მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ წარუმატებელი ბრძოლის პირობებში და წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე უარი თქვა. ამის მიზეზად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს, ამდენად, დამატებით ვალის აღება არ არის საჭირო.
ოპოზიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ, მმართველ პარტიას საგარეო ვალების კრიტიკული ზღვარის გამო აკრიტიკებდა, ახლა, ევროკავშირის სესხზე უარის თქმას, საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევად აფასებს.
“ქართული ოცნების” ლიდერების მიმართ კრიტიკა, არც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაიშურა და განაცხადა, რომ სესხის მიღებაზე უარი გაუგებარი და პარადოქსულია, მაშინ, როდესაც საქართველო უარს არ ამბობს ევროკავშირის სხვა სესხებზე.
“ცოტა არ იყოს პარადოქსულია, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის დამაჯერებელ ტონს მალევე მოჰყვა ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკა, რომ მისი უფროსი არის არა ევროკავშირი, არამედ ქართველი ხალხი. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ 75 მილიონიანი სესხის გამოყოფაზე უარს საქართველოს ეუბნებიან და არა პირიქით. როგორც ჩანს, ევროკავშირში უკმაყოფილონი არიან საქართველოში გატარებული რეფორმებით, მათ შორის, სასამართლო რეფორმით. ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა:
“საქართველოს ხელისუფლება უარს ვერ იტყვის იმაზე, რაზეც არ აქვს უფლება. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან”.
“ქართული ოცნების” ლიდერებს, არც ამის შემდეგ შეუცვლიათ ტონი. უფრო მეტიც, როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, მას არ აინტერესებს, ვინ რა თქვა:
“მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს არ იყო გრანტი და დახმარება, იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი”.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ევროკავშირის დახმარებას “ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”.
“ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი – ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, და მეორე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის საკითხს, ეს მოხდა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესაბამის მოლაპარაკებებში”, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. აღნიშნული 75 მლნ ევროს კი, საქართველო მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ საქართველო ორმხრივად აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა და განმარტავს, რომ 75 მილიონი ევროს სესხს ევროკავშირისგან მოჰყვებოდა ვალდებულება, რისი მთავარი აზრი იყო სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება, როდესაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ.
გოგავა ასახელებს ორ მიზეზს, თუ სურს უცხოეთს აკონტროლოს ქართული სასამართლო:
“პირველი – საკუთარი ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შემოსულია ან მომავალში დააპირებს შემოსვლას. როგორც წესი, მათი ლობირება ხდება ადგილობრივი მეწარმეების ინტერესის ხარჯზე. ამის ნათელი მაგალითია სიგარეტის იმპორტის დემპინგი, რაც ავიწროვებდა/აჩერებდა ადგილობრივ წარმოებას.
მეორე – საარჩევნო დავებს სასამართლო განიხილავს, უცხოეთს კი ყოველთვის ჰყავს თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალები. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები დაიცვა”.
ირაკლი გოგავა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ურჩევს მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის “ნულოვანი ზრდის” კონცეფციაც მოიშორონ და მაშინ, შესაძლოა, ამომრჩევლის გული ისევ მოიგონ.
მისივე მოსაზრებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე ტვირთია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვალუტისთვის და მის მიერ მოცემული სიკეთეები ვერ ფარავს მისგან გამოწვეულ უარყოფის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, როცა საქმე მაღალტექნოლოგიურ სფეროს ეხება.
“ამის სანაცვლოდ საჭიროა ადგილობრივი რეალური სექტორის, საწარმოების დაკრედიტება. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა: ნებისმიერი ბიზნესის 51% ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
ამ თემის პოლიტიკურ ნაწილს, რაც შეეხება, ანუ იმას, ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს სესხის არ, თუ ვერ მიღება, უქმნის თუ არა საქართველოს ევროპულ მიმართულებას საფრთხეს? პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას საფრთხეს უქმნის უამრავი რამ, მათ შორის პოლიტიკური სისტემის მყიფე ხასიათი და არათანმიმდევრულობა.
მისივე თქმით, თავის დროზე ამ კურსს საფრთხე შეუქმნა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარულმა შინაარსმაც და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების აბსოლუტურმა სისუსტემ და დემოკრატიის კარიკატურულმა ფორმებმა. ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, განსაკუთრებით დიდი საფრთხე ემუქრება იმით, რომ დასავლეთმა სერიოზული მარცხი განიცადა ავღანეთში, მანამდე ერაყში; სერიოზულად გაიუარესა მდგომარეობა სირიაში.
“საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ზოგჯერ და ხშირ შემთხვევაში, იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ რომელიღაც კოლონიურ ქვეყანაში მგონია თავი, რომელმაც არ იცის, რა უნდა; სადაც საზოგადოება არ წყვეტს ქვეყნის მომავალი განვითარების ბედს, საგარეო ვექტორს. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ის, დასავლური არჩევანი იქნება თუ არა სტაბილური და მყარი. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ძალიან პროდასავლურ და ძალიან თავგამოდებულ მედასავლეთეების ნაბიჯებზე, როგორებიცაა არასამთავრობოების ვიწრო ჯგუფი და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არამედ ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის მყარი და მტკიცე გადაწყვეტილება”, – განუცხადა Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ.
მისივე მოსაზრებით, პოლიტიკური ინტერპრეტაციები იმაზე, უნდა ეთქვა თუ არა უარი 75 მლნ ევროზე საქართველოს ხელისუფლებას, არასერიოზულია, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. მეორე მხრივ, თუ ამ თანხის არმიღებას დავუკავშირებთ სასამართლო რეფორმას და იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს კონტროლის ხელიდან გაშვება, მაშინ უკვე სერიოზული ფაქტორია, რასაც დასავლეთი საქართველოს არ გაუტარებს და თვალს არ დახუჭავს.
ვაჟა ბერიძის თქმით, გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ თავად ქართულმა საზოგადოებამ მოითხოვოს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელი არ იყვნენ აშშ-ს საელჩო და მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთ შემთვევაში უკუშედეგს მივიღებთ.
“სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელი აშშ-ს საელჩო და მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ იქნებიან, ისეთივე შედეგს მივიღებთ, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად. სასამართლო რეფორმაზე მაშინ, დასავლურმა ორგანიზაციებმა და აშშ-ს საელჩომ დიდი ფული დახარჯეს, მაგრამ რა მოგვცა ამ რეფორმამ? არაფერი, გარდა პროკურატურის ნებას დაქვემდებარებული სასამართლო სისტემისა, რომელიც სააკაშვილისა და მისი ჯგუფის ვერდიქტებს არეგისტრირებდნენ. არც დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელია”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
ადრე თუ გვიან გაირკვევა, საქართველომ რა მიზეზით თქვა (თუ ათქმევინეს) უარი ევროკავშირის სესხზე, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით 2 არჩევნები ჩატარდა, როცა კოვიდპანდემიის მართვაში წარუმატებლობას განიცდის, როცა ხანგრძლივი ლოქდაუნების შედეგად დაზარალებული ეკონომიკა წელში ვერ გასწორებულა და უმუშევართა რიგები იზრდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მილიონიან სესხზე უარი თქვას, თუ ამ სესხს თან პოლიტიკური ვალდებულებები არ მოჰყვება.
შ. ქარჩავა