პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 18 ნოემბერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა. პირველივე სიტყვებიდან მან საპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ფარისევლობაში, სიყალბეში და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში დაადანაშაულა.
პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას წინ უსწრებდა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ საპარლამენტო ძალებს კონსენსუსისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ცხოვრებაში ახლა სწორედ ეს საჭიროება დგას.
როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკომისრის პოზიტიური გზავნილები არ მოეწონა რადიკალურ ოპოზიციას და ვარჰეი “ქართულ ოცნებასთან” ე.წ პოლიტიკურ აფილიაციაში, მოკავშირეობაში დაადანაშაულეს. ესეც არ იკმარეს და ევროკომისარს “საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი” ადამიანი უწოდა.
ოპოზიციის ეს ქმედება უპასუხოდ, არც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუტოვებია და ოპოზიციას – დაბოღმილები, გამწარებულები და შურით აღვსილები უწოდა. მისივე თქმით, ევროკომისარმა საქართველოში პოზიტიური გზავნილი ჩამოიტანა, ოპოზიცია კი მას თავს დაესხა.
ინტერპელაციის ფორმატი არ ითვალისწინებს ღია დებატებს, ოპოზიციონერი დეპუტატები წინასწარ გზავნიან პრემიერთან კითხვებს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას უნდა უპასუხოს. 150-კაციანი პარლამენტიდან პრემიერ-მინისტრთან კითხვები მხოლოდ 8 დეპუტატს აღმოაჩნდა, ესენი არიან: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ და ნატო ჩხეიძეები.
“მათი წერილების შინაარსს რომ გაეცნოთ, იფიქრებდით, რომ ეს ადამიანები მართლაც არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ დროს, გავახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მათ რაიმე წვლილი თუ შეაქვთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს ის დეპუტატები არიან, რომელთა უმრავლესობა არ ესწრება პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს.
2022 წლის 23 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, მთელმა სამუშაო პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. პარლამენტის უმრავლესობამ წარადგინა კონკრეტული გეგმა იმისა, თუ საქართველომ 12 რეკომენდაცია, როგორ და რა ვადებში უნდა შეასრულოს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში “ქართული ოცნების” ლიდერები პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებენ შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს.
“პასუხად მივიღეთ საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ოპოზიცია დაადანაშაულა იმაშიც, რომ ისინი არაფერს აკეთებენ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საომარი ვითარების გამო უკრაინას და საომარ ვითარებასთან ახლოს მყოფ მოლდოვას 23 ივნისს მიეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მათაც უნდა შეასრულონ ევროკომისიის რეკომენდაციები.
“ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ნებისმიერ პატრიოტ პოლიტიკოსს, თუ შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ დიდ საერთო ეროვნულ საქმეში, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს სტატუსი მიეღო ქვეყანას, ოპოზიციამ, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად, დაარწმუნა ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა და მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო რეზოლუცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპოზიციის კითხვაზე, თუ რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” ევროპული პერსპექტივისთვის, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა ამისთვის, მაგრამ თქვენ, მიმართა ოპოზიციას, “ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”.
Dalma News-თან საუბრისას ქართველ ექსპერტთა ნეიტრალურად განწყობილი ნაწილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციაც და “ქართული ოცნებაც” თანაბრად არის დამნაშავე იმაში, რომ ჭიანურდება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა. თუ ოპოზიციას სურს “ქართული ოცნების” დამარცხება, იმდენს უნდა ხვდებოდნენ, რომ ამის შემდეგ დაიწყება დეოლიგარქიზაციაც და სასამართლოს რეფორმაც.
მათივე აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ უკრაინული ანალოგიდან აიღო, ევროკომისიისთვის მისაღები თუ იქნება, გაუგებარია ოპოზიცია, რატომ არის წინააღმდეგი.
ამ ფონზე, ცხადია, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე საუბარი ძნელია. პირიქით, დაპირისპირების მასშტაბები დღითი დღე იზრდება.
მეცნიერ პეტრე მამრაძის აზრით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში საინტერესო იყო ინფორმაციული თვალსაზრისითაც, მაგრამ უპირველესად მას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
“ასეთი პრინციპული შეფასება დესტრუქციული ოპოზიციისა მნიშვნელოვანია და საჭირო. შეიძლებოდა პრემიერს უფრო მწვავედ შეეფასებინა ოპოზიციის მოქმედება, მაგრამ პრემიერი, როგორც მთავრობის მეთაური, ამ შემთხვევაში თავშეკავებული იყო”, – განუცხადა Dalma News-ს პეტრე მამრაძემ.
მისივე შეფასებით, სამართლიანია ღარიბაშვილის ბრალდება ოპოზიციისადმი. როდესაც განაცხადა, რომ 5 თვის წინ, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სწორედ ოპოზიციის დამსახურებით ვერ მიიღო.
“ოპოზიციის სურვილია, არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი, რადგან იმედი აქვთ, რომ ხალხი ამის გამო მაინც გამოვა ქუჩაში. ამ დროს, თვითონ მიაღწიეს ამას. ეს არის უწყვეტი სერია. ამ ადამიანებმა მართლაც შეასრულეს სააკაშვილის დავალება. მათი მიდგომაა ჩაიდინონ დანაშაული და არ შეიმჩნიონ, რაც არ აწყობთ ის ბრალდებები “გაატარონ”. იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს იმისთვის, რომ თითქოს, არც ყოფილა ეს ბრალდებები და თავიანთ ხაზს მიჰყვებიან”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
პეტრე მამრაძის აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის ნაცვლად მიიღო, ყოვლად უსამართლოა.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები დასავლეთში, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა და ეს შავ ლაქად დარჩება ევროკავშირის ისტორიაში.
“როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები კვლევებით ადგენენ, რომ საქართველო ბევრი მთავარი ინდექსით ევროკავშირის 15 ქვეყანას უსწრებს, საქართველოს შედარება ამ პარამეტრებით არ ხდება მოლდოვასთან და უკრაინასთან. მაგრამ იმათ აძლევენ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ კი, 12-პუნქტიან რეკომენდაციას, ეს არის ყბადაღებული უსამართლობა. შავ ლაქად დარჩება ევროკავშირის ისტორიაში. კარგია, რომ ჩვენმა პარლამენტმა მოთმინებით მიიღო ეს დიდწილად ნაცებისა და მათი ლობისტების შედეგი”, – აცხადებს მამრაძე, თუმცა იქვე აკრიტიკებს “ოცნებასთან”.
მისივე თქმით, ბოლო 10 წელი, რაც ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა არის “ქართული ოცნება” დასავლეთთან მუშაობის თვალსაზრისით ბევრად ნაკლები კეთდება. სწორედ დასავლეთთან მუშაობის სფეროში, დატოვეს ერთგვარი ვაკუუმი, რომელიც მაშინვე შეავსეს ნაციონალებმა.
რაც შეეხება, ევროკომისრის საქართველოში ვიზიტს, პეტრე მამრაძის შეფასებით, ძალიან კარგია ოლივერ ვარჰეის ვიზიტი პრემიერის ინტერპელაციას რომ დაემთხვა. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა კიდევ ერთხელ მოახდინა დესტრუქციული ოპოზიციის ლუსტრაცია.
მამრაძის თქმით, ევროკომისრებს გაცილებით დიდი ფუნქცია და ავტორიტეტი აქვთ, ვიდრე ევროპარლამენტარებს.
“ამიტომ ჩვენ არ მოგვისმენია უპასუხისმგებლო განცხადებები ევროკომისრებისგან, რასაც ვისმენთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ევროპარლამენტარებისგან”, – აცხადებს მამრაძე.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა საქართველომ დათქმულ ვადებში შეძლოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება.
გიორგი ქართველი