გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, 73-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია – “აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ”. წელს დოკუმენტმა 79 დადებითი ხმა მიიღო, 15 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ბელორუსი წინააღმდეგი იყო, ხოლო 57-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა.
საქართველო აღნიშნულ დოკუმენტს გაეროს ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს. საქართველოს სსს-ს ინფორმაციით, დოკუმენტი ადასტურებს დევნილების უფლებას „საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად“. რეზოლუციაში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ „პატივი უნდა ვცეთ დევნილების საკუთრების უფლებას და თავი შევიკაოთ მათი ქონების შესყიდვისგან, რადგანაც ეს მათი უფლებების დარღვევაა“. საქართველოს სსს-ს ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.
“მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ქვეყანათა ჯგუფის სახელით არის წარდგენილი და უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
რეზოლუციის მიღება წელს, რამდენიმე განსაკუთრებულობით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ის, რომ სომხეთი, რომელიც ყოველთვის რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა, ამჯერად “თავშეკავებულთა” რიგებში ჩაეწერა და ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო.
“ვფიქრობ, ეს სომხეთის საგარეო პოლიტიკის ახალი მიმართულებებით არის გამოწვეული, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაფიქსირდა. ქვეყანა აშკარად აჩვენებს, რომ მსგავს საკითხებში წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით უფრო თავისუფალია. ვფიქრობ, ერევანი შემდგომშიც მსგავს ნაბიჯებს გადადგამს იმ იმედით, რომ მას სათანადოდ დააფასებენ, როგორც თბილისში, ისე ევროკავშირში. ურთიერთდამოკიდებულების დინამიკა აჩვენებს, რამდენად წარმატებულ ზეგავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი ქვეყნებს შორის არსებული პრობლემური ურთიერთობების მოგვარებაში”, – განაცხადა ქართველმა პოლიტოლოგმა ზაალ ანჯაფარიძემ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.
რეზოლუციის მიღებაზე უარის თქმა თბილისში, ყოველთვის გაცხარებულ პოლემიკას იწვევს. ერევანმა თავისი პოზიცია ჟენევის დისკუსიის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის არსებობით ახსნა. ასევე, სომხური მხარის აზრით, ჰუმანიტარული საკითხები, მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ უნდა გადაწყდეს. კიდევ ერთ ბარიერად აღმოჩნდა მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემადგენელი ჰუმანიტარული საკითხები. რეზოლუციის მთავარი მომხრეები არიან “სუამის” (საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვა) წევრები, რომლებსაც დღეისათვის ტერიტორიული პრობლემები აქვთ და ტრადიციულად ერთიანი ფრონტით გამოდიან.
ანალიტიკურ ცენტრ “ორბელის” ექსპერტი, პოლიტოლოგი ჯონი მელიქიანი თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის “დამოუკიდებელ” გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, ოფიციალური ერევანი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა.
“წინა ხელისუფლების დროს, საქართველომ არაერთხელ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აშკარა ანტისომხურ კონტექსტს შეიცავდა. ბოლო წლებში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ უარი ეთქვათ არსებულ პრაქტიკაზე და საერთაშორისო მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ხმა აღარ მიეცათ. ამგვარი საუბრები, მე მგონი, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, რამდენიმე შეხვედრის დროს არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, სომხეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებულ ე.წ. ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაღწიეს”, – განაცხადა მან Dalma News-ის კორესპოდენტთან საუბრისას.
მელიქიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი კეთილი ნების გამოხატვად უნდა მივიჩნიოთ კეთილმეზობლურ და მოძმე საქართველოსთან მიმართებაში და არავითარ შემთხვევაში – მესამე ქვეყნის, კერძოდ რუსეთის წინააღმდეგ. ამას ადასტურებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცაკანიანის საკმაოდ დიპლომატიური განცხადება, რომელმაც ხაზი გაუსვა ურთიერთობების და პროდუქტიული თანამშომლობის მნიშვნელობას, როგორც სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან, ისე კეთილმეზობელ საქართველოსთან.
“ბოლო დროს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში, აშკარად პოზიტიური პოლიტიკური ფონი შეინიშნება. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისიის განახლებული მუშაობა, რომლის პირველი სხდომა, 8 წლიანი შესვენების შემდეგ, ივნისის ბოლოს შედგება. ასევე, აღსანიშნავია ქართულ-სომხური ბიზნეს-ფორუმი, რომელიც სომხეთის დილიჟანში ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აქტიურ ფაზაზე მეტყველებს და არსებობს ამ ურთიერთობების ახალ დონეზე გაყვანის შესაძლებლობა”, – დასძინა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ერევნის ნაბიჯი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ახალ დონეზე გაყვანის სურვილით უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, მელიქიანს მიაჩნია, რომ ამგვარად შესაძლებელი გახდება ბევრი პრობლემური საკითხის დარეგულირება სახელმწიფოთაშორისი დღის წესრიგის ფარგლებში.
“ისიც შესაძლებელია, რომ ამას საპასუხო მოქმედებები არ მოჰყვეს. ყველაფერი მხარეების მოტივაციაზე და ორი ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული”, – დასძინა მან.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის არ მიცემა – ერევნის მიერ ახალი წესებით თამაშის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. დრო გვიჩვენებს, თუ როგორი რეაგირება მოჰყვება ამას ოფიციალური თბილისის მხრიდან.
ეკატერინე მინასიანი (თბილისი)
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი