“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით გამოწვეული მასობრივი უკმაყოფილებისა და ქუჩის აქციების ფონზე მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთი – ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღებას ჩქარობს. ორივე კანონპროექტი დასავლეთის კრიტიკის ობიექტია.
დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეს განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, პატრიარქმა ეპისტოლეში გვერდი ვერ აუარა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და მორწმუნეებს სულიერი წყლულების მოშუშებით, საკუთარი ნაკლოვანებების აღმოფხვრითა და ურთიერთსიყვარულით საღვთო წიაღში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
“სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა, როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის”, – აღნიშნულია ილია მეორის ეპისტოლეში.
პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაივლის წუთისოფლის განსაცდელები და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.
“ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით”, – ნათქვამია ეპისტოლეში.
თეოლოგთა ნაწილმა ილია მეორის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში პოლიტიკური მინიშნებები ამოიკითხა, კერძოდ, ეპისტოლეს იმ ნაწილში, სადაც ნათქვამია, რომ ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო იესოში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართალს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი… უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
მათი აზრით, ტექსტის ამ ნაწილში გარკვეული მინიშნებაა ხელისუფლების მისამართით.
კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, ტრადიციულად, სააღდგომო ლიტურგიის დროს წაიკითხეს. სიონის ტაძარში. ლიტურგიას ესწრებოდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მმართველი გუნდის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის მიმართ საპატრიარქოს შეურიგებელი პოზიცია ცნობილია. ილია მეორემ ამის გამო, ოჯახის სიწმინდის დღეც კი დააწესა, რომელიც 17 მაისს აღინიშნება. რამდენიმე წლის შემდეგ კი, “ქართულმა ოცნებამ” ამის სამართლებრივად განმტკიცება გადაწყვიტა, თუმცა, საქართველოს მოსახლეობას ასევე ახსოვს იმავე „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი „ანტიდისკრიმინაციული კანონი”, რომლის მიღებასაც ქართული საზოგადოების ასევე დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“ გულისხმობს „არატრადიციული ორიენტაციის“ პროპაგანდას და „გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას“, როგორიცაა „მშობელი 1, მშობელი 2“ და ასე შემდეგ. მათვე განმარტებით, არსებობს საერთაშორისო კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქვეყნებში, სადაც ლგბტ-პროპაგანდა მიმდინარეობს, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე 20% ან მეტია.
მმართველი პარტიის ამ ინიციატივას ოპოზიციაში ჰომოფობიურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი რეპრესიული იქნება და ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას შეუქმნის საფრთხეს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა „სასოწარკვეთილი ფარისევლების მცდელობაა“ და ამით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების იმ ნაწილის გულის მოგებას, რომელიც თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს.
„12 წელი სად იყო „ქართული ოცნება“, თუ ეს პროპაგანდა ხალხს რყვნიდა და სამჯერ გაიზარდა ასეთი ადამიანების რაოდენობ, რას აკეთებდნენ?! ან განათლების სისტემაში რა გააკეთეს, ან მართალი სარწმუნოების წესით ცხოვრების ხელშეწყობისთვის?! – არაფერი“, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
როგორც უფლებადამცველი ლიკა გამრეკელი Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, “ქართული ოცნება” აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ერთგული ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი დაკარგეს, რომელსაც კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები წარმოადგენენ. დღეს ხელისუფლება სწორედ ამ ამომრჩევლის უკან დაბრუნებას ცდილობს, ამიტომ საუკეთესო გამოსავლად ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიციირება მიიჩნიეს.
“აცნობიერებენ რა, რომ საპატრიარქოს მრევლი ამომრჩევლების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენენ, თანაც ძალიან კარგად იციან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი, როგორც მათთვის, ასევე საქართველოსთვის. მეორე მხრივ, ეს კანონი ძალიან დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ, მაგრამ ნათქვამია, – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, – აცხადებს ლიკა გამრეკელი.
მისივე თქმით, დღეს სახეზეა სურათი, როდესაც საქართველოში ლგბტ-თემის პროპაგანდით დაინტერესებულნი არიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლიდერები თავად არ განეკუთვნებიან სექსუალურ უმცირესობებს.
“ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, საიდან იღებენ ეს ორგანიზაციები დაფინანსებას და რა მიზნით შემოდის ქვეყანაში მათთვის განკუთვნილი ფული. სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ ლგბტ-უმცირესობის უფლებების დაცვის საფარქვეშ ისინი ახალგაზრდებში არატრადიციული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდას ეწეოდნენ. დღესაც, აქციებზე ვხედავთ, რომ რადიკალურ ჯგუფებს წარმოადგენენ ლგბტ-აქტივისტები, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას”, – აცხადებს უფლებადამცველი ლიკა გამრეკელი.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ამ ორი ახალი კანონპროექტის შემოტანით “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა. ხელისუფლება დასწრებაზე წავიდა, აღარ დაელოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, “იძულებული გახადა აკერმანის დაწყებული და დენიგანის დასაგვირგვინებელი საქმისთვის” ხელი შეეშალა და რევოლუციური პროცესის კაპიტალიზაციის ხარისხი კანონის მოქმედების ძალით გაეხადა სრულიად გამჭვირვალე.
დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
მისივე აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციას გეგმაში აქვს უკრაინული მაიდანის გამეორება, დამრტყმელი რევოლუციური ბირთვის სტრუქტურა კი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: 6 პოლიტიკური გაერთიანება – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “ახალი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა”, “გირჩი მეტი თავისუფლება” და 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელთა გააქტიურება დამიზნებული იყო 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ მოუწიათ ახალ დღის წესრიგზე გადაწყობა. ესენია: “ტალღა”, “ჯიუტები”, “ნაბიჯი”, “ჯენზი”,”წერტილი”, “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”, “მოძრაობა თავისუფლებისთვის”, “მომავლის აკადემია”, “ფრანკლინის კლუბი”, “სირცხვილია”, “თბილისი პრაიდი”!
საზედამხედველო ფუნქციით: “საერთაშორისო გამჭვირვალობა”- ეკა გიგაური, ყოფილი ომბუდსმენი-ნინო ლომჯარია, “მრავალპარტიული დემოკრატია”- ლევან ცუცქირიძე!
“ახლა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ შორის არიან 2023 წელს 85 მლნ ლარით დაფინანსებული “ენჯეოები”, რომლებმაც წლიური რეალური ხარჯის მხოლოდ 18 % ასახეს ფინანსურ დოკუმენტებში, როგორც ეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერმა, ადვილი წარმოსადგენი ხდება თუ რა პრაქტიკული ასახვა უნდა პოვოს ფინანსებმა მოვლენათა შემდგომი ესკალაციის პროცესში. 2023 წლის დაფინანსებებშია ძაღლის თავი დამარხული და იმდენად შთამბეჭდავი სურათია ამ მხრივ, რომ მავანი ვა-ბანკზე წავიდა. სერბული “ოტპორის” პრაქტიკული გაკვეთილების გამოცდილების გათვალისწინებით, სწორედ ახალგაზრდობაა გამოყენებული მთავარ ფარად და ყველა მეთოდური სახელმძღვანელო მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილება”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ლგბტ პროპაგანდა სწორედ ეროვნულ ცნობიერებას ანადგურებს ახალგაზრდებში და მათ მომავალს სპობს. მათთვის მიუღებელია ევროპარლამენტარების მოწოდება, რომ კანონპროექტი გაიწვიონ. აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოების, სქესის, ორიენტაციისა და სხვა. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, მაგრამ პროპაგანდა – კატეგორიულად მიუღებელი.
შ. ქარჩავა