ზოგიერთი კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის გაძვირება საქართველოს მოსახლეობას არ შეეხება. ამის შესახებ სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქეთევან ბერიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, SOCAR Georgia Gas-ის (აზერბაიჯანის სახნავთკომპანია) კომერციული მომხმარებლებისათვის გაზის ტარიფს მათთან შეთანხმების მიხედვით აწესებს, ხოლო მოსახლეობისათვის ტარიფების შესაცვლელად საჭიროა საქართველოს ენერგომომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობა.
“ბუნებრივი აირის ფასების უნიფიკაციის მიზნით საჭირო გახდა მათი კორექტირება SOCAR Georgia Gas-ის კომერციული სექტორის მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფისათვის”, – განმარტეს კომპანიაში და დასძინეს, რომ ფასების ცვლილება არ შეეხებათ პურის ქარხნებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.
“Новости-Грузия“-ს ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზრდება SOCAR Georgia Gas-ის იმ კომერციული მომხმარებლებისათვის, რომლებიც შეთანხმების თანახმად, ერთ კუბამეტრზე 0,84 ლარზე ნაკლებს (დაახლოებით 0,35$) იხდიდნენ. ამიერიდან ისინი ზუსტად 0,84 ლარს გადაიხდიან.