2015 წლის ზაფხულის სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა, კერძოდ, აგვისტოში საქართველოს 852 377 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 2% -ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვიც, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დრო დაჰყვეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2015 წლის აგვისტოსა და ზოგადად, ზაფხულის სეზონის ტურიზმის შემაჯამებელი სტატისტიკა წარმოადგინა, რომელიც ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მაჩვენებლებს.
ჩოგოვაძის თქმით, 2015 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს 2086831 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია, მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით 2.4%-ით არის გაზრდილი.
რვა თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩეოდა ლიტვა (+21%), ჩეხეთი (+20%), ლატვია (+14), გერმანია (+12%), იტალია (+10%), გაერთიანებული სამეფო (+10%), ნიდერლანდები (+10%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საემიროები (+766%), საუდის არაბეთი (+75%), ბელარუსი (+54%), ყაზახეთი (+36%), მოლდოვა (+35%)”.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აგვისტოში ზრდის თვალსაზრისით გამორჩეოდა არაბთა გაერთიანებული საემიროები (+761%), ისრაელი (+42), ბელარუსი (+69%), ყაზახეთი (+50%), ომანი (+1036%) და ესპანეთი (+87%).
ჩოგოვაძის თქმით, ტურიზმი თამაშობდა და ითამაშებს დიდ როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში/