მას შემდეგ რაც, “რესპულიკური პარტიის” ერთ-ერთ თვალსაჩინოს სახე, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მეუღლე თინათინ ხიდაშელი, საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი გახდა, არაერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ 2015 წელს, მთავრობის მორიგი სხდომის დასრულებისას მან ჟურნალისტებს საგანგებოდ განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებისთვის, რომ ის მხოლოდ საკონტრაქტო პირობებზე გადავიდეს. როგორც ჩანს ხიდაშელს არც კი წარმოედგინა, რომ თავდაცვის მინისტრობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სრულ უფლებამოსილებას და როდესაც საქმე ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ეხება, იქ მინისტრის გარდა სხვა გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობები და წოდებები არსებობს. სხვა თუ არაფერი არსებობს ქვეყნის მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალური შტაბის უფროსი და ბოლოს, საკანონმდებლო ორგანო – პარლამენტი, სადაც ყველა მსგავსი ინიციატივის ბედს, უმრავლესობის მხარდაჭერა წყვეტს.
თინა ხიდაშელი დარწმუნებული იყო, რომ ფუნდამენტური განხილვის შემდეგ მისი ინიციატივა სრულ მხარდაჭერას მოიპოვებდა, მით უმეტეს, როგორც მან არაერთხელ განაცხადა, ეს ყველა სხვა ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს მიერ აღებული კიდევ ერთი ვალდებულებაა, რომელიც 2016 წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, ანუ ქართულ ჯარში სამსახური აღარ იქნება სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება, არამედ სურვილი, რაშიც მთავრობა სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასს გადაუხდის.
«მზად ვარ მივიდე კომიტეტში, პარლამენტში ნებისმიერ ფორმატში და დისკუსია დავიწყოთ. ცალ-ცალკე აღებული ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს არ ემსახურება პრობლემის მოგვარებას. საჭიროა საბოლოო პოლიტიკური კონსენსუსის მიღება, როგორი ჯარი გვინდა გვყავდეს. ჩემი აზრით, ჩვენი ჯარი მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს», – აცხადებდა თავდაცვის მინისტრი თითქმის ერთი წლის წინათ.
მაგრამ, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, მის სურვილს თუ ქვეყნის მიერ აღებული ამ ვალდებულების შესრულებას, მხარდამჭერები არც პარლამენტში ჰყავდა და არც მთავრობაში. მაშინ თავდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა თავად მიეღო გადაწყვეტილება და ბრძანებულებას პირდაპირ ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა ხელი და სამხედრო სავალდებულო გაწვევა გაუქმებულად გამოაცხადა, თან იქვე განმარტა, რომ თუ მის მომდევნო მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა მოუნდება, მას მოუწევს ბრძანების გაუქმებას მოაწეროს ხელი.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, ბევრი ეცადა ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზე მოეგვარებინა, საერთოდ აეკრძალა შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების გაწვევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თუმცა მონახა სხვა ფორმა, კერძოდ, როგორც თავდაცვის მინისტრს, შეეძლო ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მიეღო და ამიერიდან თავდაცვის სამინისტრო, მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის საფუძველზე ითანამშრომლებს სამხედრო მოსამსახურეებთან.
სამხედრო საკითხებში ექსპერტ ვახტან მაისაიას მიაჩნია, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, როგორც მიმდინარეობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობა, სამხედრო სავალდებულო სამსახური ხორცმეტად გადაიქცა და 1000 თუ 1500 წვევამდელი, არავითარ ამინდს არ ქმნის. ექსპერტის აზრით, ეს იყო დამხმარე ძალა, რომელსაც იყენებდნენ არასაბრძოლო დანიშნულების საქმიანობაში და მათ საგუშაგოებსაც არ ანდობდნენ. აქედან გამომდინარე, მათ მიერ გატარებული სამხედრო სავალდებულო სამსახური ფუჭი იყო და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და სამხედრო მომზადების თვალსაზრისით არაფრის მომცემი იყო. უბრალოდ ეთვლებოდათ, რომ მათ ჯარში იმსახურეს.
როგორც Dalma News-ს თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, თინა ხიდაშელის მიერ მიღებული ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც ჯარში აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა. რაც შეეხება დანარჩენ 75%-ს, რომელსაც შსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს ჯარში, ეს ცვლილება არ ეხებათ.
«ფაქტობრივად 75 % იყო საკონტრაქტო და 25-ზე ნაკლები სავალდებულო, ასეთი სისტემის არსებობის პირობებში ბუნებრივია ამას არ ექნება არანაირი პერსპექტივა,» – აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიაჩნია.
რომ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება, სამხედრო-პოლიტიკურ კონტექსტში აბსოლუტურად სწორი იყო, მეორე საკითხია, იყო თუ არა ეს პოლიტიკური პიარის ნაწილი, რაც კითხვებს აჩენს. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, “რესპუბლიკელი” მინისტრის ამ ქმედებას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ მას რეალურ ცვლილებებთან კავშირი არ აქვს. ოქტომბრის შემდეგ თინა ხიდაშელი მინისტრი აღარ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ მინისტრს ექნება უფლება, ისევ აღადგინოს ამ 25%-ის გაწვევა თავდაცვის სამინისტროს ყაზარმებში.
მოარული ხმები იმასაც ამბობენ, რომ 2016 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, ხიდაშელის სავარძელს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაიკავებს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია.
ქალბატონი მინისტრის ქმედებით, რომ არ აღფრთოვანებულა ირაკლი სესიაშვილს მედიასთან საუბრისას არ დაუმალავს, უფრო მეტიც, ხიდაშელის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არ შეუთანხმებიაო.
შეიძლება მან თანამდებობა ორი კვირის შემდეგ დატოვოს. ამგვარი მიდგომა, რომ მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება ეს გადაწყვეტილება, შეუძლია შეცვალოსო, არასერიოზულია, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის თავდაცვაზე, რომელიც საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელია
რატომ იჩქარა ხიდაშელმა…
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში, მხოლოდ სურვილისამებრ იმსახურებენ. როგორც ხიდაშელი აცხადებს, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, რომ აღარ განახორციელებს, საქმის კურსში იყო ყველა შესაბამისი უწყება. უფრო მეტიც, ეს საკითხი მთავრობასთან არათუ შეთანხმებული, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, ამდენად, რეაქცია, რომელიც მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს.
იმასაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება 2017 წელს იგეგმებოდა. როგორც თინა ხიდაშელი განმარტავს, მის აჩქარებას, რამდენიმე კონკრეტული საფუძველი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი, სტრატეგიული დოკუმენტია, რომელშიც წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში გაწვევა აღარ იქნება.
«ეს არის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე, არსებობს პრეზიდენტის ანალოგიური შინაარსის ბრძანებულება. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვარშავის სამიტის წინ, ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ორგანიზაციის წინაშე გვაქვს აღებული, სისრულეში მოვიყვანოთ», – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
იგი, ბრძანების გამოსაცემად საგაზაფხულო გაწვევის დასრულებას და სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ, პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებოდა და მიაჩნია, რომ ამ საკითხში ერთ თვესაც კი სასიცოცხლოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
«ერთი თვის წინ, რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, ჩემის მხრიდან უსინდისო, არასწორი, უსამართლო ნაბიჯი და პოლიტიკური ილეთი იქნებოდა. მაგრამ ორი რამ მოხდა ბოლო კვირების განმავლობაში: პირველი, ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო გაწვევა და შესაბამისად, გვაქვს ვალდებულება, რომ 2017 წლიდან აღარ იქნება ჯარში გაწვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჯარში აღარ იქნებიან წვევამდელები 2016 წლის შემოდგომაზე, ჩვენ გაწვევას ისევ განვახორციელებდით და ეს ნიშნავდა, რომ პირობას ვარღვევთ, ანუ 2017 წელს გვეყოლებოდა წვევამდელები. მეორე გარემოება იყო, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მთლიანად გაუქმების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა და მარტში რომ მეთქვა, ვაუქმებ თქო, ბუნებრივად ექნებოდათ პრეტენზია, რომ პოპულიზმით ვიყავი დაკავებული. ამ პროცესის ლოგიკურად დასრულებას დაველოდე», – ასეთია თავდაცვის მინისტრის მიერ საზოგადოებისთვის გაკეთებული განმარტებები.
სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანს მაისაიას თქმით, თავდაცვის მინისტრს ნაკლებას ეხება სტრატეგიული ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო ქვეყნი უმაღლეს მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს გენერალური შტაბის უფროსის წარდგენით, რომელიც პრეზიდენტის უშუალო მრჩეველია და ზოგადად განსაზღვრავს, როგორი ტიპის შეიარაღებული ძალების მოდელის განვითარებას ვაპირებთ. სამხედრო სტრატეგიის შემქმნელი ორგანო არის გენერალური შტაბი და არა თავდაცვის სამინისტრო. ეს უკანასკნელი, მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ტიპის დეკლარაციებს ადგენს, მაგრამ სამხედრო სტრატეგიას გენერალური შტაბი ამუშავებს.
მეორე – საკითხი უნდა განხილულიყო ერონვული უშიშროების საბჭოს სხდომაზე და უშუალოს მას უნდა მიეღო პრეზიდენტთან ერთად გადაწყვეტილება. ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა.
«არსებობს კონკრეტული კანონი სამხედრო სავალდებულო სწავლებისა და შეიარაღებული ძალების შესახებ. ბუნებრივია ამ კანონში უნდა შეეტანათ ცვლილებები. ასეთი გადაწყვეტილებები ცოტა აბნევს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოწინააღმდეგესაც უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ვერ ერკვევა წმინდა სამხედრო პოლიტიკური ტიპის და სამხედრო პრაქტიკული ტიპის საკითხებში, ეს არის შეიარღებული ძალების პოლიტიზაციის ელემენტები, ეს აშკარად არის გამოყენებული წინასაარჩევნო ფორმატში. როდესაც თავდაცვის მინისტრი, რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, არსებობს საშიშროება რომ არმიის პოლიტიზაცია არ მოხდეს. იმავეს ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში», – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ექსპერტმა.
საკონტრაქტო სამსახური…
სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმაც. მისი თქმით, პროფესიონალი უფრო იაფი უჯდება ქვეყანას, ვიდრე წვევამდელი ჯარისკაცი.
«ელემენტარულად თუ ჩვენ ვამბობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც პროფესიონალი, ისევე უნა აღიჭურვოს, როგორც პროფესიონალი, ეს დამატებით თანხებს ითხოვს წვევამდელისთვის. წვევამდელი არ შეგიძლია წაიყვანო საერთაშორისო ოპერაციებში და ქვეყნის გარეთ. თვითონ ქვეყნისთვისაც, ქვეყანას აკლდება მყიდველი, სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი და ა.შ. ამავე დროს, იზრდება დანახარჯი მის შენახვაზე», – მიაჩნია გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს.
მის პოზიციას იზიარებს ვახტანგ მაისაიაც და აცხადებს, რომ ეს უკვე უმაღლესი პოლიტკური ხელსუფლების გადაწყვეტილებაა, როგორი ტიპის გაწვევას შემოიღებს ქვეყანაში. ეს გამომდინარეობს იმ ამოცანებიდან, რომელიც ქვეყანას გააჩნია. გეოსტრატეგიულ, რეგიონულ თუ გლობალურ დონეზე. საუბარია შეიაერაღებული ძალების დაკომპლექტებაზე, სავალდებულო იქნება ის, საკონტრაქტო თუ შერეული.
«ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიარაღებული ძალების ფაქტობრივად ჰიბრიდული ვარიანტი გააკეთა, ანუ 75% გადაიყვანა საკონტრაქტო ტიპის მოწყობის სისტემაზე და დანარჩენი 15 % დატოვა სავალდებულო სამსახურის ფორმატში, დისპროპორცია საკმაოდ დიდი იყო. საკონტრაქტო მოსამსახურე ოთხწლიან კონტრაქტს დებს და ამ პერიოდზეა გაწერილი მისი წვრთნა-მომზადება. როდესაც პარალელურად წვევამდელს იწვევდი ჯერ 1,5 წლით , შემდეგ ერთი წლით, მერე კიდევ აპირებდნენ 6 თვემდე დაყვანას, ეს არასტაბილურობის ელემენტს ქმნიდა. არ შეიძლება ოთხწლიანი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა და ერთწლიანის წვრთნა, ერთ დონეზე დააყენო », – მიაჩნია ექსპერტს.
მისივე თქმით, თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებში სამხედრო დენადობა დღეს მაღალია, რადგან ეს არის გარანტირებული სოციალური პაკეტი, დღევანდელი რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, სამხედრო საკონტრაქტო სამსახური არის მიმზიდველი, უფასო სწავლება, დაზღვევა და სხვა პრივილეგიები, უცხოეთში როტაცია. მაგრამ, მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა მთლიანად გადადიხარ საკონტრაქტო ტიპის სამსახურზე, პარალელურად უნდა შექმნა ისეთი სისტემა, რომ ომის პირობებში მეორე და მესამე ეშელონიზირებული თავდაცვითი სისტემებმა მოახერხონ მოწინააღმდეგის შეჩერება ტერიტორიის სიღრმის მიმართულებით.
რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება ნატოს სტანდარტებზე პასუხი, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ნატოს სტანდარტებთან მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს.
«ჩვენ ნატოსთან 2004 წლიდან ვამუშავებთ სტრატეგიულ მიმართულებას და ნატოს არ გამოუთქვამს შენიშვნა ამ მოდელთან მიმართებაში. მთავარია ნატოს სტანდარტების მიხედვით ჩვენ ვამზადებთ სამშვიდობო კონტიგენტს, რომელიც ასრულებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც ნატოსთვის ამ ეტაპზე არის მისაღები. ეს უფრო არის ქვეყნის უშუალოდ თავდაცვის უნარიანობის სისტემის განმტკიცებისთვის და არა ნატოს სტრანდარტებისთვის. ნატოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მნიშვნელობა, შენ მოხსნი სამხედრო სავალდებულო სამსახურს თუ არა, ამას შიდა მოხმარების დანიშნულება აქვს», – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება “რესპუბლიკელი” მინისტრის ეს გადაწყვეტილება და რა სარგებელს მოუტანს, გლობალური გამოწვევების წინაშე მდგარ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არასავალდებულო სამხედრო სამსახური, უკვე მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, საეჭვოა, ეს საქმე ევროატლანტიკური სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირების მეგობრული ხელის ჩაურევლად მოგვარებულიყო. საინტერესოა სად გადანაწილდებიან წვევამდელების ის 25%, რომელთა გაწვევაზეც თავდაცვის სამინისტრო ამიერიდან უარს ამბობს.
შორენა პაპაშვილი Dalma News-თვის