საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თურქი პარტნიორებისგან საჩუქრად სამხედრო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიიღო. საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში, საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თურქეთის მხარესთან 2004 და 2007 წლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში გადაეცა.
როგორც Dalma News-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა პარტნიორი ქვეყნისგან, დაახლოებით 700 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 143 დასახელების მატერიალურ-ტექნიკური საშუალება მიიღეს.
მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საქართველოს მხრიდან შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა მამუკა ცხვედიანმა და სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა მიხეილ ქავთარაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს მოადგილე ბულენტ კორტმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების საქმეში მხარდაჭერისათვის თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქული გრანტი იძლევა საშუალებას ქვეყანამ გააუმჯობესოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ნატოს სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აღჭურვილობა მიიღოს. “ეს არის საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო ტექნიკა, რომელსაც წარმატებით ვიყენებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში”, – განაცხადა პოლკოვნიკმა.
მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადმოცემის საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ.