საქართველოში დაიწყო პირველადი მოხმარების პროდუქტების მაღალი ფასების მიზეზების სისტემური განხილვა. მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები საზღვრიდან სავაჭრო დახლამდე არსებულ ჯაჭვში გადაჭარბებული ზედნადების შესახებ, რომელიც პირველადი კვლევების მონაცემებით, საშუალოდ 86%-ს აღწევს. ხელისუფლება აცხადებს ფასების ფორმირების მექანიზმის დეტალურად შესწავლისა და ყველა არსებული ბერკეტის გამოყენების განზრახვის შესახებ ფასების შესამცირებლად.

მთავრობის პოზიცია: „ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაბალანსებული”

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეჭვქვეშ არ აყენებს ბიზნესის უფლებას, იმოქმედოს საკუთარი ეკონომიკური მოსაზრებების შესაბამისად, თუმცა ფასებთან დაკავშირებულ საკითხებში მოქმედებაში შედის სოციალური ფაქტორი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები. გვინდა, რომ ყველამ ერთად იზრუნოს მოქალაქეთა ინტერესებზე და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს ფასების შემცირებას“, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე

კობახიძის თქმით, ანალიზმა აჩვენა, რომ ძირითადი ზედნადები უკვე ქვეყნის შიგნით — საზღვრიდან სავაჭრო დახლამდე — ყალიბდება. მან მოიყვანა შედარებითი მაგალითი გერმანიიდან, სადაც საბითუმო ბაზრიდან დახლამდე სტანდარტული ზედნადები 20–30%-ს შეადგენს.

„ასეთ პირობებში 86% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ ზედნადებიდან 44% მოდის სწორედ დისტრიბუციაზე, შედარებით მცირე წილი — ქსელურ მარკეტებზე“, — აღნიშნა მან.

კობახიძემ ასევე დასძინა, რომ რიგ შემთხვევებში საქართველოში ფასები 50%-ით ან თუნდაც ორჯერ-სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.

დისტრიბუტორებისა და ბიზნესის არგუმენტები: ქსელური მარკეტების მხრიდან ზეწოლა

თავის მხრივ, დისტრიბუტორული სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ საცალო ქსელების მიერ შექმნილ დამატებით ფინანსურ ტვირთზე. საქართველოს დისტრიბუტორების ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა, რომ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია იმ პირობებთან, რომელთაც ქსელური მარკეტები კარნახობენ.

ლაშა რიჟამაძე

„დისტრიბუტორების ასოციაცია მრავალი წლის განმავლობაში აყენებდა იმ პრობლემებს, რომელთა განხილვისთვისაც სექტორის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ. ვიმედოვნებთ, რომ ის საკითხები, რომელზეც, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა თავის განცხადებაში მიუთითა, კერძოდ, საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემური ასპექტები, გადაწყდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ისე, რომ არც ერთი ბიზნეს-სუბიექტი არ დაზარალდეს და ამას დადებითი გავლენა ჰქონდეს ფასებსა და ფასდამკვიდრებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პრობლემების გარდა არსებობს კიდევ მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ფასებზე, და აუცილებელია კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა“, — განაცხადა მან მთავრობის ადმინისტრაციაში დისტრიბუტორული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქსელური სუპერმარკეტების მიერ დაწესებული მოსაკრებლები რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა, დისტრიბუტორულ სექტორს მიეცემა საშუალება გაათავისუფლოს რესურსები და შეამციროს ხარჯები, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ფასებზე.

„ეს ეხება არა მხოლოდ დისტრიბუტორებს, არამედ მწარმოებლებსაც. ყოველი დამატებითი ხარჯი, რომელსაც ქსელური მაღაზიები აკისრებენ, ფასზე აისახება. თუ ეს ყველაფერი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის ჩარჩოებში დარეგულირდება, საბოლოო ეფექტი ფასებისთვის დადებითი იქნება“, — განაცხადა რიჟამაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დისტრიბუტორები და ადგილობრივი მწარმოებლები იძულებულნი არიან დაეთანხმონ ქსელური სუპერმარკეტების მიერ ნაკარნახევ პირობებს: ე.წ. ქეშბექი, შესვლის საფასური, პროდუქციის თაროზე განთავსების საფასური და სხვა დამატებითი ხარჯები, რომლებიც საბოლოოდ ფასში აისახება.

აკაკი ახვლედიანი

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დისტრიბუტორული კომპანიის „მზიური“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმაც დაადასტურა, რომ ფასების შემცირების პოტენციალი არსებობს.

„ფასები ერთი მხარის პრობლემა არ არის. ბიზნესში ფასდამკვიდრება უფრო რთულად არის მოწყობილი, რადგან მოიცავს ლოჯისტიკურ და სხვა ხარჯებს. მიუხედავად ამისა, ფასების შემცირება შესაძლებელია“, — განაცხადა მან.

მთავრობის ადმინისტრაცია: შედეგები — აპრილის ბოლომდე

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ კომისიის ამოცანა დეკლარაციული განცხადებები კი არა, არამედ ფასების ფორმირების მთელი ჯაჭვის დეტალური და გამჭვირვალე შესწავლაა.

„გვინდა ზუსტად გამოვიკვლიოთ, რატომ ყალიბდება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ასეთი ზედნადები და ამის შემდეგ გამოვიყენოთ ყველა არსებული ბერკეტი. ჩვენი მთავარი მიზანი ფასების შემცირებაა“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანი

მან აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში ერთსა და იმავე ევროპულ და ქართულ ქსელში იდენტური საქონლის ფასი სამჯერ განსხვავდება, რაც, მისი თქმით, „არანაირი ლოგიკით არ აიხსნება“. ეკონომიკის სამინისტროს პირველადი კვლევის მონაცემებით, ცალკეულ შემთხვევებში ზედნადები 150%-ს აღწევს, საშუალო მაჩვენებლის — 86% — პირობებში.

ჟორჟოლიანის თქმით, ხელშესახები შედეგები აპრილის ბოლომდეა მოსალოდნელი, თუმცა ფასების შემცირება შესაძლოა უფრო ადრეაც მოხდეს. კომისიის მუშაობა მოიცავს არა მხოლოდ სურსათს, არამედ მედიკამენტებსა და საწვავსაც.

სუს-ის ფაქტორი: ფასდამკვიდრების შესწავლა

სიტუაციას დამატებითი რეზონანსი შესძინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართვამ. სუს-ში განმარტეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ფასების ფორმირების პროცესი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რიგ კომპანიებს სთხოვენ დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს.

„სხვა ფინანსური საკითხებით ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების საგანს“, — განაცხადეს სუს-ში.

ამგვარად, საქართველოში მაღალი ფასების საკითხი საჯარო დისკუსიების სივრციდან ინსტიტუციური ანალიზის ფორმატში გადავიდა, სადაც სახელმწიფო, ბიზნესი და კონტროლირებადი ორგანოები ცდილობენ დაადგინონ, ზუსტად სად წარმოიშობა დისბალანსი — და შესაძლებელია თუ არა მისი აღმოფხვრა საბაზრო მექანიზმებისთვის ზიანის გარეშე.