საქართველო წვალებით ეძებს თავის გზას მომავლისკენ. დღეისთვის, ეს გზა, თითქოსდა მკაფიოდ არის განსაზღვრული “უმაღლესი” ძალების მიერ, რომელიც ამ შემთხვევაშ ოკეანის გადაღმა არსებობს. ეს ნატო-ს და ევროკავშირისკენ უპირობო და უალტერნატივო სვლაა. სწორედ სვლა და არა – წევრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველაზე განსხვავებული პოლიტიკური ელფერის მქონეც კი, ან სიხარულით და ან სრული მორჩილებით, კეთილსინდისიერად ასრულებს ოკეანის გადამღმელი ბატონის ბრძანებებს, თანაც ისე, რომ ნატო-ს რიგებში ოფიციალურად მიღებასაც არ ელოდებიან.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საქართველო არავის აინტერესებდა. მთელი ყურადღება რუსეთისკენ იყო მიპყრობილი, რომელიც მორჩილად მიჰყვებოდა მითითებულ მიმართულებას, სადაც მას ერთი მტკივნეული კრიზისიდან მეორეზე გადასვლა ელოდა. როდესაც ვლადიმირ პუტინის მოსვლით რუსეთის სახელმწიფოს დაშლა და დემონტაჟი შეჩერდა და აქტიური უკუპროცესი დაიწყო, დასავლეთი იძულებული გახდა ძალები გადაეჯგუფებინა და პირვანდელი გეგმებისთვის გადაეხედა. რაკი რუსეთის მომენტალური შტურმით აღება არ მოხერხდა, ხანგრძლივ ალყაზე გადასვლის საჭიროება გაჩნდა. საბედნიეროდ, ყოფილი მოძმე რესპუბლიკების სათავეში საჭირო ხალხის მოყვანა არც ისე ძვირია. აქ უკვე პატარა რესპუბლიკებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ვიღაც ნატოსა და ევროკავშირში მიიღეს, ვიღაცას კი სამ ყუთს დაჰპირდნენ, მაგრამ მთავარია – მის საზღვრებს ძალიან მიუახლოვდნენ. ახლა ბალტიისპირეთში ნატო-ს ჯარებია, საქართველოსა და უკრაინაში ცხელი წერტილები გაჩნდა, რომლებიც დღემდე, არა მხოლოდ მოუშუშებელი, ღია ჭრილობებიც კი არის.
ბატონები თავს კარგად გრძნობენ, გაყიდული მარიონეტული რეჟიმები – შესანიშნავად, მაგრამ ხალხი ძალიან ცუდად არის, რადგანაც ყველაფერი ცუდი მხოლოდ მათ მხრებზე გადადის. თუმცა, ტოტალური პროპაგანდისტული კამპანია ყველა დონეზე, პრაქტიკულად შეუჩერებლად მიმდინარეობს. იმის შესახებ, თუ რამდენად შესანიშნავია ნატო და რომ აბსოლუტურად აუცილებელია ამ ორგანიზაციის რიგებში შესვლა, მასმედიის ყველა საშუალებით, 24 საათის განმავლობაში აცხადებენ. თუმცა ტვინის ყველას ვერ გამოურეცხეს.
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა აირჩიოს ბლოკის გარე სტატუსი და ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. ეს პარტია საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე განსაკუთრებული პერსონაჟია. იგი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პარლამენტში ქუჩიდან მოვიდა იმ დროს, როდესაც დეპუტატების სავარძლები ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილმა პარტიებმა – მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და ცნობილმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიყვეს. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომლის უკან არ დგას დიდი ფული და უცხოელი სპონსორები. ისინი, მხოლოდ იმ თანამემამულეების მხარდაჭერას ეყრდნობიან, რომლებისთვისაც სამშობლო, არც ცარიელი სიტყვაა, არც გასაყიდი დაქონელი და არც ვაჭრობის საგანია. არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში 5 ადგილის მოპოვება არა მხოლოდ სენსაცია, არამედ იმის მტკიცებულებაა, რომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლად ფიქრი არ დავიწყებია.
“პატრიოტთა ალიანსს“ შეუძლია თავს იმის უფლება მისცეს, რისი გაკეთებაც ქვეყანაში ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკოსმა ვერ შეძლო, ნინო ბურჯანაძის გარდა, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას დაუჭირა მხარი. მისი წარმომადგენლები მოსკოვშიც კი ჩავიდნენ და მოლაპარაკებები აწარმოეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის მხარის რეაქციას საქართველოდან ჩასულ ვიზიტორებთან მოლაპარაკებებზე, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთ სერიოზულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები იოლი არასდროს არის, მაგრამ თუ მიმდინარეობს, კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნის იმედიც არსებობს.
“პატრიოტთა ალიანსი“ კატეგორიული წინააღმდეგია, რომ საქართველო ნატო-ს და შეერთებული შტატების მარწუხებში მოექცეს. 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი ავანტიურა აშკარა მტკიცებაა იმისა, თუ რა მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. ფაქტობრივად – არანაირი. ამერიკული ინტერესებისთვის თავის განწირვის შემთხვევაში კი იგი ძალიან ბევრს დაკარგავს, სწორედ ამიტომ, ქვეყნისთვის სამხედრო ნეიტრალიტეტი ყველა მიმართულებით მომგებიანია.
პარტიამ 15 ივნისისთვის, თბილისის მთავარ მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა პირველი არხის ეთერში განაცხადა:
“15 ივნისს, თავისუფლების მოედანზე მიტინგი იქნება და ვარწმუნებ ხელისუფლებას, რომ 15 ივნისს ჩვენ მოედანს ხალხით გავავსებთ, რის შემდეგაც, ყოველდღიური მიტინგების რეჟიმზე გადავალთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ყველა დაპირების შესრულება იქნება, რადგანაც 7 წელია სიცრუე გვესმის. სამხედრო ნეიტრალიტეტი – ერთადერთი გზაა ქვეყნის უსაფრთხოებისკენ”.
ეს ლიტონი სიტყვები არ არის. როდესაც “ქართული ოცნების” უნიჭო და უკბილო პოლიტიკამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა, “ნაციონალების” ჭეშმარიტად შეურიგებელმა მოწინააღმდეგე “ალიანსმა”, 2018 წლის ნოემბერში, პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” და მისი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი გამართა. სწორედ “ალიანსის” ხმებმა გადაწონა სასწორი და “ნაციონალებს” რევანშის იმედი წაართვა.
თარხან-მოურავი ასევე აღშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში ნატო-ს მისიაში – “გადამწყვეტი მხარდაჭერა” მონაწილეობისთვის. ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ხალხი მშიერია და მოსახლეობის ნახევარი ლუკმა – პურის საშოვნელად ემიგრაციაშია გადახვეწილი. საქართველო ერთადერთ ქვეყანად რჩება, რომლის სამხედრო კონტინგენტი მნიშვნელოვნად აღემატება, არა მარტო პარტნიორი ქვეყნების, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ კონტიგენტს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. იმავე დროს, ტრამპი თავის პარტნიორებს ხელებს უგრეხს იმისთვის, რომ ნატო-ში მათმა ფინანსურმა წვლილმა მშპ-ს 2% -მდე დაიწიოს. გაღარიბებული საქართველო კი, ნებაყოფლობით ხარჯავს მშპ-ს 2,2% -ს, ანუ 400 მილიონს ნატო-ს ოპერაციისთვის, იარაღის შესაძენად, რომელიც მას არ სჭირდება. ამ თანხით 10 000 ოჯახი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას შეძლებდა.
“პატრიოტთა ალიანსის” მეორე ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოში უცხოური სამხედრო ბაზების განთავსების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
“თუ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება, ეკონომიკა, სოციალური პირობები და განათლება ვერ განვითარდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსთვის უნიკალურია შვეიცარიის, ავსტრიის, ფინეთის და შვედეთის მოდელი. ეს არის ნეიტრალიტეტის მოდელი. საქართველოს ტერიტორიაზე არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება”, – განაცხადა ინაშვილმა.
ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტის ყოფილ სპიკერ ნინო ბურჯანაძეს. რამდენიმე დღის წინათ, გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ანალოგიურ განცხადებას. საქართველოში სადაც, მხოლოდ ქალბატონები აზროვნებენ. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბურჯანაძე დიდი პოლიტიკის სცენის მიღმა აღმოჩნდა, ხოლო ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატია, რომლის ზურგს უკანაც მთელი საფრანგეთი დგას. ასე რომ, მას შეუძლია ზოგჯერ, თავს პოლიტიკური სიამოვნება მიანიჭოს და სიმართლე ილაპარაკოს.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხს პარლამენტში განიხილავენ, თუმცა “პატრიოტებისთვის” მთავარი არა პარლამენტარების მხარდაჭერა, არამედ – საზოგადოების, მოსახლეობის ფართო ფენის. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 27 მაისიდან, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს დაიწყებს.
საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, თუ როგორ წარიმართება და რით დასრულდება. ოპოზიციის წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ცხადია, ეპილეფსიური შეტევების მსგავს მდგომარეობაში ჩავარდებიან და პირიდან დუჟ-გადმოსულები მკრეხელების დასჯას მოითხოვენ. საქართველოსთან ნეიტრალური სტატუსი ამერიკის გეგმების სრული კრახი იქნება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ვეღარ გადააქცევს თავის ერთგულ სატელიტად. აღმოჩნდება, რომ შეერთებული შტატები ტყუილად აფინანსებდა მთელი რიგი ლაქიების გამოზრდას, რომლებმაც მათზე დაკისრებული უდიდესი ნდობა ვერ გაამართლეს. მაგალითად, მიშიკო, როგორი მეგობარი იყო, თუმცა ისე ჩამოშორდა, რომ ტრამპის ინაუგურაციაზეც არ დაუშვეს და თვალს, მხოლოდ ბუჩქებიდან ადევნებდა.
“მეოცნებეებს” მმართველი პარტიიდან, მატარებლის წინ ისე სწრაფად სირბილი არ შეუძლიათ, როგორც “ნაციონალებს”, თუმცა არც ბატონს გაანაწყენებენ. რა მოხდა მერე, ამომრჩევლებს რაღაცას დაპირდნენ, თანაც ეს, რამდენი ხნის წინ იყო?! ელექტორატს ვინ არ ატყუებს? როგორც ჩანს, ასეთი ბედია. ხოლო ვაშინგტონის კადრების განყოფილებასთან ხუმრობა ძალიან ცუდია – მაშინვე შეარყევენ ხელისუფლებას. ამის საერთაშორისო მაგალითი ბევრზე-ბევრია. ასე რომ, ხელისუფლებას ნორმალური რეაქცია ექნება ბაზებზეც, სამხედრო მანევრებზეც, მათ აქ არსებობაზეც და გაწევრიანებაზეც.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ერთადერთი გამოსავალი რჩება – ხალხთან უნდა მივიდეს. ხალხს კი ფული და უცხოური სპონსორები არ სჭირდება. თუ ხალხი მიხვდება, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა მისთვის მსხვერპლის როლი აქვს შერჩეული, აღდგება და ანტიეროვნულ ხელისუფლებას და ოპოზიციას თავიდან მოიშორებს. მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა და მომავალშიც მოხდება. ისღა დაგვრჩენია, გვჯეროდეს, რომ ჩვენი ხალხი სხვას არაფრით ჩამოუვარდება.
დავით კუპატაძე (თბილისი)
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი