საახალწლო არდადეგებიდან დაბრუნებული მთავრობა ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ახალი გეგმებით შეუდგა მუშაობას მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” ბოლო სახელისუფლებო წლის დასაწყისში. 2015 წლის დასასრულს თანამდებობის დატოვებამდე აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2016 წლიდან მოსახლეობას პენსიების ზრდას დაჰპირდა. წელი დაიწყო, წამზომი ჩაირთო, მაგრამ ივლისამდე ჯერ დიდი დროა, თანაც ეს ზრდა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მოხდება.
საქართველოში პენსიები ბოლოს 10 ლარით 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა და ჯამში 160 ლარი შეადგინა. ფინანსთან სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 735 000-მდე ასაკით პენსიონერია. ანუ მთავრობის წინასაარჩევნო აქციის ფარგლებში მოქცეულ პენსიების მატებას 90 მლნ ლარი დასჭირდება.
ახლა სხვა ხარჯების შესახებ. მთავრობა განახლებული ძალებით იწყებს საქართველოს პოპულარიზაციაზე ზრუნვას და საამისოდ წლის დასაწყისიდან 14,8 მილიონ ლარს დახარჯავს გეგმავენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წლის მეორე ნახევრში კიდევ იმედოვნებენ 8 მილიონი ლარის დამატებას, რაც მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართულებას მოხმარდება და ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს.
მთავრობის წევრებმა ქვეყანაში და განსაკუთარებით დედაქალაქში მომრავლებულ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის საკითხზეც იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას დამაჯერებლად დაჰპირდა, რომ ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალი პარტიების შემოსვლა და რეგისტრაცია აუცილებლად აიკრძალება. რაც მთავარია, ამჯერად ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზიც გაამხილა, – კანონპროექტის მიღება თბილისში მცხოვრებთა ინტერსებს ემსახურება და ქალაქში მოძრაობაც განიტვირთებაო, თუმცა, უკვე შემოყვანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები დაამშვიდა, – ახალი რეგულაცია თქვენ არ შეგეხებათო.
მოგვიანებით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თემა, პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა. ანუ მხარეებმა გაანალიზეს ის ფინანსური დანაკარგები, რაც შესაძლოა ამ ახალი რეგულაციების გამო განიცადოს ზოგადად ბიზნესმა და მათ შორის საბანკო სექტორმა.
როგორც Dalma News-ს შეხვედრის დასრულების შემდეგ საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ისინი მხარს უჭერენ მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისთვის გაცემული კრედიტების ოდენობა მათ საკრედიტო პორტფელში უმნიშვნელოა. ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებება ადგილობრივ საბანკო სექტორზე გავლენას არ მოახდენს და პრობლემას არ შექმნის.
სხვა საქართველო სად არის?
სააქციო საზოგადოება “ქართუ ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით მიიწევს წინ სახელისუფლებო კიბეზე. კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშნა და მას შემდეგ მთავრობაში შეუცვლელი კადრია. რამდენიმე თვეში ვიცე-პრემიერობაც შეითავსა და დღეს უკვე “ვიცეს” გარეშე – პრემიერია. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგშიც ვიხილეთ. მაგრამ პრემიერობა ყველაზე რთულ პერიოდში, საპარალემტნო არჩევნების წელს მოუხდა. რამდენად გაართმევს კვირიკაშვილი თავს “ქართული ოცნების” მთავრობის წინაშე არსებულ რთულ ამოცანებს, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, მოსახლეობაში “ოცნების” მიმართ იმედგაცრუებამ დაისადგურა და პოლიტიკური რეიტინგიც ქვემოთ მიექანება.
საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძლიდან მთავრობის ადმინისტრაციის უმაღლეს სართულზე გადაადგილებულმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქვეყანას სხვა თვალით შეხედა და დაეუფლა “შეგრძნება, რომ რეგიონებში სხვა საქართველო გვაქვს”, – ამის შესახებ მან ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და მათ ამ პრობლემაზე დაფიქრება დაავალა.
კვირიკაშვილის აზრით, რეგიონების მოსახლეობას არ აქვთ შეგრძნება, რომ ქვეყანაში პროცესები გაუმჯობესებისკენ მიდის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც არ არიან ჩართულები. ერთი სიტყვით რეგიონებში სხვა საქართველოა, რომელიც აშკარად განსახვავდება დედაქალაქისგან…
“რეგიონული განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. ხშირად გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცეებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო სხვა ადამიანებით. ამიტომ მაქსიმალური აქცენტი უნდა გადავიტანოთ რეგიონულ განვითარებაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებაზე და ისინი მაქსიმალურად უნდა პასუხობდნენ რეგიონში არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივების მიმართ აღფრთოვანებას არ მალავს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აცხადებს, რომ ყველა მათგანი აუცილებლად გატარდება ცხოვრებაში. მათ შორის მაგალითად, ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ საგადახადო შემოწმების დროს არ მოხდეს ანგარიშების გაყინვა.
“ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ მათ ყველა ინიციატივას განვიხილავთ და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით. მნიშვნელოვანი რეფორმაა საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულება. ბიზნესისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს, სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე. ამას ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებდა, თუმცა, გაუმჯობესება ყოველთვის არის საჭირო”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს მდგომარეობა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “Heritage Foundation-ის” შეფასებით მან 4 პუნქტით წაიწია წინ. წინასწარი ინფორმაციით, წელს მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოსთვის მესამე ადგილს ელოდება. აქ არის ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა: რაოდენობრივი შეზღუდვა, ფასის შეზღუდვები, მარეგულირებელი შეზღუდვები, საბაჟო შეზღუდვები და მთავრობის პირდაპირი ჩარევა.
საინტერესოა რას ნიშნავს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და, როგორ სარგებლობს ამით თითოეული მოქალაქე? როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, საქართველოს აქვს ღია და ლიბერალური ეკონომიკა, არ აქვს დაბრკოლებები და ბარიერები საზღვრებზე, შესაბამისად პროდუქცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება, დამატებითი გადასახადების გარეშე შემოდის.
“შესაბამისად, ყველას შეგვიძლია, აღნიშნული პროდუქცია დახლებზე შევიძინოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა ვალუტის დევალვაცია, ინფლაციური მომენტები, ანუ ფასების ზოგადი და საერთო ზრდა პრაქტიკულად მითითებულ ზღვართან ახლოს იყო მისული. სწორედ ღია და გახსნილი სავაჭრო პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ დევალვაციასთან ერთად არ გვქონდა ინფლაციური მომენტები. ეს ყველაფერი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ კიდეც აღიარა და შესაბამისად, 178-ე ქვეყანას შორის ვაჭრობის თავისუფლებით მესამე ვიქნებით. ჩვენი ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღია”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აზერბაიჯანული მანათიდან -ქართულ ლარამდე
საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარის კურსის ვადნის კვალდაკვალ, აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი შეირყა ნავთობის მდიდარ აზერბაიჯანშიც. ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ქართული ლარის მდგომარეობას, რადგანაც აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, აზერბაიჯანული მანათი დამოკიდებული იყო ნავთობზე და ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე. ბოლო პერიოდში კი საკმაოდ დაიწია ნავთობის ფასმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანისთვის ეროვნული ვალუტის ნავთობზე მიბმა სტაბილური აღარ არის.
მყარ იმედებს ვერც ეკონომიკის მინისტრი იძლევა და მანათის ლარზე გავლენის მინიმალიზაციის იმედი აქვს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, რომელშიც შიდა და გარე შოკი უკვე დიდი ხანია ასახულია. “ძალიან აქტიურად ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ახლა აზერბაიჯანში მიმდინარეობს. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან ვითარების ჩვენს ქვეყანაზე გადმოცემას, სავარაუდოდ მოხდება, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეს გადმოცემა მინიმალური იქნება”, – აცხადებს იგი.
ვიცე-პრემიერის თქმით, 2015 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული გამოდგა, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირების თვალსაზრისით. ექსპორტი 23%, ხოლო იმპორტი 10%-ითაა შემცირებული. გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა ეკონომიკური ზრდისთვის გამოსავალს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, ახალ საწარმოებისა და ფაბრიკა-ქარხნების აშენებაში ხედავს.
“განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოხმარება – ანუ კონკრეტული ადამიანი, როგორ მოიხმარს და რამდენ ფულს ხარჯავს ის ეკონომიკაში. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ დონემდე მისულები, ამიტომ ის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა ეკონომიკის ნაწილში, კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკის სიჯანსაღეზე. საბოლოო ჯამში, წნეხი ჩვენს ვალუტაზე შარშანდელთან შედარებით შემცირებულია 607 მილიონი დოლარით, ანუ სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა დაახლოებით 10%-ით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად უარყოფითი სავაჭრო ბალანსისა, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკა და სწორ მიმართულებას ვადგავართ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
არა! – ნასვამ მძღოლებსა და მოთხილამურეებს
საქართველოში ნასვამ მძღოლებს დიდი ხანია აღარ სწყალობენ. ერთი გადაცდომა და შესაძლოა მართვის მოწმობა ჩამოიგართვან. ზამთრის კურორტებზე ჩამოსულ სტუმრებს ვურჩევ, ალკოჰოლური სასმელისგან თავი არა მხოლოდ ავტომობილის საჭესთან დაჯდომისას, არამედ თხილამურებზე შედგომისასაც შეიკაონ. სანამ მთავრობის ენერგეტიკული გუნდი ზამთარში ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემების მოგვარებას ცდილობს, ეკონომიკის სამინისტრო სამთო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავს და ახალ აკრძალვებს აწესებს. ამჯერად ბრძლას ნასვამ მოთხილამურებს უცხადებენ. მათ პრაქტიკულად ყველა სამთო კურორტზე დახვდებათ პატრულის თანამშრომელი, რომელიც აუცილებლად ჩამოართმევთ თხილამურებს.
ბოლო ხანებში გახშირდა სათხილამური ბილიკებზე ტრამვების შემთხვევები, რომლებიც მსხვერპლითაც დასრულებულა. ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივაში არსებობს მკაფიო ჩანაწერები, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე არის კონკრეტული აკრძალვები: რომ არ შეიძლება თოვლმავლით შესვლა იქ, სადაც ადამიანები სრიალებენ, ასევე მოცემულია, როგორ უნდა მოექცე სნოუბორდს, თხილამურს და მეტ-ნაკლებად გათვლილია ყველა რისკი. ძირითადი პრინციპია – ნასვამმა ადამიანმა არ უნდა ისრიალოს!
ბაკურიანის ზამთრის კურორტიდან დაიწყო გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მეთაურის ფუნქციის ათვისება, სადაც, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული კოხტა გახსნა. კოხტაზე ახალი სავარძლის ტიპის ექვსადგილიანი საბაგირო დამონტაჟდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა საბაგიროს სიგრძეც, ის ახლა 3.1 კმ.-ს შეადგენს. პროექტი ბიუჯეტს 50 მლნ ლარი დაუჯდა. კერძოდ, სახელმწიფომ მოაწყო ძირითადი ინსფრასტრუქტურა და გზები, ხოლო კერძო კომპანია “ჯიარდისი” ზრუნავს სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების აშენებაზე. ბაკურიანი სასტუმრო ოთახების სიმცირეს განიცდის, ჰოდა პრემიერი იმედოვნებს, რომ ახალი სასტუმროს განთავსება ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება.
შორენა პაპაშვილი