სიახლე, რომ მე-11-ე და მე-12-ე კლასებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნა, მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით გაისმა. ბოლო რამდენიმე წელიწადში განათლების სამინისტრო არაერთი უჩვეულო ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, სკოლებში უფასოდ ვაშლების დარიგება, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო თამაშების შეძენა და სხვა. ერთი შეხედვით, უკვე აღარაფერი გაგვაოცებდა, თუმცა ქუდიდან ამომხტარი კურდღელი ყოველთვის მოიძებნება. მაგრამ ეს პრობლემა აისბერგს უფრო ჰგავს.
გამოსაშვები გამოცდების გაუქმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დაანონსებული ცვლილებების მხოლოდ მცირე ნაწილია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს განათლების სისტემას უკვე დიდი ხანია რეფორმა სჭირდება. 2014 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდებს შორის წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში მოსწავლეების მიერ თემის გააზრების და გადმოცემის მაჩვენებლით, მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის, საქართველო 37-ე ადგილზეა. სასკოლო განათლების დონის მიხედვით საქართველო აუტსაიდერებს შორისაა. მაგალითად, მონაცემების მიხედვით, 2017 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 48 434 მოსწავლიდან 12 803-მა ვერ ჩააბარა, ხოლო დაწყებითი საგნების გამოცდაზე მასწავლებლების 30% არ გამოცხადდა. აშკარაა, საჭიროა სისტემის გადაწყობა და ყველა მიმართულებით კომპლექსური ზომების მიღება.
ერთ სტატიაში ყველა ცვლილებაზე საუბარი ძალიან რთულია, ამიტომ კონცენტრირებას მხოლოდ მთავარზე მოვახდენთ. Dalma news-ის შეკითხვებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი ნათელა სახოკია პასუხობს.
შემოქმედებითი აზროვნება და ფინური მოდელი
– გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად აიხსნას. ერთი მხრივ, გამოცდები დამატებითი ტვირთი იყო აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის. უფრო გონივრულია, ყურადღება მობილიზდეს ხარისხიანი განათლების მიღებაზე, რომელიც მომავალ თაობას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მეორე მხრივ, სკოლებში რეპეტიტორობის ბიზნესი სწორედ იმის საფუძველზე შეიქმნა, რომ მასწავლებლები გაკვეთილის დროს საჭირო ცოდნის გადაცემას ვერ ახერხებენ.
– არ არსებობს გონივრული პასუხი კითხვაზე, რატომ გააუქმეს საატესტატო გამოცდები. ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ მომისმენია. მესმის, რომ მშობლებს სერიოზული ფინანსური ხარჯები აარიდეს, მაგრამ, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტი აღარ იარსებებს? უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები არავის გაუუქმებია. ასე რომ, ბავშვები კერძოდ ისევ მოემზადებიან. როდესაც ყველა სკოლაში ერთიანი გამოსაშვები გამოცდები ტარდებოდა, შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იყო სკოლებში არსებული ზოგადი დონის შეფასება.
ჩვენი სასკოლო სისტემის მთავარი პრობლემა პედაგოგების დაბალი კვალიფიკაციაა. მე კონკურსის – “წლის საუკეთესო მასწავლებლის” კომისიის წევრი ვარ. კონკურსში გასაოცარი პედაგოგები მონაწილეობენ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტა გვყავს. პედაგოგების დიდი ნაწილი ძალიან დაბალი დონისაა. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო გამოცდებზე ბევრი მინიმალურ ბარიერსაც ვერ ლახავს.
– რა არის ასეთი დაბალი კვალიფიკაციის მიზეზი?
– საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლების შედეგებს ვიმკით. იმ დროინდელი დაბალი ხელფასების გამო, ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მასწავლებელმა სკოლა მიატოვა, ან ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა. გარდა ამისა, აუცილებელი ინფრასტრუქტურაც არ გვაქვს. ჩვენი მოსწავლეების მშობლები, რომლებიც იმ დროს იყვნენ მოსწავლეები, როდესაც გაკვეთილები თითქმის უკვე აღარ ტარდებოდა, დღეს უკვე თავიანთ შვილებს დავალებების შესრულებაში ვეღარ ეხმარებიან, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
– სასკოლო განათლების ფინური მოდელის თანახმად, რომელსაც ძალიან ხშირად ვიშველიებთ, მშობლები საერთოდ არ ეხმარებიან შვილებს სკოლის დავალებების შესრულებაში. ფინური მოდელის თანახმად, ბავშვები მალას სკოლაში ითვისებენ და საშინაო დავალებებს არ ამზადებენ.
– ჩვენ უნდა მივბაძოთ არა იმას, რასაც მათ მიაღწიეს, არამედ იმას, რითაც დაიწყეს. მათ მოდელამდე ჩვენ ჯერ უნდა გავიზარდოთ. სწავლების ფინური მოდელის შენება წინა საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. ამ პროგრამის მიხედვით, გაწერილი იყო სწავლების თითოეული წუთი. გარდა ამისა, ფინელებმა ორი საგნის – მათემატიკის და გრამატიკის შესწავლის ახალი მეთოდები დანერგეს. ცხადია, წლების განმავლობაში სისტემას ბევრი სხვა დეტალიც შეემატა. თავდაპირველად პედაგოგებს 700-800 გვერდიანი მეთოდური სახელმძღვანელოები ჰქონდათ, ახლა – პატარა ბროშურები აქვს. განსხვავება ხომ არის?! ჩვენ ასეთივე განათლების მიღება ფინელების მიერ განვლილი გზის გარეშე გვსურს. თუ ჩვენ დადებითი შედეგების მიღება გვსურს, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.
– ჩვენი პედაგოგებიც მსგავსი სცენარით უნდა მომზადდნენ. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, რასაც ახლა ვიტყვი, სასწავლო სახელმძღვანელოები უნდა იყოს საერთო. ასეთ შემთხვევაში მეთოდური მასალაც უფრო მარტივი იქნება. ბევრ ქვეყანაში, რომლების გამოცდილებას და ცოდნასაც ჩვენ ვეყრდნობით, რეფორმების დასაწყისში საერთო სასკოლო სახელმძღვანელოები იყო. ამ ქვეყნებს შორისაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, მასაჩუსეტსი. ჩვენც ამით უნდა დავიწყოთ.
– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ შემოქმედებითი აზროვნება ჯერ მასწავლებლებში უნდა განვავითაროთ. ეს აქსიომაა – სკოლა ისეთია, როგორიც არის მასწავლებელი. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იკითხავს, – როგორ, როდესაც მასწავლებლების 90% მინიმალურ ბარიერს ვერ ლახავს? დღეს თქვენ ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე საუბრობთ, ჩვენ – ხელფასების მომატებაზე. ცუდი მასწავლებლები სამსახურის დაკარგვის შიშით თავიანთ ადგილებს ებღაუჭებიან. ვშიშობ, მასწავლებლების ხელფასები მოიმატებს და პენსიები იგივე დარჩება. ბიუჯეტი ხომ „რეზინის“ არ არის?
პროფესიული სწავლება და მეცნიერების ენთუზიასტები
– სიახლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ ავტონომიას იღებენ? თუ უმაღლესი სასწავლებლები გამოცდების გამსვლელ ქულებს თავად შეამცირებენ, მაშინ ყველაზე სუსტი აბიტურიენტი, რომელიც საატესტატო გამოცდას ვერ ჩააბარებს, შეძლებს უმაღლესში ჩაბარებას?
– აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – უმაღლესი სასწავლებლები გადიან აკრედიტაციას და თუ ამ აკრედიტაციას ვერ გაივლიან, შესაბამისად, ვერც გრანტს მიიღებენ. მე საქართველოში სააკრედიტაციო საბჭოს წევრი ვიყავი და იყო ისეთი უმაღლესი სასწავლებლებიც, რომელიც პროგრამებიც აკრედიტაციას ვერ გადიოდნენ. მხოლოდ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს: აკრედიტაციას გადიან პროგრამები, ხოლო ავტორიზაციას – უმაღლესი სასწავლებლები. ამიტომ, უმაღლესი სასწავლებლებისთვის დიდი თავისუფლების მინიჭებას სრულად მივესალმები. ეს ძველი და კარგი ტრადიციაა, რომელიც მთელს მსოფლიოშია აღიარებული.
– რას იტყვით პროფესიულ სწავლებაზე, რომელიც განათლების სამინისტრომ დააანონსა?
– ეს აბსოლუტურად პოზიტიური გადაწყვეტილებაა. მე ვიცნობ ერთ ქალს, რომელმაც თავისი შვილი ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაწერა. ვუთხარი: ხომ იცი, რომ ამ უნივერსიტეტში ცუდი სწავლებაა-მეთქი. მან მიპასუხა, რომ სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან, რომელიმე სასწავლებელში თუ არ ივლის, შრომის ბირჟაზე მოხვდება და ლოთად გადაიქცევა. ჩვენთან პროფესიული სასწავლებლები რომ არსებობდეს, წავიდოდა და საჭირო უნარებს დაეუფლებოდა, რაიმე ხელობას შეისწავლიდა. მას იურისტობის ამბიცია არ აქვს, მაგრამ, არც რაიმე პროფილური სასწავლებელი არსებობს, ამიტომ მიდის უმაღლეს სასწავლებელში. პროფესიული სასწავლებლები საქართველოში დიდი პრობლემაა. ბევრი წუხს იმის გამო, რომ უცხოურ ფირმებს საკუთარი მუშა-ხელი მოჰყავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სპეციალისტები არ გვყავს! საქართველოში სტრუქტურული უმუშევრობაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილები არსებობს, მაგრამ არ არსებობენ პროფილური სპეციალისტები.
– რეფორმები მეცნიერების სფეროსაც შეეხება. ამბობენ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ყოველთვიური სტიპენდიები დაინიშნება. თქვენის აზრით, რა სჭირდება დღეს მეცნიერებას?
– მეცნიერებას, პირველ რიგში, სჭირდება სამეცნიერო სკოლა და სულანთებული ახალგაზრდები. ჩვენ გვქონდა ბერითაშვილის სკოლა, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი. იგი უტოლდებოდა არა ადგილობრივ სამეცნიერო, არამედ მსოფლიო დონის დაწესებულებებს. ჩვენ ძალიან კარგი მათემატიკური სკოლა გვქონდა. ამ ყველაფერს განვითარება სჭირდება. შეუძლებელია მთელი მეცნიერების განვითარება, საჭიროა რესურსების სწორად გადანაწილება და კონცენტრირება, რადგანაც რესურსები, მათ შორის ფინანსურიც, განვითარების დონეს განსაზღვრავენ.
– რომელი დისციპლინების განვითარებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები?
– არ ვიცი. იქნებ, გამოჩნდეს დიდებული ფიზიკოსი და მიიზიდოს ახალგაზრდობა. …და თუ დააფინანსებენ-კიდევაც შესანიშნავი იქნება. უბრალოდ იმის მეშინია, რომ ბიუჯეტური დაფინანსების დროს ფინანსური ორმოები არ გაჩნდეს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს…
ეკატერინე მინასიანი
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი