რამდენად თანაბარია საქართველოს ურთიერთობა უახლოეს მეზობლებთან -თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლებიც არაერთი ერთობლივი პროექტის წყალობით სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ? ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეს საკითხი დიდი ხანია აწუხებს. საგანგაშო განწყობას ზემოთ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორების ცალკეული ქმედებები და განცხადებები ამყარებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში საკუთარი, ხშირად ურთიერთიდენტური ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები.
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობის სიფხიზლე ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ მ. სააკაშვილის დროს შეინიშნებოდა, როდესაც ქვეყანაში, განსაკუთრებით თურქეთის საზღვართან ახლოს – აჭარაში, მთელი რიგი მეჩეთების მშენებლობა დაიწყო. თურქი ინვესტორები და თურქული კომპანიები აქტიურად ითვისებდნენ და ახლაც განაგრძობენ საქართველოს შიდა ბაზრის სხვადასხვა სექტორის დაპყრობას. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და საქართველოში თურქეთის ექსპანსიის გეგმის ნაწილია. დროდადრო საპროტესტო აქციები ეწყობოდა და, ხან თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მდებარე თურქული კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების არსებობას, ხან აჭარაში მეჩეთების მშენებლობას აპროტესტებდნენ.
მიმდინარე წელს, ყველაზე რეზონანსული და მასშტაბური იყო თურქული კომპანია ENKA-ს მიერ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია. მოსახლეობა ერთი მხრივ, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს, რადგან ამან შესაძლოა ბუნებრივი რესურსების განადგურება გამოიწვიოს, მეორე მხრივ – აღნიშნული პროექტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ თურქი ინვესტორისთვის 576 ჰა.მიწის 99 წლით გადაცემას.
რამდენად საფუძვლიანია საქართველოს იმ მოქალაქეების შეშფოთება, რომლებსაც ე.წ. თურქული ექსპანსიის ეშინიათ, ამის შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტი, ალექსანდრე კვახაძე ესაუბრა.
— ბოლო დროს, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე, საქართველოში თურქული ფაქტორის გაძლიერებაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. სად არის მითი და სად – რეალობა?
— საქართველოში თურქული გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს. ეს პირველ რიგში,ყარსის შეთანხმებას უკავშირდება. საქართველოში საკმაოდ აქტიურია წარმოდგენა იმაზე, რომ თურქეთი სერიოზულად ცდილობს საქართველოს, რაღაც ნაწილის, განსაკუთრებით აჭარის ანექსიას. ასეთი მითები არსებობს, მაგრამ მითი ერთია, რეალობა კი – სხვა.
— რეალობა როგორია?
— რაც შეეხება რეალობას, ის შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. ეს არის ორმხრივი ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის, ანუ სახელმწიფოთაშორისი დონე, რომელიც ასევე მოიცავს არაფორმალურ და საქმიან კონტაქტებს, რომლებშიც ხვდება ტრანზიტი, რელიგიური კონტაქტები და ა.შ….
— როგორ აფასებთ თურქეთის და აზერბაიჯანის გავლენას საქართველოზე და რა დადებით და უარყოფით მხარეს ხედავთ?
— პირველ რიგში, გამოვყოფ ეკონომიკურ სფეროს, სადაც თურქეთსა და საქართველოს შორის უზარმაზარი დისბალანსია, მათ შორის, სავაჭრო თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, თურქეთის იმპორტი საქართველოს ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, რაც შეეხება ექსპორტს, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, ტექსტილის თურქული ქარხნების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის ტენდენცია შეინიშნება. ვნახეთ,რომ თურქულმა კომპანიამ “აჭარა ტექსტილმა” თავისი წარმომადგენლობები და ქარხნები, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ რუსთავში და ფოთშიც გახსნა. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა თურქული კომპანიებიც მოქმედებს, რის შედეგადაც ყოველწლიურად ტექსტილის პროდუქციის ექსპორტი იზრდება.
გარდა ამისა, თურქული კაპიტალი, განსაკუთრებით ბათუმში, სათამაშო ბიზნესშია ჩადებული. მოგეხსენებათ, თურქეთში კაზინოები და სხვა სათამაშო დაწესებულებები აკრძალულია და თურქეთის მრავალი მდიდარი მოქალაქე, განსაკუთრებით შავი ზღვის ქალაქების მცხოვრებლები, აქტიურად სტუმრობენ ბათუმს. ეს ქალაქი თურქეთისთვის ერთგვარ სათამაშო კერად იქცა.
საქართველოსა და თურქეთს ელექტროენერგიის სფეროში სერიოზული თანამშრომლობა აკავშირებთ. მოგეხსენებათ, აშენდა და ფუნქციონირებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველო და თურქეთი ელექტროენერგიას ცვლიან. საუბარი, თითქოს საქართველო თურქეთს ელ.ენერგიას უფასოდ აძლევს და სამაგიეროდ არაფერს მიიღებს – მითია. ზაფხულის სეზონზე, როდესაც საქართველო დამატებით მეგავატებს აწარმოებს, თურქეთში ექსპორტზე გააქვს, ხოლო ზამთარში, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტია, იმავე ელექტროგადამცემი ხაზებით ელექტროენერგიას თურქეთიდან ყიდულობს.
— როგორ შეაფასებთ საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობას?
— რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი საქართველოში, პირველ რიგში, კომპანია “სოკარით” არის წარმოდგენილი, რომელიც ადგილობრივ აბონენტებს ბუნებრივი აირით ამარაგებს. ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, დღეს აზერბაიჯანი და “SOCAR”-ი ეს არის ერთადერთი საიმედო მომწოდებელი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ აირს ხელმისაწვდომი ფასად აწვდის.
აზერბაიჯანი სხვა სფეროებშიც არის წარმოდგენილი, ძირითადად, “SOCAR”-ის სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.
ამ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციებია, რომლებიც თურქეთს აზერბაიჯანთან საქართველოს გავლით აკავშირებს. ესენია: ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენები.
— რას ფიქრობთ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე? ისინი, მათ შორის თურქი ინვესტორის წინააღმდეგაც არის მიმართული…
— რაც შეეხება ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს, აქ ორ ასპექტს ვხედავ. პირველი – ეს არის პროტესტი სწორედ დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. დღემდე, ნებისმიერი ინვესტორი, არა მხოლოდ თურქი, ქართველიც, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სერიოზულ პროტესტს ხვდება, თუნდაც ეს მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იყოს. მეორე ასპექტი ისაა, რომ ჰესს თურქული კომპანია აშენებს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს მოწინააღმდეგეთა რიტორიკას.
სხვათა შორის, ნამახვანჰესი პირველი სადგური არ არის, რომელსაც საქართველოში თურქეთი აშენებს. მაგალითად, ფარავნის ჰესი – ახალქალაქის და ასპინძის რაიონებში – თურქული კომპანიის მიერ აშენებული საკმაოდ დიდი სადგურია. მაგრამ ის მითები, რომლებიც ამ რეგიონში სადგურის მშენებლობის დროს გავრცელდა, თითქოს თურქეთი იქ მეჩეთებს აშენებდა და თურქი მოსახლეობის დასახელებას აპირებდა, არ გამართლდა. ფარავნის ჰესზე ძირითადად ადგილობრივი კადრებია დასაქმებული, რამდენიმე თურქი ოპერატორის გარდა. ასე რომ, ესეც მითი აღმოჩნდა.
— საერთო ჯამში, როგორ დაახასიათებთ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და მის ურთიერთობას ორ სტრატეგიულ მეზობელთან?
— საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სასაქონლო ბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის იზრდება და ამაში ბევრი დადებითია, რადგან სასაქონლო ბრუნვის ზრდა ყოველთვის სასარგებლოა. მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველო მეზობლებზე დამოკიდებული ხდება. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, რადგან ქვეყანას გაზის ალტერნატიული წყარო არ აქვს.
კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი – ეს არის საქართველოს და თურქეთს შორის უდიდესი სავაჭრო დისბალანსი. თურქული იმპორტი ქართულ ექსპორტს ბევრად აღემატება. ასეთი დიდი სხვაობა საქართველოს სხვა ქვეყანასთან არ აქვს. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი თავის მხრივ, ასევე არიან საქართველოზე დამოკიდებულები, როგორც ენერგომატარებლების ტრანზიტის, ისე სავაჭრო და სახმელეთო გზის თვალსაზრისით, რადგან ამ ქვეყნების ურთიერთდამაკავშირებელი ძირითადი გზები და მილსადენები საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ირინა ხაჩიძე (თბილისი)