საქართველო ცნობილი იყო თავისი სამეცნიერო პოტენციალით. თითქმის არ არსებობდა დარგი, რომელშიც ქართველ მეცნიერებს თავი არ გამოუჩენიათ. წლებთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. გვახსოვს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სამეცნიერო ინსტიტუტებიდან გამოძევებული მეცნიერები და ის მძიმე ვითარება, რომელშიც ჩვენი განათლების სისტემა აღმოჩნდა. არადა, სამეცნიერო კვლევების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებულია მყარ საფუძველს. ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია, ძვირადღირებული პროდუქციის შექმნა. რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში დღეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე Dalma News-ს მეცნიერი, ეკონომისტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლადო პაპავა ესაუბრა.
– პირველ რიგში გილოცავთ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს–მდივნად არჩევას. ქართული მეცნიერების პრობლემატიკაზე რომ ვისაუბროთ. გვახსოვს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეცნიერები. უქმდებოდა სამეცნიერო ინსტიტუტები, უჭირდათ სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, წიგნების დაბეჭდვა. მას შემდეგ სასიკეთოდ შეიცვალა რამე?
– საქართველოში მეცნიერება ძალიან პოპულარული იყო, განსაკუთრების XX საუკუნის II ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სახელმწიფო პოლიტიკა იყო ასეთი, რომ მეცნიერებას ჰქონოდა დიდი დაფინანსება. პრესტიჟული იყო ყოფილიყავი მეცნიერი, გქონოდა სამეცნიერო ხარისხი. ქართულ ოჯახებში, მახსოვს, სიამაყით აღნიშნავდნენ, როცა ოჯახის ახალგაზრდა წევრი ჰყავდათ თუნდაც ასპირანტი, მეცნიერებათა კანდიდატზე რომ არაფერი ფთქვათ. თანდათან ეს პრესტიჟულობა დაიკარგა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მეცნიერებას ძალიან გაუჭირდა. ამას ჰქონდა მატერიალური საფუძველი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას სწრაფად მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო დაპირისპირება, მძიმე საომარი ვითარება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ქვეყნის ეკონომიკის უმძიმესი მდგომარეობა – ეკონომიკის ლამის 4-ჯერადი ვარდნა. განვითარდა ჰიპერინფლაცია. იმ პირობებში, როდესაც მწვავედ იდგა ქვეყანაში პენსიონერებისა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების პრობლემა, ძნელი წარმოსადგენი იყო მეცნიერება დაფინანსებულიყო ისე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
– იმ დროს, ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი წავიდა საზღვარგარეთ და საკმაოდ კარგადაც დასაქმდნენ უცხოურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. საქართველომ რა ეტაპზე შეძლო თავისი სამეცნიერო პოტენციალის გადარჩენა?
– კი, ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი წავიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში მეცნიერება ჩაკვდა. იმ მცირე რესურსების პირობებშიც მეცნიერების არა ერთი დარგი ვითარდებოდა. საკმაოდ დიდი რაოდენობით ქვეყნდებოდა მაღალრეიტინგულ ჟურნალებში ქართველ მეცნიერთა სტატიები. თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა, მან ბრძოლა გამოუცხადეს დამოუკიდებელ და კრიტიკულ აზროვნებას.
ავტორიტარული რეჟიმისთვის საფრთხის შემცველია კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი – მწერალი, თუ მეცნიერი. იმიტომ, რომ მწერალი, რომელიც იკვლევს ადამიანის სულს, ის ყოველთვის კრიტიკულია. მეცნიერი თავისი ბუნებით ასევე არის კრიტიკულად განწყობილი. მეცნიერება იწყება იქ, სადაც კრიტიკული აზრი ჩნდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული მმართველობის პირობებში ძირითადი შეტევა მიიტანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, სადაც ერთ დღეს, საერთოდ დახურეს სამეცნიერო სექტორი, მწერალთა კავშირზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე. მეცნიერებათა აკადემიას ინსტიტუტები წაართვეს. მათი დიდი ნაწილი გადასცეს უნივერსიტეტებს, თუმცა ამ უკანასკნელებში მათი უმრავლესობის სრული ინტეგრაცია პრაქტიკულად მაინც ვერ მოხერხდა. ძირითადად სამიზნე იყო ის შენობა-ნაგებობები, სადაც აკადემიური ინსტიტუტები იყო განთავსებული, რადგან ამ შენობების დიდი უმრავლესობა თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობდა. ეს მიმზიდველი იყო პრივატიზაციისთვის და დიდი ფულის გასაკეთებლად, რაც პრაქტიკულად გამოიყენეს კიდეც. ამიტომ, მეცნიერება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სააკაშვილი იმითაც ტრაბახობდა, რომ აპირებდა მეცნიერებათა აკადემიის საერთოდ გაუქმებას. ერთ-ერთ თავის წიგნში, რომელიც საქართველოდან გაქცევის შემდეგ დონეცკში გამოაქვეყნა, წერს, – რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ ვაპირებდი აკადემიის დახურვასო…
– დღეს რა მდგომარეობა გვაქვს?
– მდგომარეობა არსებითად უკეთესია, რადგანაც მეცნიერებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. პირველ რიგში ის, რომ სამეცნიერო შრომა უნდა გახდეს პრესტიჟული. გასთვალისწინებელიაა, რომ მეცნიერება არსად არ არის დაფასებულია. ნობელის პრემია მილიონ დოლარზე ნაკლები ოდენობისაა. შეიხედეთ საინფორმაციო ველში და ნახავთ, რომ ფეხბურთლებს, მოკრივეებს, თუ კალაბურთელებს ათეულობით და ასეულობით მილიონიან კონტრაქტებს უფორმებენ, ნობელინტთა (სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ) შრომა კი, ამასთან შედარებით, აშკარად დაუფასებელია.
საქართველოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, მეცნიერთა ხელფასები ძალიან დაბალია, იგივე უნივერსიტეტების პროფესურასთან მიმართებაში. სამეცნიერო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები ჯერადად ნაკლებია. შესანიშნავი ახალგაზრდა დოქტორანტები მყავს, რომლებსაც ვასწავლი თსუ-ში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თუ არა 100%, არ ფიქრობს მომავალში სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებას. მუშაობენ ან კერძო, ან საჯარო სექტორში, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, მაგრამ არა სამეცნიერო ინსტიტუტებში. იმიტომ, რომ სამეცნიერო სფეროში მიზერული ხელფასებია. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ გვაქვს არასწორი სისტემა, როდესაც დოქტორანტს ვაიძულებთ, ფული გადაიხადოს სწავლაში, ეს შეცდომა კი არა, დანაშაულია. ეს თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა და დღემდე გრძელდება. ლექციაზე დოქტორანტი მოდის სამსახურის შემდეგ, საღამოს 7 საათზე. როდის უნდა დაწეროს დისერტაცია, ღამით, დაღლილ გონებაზე? ამიტომ უნდა შეიცვალოს პირობები. არის მეცნიერების ისეთი დარგები, სადაც წარმატებული საქმიანობისთვის ერთი კომპიუტერის ქონაც საკმარისია, იქნება ეს ეკონომისტი, იურისტი თუ ისტორიკოსი, მაგრამ არქეოლოგს სჭირდება ველზე მუშაობა, ბიოლოგს, ფიზიკოსსა და ქიმიკოსს – ლაბორატორია, იმავე ბიოლოგსა და მედიკოსს კი ვივარიუმი ესაწიროება. ამისთვის კი ადეკვატური რესურსები უნდა გამოიყოს. საჭიროა საქართველოს მთავრობამ ამ სფეროში მეტი რესურსი ჩადოს და მეცნიერება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადოს.
– ჩვენთან საუბარში თქვენ ადრეც აღნიშნეთ, რომ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტებს ქმნიან მეცნიერები, ეს არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. რატომ არ ვიყენებთ ამ რესურსს?
– მაგალითის სახით ხშირად მომყავს სამხრეთ კორეა. ეკონომიკის სწორედ ეს მოდელი გვჭირდება. ძვირადღირებული პროდუქტების შემქმნელი ქვეყანა თუ არ გავხდით, ეკონომიკურად ვერ განვითარდებით. ძვირადღირებული პროდუქტები იქმნება ისეთ დარგებში, როგორიც არის კომპიუტერული მეცნიერებები, ხელოვნური ინტელექტი, სამედიცინო ფიზიკა, ბიოტექნოლოგიები, ფარმაკოლოგია და ა.შ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერის პროფესიის პრესტიჟულობას. ახალგაზრდა უნდა ხედავდეს, როგორ ფასდება დამსახურებული მეცნიერის შრომა, ხოლო თუ მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება იქნება ქვეყანაში, ახალგაზრდას არანაირი ინიციატივა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ბიზნესით ფული იშოვოს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კანონის თანახმად არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი. ეს ძალიან სერიოზული ინსტიტუციაა, იმისთვის, რომ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მყარ სამეცნიერო საფუძველზე დაფუძნებული. აკადემია მოწოდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მთავრობას სხვადასხვა პრობლემაზე. ასე მაგალითად, როგორი უნდა იყოს ანაკლიის პორტი, სად უნდა აშენდეს, როგორი უნდა იყოს მეცნიერულად სწორად შექმნილი პროექტი. არც თუ დიდი ხნის წინათ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ვიცე-პრეზიდენტ რამაზ ხურზის ინიციატივით გაიმათა შეხვედრა ამ დარგის სპეციალისტებთან და მათ ძალიან მკაფიოდ ახსნეს, თუ რატომ არის შეცდომა ის პროექტი, რომელიც აქამდე განიხილებოდა ანაკლიის კონსორციუმის მიერ, რომელიც საერთოდ არ იყენებდა ბუნებრივად არსებულ კანიონს, სადაც არის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესაძლებლობა. პორტი შენდებოდა სულ სხვა ადგილას, სადაც ღრმაწყლოვანი კანიონი უბრალოდ არ არის. ასეთი საკითხები უნდა აუცილებლად ჰკითხონ მეცნიერებს, ამის პოტენციალი არის საქართველოში. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოში მიმდინარე ყველა სამეცნიერო კვლევის გამაერთიანებელი. ის არ უნდა წარმოვიდგინოთ განყენებულად. ყველა სამეცნიერო დაწესებულება გზავნის აკადემიაში წლიურ ანგარიშებს. შემდგომ, აკადემიის მიერ მიღებული შეფასებები გადაეგზავნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოდ.
– საქართველოდან წასულმა ძალიან ბევრმა მეცნიერმა მიაღწია წარმატებას უცხოეთში. თანამედროვე ახალგაზრდებში თუ არსებობს სამეცნიერო პოტენციალი და არის თუ არა ის ასათვისებელი?
– როცა საბჭოთა კავშირის დაინგრა, მაშინ ასეთი მიდგომა იყო, რომ საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა და მეცნიერების ყველა დარგს ვერ შეინახავს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. ეს მიდგომა მაშინ იყო სწორი, მაგრამ დღეს უკვე მოძველებულია. მართლაც, როდესაც ინტერნეტის ეპოქაში ვართ და ინფორმაციის გაცვლა ხელმისაწვდომია, შეგიძლია ლექცია ერთი ქვეყნიდან წაიკითხო სხვა ქვეყანაში. ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი წარჩინებული თანამემამულეების სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება წარმატებით შეიძლება. ეს სისტემა მსოფლიოს ძალიან ბევრ უნივერსიტეტშია აპრობირებული.
სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში მეცნიერთა რიცხვი იმდენად შემცირებულია, რომ მათ რაოდენობას თითქმის ნულოვანი მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების ინტერესებში არ არის მეცნიერთა გულის მოგება. მაგრამ ქვეყანას მომავალი არ ექნება, თუ ახალგაზრდები არ დაინტერესდებიან მეცნიერებით. 2015 წელს, ჩემი რექტორობის პერიოდში, ვთხოვე შეესწავლათ საქართველოში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ყველა დოქტორანტის შენახვა რა ჯდებოდა. მაშინ გამოვიდა, რომ წელიწადში საჭირო იყო 15 მლნ ლარი. ეს თანხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის არც 2015 წელს წარმოადგენდა დიდ პრობლემას. როდესაც სამინისტროს მივმართე, – დოქტორანტები გავათავისუფლოთ სწავლის საფასურისგან, ეს ახალგაზრდები ხომ ჩვენი მეცნიერების ელიტური ნაწილია-მეთქი? მინისტრის რეაქცია ასეთი იყო: – დარწმუნებული ხართ, რომ ამათგან ყველა მეცნიერი გახდებაო? – მივხვდი, რომ მას უბრალოდ წარმოდგენა არ ჰქონდა მეცნიერებაზე. ადამიანს ვესაუბრები სისტემის შექმნაზე, სადაც ვიღაც შეიძლება გამოჩნდეს ნიუტონი, თუ აინშტაინი, ხოლო ვიღაც ივანე ჯავახიშვილი… დღესაც, თუნდაც 50-70 მლნ რომ დაჯდეს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დოქტორანტი სწავლის ფულს არ უნდა იხდიდეს, ლექციები უნდა უტარდებოდეს დილით და მათ უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ოდენობის სტიპენდია. მჯერა, ჩემი ქვეყნის მომავლის და ეს მომავალი შეუძლებელია მეცნიერების გარეშე.
– კიდევ ერთი მწვავე პრობლემა იყო სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება. ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
– აქ გამოიკვეთა გამოსავალი. მაგალითად თსუ-ში შემუშავდა სპეციალური პაკეტი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ დოქტორანტებს, პრესტიჟულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებას უნივერსიტეტი უფინანსებს, თუ კი გაგზავნილ სტატიას ჟურნალი ფარული რეცენზირების შემდეგ გამოსაქვეყნებლად მიიღებს. და კიდევ, არ შეიძლება უნივერსიტეტები 2250 ლარიანი გრანტებით არსებობდეს. აუცილებელია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გადაყვანა ადეკვატურ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, იმის შესაბამისად, თუ როგორია მათი რეიტინგი სერიოზულ საერთაშორისო ბაზებში.
– 8 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია მეტად შთამბეჭდავი სახელწოდებით – ” საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“. ამის შესახებ რომ გვითხრათ?
– ამ კონფერენციების ჩატარების ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1918 წლის სექტემბრის მეორე პარასკევს გამოვიდა პირველი ქართული პროფესიული პერიოდული გამოცემა – ჟურნალი „საქართველოს ეკონომისტი“, რითაც საფუძველი ჩაეყარა სისტემატურ სამეცნიერო კვლევებს ეკონომიკაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, ეს იყო ეკონომიკური პროფილის პირველი ჟურნალი. 1999 წელს კი ქართველმა ეკონომისტებმა გადავწყვიტეთ, წელიწადში ერთხელ, სექტემბრის მეორე პარასკევს აღგვენიშნა საქართველოს ეკონომისტის დღეს. 2018 წელს უკვე, გადავწყვიტეთ, რომ ამ დღეს ჩავატაროთ ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები. იდეა იყო, რომ კონფერენციები მონაცვლეობით ჩატარებულიყო თბილისსა და რეგიონებში. ამ ხნის განმავლობაში თბილისის გარდა კონფერენციები ბათუმსა და გორში ჩავატარეთ. პანდემიის გამო, გაგვიცდა ერთი წელი, 2021-ში ვერ ჩავატარეთ კონფერენცია. წელს ვატარებთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. პირველი შემთხვევაა, როცა ამ კონფერენციაში მონაწილეობით უცხოელები დაინტერესდნენ. ეს არის წლიური შეჯამება იმისა, თუ რა პრობლემების წინაშე დგება საქართველო მსოფლიო გამოწვევების ფონზე. ბოლო დროის გამოწვევებიკი მრავალფეროვანია – ჯერ გლობალური პანდემია, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომი და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები. ამან შეცვალა მთელი მსოფლიო, გამოიწვია გლობალიზაციის ტრანსფორმირება და ჩამოყალიბდა გლობალიზაციის ახალი ფორმა – კონფრონტაციული გლობალიზაცია. არის დაპირისპირებული ქვეყნების ჯგუფები, რასაც გათვალისწინება სჭირდება. ჩვენ სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ თემად, თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება, ანუ რა პლუსები და მინუსები გვაქვს, სად არის ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და სხვ.
– გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი რადგან ახსენეთ, მინდა ერთი სასიხარულო ამბავი ვაცნობო ჩვენს მკითხველს. პირველად საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი სტუდენტები ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებენ…
– ვულოცავ ამ წარმატებას უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას. ახალმა ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფ. ვახტანგ ჭარაიამ არსებითად დაატყო ხელი უნივერსიტეტს. ჩვენ ახალგაზრდებს შეეძლებათ არა წარმოსახვით, არამედ რეალურად მიიღონ მონაწილეობა საფონდო ვაჭრობაში, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. რაც მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება ქართულ უნივერსიტეტებში, მით უკეთესი იქნება. რამდენიმე წლის წინ, ბლუმბერგის ბაზაზე თსუ-ში შეიქმნა „ბლუმბერგის ლაბორატორია“. ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ამ სისტემაში ჩართვა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ჩვენ მაინც გვინდა საქართველოში გადმოვიტანოთ უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ამ შემთხვევაში რით არის ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი, რომ უთხრათ ჩვენს მკითხველს?
– ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში არსებობს, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ის მაინც განუვითარებელია. ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ საქართველოში მსხვილი ბიზნესი, დიდი საწარმოები არ არის ჯეროვან დონეზე განვითარებული. როდესაც მსხვილი ბიზნესი განვითარდება, მაშინ კიდევ უფრო აქტუალური გახდება საფონდო ბაზრის აუცილებლობა და ამ შემთხვევაში ჩვენი ახალგაზრდების მომზადება არის იმის წინაპირობა, რომ არა მარტო დაინტერესება იყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართ, არამედ რეალურად იყვნენ მოქმედი პირები, რომლებსაც შეეძლებათ აქტიურად იმუშაონ ამ ბაზარზე.
– რადგან გლობალურ ეკონომიკას შევეხეთ, როგორ შეაფასებთ ჩინეთში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტს?
– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს შევაფასებ, როგორც საქართველოს მორიგ გამარჯვებას საერთაშორისო არენაზე. ჩინეთის ეკონომიკა სიდიდით, მსოფლიოში მეორეა. ჩინეთს აქვს სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ამიტომ, როდესაც მილიარდნახევრიანი ქვეყანა ჩვენისთანა მცირე ქვეყანასთან თანამშრომლობას პრიორიტეტულ რანგში აიყვანს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ოპოზიცია ამბობს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის…
– არანაირი კურსის შეცვლაზე არ არის საუბარია. როდესაც ასეთი შეთანხმება გაკეთდა ჩინეთსა და ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის, რა, ამერიკამ და ევროკავშირმა კურსი შეიცვალეს? ჩინეთი არის გლობალური ეკონომიკური მოთამაშე, საქართველოს კი აქვს უნიკალური ლოკაცია. ის გეოგრაფიულად მოქცეულია ევროკავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. იმავდროულად საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ დიდ რეგიონულ სივრცესთან – ევროკავშირთან და ჩინეთთან. ამას გამოყენება უნდა. ჩინეთმა, 2013 წელს, როდესაც შექმნა პროექტი – „ერთი გზა, ერთი სარტყელი“, საქართველო თავდაპირველად ამ პროექტში საერთოდ არ მოიაზრებოდა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მოგვიანებით გაჩნდა ამ პროექტში საქართველოს ადგილი. ძირითადი ჩინეთი თავისი სატრანსპორტო მიზნებისთვის გამოიყენებდა რუსეთის ტერიტორიას ტვირთების ევროპის მიმართულებით გადასატანად. დღეს რუსეთის ტერიტორიის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია ომისა და სანქციების გამო. ამან გააჩინა სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის საჭიროება. ასეთი ვარიანტია “შუა დერეფნის” პროექტი.
– საუბარია ასევე, ჩინეთის პოლიტიკურ და კულტურულ ექსპანსიაზე…
– მე ამას საერთოდ სერიოზულად არც განვიხილავ. კულტურული თვალსაზრისით, ჩვენ ევროპულ და სლავურ სივრცესთან უფრო ახლოს ვართ. საქართველოში, XIX საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერიაში მოექცა, ძალიან დიდი იყო რუსული კულტურის ზეგავლენა. იმავდროულად ძალიან პოპულარული იყო საქართველოში ფრანგული ენა. XX საუკუნეში ფრანგული ენა ჯერ გერმანულმა ენამ ჩაანაცვლა, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისური ენა გახდა პოპულარული. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსული, ინგლისური, გერმანული, თუ ფრანგული ქართველისთვის აღქმადია და დაინტერესებაც დიდია. ახლა წარმოიდგინეთ ჩინური. მახსენებდა გასული საუკუნის 60-იანი წლები, როდესაც ქართველ ახალგაზრდობას, ისე, რომ „ბიტლზების“ სიმღერების შინაარსი არ ესმოდათ, მათ სიტყვების ჟღერადობის „ბრმა“ გამეორებით მღეოდნენ. ახლა წარმოიდგინეთ, მოისურვებს კი ქართველი ახალგაზრდა და თანაც შეძლებს ჩინური სიმღერების გამეორებას? ასე, რომ ჩინური ექსპანსია პრაქტიკულად გამორიცხულია – ამის ბარიერი ჩინური ენა, დამწერლობა და ძალზედ საინტერესო და არანაკლებ სპეციფიკური კულტურაა.
ერთი რამეც უნდა გვახსოვდეს. ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, ჩინეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გარანტორი გაეროს უშიშროების საბჭოში. ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელწმიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამას კი დაფასება უნდა.
კიდევ ერთ მომენტს გავიხსენებ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროკავშირის ინიციატივით გაკეთდა „ტრასეკას“ პროექტი, რომელსაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი უნდა შეექმნა, მაშინ ეს დერეფანი ევროპას აკავშირებდა ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთამდე არ მიდიოდა. ახლა “შუა დერეფანი” უკვე იძლევა საშუალებას, რომ გადაფაროს “ტრასეკას” პროექტი. ამიტომ ჩინეთის დიდმა ეკონომიკამ საქართველოზე გამავალი მიმართულებითაც თუ გამოიხედა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, საუბარია 1,5 მილიარდიანი ქვეყნისა და 3,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობაზე. ვფიქრობ, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი.
– ჩინეთსა და აშშ–ს შორის არის უფრო „სავაჭრო ომი“, ვიდრე სამხედრო დაპირისპირება, თუ არ ჩავთვლით ტაივანის მიმართ ამერიკულ დახმარებას. შესაძლებელია, ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში?
– აბსოლუტურად მართალი ხართ, აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტი არის სავაჭრო და სავალუტო სფეროში, ამიტომ გაჩნდა ტერმინები – „სავალუტო ომი“ და „სავაჭრო ომი“. რაც შეეხება “ცხელ ომს”, რა თქმა უნდა, ამის საფრთხე არსებობს ტაივანთან მიმართებაში. მაგრამ აქ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მკაფიო. თუ კი ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, არ შეიძლება, რომ საქართველომაც არ დაუჭიროს მხარი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ტაივანი ჩინეთია და ეს საკამათოც არ უნდა იყოს. იმ ფონზე, როდესაც ასე მწვავეა უკრაინაში საომარი მოქმედებები, ახალი ომის წამოწყება ჩინეთსა და აშშ-ს შორის ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თეორიულად არაფერია გამორიცხული. ჩინეთსა და აშშ-ს შორის ყველაზე სწორია ბალანსის გამოძებნა. არ მგონია ვაშინგტონში ან პეკინში სხვაგვარად ფიქრობდნენ.
– სამი დიდი ეკონომიკის დაპირისპირებისას, როგორი უნდა იყოს საქართველოს, როგორც მცირე ქვეყნის პოლიტიკა?
– საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ბალანსის მოძებნას. თავის დროზე, ჩინეთსა და საქართველო შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ვერ გაფორმდებოდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – აშშ და ევროკავშირი რომ ყოფილიყვნენ ამის წინააღმდეგნი. ისტორიული მნიშვნელობის იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო, როცა დიდი წნეხისა და ემოციური ცუნების მიუხედავად ქვეყანა არ ჩაერთო ომში. ამ მახეს საქართველომ თავი აარიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ვადებთან დაკავშირებით პროგნოზები არ არის დამაიმედებელი. რუსეთის დამარცხება ძნელად წარმოსადგენია, იმიტომ, რომ ის ბირთვული სახელმწიფოა. სავარაუდოდ, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამარცხდება, თუ პრეზიდენტი პუტინი დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას და მას დაუპირისპირდება ძლიერი ოპოზიციური ძალა, რისი ნიშნებიც ამ ეტაპზე არ იკვეთება…
ესაუბრა შორენა პაპაშვილი