მუშტი-კრივით დაიწყო პარლამენტში 15 მარტს „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საკომიტეტო განხილვა, რაც ქუჩის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. საქართველოს დასავლელი პარტნიორები კვლავ უკმაყოფილონი არიან და ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევას ურჩევენ.
არასამთავრობო სექტორისა და მედიაგამოცემებისთვის უცხო ქვეყნიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით 2 კანონპროექტი “ხალხის ძალამ” პარლამენტს ერთი წლის წინ წარუდგინა. მაშინ ამას ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური და მწვავე პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის ავტორი ამჯერად „ქართული ოცნებაა“. ტექსტის შინაარსი უცვლელია. უცვლელია ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის განწყობაც, მათთვის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ „რუსული კანონია“, რომლის მიღებაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაასამარებს.
დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო და ოპოზიციას კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის კანონი რუსული? ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობა კონსტრუქციულ დებატებს თავს არიდებდნენ. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ საკომიტეტო მოსმენა უნდა ჩაშლილიყო. ალბათ, ამ გეგმის ნაწილი იყო ინციდენტიც, რაც იმ დღეს პარლამენტში მოხდა.
კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს მოულოდნელად სახეში მუშტი იმ დროს დაარტყა, როცა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა და კანონპროექტს წარადგენდა. ინციდენტი დასრულდა იმით, რომ დარბაზში მყოფმა „ოცნების“ დეპუტატებმა ელისაშვილს სცემეს და პარლამენტის შენობა დაატოვებინეს.
ამის შემდეგ, ელისაშვილი პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მანიფესტანტებს შეუერთდა. ძალადობრივი ქმედება იმით გაამართლა, რომ „ოცნება“ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს.
„შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწვანეაო. ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი მიგვათრევენ რუსეთში“… – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.
ის დღე თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების მასშტაბური საპროტესტო აქციით დასრულდა. მეორე დღეს კი პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი ქუჩის პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მიიღო – 83 ხმა 50-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე კიდევ 2 მოსმენაა საჭირო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს აანონსებს, “ოცნების” ლიდერები კი, მისი ვეტოს დაძლევის მზადყოფნას გამოთქვამენ. მანამდე კი, დედაქალაქის ქუჩებში არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი აქტივისტები სხვადასხვა აქცია-მსვლელობებს მართავენ.
აღსანიშნავია, რომ 15-16 მარტს, როდესაც კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრიდა კენჭს, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღის ბოლოს, დაშავებულები იყვნენ როგორც მანიფესტანტებს, ისე პოლიციის თანამშრომლებს შორის.
საპროტესტო აქციის სათავეში ნელ-ნელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი სახეები მოექცნენ: ნიკა მელია, გიგი უგულავა, ნიკა გვარამია, ლევან ხაბეიშვილი და ახლა უკვე, მათთან ერთად, ალეკო ელისაშვილიც. პოლიტიკური ლიდერები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ პოლიციის მიმართ.
2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. 6-თვეში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩნდება კითხვა, რაში დასჭირდა „ოცნებას“ „გამჭვირვალობის კანონის“ უკან შემობრუნება, მაშინ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო?
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათი კანონი რუსული კი არა, ქართულია და მისი მიღება სწორედ ახლა არის საჭირო. მათივე თქმით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ უცხოელი დონორების ფულით, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ხელისუფლების საწინააღმდეგო პროცესები – რევოლუციური სცენარი ფინანსდება.
ამასობაში ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით. კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ გააკეთა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.
ფეისბუქგვერდი „პოლიტიკური აბსურდი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი აქციების დასაფინანსებლად მაის-ოქტომბერში ევროპული და ამერიკული სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე სოლიდური თანხა უნდა ჩარიცხულიყო, რომელიც მოხმარდებოდა სტუდენტ–ახალგაზრდობის, ე.წ. აქტივისტების მოსყიდვას, გადაბირებას, დასვენების ხარჯებს, მათ ტრენინგებს.
„აშშ- ს საელჩომ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიის რეგიონულმა მმართველობამ კარგად უწყის, რომ ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციური ძალა პირწმინდად მარცხდება და “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავ იბრუნებს, ამიტომ, მათ არჩევნებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ “რუსეთის ჩარევის” და “არჩევნების გაყალბების მოტივით ” განიზრახეს მზადება რევოლუციური სცენარისთვის. კანონის ინიციირებით “ქართულმა ოცნებამ” დაასწრო და განსახილველად კვლავ წარადგინა პირველი ვერსიისგან მეტად შერბილებული კანონი“, – იტყობინება აღნიშნული გვერდი.
მათივე ვერსიით, პოლიციისთვის “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელი, მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისის მიმართ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი არის პირდაპირი წახალისება მსგავსი ქმედების ჩამდენი ადამიანებისათვის. თავად ზურაბიშვილს აშშ-ან უკვე მისცეს გარანტია, რომ მათთვის სასურველი პარლამენტი ნოემბერში მას კვლავ პრეზიდენტად დაამტკიცებს.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „ხალხის ძალამაც”. ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების აზრით, საქართველოს „მეგობრები“ „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით ისევ ხელის გადაწევის პრინციპით მოქმედებენ. ერთი წლის წინ საბაბად სიტყვა „აგენტს“ იშველიებდნენ, ახლა კი სათქმელიც აღარაფერი აქვთ.
„არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამერიკას 30 წლის მანძილზე საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დახარჯული. ამაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად კელი დეგნანს უყვარდა. არაერთგზის დასმული კითხვის მიუხედავად, დღემდე არ გვეუბნებიან, ეს ფული რაში დახარჯეს? ვისაც სახელმწიფოს არსი ესმის, იოლად დაგვეთანხმება, რომ ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხად თუ გრანტად გასცემს, ორმაგი მოგების მიღებაზე გათვლილი კაპიტალდაბანდებაა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. როგორც კი ფინანსებს გაშიფრავენ, ქართული საზოგადოება ზუსტად გაიგებს, სინამდვილეში, რა მოხმარდა ქვეყნის განვითარებას და რა მოგება ნახა ფულის გამცემმა“, – ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის აზრით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან სარისკო თამაშში ერთვება. არსებულ ვითარებაში და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება (იგულისხმება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა), უარყოფითი რეპუტაციის მქონე კანონის მიღება სახიფათოა.
მისთვის გაუგებარია, რა მიზანს ისახავს “ქართული ოცნება”, რომელმაც “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის” შემოტანით, თავად შექმნა პრობლემა და საბაბი მისცა ოპოზიციას თავის სასარგებლოდ გააღვივოს საპროტესტო განწყობები მოსახლეობაში.
“მმართველი გუნდი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას. ერთ-ერთი ასეთი კომპრომისი იქნებოდა კანონპროექტში ცვლილებების შეტანა, თუკი მას არ გაიწვევენ. ანუ იმ დებულებების ამოღება, რაც ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს. გაცხადებული მიზანი არის გამჭვირვალობის ზრდა. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვა გზით, თუნდაც არსებულ კანონმდებლობაში გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდით“, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
მისივე თქმით, საქართველო დღეს, რომ იყოს განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუციური წყობის ქვეყანა, მაშინაც კი, ასეთი კანონის შემოღება საფრთხილოა.
“როდესაც შეიძლება ხელისუფლებამ ასეთი იარაღი ხელში დაიჭირო, იბადება კითხვა, მისი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში რა არის ის დამცავი ზღუდეები, რომლებიც არასწორი მოქმედების მსხვერპლთ დაიცავს. გამართული მართლმსაჯულება და ინსტიტუტები დღესდღეობით ქვეყანას არ აქვს. ასე, რომ ერთად აღებული ეს ყველაფერი ბადებს არც თუ სასიამოვნო კითხვებს, რომლებზეც „ქართული ოცნებისგან“ პასუხები არ მოგვისმენია”, – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვის ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ პოლიტიკური კლასი საქართველოში დიდად არც გაზრდილა, არც შეცვლილა. ოპოზიცია მთავარ აქცენტებს ისევ საგარეო მხარდაჭერაზე აკეთებს და ნაკლებად საკუთარი ელექტორალური მასის გაზრდაზე. მთავარ პოლიტინსტრუმენტად ისევ ტყუილში შეფუთული რეალობაა წარმოდგენილი. მათი წამყვანი “მესიჯბოქსიც” გარედან არის ჩაწოდებული და გარე მოხმარებაზეა გათვლილი.
“ოპოზიციის მთავარი არგუმენტი ეყრდნობა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ცალკეულ შეფასებებს, რომ ეს კანონი არ არის მისაღები, რადგან რუსულია. სხვა რაიმე წონადი არგუმენტი მე არ მომისმენია. რადგან ქართული არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროები ძირითადად დასავლეთის ფონდებია, კანონი არ ახდენს რა გრანტის გამცემი ქვეყნების დეფინიციას, ეჭვქვეშ დგება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდოობა და კეთილსინდისიერება, ანუ მათ რუსეთთან ერთ სიბრტყეზე განიხილავს”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
მისივე შეფასებით, თანამედროვე პოლიტიკაში საინფორმაციო ფაქტორის გაზრდილი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესების შემდგომი განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რით უპასუხებს ხელისუფლება “ხელების გადაგრეხის” ამ მცდელობას. ულტიმატუმის ფორმით პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნაც ამ პოლიტიკის ნაწილია და ბუნებრივია, ხელისუფლების ჩამოშლასაც ემსახურება.
შ. ქარჩავა