2017 წელი საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის რთული და გამოწვევებით აღსავსე წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის ნაწილში, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღო, ამას ქვეყნის საშინაო ვითარება რადიკალურად არ შეუცვლია. კატასტროფული სისწრაფით უფასურდება ეროვნული ვალუტა ლარი, იზრდება გადასახადები, ძვირდება საკვები პროდუქტები. 2017 წელი, საარჩევნო წელიც იყო, ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. ის მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” ერთგვარი ტესტი იყო, იმისა, თუ მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს ხელისუფლებას მხარს. ქვეყნის დედაქალაქის მერი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე გახდა.
იყო თუ არა გასული წელი საქართველოსთვის პროგრესული და რა გამოწვევების წინაშე დგას მმართველი გუნდი, ამის შესახებ Dalma News-ს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ესაუბრა.
– როგორი იყო 2017 წელი?
– ჩატარდა მნიშვნელოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. იყო ისეთი ეპიზოდებიც, რომლებმაც შეძრა ჩვენი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, პირველ რიგში ეს იყო თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის შეპყრობა, რაც დადასტურებულია და მისი გადაცემა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებისთვის. კაცის, რომელიც იძიებდა ილხამ ალიევის უკანონო ბიზნესს საქართველოში. ასევე, ვნახეთ ტერორისტული ოპერაცია, რომელიც 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, უწყვეტი სროლითა და ყუმბარების აფეთქებით. ამ ყველაფერმა ბევრი კითხვა გააჩინა. მთავრი კი ის იყო, რომ ეს არ იყო პროგრესის წელიწადი, არამედ მანკიერი წრე, რომელიც ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს. მან თქვა, რომ ჩვენი საზოგადოება მანკიერ წრეზე დადის და დროა გავიდეთ განვითარებაზე. ჯერჯერობით ასეთი რამ არ იკვეთება.
თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს, ვაღიაროთ რომ საქართველო, კავკასიის რეგიონში ჭეშმარიტად გამორჩეულია, როგორც დემოკრატიის, ისე თავისუფლების და კანონის უზენაესობის ხარისხით. ყველაფერი ხომ შეფარდებითია?! ამიტომ, როცა უცხოელი დამკვირვებლები საქართველოს უწოდებენ ერთგვარ ოაზისს რეგიონში, ეს ასეა და ეს მისასალმებელია. ამის მიუხედავად, არჩევნებმა დაადასტურა, რომ მმართველ დაჯგუფებას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, რომ მონოპოლია არასდროს იძლევა ნამდვილი განვითარების საშუალებას. თვითმმართველობის არჩევნებში 91%-იანი დაფინანსება, ერთადერთმა პარტიამ მიიღო და ეს არის მმართველი პარტია. აქედან ჩანს, რომ მონოპოლია დღითი დღე იზრდება.
– როგორ შეაფასებთ საქართველოს განვითარების ხარისხს, – საშუალოზე დაბალი იყო, საშუალო თუ საშუალოზე მაღალი?
– ალბათ, საშუალო. იმიტომ, რომ ყოველთვის შესაძლებელია უარესი. აქ არის მნიშვნელოვანი სპეციფიკური ფაქტორი, – ივანიშვილი, რომელიც ჭეშმარიტად ჩამოშორებულია ხელისუფლების სადავეებს, არ ერევა ქვეყნის მართვის პროცესში, მაგრამ “ქართული ოცნების” გუნდში მას კვლავ განიხილავენ პატრონად, “ხაზეინად”. ეს მიანიშნებს იმაზე რომ არსებობს “ხაზეინი”, რომელსაც შეიძლება, რაღაც არ მოეწონოს და მკაცრი ზომები მიიღოს. ივანიშვილის ფაქტორი ბევრ რამეს აკავებს. ძალაუფლებით ტკბობის გამო ბევრი “აიწყვეტდა”. ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ივანიშვილის ფაქტორი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოება.
– აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ მმართველი პარტიის მოღვაწეობას, რა პროგნოზების საშუალებას იძლევა ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები?
– ჩემს გამოსვლებში ვამბობდი, რომ “ქართული ოცნების” არაპოპულარობის მიუხედავად ეს გუნდი ამ არჩევნებში ტოტალურ გამარჯვებას მოიპოვებდა. ხაზს ვუსვამდი, რომ მაჟორიტარების ყველა ადგილს აიღებდნენ და ეს გამართლდა. თავისუფალი კანდიდატები – სალომე ზურაბიშვილი და სიმონ ნოზაძე, ისევ და ისევ ოცნების კეთილი ნების შედეგად მოხვდნენ პარლამენტში და არა დამოუკიდებლად. სახეზე გვაქვს პოლიტიკური მონოპოლია, რაც მონოპოლიის ასევე, საკმაოდ დიდ ხარისხს უზრუნველყოფს ეკონომიკაში. მაგალითად, კაზინოების ბიზნესი, თუ სხვა სფერო… პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემდეგ. პროგნოზი ასეთია: ერთი მხრივ ივანიშვილი აკავებს საკმაოდ ნეგატიურ მოვლენებს, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას არ აქვს საშუალება გააკონტროლოს მმართველი დაჯგუფება და მოდარაჯე ძაღლისა და შოლტის ფუნქცია შეასრულოს, მეორე მხრივ კი, რეალური გადასვლა, ეგრეთ წოდებული თავისუფალი წვდომის, ანუ კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნებისაკენ, ჯერჯერობით არ იკვეთება.
– იმის მიუხედავად რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის ოაზისად მოიაზრება, მაინც არის ხარვეზები. აქედან გამომდინარე, რამდენად აქტიურია ოპოზიციური ძალები?
– ოპოზიციის საქმიანობას უაღრესად უარყოფითად შევაფასებ, ვინაიდან რეალურად ოპოზიცია არ არსებობს. მე ვერ ვუწოდებ ოპოზიციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთას. ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი, რამდენ ნაწილად დაიშალნენ. ისინი არიან სააკაშვილის სისხლიანი და სადისტური რეჟიმის მოქმედი პირები, თუ თანამზრახველები. პოლიტიკური ოპოზიცია უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ერთგული. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, ვერ დავასახელებ ვერც ერთს, სამწუხაროდ, რომელსაც აქვს უნარი ხალხის დიდი ნაწილის მობილიზებისა. ჩვენთან სამწუხაროდ, პარტიები შპს-ების როლს თამაშობენ, ერთი-ორი პოპულარული პიროვნების გარშემო გაერთიანებული ჯგუფები არიან. მათ არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პარტიებთან, ეს უფრო მათი პოლიტიკური ცნობადობის კაპიტალიზაციის მექანიზმებია, ამის საშუალებით შოულობენ ფულს, რომ კარგად იცხოვრონ, კეთილმოწყობილი ბინები ჰქონდეთ, იმოძრაონ შავი ჯიპებით და ა.შ. ამით მთავრდება მათი პოლიტიკა.
– რას ნიშნავს “ქართული ოცნებისთვის” კახა კალაძის თბილისის მერად არჩევა?
– საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ინფორმაცია ყოველთვის ჟონავს და ცნობილია, რომ კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს ივანიშვილისგან დამოუკიდებლად იყრიდა. ეს ყველამ იცოდა წინასწარ და გამოჩნდა კიდეც. ბერლუსკონიმ ღიად მიულოცა გამარჯვება კალაძეს, ივანიშვილს კი ოფიციალურად არ მიულოცავს. ბიძინა ივანიშვილის არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე მისვლისას, ტელეკამერების წინ კომენტარი არ გაუკეთებია. მას ხომ შეეძლო ნეიტრალური კომენტარის გაკეთება, რომ ხმა მისცა “სიცოცხლით სავსე ქალაქს”. ესეც კი არ უთქვამს, ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში დიდძალი რესურსი იყოს მობილიზებული, კალაძე თვითონაც მილიონერია და ქალაქში რომ გაივლიდი იფიქრებდი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იყრიდა კენჭს თბილისის მერის თანამდებობაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად მან ხმების მხოლოდ 51 % აიღო. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი, ცუდი იქნებოდა, მას რომ აეღო 80 და 90 % როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. მთელი ამ მობილიზაციით მიუხედავად კალაძემ ამაზე მეტი რომ ვერ აიღო, ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი არ ჩარეულა მის კამპანიაში და შესაბამისად, ამ პიროვნებამ დამოუკიდებლად გაიმარჯვა.
ქალაქში, სადაც სიღარიბე უდიდეს პრობლემად რჩება, სადაც სამწუხაროდ ადამიანები ნაგვის ბუნკერებთან დგებიან რიგში და ასეთ სურათებს ყოველდღე ვხედავ, უცებ მილიონი ლარი საახალწლო განათებაში იხარჯება. განათება შეძენილია იტალიაში. მომისმენია ადამიანებისგან ამასთან დაკავშირებით, უაღრესად ნეგატიური შეფასება, რომ ეს ნამდვილად არ უნდა გაკეთებულიყო. მინდა ყველა თბილისელს შევახსენო, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, თუკი საზოგადოება ვერ ასრულებს დარაჯისა და შოლტის ფუნქციას და ყოველდღიურ მონიტორინგს ვერ აწარმოებს, ნებისმიერი ხელისუფლება ირყვნება. ეს საშიშროება ყოველთვის არსებობს.
თბილისის საახალწლო განათების შემხედვარე, ჩვენი უცხოელი მეგობრები მხრებს იჩეჩავენ და ამბობენ, ასეთი ფუფუნება მოუხდებოდა დანიას ან ბელგიასო. ნუთუ უფრო საჭირო არ იყო სხვა სოციალური პრობლემების გადაჭრა? აქ უკვე კითხვები ჩნდება. რამდენ მოქალაქეს გინდა აუხსნა, რომ ეს განათება ძველი მერის პირობებში იყო შეძენილი? ადამიანების ნაწილს არანაირად არ ეზეიმება ახალი წელი, რადგან ინფლაციამ ბევრ ოჯახს დაარტყა, ლარი უფასურდება. გავიგეთ, რომ ტარიფები იზრდება ელექტროენერგიაზე მთელი 10 %-ით. ეს არ არის ადვილი. აქტიურად ვეცნობი სტატისტიკას და გულზე შემოგეყრება, როცა კითხულობ, რომ ძალიან ბევრ ოჯახში გადასახადებში იხარჯება 200-დან 400 ლარამდე. როგორ არსებობენ ადამიანები გასაკვირია. მერიას მართებს სოციალური დაცვის მიმართულებით იმუშაოს და დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, რომ ამისთვის არის შემართული. მივესალმოთ ყველაფერ დადებითს, რასაც გააკეთებენ, მაგრამ თბილისელებს შევახსენებ, რომ მათი აქტიური მონიტორინგის გარეშე, კარგი არაფერი გაკეთდება, იმიტომ, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებშიც კი, მერისა და მერიის საქმიანობა დაღმა სვლას განიცდის, თუკი საზოგადოების კონტროლი დააკლდა.
– როგორც შეაფასებთ კალაძის მერობის პირველ დღეებს?
– არანაირი ილუზია არ მაქვს კალაძის მიმართ. როცა ის ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო, მომისმენია უცხოელი ექსპერტების შეფასება, იგივე ამერიკელ სენატორებისგან, რომ რატომ უნდა ექმნებოდეს ინვესტორს და კომპანიას პრობლემები, რომლებიც თავის ფულს დებენ, რომ საქართველოში მოიპოვონ გაზი თუ ელექტროენერგია? მოინდომა ფეხბურთელმა კაცმა ენერგეტიკის მინისტრობა და გახდა. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს ენერგეტიკის მინისტრობა, როცა არის წარმატებული ფეხბურთელი? მისი დანიშვნიდან 2-3- კვირის შემდეგ გაირკვა, რომ, თურმე ეს ადამიანი ფლობს ჰიდროელექტრო ობიექტებს და ატყდა დიდი სკანდალი, ამ სკანდალის შემდეგ, ვარ იმ ადამიანთა შორის, ვისაც კალაძის მიმართ ილუზიები არ აქვთ.
პოპულარული ფეხბურთელი ხდება სახელმწიფო მოხელე, როდესაც გარეგნობაც უწყობს ხელს და საუბარიც შეუძლია, რომ ეკრანიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხიბლოს. ახალგაზრდები უყურებენ თანამედროვედ ჩაცმულ, ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეს, ეს ყველაფერი ქმნის ხოლმე ტელეგენურ ილუზიას. როდესაც ადამიანები ტელევიზიით აფასებენ პოლიტიკურ ფიგურებს, აქ იმარჯვებს არა ის, ვინც სინამდვილეში უფრო კომპეტენტურია და შეძლებს კარგად მუშაობას, არამედ ისინი, ვინც უფრო ტელეგენურები არიან. ეს მსოფლიო პრობლემაა, რამდენ იტალიელ მეგობარს უთქვამს ჩემთვის, რომ სილვიო ბერლუსკონი არის იტალიის უდიდესი სირცხვილი, რომ სრულიად უზნეო, მაფიოზი ადამიანი, მრავალი წლის განმავლობაში იყო პოლიტიკაში და ახლაც ბრუნდება. მიუხედავად ყველა სასამართლო პროცესებისა და ბრალდებებისა ბერლუსკონი არ იძირება, იმიტომ, რომ აქვს ეს შარმი და ხიბლი, რომლის უკან არაფერია გარდა ძალაუფლებით ტკბობის სურვილისა.
– თქვენი აზრით, ვინ იქნება პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”?
– არ ვანიჭებ მნიშვნელობას და არც კი ვფიქრობ იმაზე, თუ “ქართული ოცნება” ვის შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატად. ჩემი აზრით, ივანიშვილის ნების გარეშე ეს ვერ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, ის განიცდის, რომ შეიძლება რაღაც ცუდი დატრიალდეს. რა თქმა უნდა, მას რჩევას ჰკითხავენ. “ოცნებას” არ გაუჭირდება მორჩილი პრეზიდენტის შერჩევა და არჩევნების შედეგების უზრუნველყოფა, თუ მანამდე არ ჩამოიშალა ეს პარტია. ჩამოშლაში ვგულისხმობ, ლარის ვარდნას, ჰიპერინფლაციას, როცა უკვე არც ადმინისტრაციული და არც ფინანსური რესურსი აღარ შველის ხელისუფლებას. როგორც იყო ეს “ვარდების რევოლუციის” დროს, შემდგომ კი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, როცა ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. სხვა შემთხვევაში, როგორც თვითმმართველობის არჩევნებში არ გაუჭირდა “ქართულ ოცნების” კანდიდატს გამარჯვება, არც აქ გაუჭირდება.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი