო, ეს ვითარება შეიცვალა და დღეს, ადამიანების 8% თუ მიიჩნევს საქართველოს მტრად. რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი უყურებს ქართველებს, როგორც მეგობარ ერს. რუსეთის ქალაქებში ქართული კულტურის კვირეულები იმართება, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

რაც შეეხება გავრილოვის თემას, ქართველი პოლიტოლოგი იზიარებს რუსი მინისტრის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის მოვლენები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დადგმული პროვოკაცია იყო და ის ყველა შემთხვევაში იმუშავებდა, განურჩევლად იმისა, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსდებოდა თუ პრეზიდიუმში.

პეტრე მამრაძის თქმით, ამ კონკრეტული დელეგაციის თავმჯდომარე რუსეთი იყო და მათ ეს ადგილი პროტოკოლით ეკუთვნოდათ. სხვა საკითხია, რატომ შეირჩა შეხვედრისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზი და არა ნებისმიერი სხვა შენობა, მით უმეტეს, რომ კონფერენციის წესდება, სულაც არ ითვალისწინებდა ამ შეხვედრის პარლამენტის დარბაზში გამართვას.

“დეპუტატ ელენე ხოშტარიას ყოველ დღეს ჩანთით დააქვს ის ვეებერთელა დროშა, რომელშიც იმ დღეს გაეხვია? მაგრამ ეს არ ამართლებს “ოცნების” პოლიტიკურ იდიოტიზმს. ნაციონალების მიზანია, ყველაფერზე მოითბონ ხელი, რაც ცუდი იქნება საქართველოსთვის. მათ შორის რუსეთისთვის კონტრსანქციების დაწესებაზე. შედეგი კი, რაც ამას მოსკოვის მხრიდან მოჰყვება, ისევ საქართველოს დააზარალებს”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

საქართველოსა და რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრების, ზალკალიანისა და ლავროვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა ნოემბერში აღდგება.

შორენა პაპაშვილი