საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ორტურიანი არჩევნები თანდათან აქტიურად მკვიდრდება. მართალია ბიუჯეტისთვის დამატებითი და არც თუ მცირე ხარჯია, მაგრამ სამაგიეროდ დემოკრატიის მაღალ სტანდარტს სჭირდება. დემოკრატია კი იაფი შესანახი ნამდვილად არ არის, ამიტომ ფულიც არ გვენანება, მთავარია ხელისუფლება სრულად გამოხატავდეს ამომრჩევლის განწყობას. ნელ-ნელა წარსულს ბარდება ის დრო, როცა არჩევნების შედეგი ერთ ღამეში დგებოდა და ამომრჩეველთა ხმების დიდი უმრავლესობა ერთი კანდიდატის კალათში იყრიდა თავს. მმართველი ძალა გამარჯვებას, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლამდე ზეიმობდა. მაშინდელი არჩევნების შედეგებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურად ზედმეტად მოტივირებულია, რადგან ყველა არჩევნებზე 100%-იანი აქტიურობა იყო. გარდა ამისა, ბუნებაში თითქმის არ არსებობდა ციფრი, რომელიც არჩევნებზე არგამოცხადებულთან რეალურ მაჩვენებელს ასახავდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მმართველი პარტიები არჩევნებს “მკვდარი სულების” წყალობით იგებდნენ, რადგან ცოცხლების დიდი უმრავლესობა არჩევანის არარსებობაზე სწუხდა. ანუ არჩევანი კეთდებოდა ცუდსა და უარესს შორის.
2018 წლის 28 ოქტომბერს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 40%-იან ბარიერს მიღმა, ლამის ერთნაირი შედეგებით აღმოჩნდნენ.
ხელისუფლება, რომელიც არჩევნების პირველივე ტურში, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის უპირობო გამარჯვებას აანონსებდა მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა, – არჩევნები კი ჩავატარეთ დემოკრატიულად, მაგრამ ხალხი სად წავიდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარს რომ გვეხვივნენ და მაშინდელი ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობის” შედეგების გაყალბების ყველა მცდელობას მკერდს უშვერდნენო? საქართველოს ამომრჩევლების ნახევარზე მეტი სახლში დარჩა. ხელისუფლებამ ეს მათთვის სილის გაწვნად შეაფასა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროში სოციალური დაპირებების ჩამონათვალი გაამზადა.
ექსპერტი გია აბაშიძე საარჩევნო პროცესით კმაყოფილია და აცხადებს, რომ დამდგარი შედეგი მეტყველებს იმას, რომ ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ორტურიანი კიდევ ერთი არჩევნები იყო, როდესაც თბილისელები დედაქალაქის მერს ირჩევდნენ. ცესკოს მიმართ მწვავე პრეტენზიები არც საერთაშორისო დამკვირვებლებს გამოუთქვამთ.
“ბუნებრივია იყო ხარვეზები, მაგრამ არა მასობრივი გაყალბების მცდელობაში მხილება. კარგია, რომ ხალხმა გამოხატა საკუთარი, თავისუფალი ნება”, – აცხადებს ექსპერტი Dalma News-სთან საუბრისას.
ექსპერტის შეფასებით, ამ არჩევნებზეც ელექტორატის აქტიურობა ისეთივე იყო, როგორც საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის არჩევისას. ახლა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ყურადღების ცენტრშია ის ამომრჩეველი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა ვის მისცეს ხმა. სწორედ ეს 54%-ი გადაწყვეტს ვინ გახდება საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი.
იწყება ძველი მხარდამჭერების მობილიზება, რომლებმაც “ქართული ოცნება” 2012 წლის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობით მოიყვანა და შემდეგ 2016 წელს მისცა კვლავ ნდობის მანდატი. დღეს ხელისუფლების თავსატეხი იმაში მდგომარეობს, მათზე განაწყენებული ამომრჩეველი მისცემდა თუ არა ხმას ისევ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომლის ხელისუფლების მიმართ სასიამოვნო მოგონებები არც თუ ბევრია: ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა, 7 ნოემბრისა და 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევა, პროტესტანტების ცემა, მათი რეზინის ტყვიებისა და მომწამვლელი აირების გამოყენებით დაშლა, ადამიანების დახეიბრება, მკვლელობა…
“ეს არჩევნები აღიქმება ყველაზე უბინძურეს კამპანიად, როცა პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს ესხმოდნენ სხვები. იყო უამრავი ცილისწამება, ფეიკინიუსები, ყალბი დაპირებები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მომავალი პრეზიდენტის მანდატს. ვიმედოვნებ საქართველოს უახლოეს ისტორიაში აღარ განმეორდება მსგავსი სიბინძურე”, – აცხადებს გია აბაშიძე.
ექსპერტის შეფასებით, ადამიანების პროტესტი ზუსტად გამოჩნდა იმ ხმებში, რაც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. გამოჩნდა, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო, ნაწილს კი პრეტენზიები მმართველ პარტიასთან აქვს. დარჩენილი ხმები კი სხვადასხვა კანდიდატებზე გადანაწილდა. მათ შორის, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების პროპაგანდისტმა “გირჩმა” ახალგაზრდა ელექტორატის ხმების დიდი ნაწილი წაიღო; ლეიბორისტების ლიდერმა თავისი სტაბილური პროცენტები აიღო; ნაკლებად სტაბილური მაჩვენებლით წარსდგა ყოფილი რესპუბლიკელი და 2012 წლის მოწვევის პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი. ექსპერტს საეჭვოდ ეჩვენება “ევროპული საქართველოს” კანდიდატის, დავით ბაქრაძის ამომრჩეველმა მეორე ტურში თავისი ხმები სალომე ზურაბიშვილის მთავარ კონკურენტ, გრიგოლ ვაშაძეს მისცეს, რომლის უკან, ისევე, როგორც ბაქრაძის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” მოიაზრება.
საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შეცდომებსა და წარმატებაზე საუბრისას ექსპერტი დადებით მომენტებს გამოყოფს, რომელიც მისი აზრით, დამახასიათებელია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისთვის. თუმცა ის რაც ერთი შეხედვით პოზიტიურია, შესაძლოა განვიხილოთ თავად კანდიდატის დამაზარალებელ ფაქტორად.
“დადებითი იყო სალომე ზურაბიშვილის არააგრესიული კამპანია. მას საჯარო შეხვედრებისას ხელს უშლიდნენ მისი ოპონენტები, იყო დებოშის მცდელობები, ის განიცდიდა საჯარო ბულინგს “რუსთავი 2”-ის ეთერიდან, “ნაციონალური მოძრაობის” არაერთი ლიდერი ადანაშაულებდა მას ღალატში. შედარებით ნაკლები ტემპერატურით მათ უერთდებოდნენ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებიც. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილის პიარკამპანიის ავტორებმა გადაწყვიტეს, ანალოგიურად ეპასუხათ ვაშაძისთვის და წინა პლანზე წამოსწიეს მისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო სამსახურთან კავშირი. შეცდომა იყო ის, რომ ბრალდებების დიდ კასკადზე არ ისმოდა სალომე ზურაბიშვილის აქტიური და დინამიური პასუხი. ამომრჩეველი, როგორც აქ, ასევე ევროპაში მიჩვეულია საარჩევნო კამპანიაში დინამიკას. კანდიდატი მუდმივი თავდაცვის პოზიციაში არ უნდა იყოს. ურჩევნიათ მათი კანდიდატი შემტევი იყოს და უფრო ხშირად უპასუხოს ბრალდებებს”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მან ასევე ვარაუდობს, რომ დინამიკა, რომელიც პირველ ტურს დააკლდა, კიდევ უფრო მოიმატებს ამომრჩეველთა ხმებზე ნადირობის ფონზე.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეცდომებზე საუბრისას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამომრჩევლის შეცდომებზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე თავად პრეზიდენტობის კანდიდატებისაზე. მისი აზრით, მთავარი შეცდომა დაუშვა ამომრჩეველმა, რომელიც არჩევანს ყოველთვის შავსა და თეთრს შორის აკეთებს და სხვა ფერების დანახვის სურვილი არ უჩნდება.
ხმალაძის თქმით, მმართველია პარტიის რეიტინგი მკვეთრად ეცემოდა, რასაც ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს. თუმცა იმავდროულად არც ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი განიცდიდა ზესვლას. სხვა პარტიების რეიტინგი კი საერთოდ დაბალია. ამგვარად ჩანდა მკვეთრად დაპირისპირებული ორი ძალა, რომლებიც ინტენსიურად ცდილობდნენ საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ მხოლოდ ორნი არიან მხედველობაში მისაღები და მათგან ერთ-ერთის გამარჯვებით ქვეყანაში უბედურება დატრიალდება. ხმალაძის შეფასებით, ეს არის ის ანკესი, რომელსაც საქართველოში მუდმივად უგდებენ ამომრჩეველს. შედეგად საზოგადოება ხმას აძლევს არა იმას, ვინც მოსწონთ, არამედ იმის წინააღმდეგ, ვინც არ მოსწონთ.
“ამომრჩეველი საქართველოში ბოლო 3 ათეული წელია, არჩევანს აკეთებს სამწუხაროდ ვინმეს წინააღმდეგ და არა ვინმეს მხარდასაჭერად. ასეთი რამ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში ძალიან იშვიათია. მიიხედ-მოიხედოს ამომრჩეველმა და შავ – თეთრის გარდა, იქნებ სხვა ფერებიც შეამჩნიოს. მანამდე კი სულ ასეთი პოლარიზებული ვითარება გვექნება”, – მიაჩნია ვახტანგ ხმალაძეს.
28 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნებისთვის” არასახარბიელო შედეგით – 39% 37,7% -ის წინააღმდეგ დასრულდა. ეს ციფრები არა მხოლოდ მმართველ პარტიას, მოსახლეობასაც აშფოთებს. ნიჰილისტური დამოკიდებულებისა და განზე გადგომის შემდეგ, მათ ყოფილი ხელისუფლების მობრუნების რეალური საფრთხე დაინახეს. “ქართულ ოცნებას” არჩევნების მეორე დღესვე ღია მხარდაჭერა აღუთქვა “პატრიოტთა ალიანსმა”. საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, თავის პარტნიორ ეროვნულ ძალებთან ერთად, მხარდამჭერების “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მობილიზებას გეგმავს, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ეს იქნება ხმა ვინმეს წინააღმდეგ და არა ვინმეს მხარდასაჭერად.
“ძველი გვარდიის” ქუდზე კაცის გამოყვანას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გეგმავს და “ქართული ოცნების” ძველ წევრებს, წყენის დავიწყებისკენ და ძალების კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.
“პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი” თამარ კიკნაძე, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაზარალდა, მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის პასიურობის მიზეზია ის, რომ დარწმუნებულები იყვნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში.
“ვისაც 9 წელიწადი კარგად ახსოვს, მათ კოშმარივით ახსენდებათ ის პერიოდი, სხვათა შორის, მეც მათ შორის ვარ. იმის გამო, რომ მათ ღიად ვაკრიტიკებდი, მომხსნეს სამსახურიდან, ჩემი მეუღლე დააპატიმრეს. რეპრესიები ძალიან საგრძნობი იყო. არჩევნების შედეგების შემდეგ, 9 წლიანი რეჟიმის განცდის სიმძაფრე აშკარად გამოიკვეთა. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ „ნაციონალები“ ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მოსახლეობის 54%-მა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. მათ ეგონათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ისედაც გაიმარჯვებდა, თუმცა, შედეგი მათთვის ძალიან ნეგატიური აღმოჩნდა”, – აცხადებს თამარ კიკნაძე.
მისი აზრით, დროა “ქართულმა ოცნებამ” ყველა თავისი რეზერვი აამოქმედოს და არჩევნებში წარმატება დადოს. “მოსალოდნელი საფრთხე რომ დაინახეს, მთელი მოსახლეობა დარაზმულია და ცდილობს, საკუთარი არჩევანი მეორე ტურში დააფიქსიროს.
შორენა პაპაშვილი