საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი სტუმარი სააგენტოს მიერ ბრენდირებული ღვინით უკვე მესამედ დასაჩუქრდება.
საქართველოში ფუნქციონირებად საერთაშორისო აეროპორტებში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით უცხო ქვეყნის მოქალაქეები 2012 წლის დაძველების საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული წითელი მშრალი ღვინის დაჭაშნიკებას შეძლებენ და საერთო ჯამში, ვიზიტორებს სააგენტოს სახელით სპეციალური ეტიკეტით დამზადებული ქართული წარმოების 60 000-მდე ღვინის ბოთლი გადაეცემათ.
აღნიშნულ ეტიკეტზე ქართული ღვინის წარმოების კულტურისა და ძირძველი ტრადიციების გასაცნობად დატანილია მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები ვაზის კულტურის შესახებ, რაც თავის მხრივ, ქართული ვაზისა და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით ინტერესის გაღვივებას ემსახურება.
აღნიშნული კამპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
როგორც მეწარმეობის სააგენტოში აცხადებენ, კამპანია ხელს უწყობს საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას. ამავდროულად, აუმჯობესებს გარემოს საქართველოს სავაჭრო პერსპექტივების გაფართოების კუთხით და ხელს უწყობს ქვეყნის იმიჯის დადებითად წარმოჩენას.