საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებისთვის თანასწორი გენდერული გარემოს შესაქმნელად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწავლო სტანდარტი შეიმუშავა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბაგა-ბაღებში გოგონები და ბიჭები არ უნდა დაიყოს სქესის მიხედვით, ჯგუფში დასწრების აღნიშვნისას აღმზრდელმა უნდა დაითვალოს ბავშვების საერთო რაოდენობა და არა ის, თუ რამდენი გოგონა და ბიჭია ჯგუფში. გარდა ამისა, ბავშვების ჯგუფი უნდა დაიყოს არა სქესის, არამედ სხვა მახასიათებლების, მაგალითად, მაისურის ფერის, სახელის პირველი ასოს, დაბადების თვის მიხედვით და ა.შ. განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის კლასიფიკაცია სწავლების უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, ვიდრე ჯგუფის სქესის მიხედვით დაყოფა.

Dalma News-მა სასწავლო სტანდარტში მოყვანილი რამდენიმე პუნქტი მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ თითოეული ბავშვი უნდა გრძნობდეს და აცნობიერებდეს, რომ ის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დანარჩენი, არც მეტად და არც ნაკლებად. ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა თავს დაუცველად გრძნობდეს, ზოგი კი ამა თუ იმ ნიშნით გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდეს საკუთარ თავს. აღმზრდელის მიერ რაიმე ნიშნით გამორჩეულ ბავშვებს შესაძლოა სხვები ცუდად მოექცნენ, ან ნაკლებად მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინონ თავი. სასკოლო მზაობის პროგრამის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჯგუფში დაცული იყოს არა მხოლოდ ბავშვებს შორის თანასწორობა, არამედ შექმნას ურთიერთპატივისცემითა და ერთმანეთზე ზრუნვით გამსჭვალული გარემო.

დადგენილების თანახმად, თანასწორობა მოიცავს გენდერულ საკითხებსაც. კერძოდ, თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება თანაბრად კარგად შეუძლიათ კაცებს და ქალებს, თითქმის ყველა პროფესიაში ნელ-ნელა თანაბრდება კაცთა და ქალთა რაოდენობა. პროექტის ავტორთა აზრით, ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, როდესაც ბავშვები ზრდასრულნი იქნებიან. ამიტომ მათ ახალი პროგრამით მოამზადებენ.

 

“სასკოლო მზაობის ჯგუფში, ისევე, როგორც ზრდასრულთა ცხოვრებაში, არ არსებობს მკაცრად გამიჯნული საქმიანობა გოგონებისთვის ან ბიჭებისთვის. აქტიურად წაახალისებენ გოგონებისა და ბიჭების ერთობლივ თამაშსა თუ საქმიანობებს; საჭიროებისამებრ, ეხმარებიან მათ ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში; გეგმავენ აქტივობებს და მოიმარაგებენ ისეთ მასალებს, რომლებიც ორივე სქესის ბავშვებს დააინტერესებს. აღმზრდელებს საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში შეაქვთ რეკვიზიტები და კოსტიუმები გოგონებისა და ბიჭებისთვის, კითხულობენ ან გაითამაშებენ ზღაპრებს, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილნი ორივე სქესის გმირები. პასუხობენ გენდერულად (სქესობრივი ნიშნით) დისკრიმინაციულ ქცევას, როგორიცაა ბიჭების მიერ თამაშიდან გოგოების გარიყვა (ან პირიქით), დამცირება და დაცინვა. ამ ტიპის ქცევები არაფრით განსხვავდება ბავშვებს შორის სხვა აგრესიული თუ უხეში ქცევისგან, რომელიც აღმზრდელებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ სასწავლო სტანდარტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორ ზვიად ტომარაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილება – “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ”, პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში თავსმოხვეულ სქესთა აღრევის თეორიასთან და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალი თაობის ფსიქიკას. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით მან პეტიცია მოამზადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, იურისტები, მეცნიერები, ფსიქოლოგები, ექიმები, ეკონომისტები, ასევე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები აწერენ ხელს.

ზვიად ტომარაძე განსაკუთრებით აპროტესტებს დადგენილების იმ ნაწილს, სადაც საუბარია აღმზრდელ-პედაგოგის მიერ ბავშვების გენდერული ნიშნით განურჩევლობაზე. ამ სტანდარტიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ და გაეროს ბავშთა ფონდ, “იუნისეფმა” მოამზადეს “სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც ყველა აღმზრდელ – პედაგოგისთვის სავალდებულო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოა.

ზვიად ტომარაძის თქმით, სახელმძღვანელოს იმ ნაწილში, სადაც საუბარია გენდერულ საკითხებზე, მრავლად გვხვდება მიუღებელი ადგილები. კერძოდ, სახელმძღვანელოს მიხედვით, არ უნდა მოხდეს გოგონებისა და ბიჭების სქესის მიხედვით დაყოფა, ყველანაირი აქტივობა და მასალა, ყველა ბავშვისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა სამომავლოდ არ არსებობდეს გამიჯნული საქმიანობა გოგონებისთვის, ან ბიჭებისათვის.

ექსპერტების აზრით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეს ისედაც გენდერულად თანაბარი სივრცეა შექმნილი და ბავშვების აღზრდის მსგავსი მეთოდის დამკვიდრების საჭიროება არ არსებობს.

Dalma News-სთან საუბრისას აღნიშნული სიახლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს მშობლებმაც და განაცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე, მიიყვანონ თუ არა ბავშვი საჯარო ბაღში, შემდგომ კი სკოლაში, სადაც ღიად თუ ფარულად, არატრადიციული ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია მოხდება.

ქართველი ექსპერტების აზრით, როცა საქმე ეხება ბავშვის ფსიქიკას, არც განათლების სამინისტროს და არც ერთ ხელისუფალს არ აქვს უფლება ბავშვის ფსიქიკას ზიანი მიაყენონ. ასეთ დროს, კი ყველაზე მეტად ზარალდება ყველაზე სუსტი ფსიქიკა, ამ შემთხვევაში კი ყველაზე სუსტები ბავშვები არიან. მით უმეტეს, რომ საქართველო არის ტრადიციული კულტურის ქვეყანა და ყველა მსგავსი სიახლე მსჯელობასა და დაფიქრებას საჭიროებს.

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძეს აღნიშნული საკითხისადმი მკაცრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და მიაჩნია, რომ ბავშვების აღზრდაში მსგავსი მეთოდების დანერგვის მცდელა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი თანამედროვე კაცობრიობის პრობლემაა. მისი აზრით, ეს არის მოზარდის ცხოვრებაში პირდაპირი ჩარევა და მისი განვითარების ბუნებრივი კალაპოტიდან არაბუნებრივ კალაპოტში გადაყვანა. ქვეყანას კი მძიმე დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენებს.

“ეს არის დემონიზებული მსოფლიო დაკვეთა, რომელის მიზანია, მსოფლიო კაცობრიობის ლგბტ-იზაცია. რომ ადამიანის ბუნებრივი და ნორმალური ფსიქიკა, ჩვევები, მათ შორის სექსუალური ჩვევა, გადაიზარდოს არანორმალურ ქცევებში, რაც არის გადახრა. ეს დაარღვევს მოზარდი ადამიანის ფსიქიკას და შედეგად მივიღებთ, ასოციალურ, დეგრადირებულ პიროვნებას. ეს ყველაფერი მიმართულია მოსახლეობის შემცირებისკენ, ეს ცნობილი მეთოდებია”,- აცხადებს ავთანდილ უნგიაძე.

მისივე თქმით, გასაოცარი ის არის, რომ საქართველოში მეტად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ცხოვრების არატრადიციული წესის პოპულარიზაცია და დანერგვა. სამწუხაროა საზოგადოების პასიურობა, რომელიც უნგიაძის აზრით, ამდენი უბედურების შემდეგ დაღლილი და დათრგუნულია, ხოლო მოზარდ თაობას აღარაფერი ეროვნული უკვე აღარ აინტერესებს. პატრიოტიზმზე და ეროვნულ ფასეულობებზე ხომ ზედმეტია საუბარი. იზრდება მსოფლიო მოქალაქე, რომელსაც ექნება ფსევდოფასეულობები.

“გასაოცარია, აღნიშნული თემისადმი თავად ხელისუფლების დამოკიდებულება, “ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ეს პრობლემა მათ შვილებს არ შეეხება”, – ამბობს ავთანდილ უნგიაძე.

როგორც Dalma news-ს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” თავმჯდომარემ აცნობა, საქართველოს ბევრ ბაღში უკვე დაიწყო ბავშვების აღზრდის ახალი მეთოდის დანერგვა. არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, როდესაც აღსაზრდელებს არ მიმართავენ “ბიჭით” და “გოგოთი”. რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდში უკვე დაიწყეს იმის დანერგვა, რომ ის ბიჭი ან გოგო კი არა, არამედ არის რაღაც არსება, რომელმაც თვითონ უნდა აირჩიოს სქესი.

საქართველოს ეკლესია მოუწოდებს მრევლს, საკუთარი შვილები ასეთ ბაღებში არ მიიყვანონ.

“მშობლის უფლება – აღზარდოს შვილი თავისი მრწამსის მიხედვით, უნდა იყოს დაცული. ეს არის ძალადობა ღვთის მცნებებზე, ძალადობა ეკლესიაზე, მართლმადიდებლებზე და საერთოდ ნებისმიერ ზნეობრივ ადამიანზე. ღმერთი არ დაუშვებს ამის განხორციელებას და ამის გამო მოგვივლენს განსაცდელს”, – აცხადებს უნგიაძე.

რამდენად იძლევა ბავშვების ამ ტიპის კლასიფიკაცია სწავლების მეტ შესაძლებლობებს სადაოა, მაგრამ ვგონებ ველოსიპედის გამოგონებას სჯობს უკვე გამოგონებული მოხივმაროთ ჩვენდა სასიკეთოთ და თუ კი, გოგონების და ვაჟების გარკვეული ნიშნით კლასიფიკაცია მაინს გარდუვალია, რაღა მაისურების მიხედვით ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, როცა ღმერთმა მათი საიდენტიფიცირო ნიშანი დიდი ხანია შექმნა.

შ. ქარჩავა