“ქართული ოცნება” არის პარტია, რომელიც შექმნის დღიდან ხელისუფლებაშია, ანუ შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივა და დღემდე ასეთად რჩება. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში გულმოდგინედ ეხმარებოდა და უხვადაც აფინანსებდა, ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის თავზე, ახალი პარტიის სულისჩამდგმელი და დამფინანსებელი გახდა.
“ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე წელიწადში სააკაშვილის ხელისუფლებისადმი შიდა უკმაყოფილება იმდენად გაიზარდა, რომ მაშინ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები მიხვდნენ, პროექტი – “ყველა მინუს ერთი”, აუცილებლად გაამართლებდა, მაგრამ ამისთვის ფინანსური ზურგი იყო საჭირო. ასე შეიქმნა ჯერ კოალიცია “ქართული ოცნება”, სადაც თავი რამდენიმე პარტიამ მოიყარა, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, კოალიცია დაიშალა და “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის სადავეები სრულად აიღო ხელში.
2012 წელს ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, რასაც დაემატა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 100 ახალი საწარმოს შექმნისა და მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების დაპირება. საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებიდან გაუშვა და სადავეები “ქართულ ოცნებას” გადასცა. მას შემდეგ, “ოცნების” მმართველობის უწყვეტი ციკლი გრძელდება. პარტია უკვე მესამე ვადით არის ხელისუფლებაში და არსებობის მე-11 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ძირეულად გადახალისდა თავად პარტიაც და ის, ე.წ. ძველ და ახალ გვარდიად გაიყო. პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და საკუთარ მხრებზე გადაიტანეს დარბევები, რეპრესიები, დევნა და დაპატიმრებები.
პარტია “ქართული ოცნება” შექმნიდან 6 თვეში ქვეყნის მართვის სათავეებთან აღმოჩნდა, 11 წლის განმავლობაში 5-ჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი. დღეს მოქმედი, რიგით მეექვსე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მანამდე “ოცნების” მთავრობის რიგით მეორე მეთაური იყო. 11 წლის თავზე, ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები იყო არსებითი გარდატეხა სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.
“დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის საიუბილეო მიმართვაში.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, 2012 წელს მშვიდობიანი გზით შეიცვალა სააკაშვილის რეჟიმი, სადაც გამეფებული იყო კერძო საკუთრების ხელყოფა, სიცოცხლის დაუცველობის განცდა, შიში, პოლიტიკური რეპრესიები და წამება ციხეებში.
“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, – ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
“ქართული ოცნების” 11-წლიანი მმართველობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებისას, ყოფილი სახალხო დამცველი, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ნანა დევდარიანი უპირველესად “თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას” გამოყოფს.
ხელისუფლებიდან გაშვებულ დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაცია, მართლაც არ ყოფილა ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა, შესაბამისად, მოლოდინი, რომ “ენმ”-ს ლიდერების უკანონო ქმედებები ადეკვატურად, კანონიერი სასჯელით იქნებოდა კომპენსირებული, მოლოდინად დარჩა. კოჰაბიტაციის გამო, “ოცნების” რეიტინგი თანდათან დაეცა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლების შენარჩუნებას დღემდე ახერხებენ. მიზეზი მარტივია, “შუა გაკრეფილ” პოლიტიკურ ვითარებაში “ოცნების” ალტერნატივად რევანშისტული “ნაციონალური მოძრაობა” და მისგან აღმოცენებული წვრილ-წვრილი პარტიები არიან წარმოდგენილნი.
საბოლოოდ, “ქართული ოცნების” ლიდერებმა თავადაც აღიარეს, რომ კოჰაბიტაცია მცდარი ნაბიჯი იყო, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობა” დამნაშავე რეჟიმად არ გამოაცხადეს და “პატრიოტთა ალიანსის” მიერ პარლამენტში 2-ჯერ შეტანილი რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
“თავიდან ის შემადგენლობა, რაც “ქართულ ოცნებაში” იყო, მოიცავდა ასეთ ფორმულას – “ყველა მინუს ერთი”. ეს მინუს ერთი თითქოს „ენმ” უნდა ყოფილიყო. მერე ვითარება შეიცვალა და ადამიანები, რომლებიც გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ, დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან. ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. “ოცნების“ რიგებიდან, ნელ-ნელა ის მებრძოლი ადამიანები გარიყეს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს, მართლაც სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდა და დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გვახსოვს იმ ბრძოლის დროს”, – განუცხადა Dalma News-ს ნანა დევდარიანმა.
მისივე თქმით, “ოცნების” მხრიდან დაგვიანებულია იმაზე საუბარი, რომ კოჰაბიტაცია ამერიკამ დააძალათ. მმართველი პარტიიდან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წევრები 10 წლის თავზე მიხვდნენ, რომ აშშ-ს ელჩს რაღაცების უფლება არ ჰქონდა.
“10 წლის შემდეგ, მიდევნებული ლამპარივით რომ დაიწყებ საუბარს, ეს სერიოზულობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს”, – აცხადებს დევდარიანი.
რაც შეეხება დადებითს. როგორც ნანა დევდარიანი ამბობს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს.
“ჩვენ გვაქვს ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომ ყველა რისკი სათანადოდ უნდა შევაფასოთ. 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინის რადამ ცოცხალი თავით არ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. დღეს კი, საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამ პირობებში გაგვეკეთებინა, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად”, – ამბობს ყოფილი ომბუდსმენი.
ნანა დევდარიანის აზრით, ყველა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ 2 ვადის შემდეგ, ხალხი მათი ხელისუფლებისგან იღლება, საჭიროა ცვლილებები. მესამე ვადით მოსული „ქართული ოცნება“ უნდა ხვდებოდეს ამდენს. გარდა ამისა, არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებიც ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ დღესაც ვერ დაუბრუნებიათ ნაციონალების მიერ წართმეული ქონება და ბიზნესი. მოკლულ ოჯახის წევრებს ხომ ვინ გაუცოცხლებთ?
ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა 2012 წელს რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას შესთავაზა. „ოცნების“ დაპირებათა შორის იყო რუსეთთან დიალოგის აღდგენა, რაც ასევე ვერ შესრულდა.
ნანა დევდარიანის აზრით, რუსეთთან დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით “ოცნებამ” მნიშვნელოვანი დრო გაუშვა ხელიდან, რეგიონში დღეს არსებულ ვითარებაში კი, ეს რთული წარმოსადგენია.
“ეს დაპირება უნდა შეესრულებინათ, მაგრამ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობების ხარჯზე. ყველა ომი მთავრდება ზავით და მოლაპარაკებებით. რაც არ უნდა რთული იყოს რუსეთთან დიალოგი, იმიტომ ხარ ხელისუფლებაში, რომ დაიწყო ეს დიალოგი. უნდა ეძებო, სად არის ეროვნული ინტერესების გადაკვეთის წერტილები. ეს ვერ გაკეთდა. პოლიტიკური დიალოგი არ დაიწყეს. დღეს კი, ეს რთული წარმოსადგენია”, – აცხადებს ნანა დევდარიანი.
მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ “ენმ”-ს წარმომადგენლები ჩრდილში შეიყუჟნენ. ბევრ მათგანს ბარგი ჰქონდა ჩალაგებული. მერე ნახეს, რომ არავინ მათ ხმას არ სცემდა და აქეთ მოუბრუნდნენ „ოცნებას“ იქამდე, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული სანდრო გვირგვლიანის საქმის მოსამართლის თემაც კი, შემოუტრიალეს. რა დანაშაულებიც თავად ჩაიდინეს, ახლა “ოცნებას” აბრალებენ.
“შესაძლოა ქვეყნის გარედან ურჩიეს კოჰაბიტაცია. ეტყობა დაპირებები იყო გაცემული, ან „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში მყოფმა იმ პარტიებმა მოინდომეს კოჰაბიტაცია, რომლებიც შემდეგ საპირისპირო ბანაკში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი პარტია ისეთი ჰყავდათ კოალიციაში, რომელიც ზვიადთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში და ზვიადი დაამხო, მერე შევარდნაძესთან ერთად მოვიდა პარლამენტში და შევარდნაძე დაამხო, მერე სააკაშვილთან ერთად მოვიდა და სააკაშვილი დაამხო, ერთი წამით, ხომ უნდა დაუშვა, რომ შენც იმავეს გაგიკეთებს, გვერდით რომ დაიყენებ ასეთ პარტიას?”, – აცხადებს ნანა დევდარიანი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ 11 წლის წინ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, მხოლოდ ხალხის განწყობამ მოიყვანა. ამის კვალობაზე, პარტიას ჰქონდა ყველა საშუალება, შეეცვალათ ის სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლებამ თავს მოახვია ქვეყანას.
“ეს სისტემა არის ფაქტობრივად, ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში განადგურების ტოლფასი”, – ამბობს გიორხელიძე.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს, საზეიმოდ ექნებოდა საქმე, თუ საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში კლასიკური ევროპული ტიპის სახელმწიფოს ააგებდა.
“არსებულ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ სადღესასწაულოდ მართლაც არ აქვს საქმე. პარტიას უფლება აქვს, თავის მიღწევებზე ისაუბროს, მაგრამ, მიღწევები ძალიან ეფემერული გვაქვს. ჯერ ერთი ეკონომიკური ვითარდება ისეთია, რომ ადამიანები, საკმაოდ დიდი ნაკადებით არ წყვეტენ ემიგრაციაში წასვლას, რაც არ შეიძლება ხდებოდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდა ორნიშნა ციფრებს უახლოვდება”, – ამბობს დემურ გიორხელიძე.
მისივე შეფასებით, საკუთრივ ეკონომიკური ზრდა რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს. რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ბოლო 2 წელია განაპირობებდა იმას, რომ საკმაოდ დიდი თანხები შემოვიდა ქვეყანაში და ამან, “ოცნებისთვის”, ფაქტობრივად ციური მანანის როლი შეასრულა, გადაფარა მთავრობის საკმაოდ სუსტი ეკონომიკური პოლიტიკა.
“გვინდა თუ არა, საქართველო კლანური მმართველობის ქვეყანაა და ხელისუფლებების ცვლილება კლანებს ფაქტობრივად არ ცვლის. ისინი ერთმანეთში თუ გადაინაწილებენ ხელისუფლებასთან სიახლოვის ხარისხიდან გამომდინარე შექმნილ სიმდიდრეს, თორემ თვითონ სიმდიდრეს ნამდვილად არ ქმნიან. ამიტომ, ამ საერთაშორისო გამწვავების ფონზე, მიღწევებზე საუბარი ძალიან მიჭირს. პოლიტიკაში არის ერთადერთი შედეგი – შეფასების კრიტერიუმი. თუ რა მდგომარეობაა ყველა იმ მაჩვენებლების მიხედვით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე”, – განუცხადა Dalma News-ს დემურ გიორხელიძემ.
2012 -ში როდესაც ხმას აძლევდა ხალხის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დაპირებების გარდა იყო ეკონომიკური ხასიათის დაპირებებიც. დემურ გიორხელიძის შეფასებით, 10 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ხელშესახები წინსვლა აჩვენოს, ამისთვის საჭიროა ხელისუფლებამ იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ინტელექტუალურ ზრდაზე. 10 წლის თავი, სწორედ ის პერიოდია, როდესაც უნდა ვაფასებდეთ ხელისუფლების მოღვაწეობას, თუმცა, დღეს რეალურად ქვეყანაში გვაქვს განადგურებული საგანმანათლებლო სისტემა.
“ქართულ ოცნებას“ ხალხის დაკვეთა რომ შეესრულებინა, დღევანდელი ოპოზიცია ვერ იარსებებდა. მე-11 წელია, „ოცნება“ სულს უბერავს „ენმ“-ს, რომ არ ჩაქრეს. ქვეყანაში, უნდა არსებობდეს პოლიტიკურად კონკურენტული გარემო. 11 წლის თავზე ვკითხოთ „ოცნებას“, ვინ იქნება ხელისუფლებაში, თუ კი ისინი წავლენ”, – აცხადებს გიორხელიძე.
ადრე თუ გვიან, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა. ჩნდება მთავარი კითხვა, – შეძლებს კი, ეს პარტია ოპოზიციაში ყოფნას? „ოცნების“ ასეთი მომავალი ძალიან ბუნდოვანია.
შორენა პაპაშვილი